არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" 2008-1012 წლებში სამინისტროებისთვის ნაჩუქარი უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ რამდენიმეთვიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა.
კვლევა 1700 ფურცელს მოიცავს, თუმცა მასში სამინისტროსთვის ნაჩუქარი ქონების ოდენობამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ქვეყანაში კრიზისული პერიოდი იდგა, 2008 წლის იანვრიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 322 820 983,62 ლარის და 3 097 231,00 აშშ დოლარის უძრავ-მოძრავი ქონება მიიღო საჩუქრად. აქედან მას 9 249 034,79 ლარის და 2 736 331 აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანა გადაეცა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" ფინანსური მენეჯერის, გიორგი მღვდელაძის თქმით, კვლევის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ორგანიზაციას მიაწოდა ყველა იმ ხელშეკრულებების ასლები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს სხვადასხვა კომპანიების მხრიდან სამინისტროსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემას.
მჩუქებელ კომპანიებში გვხვდება ცნობილი ბრენდები "ტოიოტა ცენტრი თბილისი", "მათე მოტორსი", "გუდვილი", "ირაო", "იბერია ავტო" და მრავალი სხვა. მათ მიერ ნაჩუქარი ავტომანქანების ღირებულება 3 585 558 ლარს და 2 615 831 აშშ დოლარს შეადგენს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ სამინისტროს, ნაციონალური მოძრაობის მართველობის პერიოდში გადაეცემოდა მილიონობით ლარის ღირებულების წილები სხვადასხვა კომპანიებში, რომლებიც რატომღაც თარიღების მიხედვითაც კი ემთხვევა ერთმანეთს.
კულტურის სამინისტრომ ნოტების ახალი კრებული და 4600 ლარის ღირებულების ელექტრო პიანინო ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელს გასული წლის მაისში გადასცა, თავად სამინისტრომ კი ეს ინვენტარი ასევე საჩუქრად მიიღო. ეს ატრიბუტიკა ქუთაისის გარდა მცხეთის, გორისა და ფოთის სკოლებს გადაეცა საჩუქრად. კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ
მუსიკალური ატრიბუტების სამინისტროს გავლით სკოლებისთვის გადაცემა ქართულ-გერმანული ასოციაციის ინიციატივა იყო.
კულტურის სამინისტროს გარდა, 2013 წელს კერძო კომპანიებისგან შინაგან საქმეთა სამინისტროც დასაჩუქრდა. მას კომპანია "იბერია ავტოცენტრისგან " 33 ათასი ლარის ღირებულების ავტომანქანა აქვს მიღებული.
2012 წელს სამინისტროებმა კერძო კომპანიებისგან სულ 46 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ქონება მიიღეს, რაც 2013 წლის მონაცემებისგან მკვეთრად განსხვავდება. 2013 წელს გადაცემული საჩუქრების ღირებულება 53 554 86 ლარია.
"ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" ცნობით, მათ ხელთ აქვთ მონაცემები ისეთი ქონების შესახებ, რომლის ღირებულება ხელშეკრულებაში მითითებული არაა, ასევე დოკუმენტაციის მიხედვით, არსებობს საეჭვო გარიგებები, რაც შესაბამისი უწყებების რეაგირებას საჭიროებს.
"ადამიანი, კანონი, თავისუფლება" უახლოეს მომავალში წარმოადგენს კვლევას, სადაც დეტალურად იქნება მოცემული ყველა უწყებისთვის გადაცემული ქონებების შესახებ ინფორმაცია, მათი ღირებულება და ის კომპანიები, რომლებიც ფიქსირდებიან მჩუქებლებად.