საქართველოში, როგორც იქნა, საწვავის გაიაფება დაიწყო. ტენდენცია რამდენიმე დღეა გამოიკვეთა, თუმცა ვითარება მოულოდნელად საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. საითკენ გადაიხრება საცალო ღირებულება, ახლა უკვე გაურკვეველი გახდა.
რაც შეეხება მსოფლიო ტენდენციას, ნავთობპროდუქტები იაფდება საერთაშორისო ბაზრებზეც და მაგალითად, ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება 75 დოლარის ფარგლებშია. გლობალურ ბაზრებზე გაიაფების ტენდენცია უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, საქართველოში კი ტენდენცია ბოლო პერიოდში გამოიკვეთა.
ბოლო დღეებში საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა, საშუალოდ, 5-8 თეთრით დაიკლო. ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, დღეისათვის, საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: „რეგულარის“ ტიპის ბენზინი - 2,95-3,17 ლარი ღირს, „პრემიუმის“ ტიპის ბენზინი - 3,13-3,32 ლარი, „სუპერის“ ტიპის ბენზინი - 3,58-3,71 ლარი, ევრო დიზელი - 3,21-3,33 ლარი, დიზელის საწვავი - 3,21-3,26 ლარი.
საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ბრენდის გასამართ სადგურებზე აპრილის ბოლო დეკადის შემდეგ საწვავის ფასი ძირითადად უცვლელი იყო.
„სენტა პეტროლეუმის“ დამფუძნებლის ზაალ იაკობიძის თქმით, საბითუმო ბაზარზე როგორც 1 ლიტრი ბენზინის, ისე დიზელის ღირებულება 2.33-2.35 ლარის ფარგლებშია. ეს გარკვეულ გავლენას ახდენს საცალო ღირებულებაზე.
„ბოლო პერიოდის ტენდენცია ფასების კლებისკენაა მიმართული. საქართველოს საბითუმო ბაზრის ფასი 2.33-2.35 ლარი ფარგლებშია, როგორც დიზელზე, ისე ბენზინზეც. აქაც კლება შეინიშნება, რაც საერთაშორისო ბირჟაზე ღირებულების შემცირებას უკავშირდება. ე.წ. „პლატცის“ მონაცემების მიხედვით, მცირდება ერთ ტონა საწვავზე ფასი, რაც შესაბამისად აისახა საქართველოს საცალო ქსელშიც.
თუ არ ვცდები 1-ელ ნოემბრამდე აქვს რუსეთს ბენზინის ბაზარი დაკეტილი, მაგრამ შესაძლოა, ადრე გაიხსნას ან გაგრძელდეს შეზღუდვა. რუსეთში ხშირად მიიღება მსგვასი გაითვალისწინებელი ცვლილებები. ასე რომ, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია. თუ რუსეთიდან მოწოდება აღდგება, მაშინ იაფი ბენზინის შემოტანა ქვეყანაში ისევ დაიწყება“, - აღნიშნა იაკობიძემ.
ეკონომისტები კი ამბობენ, რომ ნავთობპროდუქტები გაიაფების საშუალება ნამდვილად არსებობდა და ფასი უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო. ახლა კი ამის შანსი ძალიან შემცირდა. ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ტრეიდერმა გიორგი კაპანაძემ ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ კომპანიებმა იაფი მარაგების შეძენა ვერ მოასწრეს.
„პლატცის“ მიხედვით, საქართველოს ბოლო 4 თვეში ბენზინი 18%-ით, ხოლო დიზელი თითქმის, 11%-ით გაუიაფდა. კერძოდ, თუ მაისში „პლატსის“ ფასი ტონა ბენზინზე 849.52 დოლარი იყო, სექტემბერში 695.05 დოლარი გახდა. რაც შეეხება ევრო დიზელს, მაისში 743.55 დოლარს შეადგენდა, აგვისტოში კი 663.71 დოლარამდე შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორები საწვავს სწორედ „პლატსის“ ფასების მიხედვით ყიდულობენ და ადგილობრივ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის ღირებულების ფორმირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს, ამ დროისთვის ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ძირითადად, 4-7 თეთრიანი კლება ფიქსირდება (1-დან მაქსიმუმ 3%-მდე). ამ მოცემულობიდან გამომდინარე, წესით, საწვავის ფასი საცალო ქსელში 15-25 თეთრით უნდა შემცირებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.
ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება გიორგი კაპანაძეც, თუმცა ახლა უკვე დაგვიანებულად მიიჩნევს. მეტიც, ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ტრეიდერი ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ნავთის ფასი ისევ გაიზარდა, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ღირებულებაზე შესაბამისად იმოქმედებს.
„იყო საშუალება საწვავი 15-25 თეთრით იაფი ყოფილიყო, მაგრამ ახლა უკვე გამოვრიცხავ ბოლო დღეების მოვლენიდან გამომდინარე. ნავთობის ფასი 5-7%-ით უკვე გაიზარდა.
სანამ ნავთობზე ფასები დაეცემოდა, მანამდე მარაგები უკვე შემოტანილი იყო. ფასის 70 დოლარამდე დაცემაც გრძელვადიან ჭრილში არ ყოფილა, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში მოხდა. თუმცა, ფიზიკურად ვერ ასწრებ შემოტანას. ვთვლი, რომ ვერ მოასწრეს იმ მარაგების შემოტანა და გაიაფება. პირიქით, ახლა ველოდები, რომ ფასები გაიზრდება, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე.
რამდენით გაძვირდება, ვერ გიპასუხებთ. უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, ალბათ, ამას დასჭირდება მომავალი 7-10 დღიანი ანალიზის გაკეთება“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კაპანაძემ.