„ხშირად მასახელებენ სხვადასხვა თანამდებობაზე. გამოდის, რომ უნდა შევითავსო პრეზიდენტობა, ბორდის თავმჯდომარეობა, თბილისის მერობა და კიდევ რა ვიცი რამდენი რამ. არადა, ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ვიდრე პრეზიდენტობა, მერობა და ბორდის თავმჯდომარეობაა“, - აცხადებს პოეტი დათო მაღრაძე.
For.ge ბოლო დროს გამვითარებულ მოვლენებზე დავით მაღრაძეს ესაუბრა.
- საპარლამენტო კომისიამ, რომელიც ბორდის წევრობის კანდიდატებს იხილავს, იქნებ ერთი კვირით გააგრძელოს საბუთების შეტანის ვადა-მეთქი, განვაცხადე და არ ვიცი, ეს რატომ გახდა საფუძველი მოსაზრებისა, რომ ბორდის თავმჯდომარეობა მინდოდა. მერე ისიც ითქვა, - ვერ განვიხილავთ დათო მაღრაძის კანდიდატურას, რადგან ის ასოცირებულია პარტია „ქართულ ოცნებასთანო“. როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევა იყო, მაშინაც ითქვა, დათო მაღრაძეს უნდა პრეზიდენტობა და ერთ-ერთი კანდიდატი იქნებაო.
შალვა რამიშვილმა პირდაპირ ეთერში იუმორით მკითხა ამის შესახებ, რადგან იცოდა ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ასე მასახელებდნენ ბევრ თანამდებობაზე და ახლა, ტელევიზიის ბორდის თავმჯდომაროებასთანაც დამაკავშირეს. თითქოს, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მე უნდა გავხდე ბორდის თავმჯდომარე. ასევე არის ლაპარაკი, რომ თურმე თბილისის მერობასაც ვაპირებ... არც ბორდის წევრი ვყოფილვარ და არც თავმჯდომარე, როდესაც სიტყვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისათვის ვიბრძოდი.
ჩემი ბრძოლა აქ თუ ვერ დაინახეს რიგმა ენჯეოებმა, 2009 წელს ვერონას კულტურის აკადემიამ დამაჯილდოვა ანტონ მაზრეკუს, ალბანელი პოეტის მედლით, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა. მე ვანო მერაბიშვილთან შეუთანხმებლად ვიბრძოდი სიტყვის თავისუფლებისათვის და „ფეისბუკიდან“ არ ვიგებდი მოვლენებზე, რომელიც რუსთაველზე ვითარდებოდა. 2009 წლის ოქტომბერში ავსტრიის ქალაქ ლინცში, მწერალთა საერთაშორიო პენკლუბის 75-ე კონგრესის დელეგატები დავარწმუნე, რომ საქართველოში უჭირდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჟურნალისტებს და ზოგადად, ქართულ სიტყვას. რეგულარულად ვაწვდიდი ინფორმაციას, როგორ არბევდნენ ჟურნალისტებს. საერთაშორისო პენკლუბის კონგრესის დელეგატებმა მიიღეს მიმართვა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისადმი, რომელიც მთავრდება სიტყვებით: - „შეწყდეს თავდასხმები ჟუნალისტებზე, შეწყდეს კონტროლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საქართველოს მედია გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“. ამ მიმართვის მიღებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის, რადგან მათთან ჩემ გარდა არავინ ურთიერთობდა.
დილით რომ მიტინგზე ვიყავი, ღამით საერთაშორისო პენკლუბს ვუგზავნიდი ანგარიშებს. ამ დროისათვის მწერლებზე მზრუნველმა საერთაშორისო ორგანიზაცია ICORN-მა (აიკორნმა), რომელიც შეშფოთებული იყო ჩემი მაშინდელი მდგომარეობით, ჰოლანდიაში გამომიყო სახლ-კარი, დამინიშნა სტიპენდია 3 ათასი ევროს ოდენობით, რასაც ემატებოდა ლექციები ტილბურგის უნივერსიტეტში სათანადო ანაზღაურებით. არავის ვამადლი, რომ არ წავედი. უბრალოდ, თვალსაჩინოებისთვის ვამბობ და შევახსენებ ზოგიერთ ჩემს კეთილისმყოფელს, რომ არ ვყოფილვარ პროლეტარიატივით, რომელსაც ბორკლების მეტი დასაკარგი არაფერი ჰქონდა. მე რუსთაველზე უნდა დავრჩენილიყავი და დავრჩი კიდეც.
რიგმა ქართულმა ენჯეოებმა თავი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად მიიჩნიეს. შთაბეჭდილება რჩება, - მე ვარ ენჯეო ე.ი. მე ვარ მართალი. არასამთავრობო სექტორი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არ არის მთელი სამოქალაქო საზოგადოების მომცველი. არსებობს ადამიანი, ინდივიდი და არსებობს ის საქართველო, სადაც ადამიანს, როგორც ინდივიდს, აქვს ფასი, განურჩველად იმისა, ის რაიმე ენჯეოს წარმოადგენს თუ არა. ვხედავ საფრთხეს, რომ ამ ფონზე შეიძლება ინდივიდი დაიკარგოს. ამ ენჯეოდან ხარ თუ იმ ენჯეოდან, ღმერთმა გაგახაროს, მაგრამ მე თუ არც ერთი ენჯეოდან არა ვარ, წინასწარ რატომ შემრაცხე არასრულფასოვან მოქალაქედ? რომ ამბობენ, თითქმის ყველა ენჯეო ჩართული ვიყავით მედიასთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობაშიო - მერე რა თუ იყავით? რამდენი ხალხი არ იყო ჩართული ამ საკითხზე მსჯელობაში? ან რატომ არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამ წევრს ასახელებს უმრავლესობა, სამს - უმცირესობა, ორს - სახალხო დამცველი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა? როდესაც მხოლოდ ხელისუფლება და ოპოზიცია ასახელებს საბჭოს წვერებს, ეს ნიშნავს, რომ ბორდი პოლიტიზებულია და ასოცირებული იქნება პოლიტიკასთან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ არაჩვეულებრივად წარმოადგინა, როგორ შეიძლებოდა საზოგადოება არეკლილიყო ამ ბორდში და როგორ ვერ აირეკლება. მან ისაუბრა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელზე. ასევე საინტერესოა სლოვენიის მაგალითი, რომელიც ბევრად უფრო ყოვლისმომცველია საზოგადოების ინტერესების მხრივ და არ არის მხოლოდ ენჯეოების ელიტარული მოდელი. ინდივიდი, მოქალაქე სახელმწიფოს, ქვეყნის, სამშობლოს ყველაზე დიდი ნიშანსვეტია. როგორც წვეთში აირეკლება ოკეანე, ცრემლში - მთელი სამყაროს ტკივილი და ერთ სტრიქონში - სამყაროს დღესასწაული, ისე ერთ მოქალაქეში აირეკლება მთელი ქვეყნიერება. სიმართლე მხოლოდ ჯგუფში არ არის, სიმართლე შეიძლება მარტო ერთ კაცშიც იყოს. არ ვარგა ასეთი გრადაცია: ვინაიდან არ წარმოადგენ არც ერთ ჯგუფს, არც კანონპროექტის შედგენაში მიგაღებინებ მონაწილებას, არც ბორდში და არც არსადო. ეს ძალიან შეზღუდულ თვალსაწიერში დანახული სამყაროა. აღარ მაქვს იმედი, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით რაიმე გადაიხედება, მაგრამ ხომ შეიძლება საზოგადოებას უთხრა, უკეთესი რა იქნება.
როგორც ინდივიდი იკარგება ენჯეოების ნიაღვარში, ასე სიტყვა ქრისტიანი დაიკარგა, გაქრა ჩვენი ფრაზეოლოგიიდან. ეს სიტყვა, რომელიც ადრე ხშირად იხმარებოდა დიალოგებში, ბოლო ათწლეულებია აღარ გამიგონია. ახლა მხოლოდ მართლმადიდებელს ამბობენ ქრისტიანის ნაცვლად. სიტყვა ქრისტიანი ჩვენი ფრაზებიდან იმიტომ გაქრა, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთადერთობას სამყაროში. როდესაც მართლმადიდებელი ენაცვლება ქრისტიანს, ამით ჩვენს სიმართლეზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ სხვის სიმრუდეს ვუსვამთ ხაზს. არ ვარგა განუწყვეტლივ იმის მტკიცება, რომ სხვები არასწორნი არიან. ნუთუ ამ ხალხმა ასე კარგად შეისწავლა ის უფაქიზესი ნიუანსები, საიდანაც წარმოიშვა განხეთქილება მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის?! კონსტანტინოპოლსა და რომს შორის რა პოლიტიკური დაძაბულობა იყო ნუთუ ასეთი ფართო ინტერესის საგანია? შეეკითხეთ ასეთი რა განწავლულება აქვთ წყაროთმცოდნეობაში, თეოლოგიაში, ან მჭვრეტელობაში, რომ დღენიადაგ ხაზი გაუსვან სხვის შეცდომებს. ქრისტიანის მართლმადიდებლით ჩანაცვლებამ ამ შემთხვევაში აგრესიას მისცა ასპარეზი.
რადგან რელიგიის თემას შეეხეთ, მინდა გკითხოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს იმ მონაკვეთზე, რომელმაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება და საპატრიარქოსთან აქციები გამოიწვია. მერე ისიც ითქვა, რომ ეპისტოლეს ეს ეპიზოდი არ ეკუთვნოდა პატრიარქს...
- სამწუხაროდ, ასეთ დაპირისპირებებში საზოგადოების პერიფერიულობას ვხედავ. პატრიარქის ნებაა ვის ჩარევს ეპისტოლეს შედგენაში და ცოდვა არ არის ვინმეს ჰკითხო აზრი. ერთი რამ ვიცი, ყმაწვილი როგორ დაიბადა, ეს მისი ბრალი ვერ იქნება. ქალი ვისგან არის ფეხმძიმედ, ეს ჩვენი საქმე არ არის, ჩვენი საქმეა ფეხმძიმე ქალს ადგილი დაუთმო. ვინატრებდი, რომ საშობაო ეპისტოლეში ყოფილიყო რამდენიმე სიტყვა იმ გულისხმიერების გამომხატველი, რომელიც პატრიარქს აქვს მოყვასის მიმართ, განსაკუთრებით კი ყმაწვილებისადმი. ვისურვებდი, რომ მისი დამოკიდებულება უფრო მკაფიო ყოფილიყო და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში რამდენიმე სიტყვა მოვისაკლისე. ბოდიშს ვიხდი, მომიტევოს ღმერთმაც და პატრიარქმაც ჩემი აზრი... მშობლებისა და არასამთავრობოების საყურადღებოდ კი ვიტყვი, საპატრიარქო ქრისტიანობის არსს ვერ მოარგებს საზოგადოებას. მან საზოგადოებას უნდა მოუწოდოს ქრისტიანობისკენ და არა - ქრისტიანობას საზოგადოებისკენ. ჩვენ შეიძლება ჩვენებურად გვესმის ეს სარწმუნოება, მაგრამ ადამიანმა, რომელმაც აღთქმა მისცა უფალს, მოვალეა, რომ ის სარწუნოება იქადაგოს იმის მიუხედავად, ეს მოგვეწონება თუ არა მოსახლეობას. ერთსქესიანი ქორწინებისას რომელიმე „ვაჟკაცი-პატარძლის“ მშობელი შეიძლება აღშფოთდეს, რომ მისი ვაჟკაცის გათხოვებას ეკლესია არ მოიწონებს. რაც უნდა გული დასწყდეს ასეთ მშობელს, მისი ვაჟკაცის „გაბედნიერებას“ ვერ დალოცავს სასულიერო პირი და ვერ იტყვის, - ეს ქორწინება ღმერთს ახარებსო. შეიძლება „გათხოვილი“ ვაჟი კარგ, შეძლებულ ოჯახშიც შედის და მისი ქმრის მშობლებიც კმაყოფილნი არიან, მაგრამ სასულიერო პირი ვერ იტყვის, მათი ქორწინების დროს ანგელოზთა გუნდი გალობდაო.
შესაძლოა მკვლელის მშობელსაც არ ესიამოვნოს, როდესაც სასულიერო პირი ამბობს, - მკვლელობა ცოდვააო, მაგრამ იმის გამო, რომ მკვლელის მშობელი გავახაროთ, სასულერო სამყარო ვერ იტყვის, - მკვლელობა მადლიაო. ამით პარალელს კი არ ვავლებ ჩვილ ბავშვებთან, თვალსაჩინოებისათვის ვამბობ. სასულიერო პირი მოვალეა ქრისტეს მოძღვრებისკენ მიუთითოს საზოგადოებას. თუ ქრისტიანი ხარ, გწამს, რომ არაფერია უფრო ახალი, ვიდრე ახალი აღთქმა. საპატრიარქო მოდერნისტულ წიაღსვლებს ვერ შეიტანს წმინდა წერილში, რადგან ახალი აღთქმა ზედროითი და ზენაციონალურია. ის მარადიულია, ადამიანი კი - დროებითი.
26 მაისს, როდესაც ხალხი დახოცეს რუსთაველზე, მოვისაკლისე, რომ საპატრიარქოდან არ გაისმა კითხვა - კაენ, სად არის ძმა შენი? ეს კითხვა, მაშინ, ვფიქრობ, უნდა დასმულიყო და არ დაისვა.
მორწმუნე მრევლს აშფოთებს გარკვეული ჯგუფებისაგან საპატრიარქოსა და პატრიარქზე შეტევა.
- შეიძლება ვინმეს თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ვის რა უფლება აქვს პატრიარქი შეურაცხყოს?! ტოლერანტობა იმას ნიშნავს, რომ თუ ერთ ადამიანს მაინც სწამს რამის, მის რწმენას არ უნდა მივაყენოთ ჩრდილი. როდესაც პატარა რელიგიურ დაჯგუფებას იცავ არასწორი გამოხდომებისაგან, სწორია, მაგრამ რატომ არ იცავ უამრავ ადამიანს, რომელსაც საკუთარი რწმენა და სულიერება აქვს?! თუ იეღოველები უფრო მაღალ საფეხურზე დგანან და მართლმადიდებლები დაბალზე? იეღოველებიც უნდა დაიცვა და მართლმადიდებლებიც არ უნდა შეურაცხყო. თუ ნებისმიერ აღმსარებლობას არ უფრთხილდები, მაშინ შენი საქციელი სპეკულაციაა.
ჩვენში ეგონათ, არმენოფობია და ანგლოფობია ქსენფობიაა, მაგრამ რუსოფობია არ არის ქსენოფობიაო. ასეთი ფიქრი უკვე გონებაშეზღუდული ქსენოფობიაა. ლაპარაკი - ჩაიკოვსკი არ გამაგონოთ და დოსტოევსკი ხალხის მტერიაო, უკულტურობა, მდაბიობა და პერიფერიული მეტიჩრობაა. ადამიანებმა, რომლებიც ასე პერიფერიულად აზროვნებდნენ, ტყუილებით აავსეს საქართველო. ამბობდნენ, რომ საქართველო იყო ევროპა და რუსეთი - აზია, რომ ევროპული საქართველო რუსეთმა ევროპას მოსწყვიტა. რუსეთმა საქართველო დაიპყრო და სახელმწიფოებრობა დააკარგვინა, მაგრამ კრეტინიზმია იმის მტკიცება, რომ ქვემო კალა და ზემო კალა ევროპა იყო და პეტერბურგი - აზია. ფსევდო პატრიოტიზმი სრულ გონებაშეზღუდულობაში გადადის.
ერეკლეს არჩევანი ევროპული არჩევანი იყო. იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებაში საქართველო ევროპას რუსეთის გარეშე ვერ დაუკავშირდებოდა. ერეკლეს არჩევანი რომ ვთარგმნოთ დღევანდელ პოლიტიკურ ენაზე, ის დასავლეთისაკენ სვლას ნიშნავს და არა რუსეთისკენ.
პერიფერიული სიმპტომი კარგად ჩანს ლიტერატურაშიც. როდესაც ადამიანი იწყებს წერას, მთელი პროგრესული ცივილიზაციისთვის, თავის მეზობელსაც ვერ აგებინებს რა დაწერა, მაგრამ როდესაც გულწრფელად იწყებს წერას ერთისთვის, ის შეიძლება ყველასთვის დაწერილი აღმოჩნდეს და ყველასთვის დაწერილი - არავისთვის.
ერთი სიტყვით, ჩვენი ყოფის პერიფერიულობას ასე ვხედავ: არსებობენ (პირობითად) „ეროვნულები“ და „პროგრესულები“, რომლებიც დაპირისპირებულები არიან. ორივეს რიტუალურობა ახასიათებს. ოღონდ პირველს რიტუალური ეროვნულობა, მეორეს - რიტუალური პროგრესულობა. „ეროვნულებს“ მიაჩნიათ, რომ სამოსში, სახალხო პირჯვრის წერაში და ხალხურ სიმღერაში დგას მათი ეროვნული სულიერება. „პროგრესულებს“ ეს ხალხი მარგინალებად მიაჩნიათ და ჭეშმარიტებას არა ღმერთში, არამედ ამერიკანიზაციაში ჰპოვებენ. სინამდვილეში, თავისი აზროვნების კატეგორიით, ეს ერთი და იგივე ხალხია. მათ შორის მენტალური კი არა, მხოლოდ ლინგვისტური პრობლემაა. „ეროვნულებს“ მიაჩნიათ, რომ განკითხვა იქნება ქართულად, „პროგრესულებს“ კი - განკითხვა იქნება, ოღონდ ინგლისურად. ამათ გარდა, კიდევ არიან „შუაშისტები“. ჩემგან დანახული „შუაშისტი“ ასე ჩანს: თუ ხარ ნამდვილი „შუაშისტი“, ბავშვი რომ წყალს მიაქვს, ცოტა წყლის მხარესაც უნდა იყო.
მინდა პოლიტიკურ თემებსაც შევეხოთ და „ქართული ოცნების“ ერთწლიანი მმართველობა შეაფასოთ.
- აღტაცებული ვარ ჩვენი მთავრობის მუშაობით, რომელმაც წელიწადზე ცოტა მეტ ხანში მოახერხა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გმობს ძალადობას. საოცარი მეტამორფოზაა, სხვა რომ არაფერი გაეკეთებინათ, ესეც იკმარებდა, რომ ეს მეცოცხეები ძალადობას გმობენ და ვანოს თუ დილით მურაბიანი ჩაი დაუგვიანეს, ეს საერთაშორისო სკანდალის თემა ხდება. სააკაშვილის დროინდელი ფსევდოაღმშენებლობა იდიოტიზმი იყო. მათ მიაჩნდათ, რომ ზოგადად შენება, უკვე კარგია. ელემენტარული ცოდნა არა აქვთ. არ იციან, რომ კარგად შენებაა კარგი და ცუდად შენება - ცუდი. ძალიან ფეხებზე უნდა გეკიდოს ან გეჯავრებოდეს შენი სამშობლო და ხალხი, რომ ყოველდღე ტყუილებით კვებო. სააკაშვილისაგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილმა რეალური სურათი დაანახა ხალხს. ზოგს, ვისაც მიშიკოსი სჯეროდა და ფიქრობდა - საქართველომ ამერიკას გაასწროო, ეს არ მოეწონა. ბატონმა ბიძინამ ხალხს აჩვენა, რომ არ ცხოვრობენ აყვავებულ და გაბრწყინებულ საქართველოში. დღევანდელ ვითარებაში საჭიროა სწორი ორიენტირების დასახვა და მუხლჩაუხრელი შრომა. თუ ადამიანი ცუდად გახდა, იმას მკურნალობა სჭირდება და არა სილამაზის კონკურსზე წაყვანა. მიშას მმართველობის დროს და უფრო ადრეც, შრომის მაგივრად ჩვენ გვქონდა სიმღერები შრომაზე, ბრძოლის ნაცვლად - ლექსები ბრძოლაზე. გინახავთ ისეთი უნიკალური შემთხვევა ომი ისე დასრულებულიყოს, რომ ორივე ქვეყანა გახარებული ყოფილიყოს?! რუსეთმა ტერიტორია გაიფართოვა, ჩვენ მიწა-წყალი დავკარგეთ და იმათზე მეტად ჩვენ ვზეიმობდით. ეს ყალბი რიტუალური დღესასწაული დასრულდა საქართველოში.
მარადიული აღტაცება არაფრით არ შეიძლება. ხელისუფლება ზოგადად მიდრეკილია უფლებების გაფართოებისკენ და საზოგადოება მოვალეა, რომ თავის უფლებები ყოველდღიურად დაიცვას. ან, ცხოვრების წესად ვაქცევთ სიტყვის თავისუფლებისა და მოყვასის უფლებების დაცვას, ან ყოველთვის გაიფართოებს ხელისუფლება თავის უფლებებს. შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებას შეცდომები ჰქონდეს საკადრო პოლიტიკაში და კიდევ სხავაგანაც, მაგრამ შეუცდომელი ვინ არის ამ ქვეყანაზე? შეცდომები იქნება, მაგრამ ტენდენცია უნდა იყოს სწორი. არ უნდა მოატყუო შენი საზოგადოება. დღევანდელი ხელისუფლება არ იტყუება და ხალხს ეუბნება - ერთად ვიფიქროთ, ცოტა წინ როგორ წავიდეთო. იმას, კი არ ამბობს, რომ გორი უკვე ბადენ-ბადენია, ცხრუკვეთი - შვეიცარია და რაბათი - მანჰეტენი.
ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამდა, რომ ყოველთვის მოუსმენდა საზოგადოებას. საზოგადოების წარმომადგენლები ისევ ხვდებით ყოფილ პრემიერს და თუ გისმენთ დღევანდელი ხელისუფლება?
- ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს არის ჩვენსავით თავისუფალი მოქალაქე, რომელიც ემზადება გააძლიეროს სამოქალაქო სექტორი. ვხედავ, რომ მის დაწყებულ საქმეს ძალზე ღირსეულად აგრძელებს ირაკლი ღარიბაშვილი თავისი გუნდით. რაც შეეხება ჩემს მოსმენას, ხელისუფლებამ ყოველდიურად რომ მისმინოს, მაშინ მინისტრთა კაბინეტი კი არა, პოეზიის კლუბი გვექნება. პოეზიის კლუბი კი სახელმწიფოს ვერ მართავს. მაგრამ, ეს იმას, არ ნიშნავს, რომ მე არაფერს ვუყურებ და არ მაინტერესებს. მზად ვარ ხელისუფლების ნებისმიერ შეცდომაზე გავამახვილო ყურადღება.
აქამდე ხელისუფლების რაიმე შეცდომა არ დაგინახავთ?
- შეცდომა იყო, რომ პროკურატურა აქამდე პარალიზებულ სტრუქტურას წარმოადგენდა. გამოდიოდნენ ლირიული წიაღსვლებით, ხატოვანი თქმებით, კვანწაობით და ა.შ. ეს ინსტიტუცია აბსოლუტურად პარალიზებული იყო. ეჭვებს ბადებს რატომ იყო ეს სტრუქტურა პარალიზებული. როგორც კი ხელმძღვანელობა შეიცვალა, ეს ინსტიტუტი ამოქმედდა და ჩხატარაშვილი კონსულტანტის სტატუსიდან პატიმრის სტატუსში მოგვევლინა, ამან ნაციონალების რისხვა გამოიწვია...
სამართლიანობა დასამყარებელია. თუ ძალადობა არ იყო, აბა ეს 9 წელიწადი რა იყო, დაგვესიზმრა?! ბიძინა ივანიშვილის წვლილი ხელისუფლების ცვლილების გზაზე უდაოდ დიდი და გადამწყვეტია. მაგრამ, რომ არა ეს ხალხი, ვერავინ გაიმარჯვებდა. რეპრესირებულმა, ნაწამებმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად გაიმარჯვა და ახლა ხელისუფლებისაგან ველოდებით გულწრფელობას და კვალიფიციურ საქმიანობას. არ ვარ არავის აპრიორული მხარდამჭერი და წინდაწინ, ჩემი მხარდაჭერა არავის ექნება გარანტირებული. უმთავრესი ის არის, რომ არ დაირღვეს იოანე საბანიძის ფორმულა - მამულისა ჩვეულებისამებრ სვლაი.
რამდენადაც ვიცი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემას წაიყვანთ…
- (იღიმის) საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯომარეობას ვერ მივაღწიე, მაგრამ საავტორი გადაცემა ავიღე. თამაზ ტყემალაძემ მთხოვა გამეგრძელებინა მისი გადაცემა „მცხეთური შეხვედრები“. ადგილმდებარეობა შევცვალე და ამ გადაცემას მაჩაბლის ქუჩიდან მწერალთა სახლიდან წავიყვან. გადაცემას ერქმევა „შეხვედრები მწერალთა სახლში“. მე არ მაქვს კოლეგიალური, სექტანტური პატრიოტიზმი. ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება ნებისმიერი დარგის წარმომადგენელი. ვეცდები ვისაუბროთ იმაზე, რაც საზოგადოების საწუხარია. უმბერტო ეკოს ერთგან უწერია - მე არ ვწერ იმას, რაც ხალხს უნდა, მე ვწერ იმას, რაც მინდა, რომ ხალხს უნდოდეს. ეს ფორმულა შეიძლება მოერგოს ჩემს საავტორო გადაცემას.
თქვენი წიგნის „ჯაკომო პონტის“ პრეზენტაციამ ლონდონში როგორ ჩაიარა?
- დიდი პატივი დასდეს ქართულ სიტყვას, როდესაც ოქსფორდის და კემბრიჯის კლუბის კარი გახსნეს ჩემი წიგნის პრეზენტაციისთვის. „ჯაკომო პონტის“ პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამეფო აკადემიის წევრები, ჟურნალისტები, მწერლები, პოეტები, დაინტერესებული მკითხველი საზოგადოება და ჩემი მეგობრები. არცერთი წიგნი არ დარჩა გაუყიდავი და შეძენის მსურველი აღმოჩნდა მეტი, ვიდრე წიგნები იყო. ვისაც წიგნი არ შეხვდა და შეძენა სურდა, ორგანიზატორები ამაზონის საიტის მისამართს აძლევდნენ, სადაც ჩემი წიგნი იყიდება. ლონდონის საზოგადოებაში ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვინც ლექსით ცხოვრობს. ინგლისში, ჩანს, უკეთ იციან, რომ სადაც პოეტს არ უსმენენ, იქ დიქტატორის მოსმენა მოუწევთ.
ახალი წელი და შობა მომილოცია ყველასთვის. პავლე მოციქული ამბობს: სამი რამ არის ამქვეყნად მთავარი: რწმენა, იმედი და სიყვარული. ამ სამში მთავარი სიყვარულიაო და სიყვარულს გისურვებთ ყველას...