სააკაშვილის საიდუმლო წერილი - როგორ ცდილობს ექსპრეზიდენტი კეზერაშვილის დახსნას

სააკაშვილის საიდუმლო წერილი - როგორ ცდილობს ექსპრეზიდენტი კეზერაშვილის დახსნას

"დავით კეზერაშვილს ირგვლივ სკანდალი გრძელდება. "ალიას" ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, როგორ ეხვეწება მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის მხარეს, დავით კეზერაშვილის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებას, სააკაშვილის ტექსტი დათარიღებული და ხელმოწერილია 2013 წლის 21 ნოემბრით, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე. სააკაშვილის სამარცხვინო ტექსტში ვკითხულობთ, რამდენად მნიშვნელოვანია დავით კეზერაშვილის განთავისუფლება, რადგან ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს "ნაციონალური მოძრაობისთვის", მან უდიდესი როლი ითამაშა ვარდების რევოლუციაში, დაამარცხა კორუფცია, უდიდესი წვლილი მიუძღვის 2008 წლის ომში. სააკაშვილი საფრანგეთს მიმართავს თხოვნით, კეზერაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არ განიხილონ მისი საქართველოში ექსტრადაციის საქმე", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით სააკაშვილის საიდუმლო წერილი - როგორ ცდილობს ექსპრეზიდენტი კეზერაშვილის დახსნას.

"სააკაშვილის ამ სამარცხვინო წერილს ტოლს არ უდებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ხელმოწერილი პეტიცია, სადაც 27 გამგელებული ნაციონალი, დუჟმორეული ითხოვს კეზერაშვილის განთავისუფლებას. წერილში ნათქვამია, რომ დავით კეზერაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებელი და მამა-მარჩენალი, მისი ციხეში გატარებული ყოველივე დღე, ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებას. კატეგორიულად ითხოვენ, რომ საფრანგეთის სასამართლომ არ განიხილოს მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, "ალიას" ინფორმაციებს, თუ რატომ დარბოდნენ ისინი საფრანგეთში. ამ დანაშაულებრივ ჯგუფს კეზერაშვილის საქმე დამოკლეს მახვილივით ჰკიდიათ თავზე, მათ ზუსტად იციან, რომ კეზერაშვილის სკანდალი გადაიყოლებთ. მთავარი კი ამ საქმეში ისაა, რომ პირდაპირ, მოურიდებლად ადებენ ხელს კეზერაშვილს, როგორც მთავარ დამფინანსებელს, მაგრამ იმას არ ხსნიან, როგორ, რა გზებით აღმოჩნდა, მის ანგარიშებზე მილიარდნახევრიანი ბრუნვა?! ახლა კი ირკვევა ისიც, რომ გავლენიანი ქართველი ბიზნესმენების საშუალებით ის ცდილობდა, გასულიყო აზერბაიჯანელ მენავთობეებთან და აზერბაიჯანის წამყვან ფიგურებთან, თუმცა აზერბაიჯანის არც ერთმა მინისტრმა სალაპარაკოდ არ მიიღო, რადგან ქვეყანაში ბოროტების მეტი არაფერი გაუკეთებია. თუმცა მან მოახერხა გავლენიანი ბიზნესმენების ჩაძირვის ხარჯზე აზერბაიჯანში გავლენები ისე გაეზარდა, რომ მხოლოდ მასთან ჰქონოდათ "დოსტუპი". ამ ნიადაგს ის მხოლოდ ნავთობის გადაზიდისთვის არ ამზადებდა, არამედ ჰქონდა ჩანაფიქრი, ამიერკავკასიაში სატრანზიტო დერეფანი მას ეკონტროლებინა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ იარაღის შეძენა 2004 წლიდან დაიწყო. თუმცა მაჩვენებელმა პიკს მიაღწია 2007 წლის 5 ივნისიდან დაწყებული და სტატისტიკა 2008 წელს ყოველთვიურად იზრდებოდა", - წერს სტატიის ავტორი.

"საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა 2013 წლის 25 ნოემბერს სკანდალური განცხადება გააკეთა: მიხეილ სააკაშვილს რომ არ ეყიდა საიერიშო სამხედრო აღჭურვილობა, თვითმავალი არტილერია, მძიმე ჯავშანმანქანები, მოიერიშე შვეულმფრენები და სხვა სამხედრო ტექნიკა, მას არ ექნებოდა უგუნური სითამამე იმისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებული და შინაგანი ძალები ჩაერთო საბრძოლო მოქმედებაში და რაც სააკაშვილმა გააკეთა, ეს იყო პოლიტიკური სიგიჟე. რეალურად იყო თუ არა აგვისტოს ომი პოლიტიკური სიგიჟე, თუ დიდი ჩანაფიქრი იარაღის გაყიდვის გზით, მილიარდების შოვნისა? ალბათ, გამოსაძიებელია რა მიზნით წამოიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ ომი. იყო თუ არა ცხოველი ინტერესი, რომ ამ ომის გზით ჩამოეწერათ მილიარდები. თუკი არსებობს ეჭვი, რომ კეზერაშვილი სააკაშვილის ბიძასთან ერთად ჩართული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში და ისინი ძირითადად ამარაგებდნენ ტერორისტულ ორგანიაციებს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ აგვისტოს ომი წინა ხელისუფლებამ სწორედ იმ მიზნით წამოიწყო, რომ საქართველოს კვოტით ნაყიდი იარაღი გადაეყიდათ ტერორისტებზე. მათთვის, ხომ ადამიანების სიცოცხლეს ფასი არასოდეს ჰქონდა. მეტიც, ისინი ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობდნენ", - დასძენს გამოცემა.