ზურაბ ჟვანიას მეგობარი ქალის სკანდალური ინტერვიუ

ზურაბ ჟვანიას მეგობარი ქალის სკანდალური ინტერვიუ

...ერთმანეთი რომ გავიცანით, დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, მისი მეუღლე, კობა ბუჩუკური კი, - მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი... ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა... აწ განსვენებული პრემიერი ზურაბ ჟვანიაც მარინა მოლოდინმა გამაცნო... მას მერე ათასმა წყალმა ჩაიარა... ჟვანიას უცნაურ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ, მარინა აქტიურ პოლიტიკას ჩამოსცილდა და დღეს არასამთავრობო ორგანიზაციას - “ქალები მთის გადარჩენისთვის” ხელმძღვანელობს და მთის გადასარჩენად ბრძოლას აგრძელებს. სხვათა შორის, მარინა მოლოდინი იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგანია, რომელთაც ჟვანიას არ უღალატეს... მაშ ასე, რატომ აუკანკალდა ხელი მერაბიშვილის გაგონებაზე ჟვანიას, არსებობს თუ არა კავშირი ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობასა და 2005 წლის 3 თებერვლის ტრაგედიას შორის და რა საიდუმლო იცის მარინა მოლოდინმა? - “ქართული სიტყვა” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული პრემიერის მეგობართან.     

- მარინა, წლებია, აქტიურ პოლიტიკაში აღარ ხარ. რატომ? გარკვეულ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაემორჩილე?

- ადამიანს პოლიტიკაში ყოფნა მაშინ გიხარია, როცა იმ გუნდთან ერთად ხარ, რომელიც შენს გემოვნებას აკმაყოფილებს. ზურაბ ჟვანიასთან ერთად პოლიტიკის კეთება ფუფუნება იყო და ჩემთვის პოლიტიკა ზურას გარდაცვალებასთან ერთად დამთავრდა!

- ისე, დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ, ჟვანია, როგორც პოლიტიკური გუნდის ლიდერი, არცთუ ძლიერი იყო. ყოველ შემთხვევაში, ჯერ დასაფლავებულიც არ იყო და მეგობრების უმეტესობამ ლამის სამჯერ უარყო... აწ განსვენებულ პრემიერს რატომ უღალატეს?

- სხვისი არ ვიცი და, პირადად მე, ღალატს სიკვდილი მირჩევია! მოღალატის სტატუსით სიარული ძალიან მძიმეა! მაშინ მთელი პოლიტიკა ზურას გარშემო ტრიალებდა, ზურა ნიჭიერ ადამიანებს ეძებდა... თუკი ამ ადამიანებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს და ზურას ის არ დაუფასეს, რაც გაუკეთა, ეს მათი პრობლემაა! ეს ადამიანები ზურას გვერდით ძლიერ პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ეტყობა, ცხოვრება ისეთია, რომ ისინი რაღაცამ აცდუნა და ზურას უღალატეს, თუმცა არც ისინი არიან ცოტანი, ვინც ზურას ერთგულნი დარჩნენ, უბრალოდ, შეიძლება, პირველ ფლანგზე არ ჩანან...

- მარინა, ეს მხოლოდ გუნდი არ იყო, რადგან ჟვანიას გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს ერთმანეთთან ნათელ-მირონობაც გაკავშირებთ... რას გრძნობს მარინა მოლოდინი, როცა მისი უახლოესი მეგობრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში, პირდაპირ თუ ირიბად, მისი შვილის ნათლია, გია ბარამიძეა მხილებული?

- გამოძიებას ველოდები და ჩემთვის მძიმე იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ გია ბარამიძე ყველაფერ ამაში რამენაირად მონაწილეობდა! არ მინდა დავიჯერო, რომ ამ სიბინძურეში, დაცვის წევრების გარდა, ჩვენი სამეგობროს რომელიმე წარმომადგენელია გარეული!

- თუ ეს, მართლაც, მკვლელობა იყო, შემთხვევის ადგილზე მაინცდამაინც გია ბარამიძე რატომ მიიყვანეს? სხვათა შორის, ეს შეკითხვა თავის დროზე გოგლა ჟვანიასაც დავუსვი...

- იცოდნენ, რომ გია ზურას გამორჩეული მეგობარი იყო და იქ, ალბათ, იმიტომ მიიყვანეს, რომ ის სპექტაკლი ეჩვენებინათ, რაც გაითამაშეს...

- შეკითხვები, რომლებიც არსებობს, ბარამიძისთვის არ დაგისვამს?

- ზურას სიკვდილი ისეთი მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო, რომ ყველანი გაოგნებულნი ვიყავით. მას შემდეგ კი, ძალიან ბევრი წელია, ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ...

- რა ამის პასუხია და, მარინა მოლოდინი ზურაბ ჟვანიას სულთან მართალია?

- კი, მართალი ვარ, რადგან ის, რაც შეიძლება, მისმა ზოგიერთმა ახლობელმა დაუშვას, ერთი წამითაც არ დამიშვია!

- რას გულისხმობ?

- ზოგიერთი ახლობელი ამბობს, ეს უბედური შემთხვევა იყოო. მათ, ვინც ზურას ახლობელი იყო, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მკვლელობა იყო, კითხვის ნიშანი არ უნდა ჰქონდეთ! სხვათა შორის, ვანო, პირველი წუთიდანვე გავყვიროდი, ზურა მოკლულია და ეს უბედური შემთხვევა არაა-მეთქი.

- მარინა, ბევრი რამის მომსწრე და მნახველი ხარ. პრემიერად ზურაბ ნოღაიდელის დანიშვნით მიხეილ სააკაშვილმა და, საერთოდ, “ნაციონალებმა” ჟვანიას გუნდი მოისყიდეს?

- გეტყვი, ნოღაიდელი პრემიერად როგორ დაინიშნა. ზურა რომ გარდაიცვალა, ორივე - “დემოკრატებისა” და “ნაციონალების” მხარეს დიდი დაბნეულობა არსებობდა. შინაგანად შეიძლება, არ სჯეროდათ იმ განცხადების, რომელიც 3 თებერვალს, დილით, ვანო მერაბიშვილმა გააკეთა და ამიტომ, ეშინოდათ, რომ ზურას გუნდი ქუჩაში არ გამოსულიყო და ქვეყანაში არეულობა არ დაწყებულიყო. ამიტომ, მიშასგან წამოვიდა წინადადება, რომ ზურას გუნდს თავად გადაეწყვიტა, თუ ვინ გახდებოდა პრემიერი.

ზურა ჟვანიას მეზობლად შევიკრიბეთ.

- გარდაცვალების დღეს?

- ზუსტად აღარ მახსოვს, 3 თებერვალს შევიკრიბეთ თუ მეორე დღეს.

- ვინ იყავით?

- მახსოვს, ხათუნა ხოფერია იყო, ზურა ნოღაიდელი, გია ბარამიძე, მე... მოკლედ, ყველანი იქ ვტრიალებდით, თან ამას შეკრება არ ერქვა. უბრალოდ, საღამოს ვისხედით და გვითხრეს, მიშამ ასე და ასე შემოთვალაო. სხვათა შორის, თავდაპირველად მიშა მაჭავარიანის კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ ბოლოს, მთელმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პრემიერი ნოღაიდელი გამხდარიყო.

- ამის შესახებ ჟვანიას ოჯახიც საქმის კურსში იყო?

- არა... სხვათა შორის, ზურაბ ნოღაიდელს პირველმა მე ვუთხარი, მგონი, შენზეა ლაპარაკი-მეთქი. გაეცინა, რა სისულელეაო, მაგრამ გადაწყდა, რომ პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი გახდებოდა. ასე რომ, ნოღაიდელის გაპრემიერება “ნაციონალების” იდეა არ ყოფილა.

- ასეა თუ ისე, ეს ქმედება მაინც ჟვანიას გუნდის მოსყიდვად აღიქმება...

- არა. ეს მოსყიდვა კი არა, ზურას გუნდის არჩევანი იყო! ნოღაიდელი პოლიტიკურ ინტრიგებში გაწვრთნილი არ იყო და ქვეყანას ზურას შემცვლელად სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდებოდა. ნოღაიდელი გუნდში პრინციპულად ითვლებოდა და ვიცოდით, თუ საჭირო გახდებოდა, წინააღმდეგობასაც გასწევდა.

- მარინა, ზურას გარდაცვალების შესახებ როგორ და ვისგან გაიგე?

- 3 თებერვალს, დილით, მახსოვს, ოთახში დედაჩემი შემოვიდა და მითხრა, ტელევიზორი ჩართეო. გულმა რეჩხი მიყო და პირდაპირ ვკითხე, რა მოხდა, ზურა მოკლეს-მეთქი.

- ეს შეკითხვა რატომ დასვი? საამისოდ რამე წინაპირობა არსებობდა?

- კი, არსებობდა.

- მაინც?

- სიცოცხლეში, ზურაზე ათასი სიბინძურე ვრცელდებოდა და მისი რეიტინგის ნგრევაზე მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობდა. ამიტომ, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ზურას რეიტინგი დაბალი იყო და მან თავის პარტიას სათავეში ნინო ბურჯანაძე ჩაუყენა.

- ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ზურაბ ჟვანიას ერთ-ერთი მთავარი შეცდომა სწორედ ეს იყო.

- დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება, ასე ჩანს, მაგრამ მაშინ სხვა გამოსავალი არ არსებობდა: მიშას რეიტინგი იზრდებოდა, ზურასი  - ეცემოდა და ჟვანიას მხოლოდ სახელმწიფო მანქანა კი არა, “ნაცმოძრაობაც” ებრძოდა.

- ჟვანია სააკაშვილს არ ენდობოდა?

- ამ თემაზე არ გვისაუბრია, მაგრამ ალბათ, ბოლომდე არ ენდობოდა. ყოველ შემთხვევაში, ვხედავდი, რომ “ნაცმოძრაობა” ზურას და მის რეიტინგს ებრძოდა. სხვათა შორის, ზურას გარდაცვალების შემდეგ, თავად “ნაციონალებიც” შეშფოთებულნი იყვნენ და არაერთ მათგანს უღიარებია, რომ ზურას სიცოცხლეში ღამეები უთენებიათ იმაზე ფიქრით, მის წინააღმდეგ რა ჭორი გაევრცელებინათ.

- ამის შესახებ “ნაციონალებმა” შენთან აღიარეს?

- კი, ჩემთან...

- მაინც, რომელმა “ნაციონალმა” აღიარა?

- მათ ვინაობას არ დავასახელებ, თუმცა მითხრეს, ზურას არ ვიცნობდით და შევცდითო... “ნაციონალები” ხედავდნენ, რომ ზურა მათ ლიდერზე ჭკვიანი იყო! საერთოდ, ვთვლი, რომ მე-20 საუკუნის დასასრულს ზურაბ ჟვანიაზე დიდი პოლიტიკოსი არ გვყოლია! ზურას გარდაცვალების შემდეგ, საავადმყოფოში მისულმა სწორედ ეს ვთქვი, მალე მთელი საქართველო დაინახავს, თუ ვინ იყო ზურაბ ჟვანია და მის გარეშე ქვეყანას რაც დაემართება-მეთქი.

- ზურაბ ჟვანია ბოლოს როდის ნახე?

- გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე და სწორედ მაშინ გამიჩნდა შიში, რომ ზურაბ ჟვანიას “ნაცმოძრაობასთან” ის ურთიერთობა არ ჰქონდა, რაც პრემიერსა და მმართველ პარტიას შორის უნდა იყოს.

- ასეთი ეჭვი რატომ გაგიჩნდა?

- ზურასთან შეხვედრა რომ მინდოდა, წინასწარ არ ვურეკავდი, რადგან თუ დავურეკავდი, შეხვედრას გადადებდა, საქმე მაქვსო. ამიტომ, პირდაპირ მივდიოდი ხოლმე. იმ დღესაც გაუფრთხილებლად მივედი. კაბინეტში რომ შევედი, ზურა ზურგით იდგა და ტელეფონზე ინგლისურად საუბრობდა. ლაპარაკს რომ მორჩა, შემობრუნდა და გახარებულმა მითხრა, მარო, თუ იცი, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ძალიან მალე რამდენი იქნებაო? ფინანსებში მაინცდამაინც ჩახედული არ ვარ და მხრები ავიჩეჩე, მიპასუხა, 4 მილიარდი, კომუნისტების დროს 4,5 მილიარდი იყო და ნახავ, როგორ ქვეყანასაც ავაშენებთო. ამ დროს აცნობეს, ვანო მერაბიშვილი მოდისო და უცებ, ჩემს წინაშე სხვა ზურა აღმოჩნდა - შეშფოთდა, ხელიც აუკანკალდა და შევატყვე, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, არ უნდოდა, ვანოს ენახა, რომ ზურასთან ვიყავი, ანუ ორი “დემოკრატი” ერთად არ უნდა ყოფილიყო.

- ანუ?

- ალბათ, ზურა უკვე ფიქრობდა, “ნაციონალებთან” დიდხანს ვერ იმუშავებდა და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტია “ნაცმოძრაობასთან” გაერთიანდა, ვაშლიჯვრის ოფისის ქირის გადახდა დავიწყეთ. ზურასგან ისიც ისმოდა, რომ ჩვენ მალე შეიძლება, ოპოზიციაში გადავსულიყავით.

- ამას ღიად ამბობდა?

- ღიად არ ამბობდა, მაგრამ ვატყობდით, რომ ასე იქნებოდა - გვეუბნებოდა, რომ გუნდი არ დაგვეშალა და ერთმანეთს ხშირად შევხვედროდით.

- მოკლედ, ზურას აცნობეს, რომ მერაბიშვილი მოდიოდა. მერე რა მოხდა?

- ფეხზე წამოვდექი და ოთახიდან გამოსვლა დავაპირე. სწორედ ამ დროს კარი ვანო მერაბიშვილმა შემოაღო. გადამკოცნა და უცებ ზურამ ახსნა-განმარტება დაიწყო, აი, მარო შემომივარდა, მთის კანონზე შემჭამა და მთიდან ვერ “ჩამოვიყვანეო”. არადა, იმ დღეს მთის კანონზე საერთოდ არ გვისაუბრია. სხვათა შორის, ადრე მითხრა, ჩემი პრემიერობის დროს, შენს ოცნებას ავასრულებ და მთას წალკოტად გადავაქცევო...

- მერაბიშვილმა ჟვანიას “ახსნა-განმარტებაზე” რა თქვა?

- არაფერი, გაიცინა... ზურას კაბინეტიდან ძალიან ცუდი განწყობით გამოვედი...

- გამოდის, რომ ზურაბ ჟვანიას ვანო მერაბიშვილის ეშინოდა, არა?

- ზურა მშიშარა არ იყო, მაგრამ აშკარად მივხვდი, რომ განერვიულდა.

- ამის შესახებ ვინმეს უთხარი?

- ძალიან ახლობლებს... მინდოდა, ზურას კიდევ შევხვედროდი და მეკითხა, ასე რატომ მოიქცა. ნუთუ, უშლიდნენ, რომ რომელიმე თანაგუნდელი მას შევხვედროდით?

- მარინა, როგორ ფიქრობ, არსებობდა თუ არა რამე კომპრომატი, რომლითაც სააკაშვილ-მერაბიშვილს და, საერთოდ, “ნაციონალებს” ჟვანია “დაჭერილი” ჰყავდათ?

- არა, ვანო, მათ ჟვანიაზე კომპრომატი არ ჰქონდათ. სხვათა შორის, პრემიერი გახდა თუ არა, ზურას რეიტინგის ზრდა დაიწყო, რადგან ხალხმა დაინახა, რომ სააკაშვილისა და ბიჭუნების შეჩერება მხოლოდ ჟვანიას შეეძლო.

- მარინა, შეიძლება, ამ თემაზე ლაპარაკი არ გინდა, მაგრამ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც პოლიტიკოსად ჟვანიამ აქცია, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მეორედ გახდა, ჟვანიას გარდაცვალებაზე შეკითხვები ხმამაღლა რატომ არ დასვა?

- ვანო, ამის შესახებ ნინო ბურჯანაძეს ჰკითხე... საერთოდ, ადამიანები გმირებად არ იბადებიან და ის პერიოდი გავიარეთ, როცა ადამიანებს შეკითხვის დასმა საკუთარ თავთანაც ეშინოდათ.

- ... ჟვანია რატომ მოკლეს?

- არ ვიცი...

- თუკი მიუღებელი გახდა, გაეთავისუფლებინათ, ბოლოს და ბოლოს, დაეჭირათ...

- ჟვანიას ვერც გაათავისუფლებდნენ და ვერც - დაიჭერდნენ.

- რატომ?

- რატომ და, - მას უკვე მზარდი რეიტინგი ჰქონდა. ხალხი იმასაც ხედავდა, თუ როგორ ებძროდნენ და ჭორებს უვრცელებდნენ. ოპოზიციაში გადასული ჟვანია “ნაციონალებისთვის” ძალიან საშიში იყო და თუ დაიჭერდნენ, ეს შესაძლოა, მისი რეიტინგისთვის უკეთესიც ყოფილიყო! ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი, რითიც ჟვანიასგან გათავისუფლდებოდნენ, მისი სიკვდილი იყო!

- მარინა, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ისტორია, პრაქტიკულად, შენს თვალწინ დაიწერა. შესაძლოა, ხმაურიანი პოლიტიკოსი არ იყავი, მაგრამ კულუარებში ბევრს აკეთებდი...

- (იღიმება) კი, ძალიან ბევრს...

- ზურაბ ჟვანიაც გენდობოდა... ჯერ ერთი, გეცოდინება, ჟვანიამ და სააკაშვილმა ერთმანეთი როგორ გაიცნეს. მეორეც, მგონი, არც იმის დაფარვა ეგების, რომ ჟვანიას გუნდის კისერზე, არჩევნების გაყალბებით დაწყებული, უამრავი პოლიტიკური ცოდვაა...

- ზურას დევნა და მისი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრად უნდოდა. აი, სწორედ მაშინ ამოქმედდა სახელმწიფო მანქანა. ზურას გარდაცვალების შემდეგ, ყველამ დაინახა, რომ იმქვეყნად “ჩასასვენებლის” მეტი არაფერი წაუღია. სამძიმარზე ბობოლა “ტიპები” მოდიოდნენ, რომლებმაც ორ-სამ თვეში საზღვარგარეთ ანგარიშები გახსნეს, ზურას კი დედამიწის ზურგზე არაფერი გააჩნდა.

- ეს გასაგებია, მაგრამ გკითხე, თუ იცი, სააკაშვილი ჟვანიას გვერდით როგორ აღმოჩნდა და, საერთოდ, ჟვანიას გუნდის კისერზე ბევრი პოლიტიკური ცოდვა-მეთქი...

- დღეს ყველა “დემოკრატიის მამაა” და იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ საქართველოს ისტორია თითქოს 2003 წლის 23 ნოემბრიდან იწყება, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს 1994-95 წლები, როცა ზურა საზღვარგარეთ დადიოდა და ადამიანებს კაბინეტ-კაბინეტ აცნობდა, თუ სად იყო საქართველო. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, აშშ-ში სააკაშვილი გაიცნო. საერთოდ, ზურა ნიჭიერ ადამიანებს სოფლებშიც კი ეძებდა. მიშაზე რაც უნდა ვთქვათ, ვერ უარვყოფთ, რომ ნიჭიერია.

- კი ბატონო, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, სააკაშვილს პოლიტიკაში გამოჩენისთანავე ეტყობოდა, რომ გაუწონასწორებელი იყო...

- ის მიშა, რომელსაც ვიცნობდი და რომელიც ახლაა, აბსოლუტურად სხვადასხვა ვინმეა! მოკლედ, ზურამ აშშ-ში ნახა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ინგლისურად გამართულად ლაპარაკობდა და შესთავაზა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო. ასე გავიგეთ სააკაშვილის არსებობა...

რაც შეეხება ზურას გუნდის მიერ არჩევნების გაყალბებას, საერთოდ, პოლიტიკა ბინძურია და სუფთა ხელებით ვერ ითამაშებ, თუმცა ყველა არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ძირითადად, სუფთად ვთამაშობდით. იყო რაიონები, სადაც არჩევნები ყალბდებოდა...

- “სომხური კარუსელი” ტრიალებდა, არა?

- “სომხური კარუსელი” ჩვენს დროს არ იყო. არჩევნების გაყალბების ეს ფორმა, მგონი, სწორედ “ნაცმოძრაობამ” შემოიტანა...

- ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, “ნაციონალებს” მარინა მოლოდინის “დავერბოვკება” არ უცდიათ? ისე, ახლა გამახსენდა - 2008 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაგნიშნეს, არა?

- პარლამენტიდან რომ წამოვედი, სამსახური ყარსი-ახალქალაქის სამეთვალყურეო საბჭოში შემომთავაზეს. ვთვლი, რომ დეპუტატებს, რომლებიც სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭოში გაგვამწესეს, ხელფასი სიჩუმის სანაცვლოდ უნდა აგვეღო. სწორედ ამიტომაც, განცხადება გავაკეთე და სამსახურიდან წამოვედი...

- სხვათა შორის, “ნაციონალებმა” კბილი შევარდაძის ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელს გაჰკრეს. კობა ბუჩუკური დაჭერას როგორ გადაურჩა?

- ძალიან ბევრი ქექეს, მაგრამ კობას ვერაფერი უპოვეს...

- კობამ ზურა ადეიშვილს მართლა უთხრა, არ დაგავიწყდეთ, თუ დამიჭერთ, მარინამ ბევრი რამე იცისო...

- არა, ასეთი არაფერი ყოფილა...

- შეიძლება, მაგრამ ფაქტია: “ნაციონალებისთვის”, როგორც ინფორმაციის მატარებელი, საშიში იყავი...

- კი, ბევრი რამ ვიცი, რადგან ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა...

- ბიზნესი წაგართვეს?

- მე და კობას ცხოვრების დაწყება ნოლიდან უკვე მერამდენედ გვიხდება?!

სხვათა შორის, მე და კობას დაგვიძახეს და გვითხრეს, ჩვენს გუნდში დარჩით და რაც გინდათ, მოინდომეთო...

- სააკაშვილმა დაგიძახათ?

- არა, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა...

- დასთანხმდით?

- არა და სწორედ ამის მერე, ჩვენს შპს-ებში საგადასახადო შემოვიდა, ყადაღა დაადო და რისი წაღებაც შეიძლებოდა, წაიღო... ვთქვათ, კობა დაეჭირათ, მე ხომ გარეთ ვიქნებოდი? სხვათა შორის, თავად “ნაციონალებმა” გაგვაფრთხილეს, რომ კობას დისკრედიტაციის რამდენიმე გეგმა მუშავდებოდა, მაგრამ დაჭერა მაინც ვერ გარისკეს...

- სააკაშვილი ბოლოს როდის ნახე?

- რაც აქტიური პოლიტიკიდან წამოვედი, არ მინახავს.

- სააკაშვილს რომ შეხვდე, რას ჰკითხავ?

- იმას, რაც ბოლოს შეხვედრისას ვკითხე.

- რა ჰკითხე?

- თავს რატომ იღუპავ-მეთქი და მიპასუხა, ვიცი, რომ ჩემი ჩინოვნიკები დამღუპავენო. თუ შეგნებული ჰქონდა, რომ გარემოცვა დაღუპავდა, ისეთი ნაბიჯები რატომ არ გადადგა, რომ თავიც გადაერჩინა და ქვეყანაც?

- ჟვანიას სიკვდილზე არაფერს ჰკითხავდი?

- ბოლოს რომ შევხვდი, ვკითხე, თუ რატომ არ იძიებდა ზურას გარდაცვალებას და მითხრა, ვიძიებთო.

- მარინა, ზურა დაგსიზმრებია?

- კი, ოთხჯერ დამესიზმრა და ოთხივეჯერ ერთი და იგივე სიტუაციაში - მორგში.

- ანუ, გარდაცვლილი ჟვანია გეზმანა?

- კი... ვწუხდი, რომ სიზმრის შინაარსს ვერ ვიმახსოვრებდი. ბოლოს კი, დამამახსოვრდა: ზურა მორგის მაგიდაზე იწვა, მერე, წამოჯდა და მითხრა, მარინა, მომკლესო.

...ზურა მხოლოდ პოლიტიკური მეგობარი არ იყო. მთელი გუნდი, 24 საათი, მის გარშემო ვიყავით... ზურა რომ გარდაიცვალა, აღარ ვიცოდი, როგორ უნდა მეცხოვრა... შემეძლო, მასთან ჩემს ტკივილზე მესაუბრა, რჩევა მოეცა... მახსოვს, თუ ცუდ განწყობაზე ვიყავი, დამიძახებდა და მეტყოდა, დღეს შენი თვალებიდან შუქი არ მოდის და რამე ხომ არ გჭირდებაო... ზურა მენატრება და როცა გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, ვფიქრობ, რას მირჩევდა...

- რაულ იუსუფოვს იცნობდი?

- ოფისში მუშაობდა...

- სხვათა შორის, არასასიამოვნო ჭორი ჟვანიას სიცოცხლეშივე “ტრიალებდა”. ამის თაობაზე ზურასთან ხომ არ გილაპარაკია?

- ამ ჭორების გავრცელებაზე პოლიცია მუშაობდა - წიგნებიც კი გამოსცა... ერთხელ, ზურასთან შევედი, სადაც მთელი გუნდის ბიჭები იყვნენ და ვუთხარი, ამ სიბინძურეებს პასუხი გაეცით-მეთქი და გაეცინათ, პოლიტიკაა და შეიძლება, ათასი სიბინძურე გავრცელდესო, თუმცა ზურა ყველაფერ ამას ძალიან განიცდიდა, რადგან სწორედ ისინი უპირისპირდებოდნენ, ვინც გაზარდა და პოლიტიკურ არენაზე გამოიყვანა. მახსოვს, მითხრა, ახლა ვხვდები, შენ და შალვა ნათელაშვილი რომ დასცილდით, რატომ ნერვიულობდი, ლევან მამალაძე ჩემს სახლშია გაზრდილი და ჩემზე რას აღარ ამბობსო...

ისე, ხელისუფლებამ მხოლოდ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა კი არა, ისიც უნდა გამოიძიოს, თუ როგორ დაიღუპნენ გურამ შარაძე და ნუგზარ საჯაია...

- ანუ, ეჭვობ, რომ ჟვანიასა და საჯაიას საქმეებს ერთმანეთთან რამე აკავშირებს?

- არ მგონია...

- სხვათა შორის, თავის დროზე ითქვა, რომ საჯაიას მოშორება თითქოს რეფორმატორების ინტერესში იყო...

- ვანო, ერთადერთი ადამიანი, ვინც გადადგომის შემდეგ, ზურას ეკონტაქტებოდა და მხარს უჭერდა, სწორედ ნუგზარ საჯაია იყო! 2001 წლის შემოდგომაზე, პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგებზე დიდი პროვოკაცია მზადდებოდა, რაც შემდეგ ზურას დაბრალდებოდა. ჟვანიას დაჭერასაც აპირებდნენ და ამის შესახებ სწორედ საჯაიამ გაგვაფრთხილა. ვიცი, საჯაიას ისიც აქვს ნათქვამი, ჩემი შვილის მომავალს მხოლოდ ზურას ვანდობო. ისე, მჯერა, რომ ნუგზარ საჯაიას თავი არ მოუკლავს!