ამერიკული პორტების გაფიცვა საქართველოს ავტობიზნესზე გავლენას მოახდენს

ამერიკული პორტების გაფიცვა საქართველოს ავტობიზნესზე გავლენას მოახდენს

შეერთებული შტატების აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროს პორტებში დოკერები (მტვირთავი მუშები) გაიფიცნენ. ეს სამუშაოს პირველი ყველაზე მასშტაბური შეჩერებაა, თითქმის, 50 წლის განმავლობაში. ქვეყნის საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით, ნახევარი გაჩერდა. ათობით პორტში, საკვები პროდუქტებიდან დაწყებული ავტომობილებით დამთავრებული, ყველანაირი ტვირთი დაბლოკილია. ეს მხოლოდ ამერიკის პრობლემა არ არის, იგი გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე მოახდენს, ხოლო საქართველოში ავტობიზნესს დააზარალებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, გაფიცვა ქვეყნის ეკონომიკას ყოველდღიურად მილიარდობით დოლარი დაუჯდება, რაც საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებსა და გაზრდის ინფლაციას. პორტების დახურვის შედეგად ეკონომიკური ზარალი დღეში 3.8 მლრდ დოლარიდან 4.5 მლრდ დოლარამდე შეადგენს.

დოკერთა ასოციაცია, რომელიც 45,000 ნავსადგურის მუშაკს წარმოადგენს, ახალი ექვსწლიანი კონტრაქტისთვის United States Maritime Alliance-ის დამსაქმებელ ჯგუფთან მოლაპარაკებებს ბოლო ვადამდე, ანუ 30 სექტემბრის შუაღამემდე მართავდა, თუმცა ხელფასების შესაბამისი ზრდა პროფკავშირს არ შესთავაზეს. შეთანხმება ვერც პორტის ავტომატიზაციის პროექტების შეწყვეტაზე იქნა მიღწეული.

პრბლემები მხოლოდ ამერიკით არ შემოიფარგლება. იგი გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე და გარკვეულწილად, საქართველოზე, პირველ რიგში კი, ავტობიზნესის მიმართულებით.

თუ დოკერების ხელფასი მოიმატებს, პორტის ხარჯი გაიზრდება და კონტეინერის ჩამოტანა გაძვირდება, რაც აისახება იმ პროდუქციაზე, რაც შიგნით დევს - ასე აფასებს „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აშშ-ის პორტებში განვითარებულ მოვლენებს.

„როგორც მე ვიცი, ეს ძირითადად მსუბუქ ავტომობილებს ეხება, რადგან აშშ-დან ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ავტომობილების იმპორტი ხორციელდება. ძალიან მარტივი ფორმულაა, თუ დოკერების ხელფასი მოიმატებს, პორტის ხარჯი გაიზრდება და კონტეინერის ჩამოტანა გაძვირდება. ამაში უჩვეულო არაფერია. ეს საქართველოს ეკონომიკას ვერ გააჩერებს ვერანაირად. ეს არ იქნება ისეთი მტკივნეული, რომ ვინმეს ბიზნესი დაუზიანდეს“, - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.

აშშ-ის 6 ძირითადი პორტიდან 4-ის გაფიცვამ, საქართველოს მიმართულებით მანქანების გამოგზავნა შეაფერხა. გარდა ამისა, გაძვირდა საზღვაო ხაზების მომსახურების საფასური. შექმნილი ვითარების დარეგულირებას კი, საუკეთესო შემთხვევაში თვე ან თვე-ნახევარი დასჭირდება. როგორც ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ აღნიშნა, შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, აისახება ავტომობილის თვითღირებულებაზეც.

„გაფიცვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. აშშ-ის 6 ძირითადი პორტიდან 4-ის მუშები გაიფიცნენ. ფაქტობრივად, შეიზღუდა იქიდან ავტომობილების გამოგზავნა. სიტუაციის გამოსწორებას, დაახლოებით 1 თვე ან თვე-ნახევარი დასჭირდება, ესეც საუკეთესო შემთხვევაში. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიებს უკვე აქვს გარკვეული გამოწვევები, შექმნილი ვითარება, რასაკვირველია, გააძვირებს ავტომობილის ღირებულებას. ახლა გამიჭირდება იმის თქმა, ფასი რამდენით მოიმატებს. ეს დაითვლება იმის მიხედვით, როგორი იქნება ზარალი.

გარდა ამისა, საზღვაო ხაზებმაც გააძვირეს გადაზიდვა, ესეც ბუნებრივია, თვითღირებულებაში აისახება. ამ ეტაპზე საკმაოდ რთული სიტუაციაა. პროდუქციის დიდი მასა დაგროვდა ამ პორტებში, ახლა უნდა მოხდეს ამის დამუშავება, ჩატვირთვა და გადინება. პორტსაც ხომ აქვს თავისი შესაძლებლობის ზღვარ, - განაცხადა ნონიაძემ.

ლაზი შეიძლება პირიქით მოხდეს, მანქანების გამოგზავნის შეფერხებამ ავტო ბაზარზე დადებითად იმოქმედოს. კერძოდ გარკვეული დროით მანქანების შემოდინების შემცირება დააბალანსებს არსებულ პროფიციტს.
საკმარისია წყვეტა ერთი თვე გაგრძელდეს და ბაზარზე უცვლელი მოთხოვნა შეიწოვს ახლა არსებულ ჭარბ მიწოდებას. გამყვანი ყაზახები და ყირგიზები, კლიენტების დაკარგვის შიშით გაყვანას ვერ შეწყვეტენ და ბაზარიც ამოისუნთქავს.
ვნახოთ რა მოხდება, ყოველ შემთხვევაში სანამ სიტუაცია არ დალაგდება, ყიდვები მცირედით მაინც შემცირდება, რაც ბაზარზე დადებითად უნდა აისახოს.
1 თვის უკან