ბიზნესმენი ბესო ხარძიანი ერთ-ერთია, რომელიც მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებას მისცემს. არაოფიციალურად, პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის საქმიანობის შესწავლა დაწყებულია. თავად ნაცვლიშვილი საქართველოში არ იმყოფება. მან საქართველო თურქეთის გავლით დატოვა, ერთ-ერთი ვერსიით ის შვეიცარიაში იმყოფება. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან 100 მლნ დოლარი გაიტანა.
ხარძიანი ქონების დაბრუნებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენზე ზეწოლა ძველბიჭური საუბრების ფონზე მიმდინარეობდა და რუსეთში მყოფი ე.წ. ავტორიტეტის ტარიელ ონიანის სახელითაც ემუქრებოდნენ.
მოგვიანებით კი, მთავარი პროკურატურის ყოფილი მოადგილის ჩხატარაშვილის საქმეში ჩარევის შემდეგ, თავადაც დააპატიმრეს და კუს ტბის აქციები გადაფორმების მიუხედავად, არ გაათავისუფლეს. ბესო ხარძიანი ციხეში ყოფნის დროს განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს, მისი თქმით, მასთან ანგარიშსწორების მიზნით, ციხეში მთვრალი დათა ახალაიაც მივიდა, ხოლო დაპატიმრების დროს პირადად ვანო მერაბიშვილის ბრძანებით პირში ჰეროინი ჩააყარეს. ხარძიანი განმარტავს, რომ წართმეული ქონების დაბრუნება ვერც ახალი ხელისუფლების პერიოდში შეძლო და კულუარულად გაიგო, რომ საქმე ლაშა ნაცვლიშვილთან იყო „მოგვარებული“, დღეს კი ახალი სამთავრობო გუნდის და პირადად ღარიბაშვილის იმედი აქვს.
For.ge. ბიზნესმენ ბესო ხარძიანს ესაუბრა.
თქვენს საქმეზე პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, ამ პერიოდის განმავლობაში თუ გამოიკვეთა ახალი დეტალები?
- სანამ თეა წულუკიანის დაქვემდებარებაში იყო პროკურატურა, კარგად მიდიოდა საქმე, მაგრამ როგორც კი ლაშა ნაცვლიშვილი შევიდა პროკურატურაში და პროკურატურა გამოაცალეს იუსტიციის სამინისტროს, ამის შემდეგ მოხდა ნაცვლიშვილის მიერ საპროკურორო ზედამხედველობის ხელში აღება. ერთ მშვნიერ დღეს, ისინი ვინც ქონება წამართვეს, მეუბნებიან, რომ ჩვენ პროკურატურაში „გავაიასნეთო“, საუბარი იყო ლაშა ნაცვლიშვილზე და მითხრეს, რომც გვინდოდეს ვერ დაგიბრუნებთ შენს ქონებასო. ამის მოწმეც მყავს, მოქალაქე ძაგნიძე, რომელიც ესწრებოდა ამ საუბარს.
გითხრეს რა „გააიასნეს“ ნაცვლიშვილთან?
- ნაცვლიშვილთან ის „გააიასნეს“, რომ ძებნაზე არ დაესვათ გია უდესიანი (გია უდესიანი, ხარძიანის ყოფილი პარტნიორი და კუს ტბის ერთ-ერთი მეწილე, ამავდროულად, დათა ახალაიას მეგობარი და მარჯვენა ხელი, რომელმაც ხარძიანის ქონება ქურასბედიანთან ერთად გადაიფორმა). უდესიანის ძებნაზე მე მქონდა განცხადება შეტანილი პროკურატურაში. ამბობენ, რომ 100 მილიონი წაიღოო, სერიოზული ამღებ-მიმცემია. როცა მითხეს, რომ ნაცვლიშვილთან „გააიასნეს“ ყველაფერი, ხომ უნდა გამერკვია ეს ამბავი, მივედი ნაცვლიშვილთან სახლში, მაგრამ სიდედრ-სიმამრი დამხვდა და მათ ვუთხარი ვინ ვიყავი და რაზეც ვიყავი მისული, ჩემი ტელეფონიც დავუტოვე და თავისი ბიძაშვილიც მივიყვანე, რომ მოწმე მყოლოდა, მაგრამ არ დამიკავშირდა ნაცვლიშვილი. ამის მერე შევუთვალე, რომ შემხვედროდა, ყველა გზა გამოვიყენე ამისთვის, მაგრამ ვერ მივაღწიე ამ კაცთან შეხვედრას. ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა - არავითარი გამოძიება არ მიმდინარეობდა, საქმე თაროზე იყო შემოდებული.
ნაცვლიშვილი თქვენი ბიზნესიდან ითხოვდა წილებს უდესიანისგან, რომ შემდეგ ის ძებნაზე არ დაესვა?
- ნაცვლიშვილი არის ბუნებით თაღლითი. იცით რას აკეთებდა? გამოძიების პერიოდში დაკითხვაზე ყოფნის დროს შემოვიდა პროკურორი ია დარჯანია და მითხრა, რომ ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ხვდებით ქურასბედიანს და ვიცით, რომ უნდა დაგიბრუნონ ეს ქონება. მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, მფლობელებს თუ დაუბრუნებთ წართმეულ ქონებას, განთავისუფლდებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგანო. ჩვენი მოლაპარაკება იყო ასეთი, რომ თუ მე დამიბრუნებდნენ ჩემს ქონებას, მე პროკურატურიდან გამოვიტანდი საქმეს.
ია დარჯანია ვისი დავალებით მოვიდა თქვენთან?
- ია დარჯანია ლაშა ნაცვლიშვილის გამოგზავნილი იყო. მან მითხრა, რომ საქმე სახელმწიფოებრივი დონის არის და არ გამოიტანოთო. ამ საუბარს ესწრებოდა გამომძიებელი ლაცაბიძეც. სინამდვილეში ნაცვლიშვილმა უდესიანი მოატყუა, რომ ხარძიანს საქმე არ გააქვს და აქედან გამომდინარე, მე მოგხედავო.
რა სახის სარგებელი მიიღო ამ საქმიდან ნაცვლიშვილმა წილში ჩაჯდა?
- „კრიშავდა“. წილში ჩაჯდომას ვერ გაბედავდა. როგორც წესი, ნაცვლიშვილი თავშივე იღებს ფულს და მერე გარბის. თეორიულად შეიძლება დავუშვათ ასეთი მიდგომა - უდესიანს დაანახა ჩემი საქმე და უთხრა, რომ სისხლის სამართლის საქმე წამების შეკვეთის მუხლით გაქვს აღძრული, მოდი გადამიხადე 20 მილიონი დოლარი და საქმე ჩაწყნარდებაო. უკრაინიდან მაქვს ინფორმაცია, რომ უდესიანი დადიოდა და ტრაბახობდა, რომ ხარძიანთან მე საქმე „გაიასნებული“ მაქვსო. „გაიასნება“ კი ნიშნავს, რომ თუ არ დავსვამ მას ძებნაზე, საქმე დამთავრებულია. აი, ასე „დაკრიშა“ უდესიანი ნაცვლიშვილმა.
ვარაუდის დონეზე უშვებთ, რომ მართლა გადაუხადა 20 მილიონი დოლარი უდესიანმა ნაცვლიშვილს?
- რა თქმა უნდა, თუმცა, ამას ვერ დავამტკიცებ. ნაცვლიშვილთან სახლში მივედი, შეხვედრა მოვითხოვე, რომ დამემტკიცებინა, როგორ დაადეს პირადად ხელი, რომ უდესიანს „კრიშავდა“. რატომ უნდა დამმალოდა გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, თუ კი მას სიმართლე ჰქონდა? ყოველთვის მემალებოდა. სხვათა შორის, დავით ჩხატარაშვილიც ერია ამ საქმეში.
ამბობენ, რომ ჩხატარაშვილის დახმარებით გადიოდა ნაცვლიშვილი იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებმაც ქვეყანა არჩევნების შემდეგ დატოვეს და რომელთა წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში სარჩელი იყო შესული, ეს იქნებოდა წამება თუ ქონების მითვისება...
- როცა ციხეში ვიყავი, კუს ტბას ჩხატარაშვილი და უდესიანი ყიდნენ. ამის მოწმე არის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, რომელმაც ჩხატარაშვილს დაადო ხელი. ჩხატარაშვილი გვერდზე ეჯდა და ამას ადასტურებს გია ხუხაშვილი, რომ მე მასთან გავდიოდი კონსულტაციებსო. ხუხაშვილი, ნაცვლიშვილი და ჩხატარაშვილი ერთი წრე იყო. შეცდომა იყო ის, რომ ნაცვლიშვილს და ხუხაშვილს მიანდეს სამართლის აღდგენა. სწორედ მათ შეიყვანეს ეს საქმეები ჩიხში. ჩხატარაშვილი, რომელმაც უკანონოდ დამიჭირა, წამალი ჩამიდო და ჩემი ციხეში ყოფნის დროს ყიდდა კუს ტბას, წარმოგიდგენიათ რას ეტყოდა ნაცვლიშვილს? რა თქმა უნდა, ეტყოდა, რომ უდესიანისგან ფული ავიღოთ და „დავკრიშოთო“. ჩხატარაშვილი და უდესიანი მეგობრობდნენ, მათ სამართალს ფეხებით გადაუარეს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ნაცვლიშვილი არაა ის ადამიანი, წილებში ჩაჯდესო, ის პირდაპირ იღებს ფულს და მერე გარბისო. რის საფუძველზე ამბობთ ამას, რამე მტკიცებულება გაქვთ?
- მტკიცებულება სხვა თემაა, მაგრამ სამართალწარმოებაში პირდაპირ წერია, რომ თუ გვინდა მტკიცებულებამდე მივიდეთ, უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა და თანმიმდევრულობა. მტკიცებულებათა ერთობლიობა იცით რაშია? პირველი - მე მითხრეს, რომ ნაცვლიშვილი „კრიშავს“ უდესიანს, ის, რომ მე ვეძებდი ნაცვლიშვილს და ვერაფრით ვერ დაუკავშირდი, რომ გადამემოწმებინა, ეს არის მტკიცებულებათა ერთობლიობის ნაწილი. მეორე - ჩხატარაშვილი ჩემი ციხეში ყოფნისას ყიდდა კუს ტბა, ეს მტკიცებულებაც მაქვს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ისე წავიდა, რომ არც ერთ კითხვას არ გასცა პასუხი. დიდი ხანია საქართველოში არ იმყოფება, ეს არის მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამაზე უნდა იმსჯელოს გამოძიებამ და მაქვს ინფორმაცია, რომ მოკვლევა დაწყებულია.
ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ მოკვლევა დაწყებულია?
- მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ვინც დამაზარალა და ვისთანაც მქონდა საუბარი, მან მითხრა, რომ ნაცვილშვილთან „გაიასნებულია“ ვითარებაო და ამის მოწმეც მყავს. ამიტომაც ვეძებდი ნაცვლიშვილს, მაგრამ ვერაფრით ვერ მივაღწიე მასთან შეხვედრას. თავისი სიდედრი და სიმამრია მოწმე, რომ მასთან სახლში ვიყავი და მისი ბიძაშვილიც მივუყვანე, ეს არის ჩემთვის მტკიცებულება.
აპირებთ მიმართოთ პროკურატურას, რომ ლაშა ნაცვლიშვილის წინააღდეგ დაიწყონ გამოძიება კონკრეტულად თქვენს საქმესთან დაკავშირებით?
- ლაშა ნაცვლიშვილი რომ ვერ ვნახე, მივედი ჩემს გამომძიებელთან, ჩიქოვანთან და სიტყვიერად განვუცხადე ის, რაც თქვენ გითხარით. ჩიქოვანმა მითხრა, რომ ოფიციალურად განაცხადეთო, მაგრამ ორ დღეში ის გაათავისუფლეს. გამოძიება მომდინარეობს ჩემს საქმეზე და, რა თქმა უნდა, დამატებით ჩვენებას მივცემ გამოძიებას.