გარდაცვლილი მილიარდერის დატაცებული ქონების თემა საჯარო ხდება

გარდაცვლილი მილიარდერის დატაცებული ქონების თემა საჯარო ხდება

ბადრი პატარკაციშვილის ქონების საიდუმლო თანდათანობით იხსნება. ხელისუფლებასა და ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულება უკვე გასაჯაროვდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი მოაწყო, სადაც საკითხის დეტალებზე ისაუბრა.

„საქართველოს დღევანდელი მთავრობა როგორც მხარე და საქართველოს წარმომადგენლობა შეთანხმდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან, ინა გუდავაძესთან, ნათელა პატარკაციშვილთან და ოჯახის შესაბამის წევრებთან, მათი ადვოკატების წარმომადგენლობით, იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის 2001 წლის 6 ივლისის მორიგების ხელშეკრულებები გახდეს ცნობილი. მხარეებს შორის დადებული იქნა ორი ხელშეკრულება მორიგების შესახებ.

სახელმწიფოს მხრიდან, მაშინდელი ხელისუფლების პირობებში მხარეები იყვნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს შს სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, კონსტიტუციური უსაფრთხოიების დეპარტამენტი, ფინანსური პოლიცია, საგადასახადაო დეპარტამენტი, ეროვნული მარეგულირებელი კომისია და თბილისის მუნიციპალიტეტი. მთავრობის სახელით მორიგების ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოდაგილემ, თინა ბურჯალიანმა.

მეორე მხარეს წარმოადგენდა ადვოკატების სახით ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, დედა და ოჯახის სხვა წევრები. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც 7 ნოემბრის შემდეგ წინა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშილის წინააღმდეგ პრაქტიკულად ტერორი აწარმოა, აღძრა მის წინააღმდეგ დაუსაბუთებლად სისხლის სამართლის საქმეები და მისი ბიზნესის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა.

გარდაცვალების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიწყო სამართლებრივი დავა და 2008 წელს საარბიტრაჟო წესით მოხდა საქმის ინიცირება ინა გუდავაძის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. ინა გუდავაძე და ოჯახი მიზნად ისახავდნენ ტელეკომპანია „იმედის“ დაბრუნებას, თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „ლინკს“ შორის მთაწმინდის პარკთან ხელშეკრულებული იჯარის ხელშეკერულების აღდგენას ან 400 მილიონი დოლარის ზიანის ანაზღაურებას იმ ბიზნეს ინტერესების დარღვევისათვის, საინვესტიციო ვალდებულებების უარყოფისთვის და ზოგადად, ინვესტორის წინააღმდეგ ნაწარმოები ბრძოლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებისთვის, რისი მსხვერპლიც ბადრი პატარკაციშვილი გახდა.

წინა ხელისუფლებამ შეხედა, რომ მეორე მხარეს იდგა ბიზნესი, რომელსაც სამართლებრივი წესით საკუთარი ინტერესის დაცვა შეეძლო და ოჯახთან მოლაპარაკება დაიწყო. შედგა მორიგება რომლის პირობები იყო შემდეგი:

1. გაფორმდა 17 საწარმოსთან მიმართებაში საგადასახადო დავალიანებაზე უარის თქმის მიზნით საგადასახადო შეთანხმებები, იქ სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობდა.

2. მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით თბილსიის მუნიციპალიტეტთან თავიდან გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება და როგორც მორიგების ხელშეკრულებაში წერია, ეს უნდა ყოფილიყო იმავე პირობების იჯარის ხელშეკრულება, როგორიც 2007 წლამდე იყო.

3. ბადრი პატარკაციშვილს გადაეცა ყოფილი მეტალურგიული ქარხნის მთლიანი ქონება. რამდენიმე ასეული ჰექტარი მიწა და კომპანია „თუჯი 21“ საერთო ქონება.

4. ხელშკერულების პირობად განისაზღვრა, რომ ეკონომიკის სამინისტრო გააფრომებდა ოჯახთან ხელშეკრულებას მაუდის ფაბრიკასთან დაკავშირებული საინვესტიციო ვალდებულების კუთხით- სახელმწიფო იტყოდა უარს მაუდის ფაბრიკის აქციებზე.

ამის სანაცვლოდ ოჯახმა შეწყვიტა საარბიტრაჟო დავა. ითვლება, რომ წინა ხელისუფლებამ ყველა პირობა შეასრულა, ხოლო ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამ ხელშეკრულებებს მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“, მაგრამ დღემდე მაინც ვერ გასაჯაროვდა. ხელშკრულება დაცული იყო სპეციალური მუხლით კონფიდენციალურობის შესახებ.

მინდა მადლობა გადავუხადო ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს იმისთვის, რომ მზაობა გამოთქვეს ჩვენთან ერთად მოეხსნათ კონფიდენციალობის მუხლი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატის, ლაშა ბირკაიას განცხადებით, წინა ხელისუფლებასთან გაფორმებული მემორანდუმის დიდი ნაწილი არ შესრულებულა.

„ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ძალიან ბევრი პირობა არ შესრულებულა. მათ შორის, არ დაბრუნებულა მეტალურგიული ქარხნის აქტივები. ოჯახმა ის ხელახლა შეიძინა 86 000 000 ლარად. დაახლოებით იგივე მიდგომა იყო მთაწმინდის პარკის საიჯარო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით - საიჯარო ხელშეკრულება უნდა ყოფილიყო იგივე პირობებით, რაც მანამდე, თუმცა, იყო ბევრად კაბალური ოჯახის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ბირკაიამ იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ადვოკატმა წინა ხელისუფლებასთან პატარკაციშვილების ოჯახის მიერ გარიგებაზე წასვლის მოტივაციაც განმარტა და აღნიშნა, რომ ოჯახმა გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით მიიღო, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მხოლოდ 400 000 000 მილიონი ოდენობის კომპენსაციის დაკისრება შეეძლო მოეთხოვა საერთაშორისო არბიტრაჟისთვის.

„ოჯახის მოტივაცია მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, გახლდათ ის, რომ შესაძლებელი ხდებოდა ოჯახის სასარგებლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის 400 მილიონის კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით მიემართა საერთაშორისო არბიტრაჟისთვის. ტელევიზიის, მთაწმინდის პარკის დაბრუნდება იმ ფორმით, რა ფორმითაც ოჯახი ითხოვდა შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ წავიდა ოჯახი გარიგებაზე, თუმცა ხელშეკრულების დიდი ნაწილი არ შესრულდა“, - აღნიშნა ბირკაიამ.

წლების მანძილზე საზოგადოებაში არსებობდა ინფორმაცია, რომ პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი 12 მილიარდიანი კაპიტალი თითქმის მთლიანად დაიტაცეს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ნელ-ნელა გამოძიება იმასაც დაადგენს როდის, როგორ და ვის შეხვდა გარდაცვლილი მილიარდერის ქონების ნაწილები, მითუმეტეს, რომ ამ მოვლენათა პერსონაჟები სახეზე არიან და შესაბამისი ნების შემთხვევაში, არც ჩვენების მიცემა გაუჭირდებათ.

ხელშეკრულების გასაჯაროვების შედეგად, ასევე, ცნობილი გახდა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის 2011 წლის 6 ივლისს გაფორმებულ მორიგების შეთანხმებაც.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ წინა ხელისუფლების იყო. მისიტრის განცხადებით, ამის თაობაზე ინფორმაცია კარგა ხანია საზოგადოებამ იცოდა, უბრალოდ, არ არსებობდა ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

„ამასთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი იცოდა, უბრალოდ, არ არსებობდა დოკუმენტი, რომელიც რეალობას აღწერდა. გამოქვეყნებული დოკუმენტით უკვე აშკარად ჩანს, რომ წინა ხელისუფლების იყო ტელეკომპანია „იმედი“. ყველასთვის ყველაფერი გახდა ცნობილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გადრაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი დამატებით კომენტარს ოჯახსა და ყოფილ მთავრობას შორის გაფორმებულ დოკუმენტზე არ აკეთებს. პატარკაციშვილის ოჯახსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული მორიგების შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს სააქციო საზოგადოება „ქართული ფოლადის“ დირექტორი ნათია ჯაყელი, რომლის განცხადებით, ამ შეთანხმების საფუძველზე ინა გუდავაძე „ნაციონალების“ მხარდასაჭერად 2 000 თანამშრომელს ატერორებდა.

„ამ ურთიერთშეთანხმების შემდეგ ორ საათში სპეცრაზმა, იძულების წესით, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 15 წუთში დაგვატოვებინა, ამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ინა გუდავაძემ და მისმა გუნდმა, მაქინაციების გზით, ორი სააქციო საზოგადოება - „ქართული ფოლადი“ და „თუჯი XXI“ აქტივების გარეშე დატოვა, ამ ურთერთშეთანხმების საფუძველზე ინა გუდავაძემ და მისმა გუნდმა ბიუჯეტიდან სულ მცირე 39 მილიონი მიითვისა.

უმთავრესი, ამ ბრძოლას ჩვენი მეგობრების, ალიკო მაისურაძისა და ზაზა ნინიძის სიცოცხლე შეეწირა. ეს სია შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო და დეტალური მაგალითებიც მოვიხმო, მაგრამ ამას, ალბათ, რამდენიმე დღეში გავაკეთებ, მანამდე კი კიდევ ერთი - საქართველოში უნდა დამთავრდეს დრო, როცა სამართალი და სიმართლე სტერეოტიპებისა და სპეკულიაციის მსხვერპლი ხდება“, - აცხადებს ნათია ჯაყელი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში უკანონო და უჩვეულო არაფერია. 
დავით დარჩიაშვილის განცხადებით, დოკუმენტის გასაიდუმლოება პატარკაციშვილის ოჯახის სურვილით იყო განპირობებული.

„პატარკაციშვილების ოჯახის დავასთან დაკავშირებული დოკუმენტის გასაიდუმლოება სახელმწიფოს მხრიდან ისეთივე მითი და ბლეფია. დიახ, ის დაობდა საერთაშორისო არბიტრაჟში ქონების საკითხებზე სახელმწიფოსთან. ოჯახის სურვილით იყო ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებული ყოფილიყო და ეს დოკუმენტი გვეუბნება, რომ მას ჰქონდა დავა.

სახელმწიფომ მას შესთავაზა მორიგება იმის გამო, რომ სახელმწიფო საერთაშორისო დონეზე ფინანსურად არ ყოფილიყო რისკის ქვეშ და ოჯახი დათანხმდა მიეღო გარკვეული, ასე ვთქვათ, ქონებრივი ობიექტები პირად საკუთრებაში და გარკვეული ვალების ჩამოწერა მოხდა“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

მისი თქმით, აქ არ იყო ლაპარაკი კონკრეტულად „იმედზე“, არამედ ლაპარაკი იყო ზოგადად სახელმწიფოსა და ოჯახს შორის დავაზე. უმცირესობის წვერი აცხადებს, რომ სახელმწიფომ ამ ოჯახს გარკვეული პირობები დაუკმაყოფილა და ოჯახმა შეწყვიტა დავა. დარჩიაშვილი კითხულობს, სად არის აქ რაიმე განსაკუთრებული, რომელიც სხვა ქვეყანაში არ მომხდარა, ან სად არის აქ ზეწოლა და ზეწოლის მაგალითები?