დეპუტატებს საწვავი ბარათებზე დაერიცხებათ - მძღოლები საწვავს ვეღარ გაყიდიან

დეპუტატებს საწვავი ბარათებზე დაერიცხებათ - მძღოლები საწვავს ვეღარ გაყიდიან

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წელს, დაახლოებით 444 600 ლიტრი ბენზინის და 34 800 ლიტრი დიზელის გამოყენებას გეგმავს. სატელეფონო მომსახურებისთვის კი, უწყება 230 450 ლარის გაღებას აპირებს. სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების თაობაზე გადაწყვეტილება ხაზინადართა საბჭომ უკვე მიიღო, სადაც ლიმიტები განისაზღვრა.

კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილებით, თანანმდებობის პირი დეპუტატები ყოველთვიურად, 500-დან 1000 ლიტრამდე საწვავს მიიღებენ, რომელთა შორის პრივილეგიით პარლამენტის თავმჯდომარე ისარგებლებს. დავით უსუფაშვილი მიმდინარე წელს საწვავს ულიმიტოდ მიიღებს, პირველ ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს 1000 ლიტრი ბენზინი გამოეყოფა, ხოლო დანარჩენ ვიცე-სპიკერებს - გიორგი ბარამიძეს, მურმან დუმბაძეს, ზურაბ აბაშიძესა და ზვიად ძიძიგურს 600 ლიტრი. აღნიშნული პირების მძღოლთა თვიური სარგო კი, 1000 ლარით განისაზღვრება.

ასევე 600 ლიტრი საწვავი გამოეყოფა უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესა და უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს, რომელთა მძღოლთა სარგო 1000 ლარით განისაზღვრება. თუმცა, მათი აპარატის თანამშრომლები 350 ლიტრ საწვავს მიიღებენ.

რაც შეეხება საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეთა სატრანსპორტო ხარჯებს, ვახტანგ ხმალაძე (იურიდიულ საკითხთა კომიტეტი), გიორგი კახიანი (საპროცედურო საკითხთა კომიტეტი), ვიქტორ დოლიძე (ევროინტერგაციის კომიტეტი), თედო ჯაფარიძე(საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი), გიორგი ცაგარეიშვილი (გარემოს დაცვის კომიტეტი), დავით ონოფრიშვილი (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი), დიმიტრი ხუნდაძე (ჯანდაცვის კომიტეტი), ივანე კიღურაძე (განათლების კომიტეტი),გიგლა აგულაშვილი (აგრარულ საკითხთა კომიტეტი), ირაკლი სესიაშვილი (თავდაცვის კომიტეტი), ზურაბ ტყელამაძე (დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი), ეკა ბესელია (ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი), ირაკლი ტრიპოლსკი (თვითმართველობის კომიტეტი), ლერი ხაბელოვი (სპორტის კომიტეტი) და გუბაზ სანიკიძე ყოველთვიურად 500 ლიტრ ბენზინს მიიღებენ, ხოლო მათი მძღოლები ანაზღაურების სახით, 1000 ლარს.

ამასთან, კომიტეტების თავმჯდომარეების პარალელურად, ავტომობილები ისევ მოემსახურება მათ მოადგილეებსაც, რომელთა შორის არიან - შალვა შავგულიძე, ფრიდონ საყვარელიძე, ლევან ბერძენიშვილი, ბიძინა გუჯაბიძე, ნოდარ ებანოიძე, გუგული მაღრაძე, ალექსანდრე ქანთარია, გელა სამხარაული, ალექსანრე თამაზაშვილი, პაატა კვიჟინაძე, გედევან ფოფხაძე, გია ჟორჟოლიანი, ზვიად კვაჭანტირაძე, შოთა ხაბარელი და შალვა კიკნაველიძე. აღნიშნული პირები გადაადგილებისთვის ყოველთვიურად, 400 ლიტრ საწვავს მიიღებენ, ხოლო მათი მძღოლები 880 ლარს.

აღნიშნული პირების გარდა, ავტომობილები კვლავ მოემსახურება ფრაქციის თავმჯდომარეებსაც, რომელთა შორის არიან - გია ვოლსკი (ფრაქცია - „ქართული ოცნება“), ირაკლი ჩიქოვანი (ფრაქცია - „თავისუფალი-დემოკრატები“), დავით ბერძენიშვილი (ფრაქცია - „რესპუბლიკელები“), გიგა ბუკია (ფრაქცია - „კონსერვატორები“), მალხაზ ვახტანგიშვილი (ფრაქცია - „ეროვნული ფორუმი“), გოგი თოფაძე (ფრაქცია „მრეწველები“) და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეები აკაკი ბობოხიძე, გოკა გაბაშვილი და ტარიელ ლონდარიძე. აღნიშნულ კანონმდებლებს ყოველთვიურად 500 ლიტრი საწვავი გამოეყოფათ, მათი აპარატის თანამშრომლებს კი 350 ლიტრი ბენზინი.

დეპუტატების გარდა, ყოველთვიურად 550 ლიტრ საწვავს მიიღებს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი ზურაბ მარაქველიძე, ხოლო 350 ლიტრი საწვავი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს გამოეყოფათ.

მართალია, საკანონმდებლო ორგანოს 2014 წელს სატრანსპორტო მომსახურებისთვის კოლოსალური თანხების გაღება მოუწევს, მაგრამ რიგ დეპუტატებს, თუ მათ მძღოლებს საწვავით მანიპულირება აღარ შეეძლებათ.

For.ge-ს ინფორმაციით, იმის გამო, რომ ამ მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი დეპუტატის მძღოლმა საწვავის ტალონები გაყიდა, აპარატის გადაწყვეტილებით, თანანმდებობის პირებს ლიმიტით გათვალისწინებული საწვავი ბარათზე დაერიცხებათ. იმ შემთხვევაში თუ, დეპუტატს საწვავი „მორჩება“, მას საწვავის დაზოგილი რაოდენობა „ჩამოეჭრება“.

თუ რა რაოდენობის საწვავს დაზოგავენ დეპუტატები, ამის პროგნოზი ძნელია, მაგრამ უწყება ყოველთვიურად, 32 050 ლიტრ ბენზინს და 1900 ლიტრ დიზელს შეიძენს, რეზერვის სახით კი, 5000 ლიტრ ბენზინს და 1000 ლიტრ დიზელს მოიმარაგებს.

აღსანიშნავია, რომ საწვავის ხარჯების პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს ავტომობილების ტექმომსახურებისთვის და საბურავების შეძენისთვის თანხების გამოყოფა მოუწევს, რაც ხაზინადართა საბჭოს გათვლით, 2014 წელს, დაახლოებით 339 680 ლარი იქნება, საიდანაც 221 500 ლარი ტექმომსახურებისთვის დაიხარჯება.

კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარესა და სპიკერებს, ავტომობილების ტექმომსახურებისთვის ლიმიტი არ დაუწესდებათ, მაგრამ მათ საბურავების შეძენისთვის 2000 ლარიდან 3600 ლარამდე გამოეყოფათ. კომიტეტის თავმჯდომარეებს კი წლის განმავლობაში, 1200 ლარის ღირებულების საბურავების შეძენა შეეძლებათ, ხოლო 2500 ლარი ტექმომსახურების ხარჯების დაფარვისთვის გამოეყოფათ, რაც დეპუტატთა შეფასებით, არასაკმარისია, რადგან მათი თქმით, პარლამენტის ავტოპარკი ძველია.

სატრანსპორტო ხარჯების გარდა, უწყებას საკუთარი ბიუჯეტიდან სატელეფონო ხარჯების დაფარვაც მოუწევს. კერძოდ, ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებით, მობილურით სარგებლობისთვის 134 520 ლარი გამოიყოფა, როუმინგით სარგებლობისთვის 31 250 ლარი, ხოლო შიდა ტელეფონებისთვის 64 680 ლარი. სატელეფონო მომსახურებით, მხოლოდ თანანმდებობის პირი დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ისარგებლებენ. კერძოდ, კომიტეტის თავმჯდომარეები ყოველთვიურად, 50 ლარის მომსახურების პაკეტს მიიღებენ, ხოლო მათი მოადგილეები 40 ლარს.

ტრანსპორტისა და ტელეფონის ხარჯების გარდა, უწყება კანონმდებლებს ქუთაისში საცხოვრებელი ფართების ქირასაც უნაზღაურებს, რაც ყოველთვიურად, საშუალოდ 600 ლარით განისაზღვრება. ამ ხარჯთაღრიცხვის ფონზე კი, როდესაც, ხშირად პარლამენტში კვორუმის პრობლემაა, ისმის კითხვა - „ბიუჯეტს უღირს კი, ეს თანხები?!“.