პარლამენტი თბილისში - ქუთაისი თბილისში?

პარლამენტი თბილისში - ქუთაისი თბილისში?

ბევრმა ხუმრობად მიიჩნია უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის, ზურაბ ტყემალაძის იდეა, რაც, პარლამენტის თბილისში გადმოტანის მიზნით, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის ქუთაისისთვის მიკუთვნებას გულისხმობს. პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ამ იდეას ხუმრობად მიიჩნევენ კოალიცია ”ქართულ ოცნებაშიც”, თუმცა ფაქტია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ეძებს გზებს პარლამენტის მუშაობის კვლავაც თბილისში დასაბრუნებლად. რა შანსი არსებობს და რა მდგომარეობაა ამ ეტაპისთვის?

რეალობა ასეთია: ვიდრე კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება არ შევა, პარლამენტის ადგილსამყოფელი მუდამ ქუთაისი იქნება და საკანონმდებლო ორგანო ვერ მოახერხებს მთლიანად თბილისში დაბრუნებას. მართალია, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება ”ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში მოახდინა, მაგრამ მას შემდეგ საქმე წინ არ წასულა. მეტიც, ახალმა კონსტიტუციამ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდა ძალაში, პარლამენტის თბილისში დაბრუნების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა, რადგანაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 2/3 -ის ნაცვლად ახლა უკვე დეპუტატების 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.

როდესაც ამ საკითხზე მსჯელობს, დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე საგანგებოდ იხსენებს, რომ შენობა, რომელშიც ამჟამად მუშაობს საქართველოს პარლამენტი, არც ერთი დაწესებულების ბალანსზე არ ირიცხება, რადგან ის სახელმწიფოს ექსპლუატაციაში საერთოდ არა აქვს მიღებული, ხოლო, სამაგიეროდ, პარლამენტის ბალანსზე ირიცხება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, არსებული შენობა, - პარლამენტის ძველი შენობა, - რომელშიც ჯერ არ დასრულებულა სარემონტო სამუშაოები. როგორც ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსთან” და ”პალიტრა TV”-სთან საუბრისას, გამოსავალი მხოლოდ ის არის, რომ თბილისში მდებარე ქონება ქუთაისის საკუთრებად ვაქციოთ:

”დავარქვათ ამ შენობის ტერიტორიას ქუთაისის ნაწილი, ისევე როგორც, ვთქვათ, გუდაური ჩვენს წინა ხელისუფლებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიკუთვნებული ჰქონდა თბილისისთვის – გუდაური არ იყო თბილისში, მაგრამ გუდაური თბილისი იყო. ასეთი ბევრი მაგალითი არსებობს, თუნდაც საელჩოები, რომელთა ზღურბლსაც რომ გადალახავ, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ხარ... შენობა შეიძლება იყოს ქუთაისის გამგეობაში, ქუთაისის ტერიტორიად... ის დაახლოებით ერთი ჰექტარი მიწა, რომელზეც განთავსებულია ეს შენობა, იყოს ქუთაისის საკუთრება, რა მოხდა... ანუ შევალთ თუ არა იქ, შევალთ ქუთაისში”.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ეს პირადად მისი იდეაა და ბევრმა შესაძლოა ხუმრობადაც კი ჩათვალოს, მაგრამ  ყველა ხუმრობაშია სიმართლის წილი. ასეა თუ ისე, კოლეგის სიტყვები დაუჯერებელია საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი დეპუტატისთვის - თინა ხიდაშელისთვის. რადიო თავისუფლებასთან ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

”დიდი იმედი მაქვს, რომ ის ხუმრობს. სხვა კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ ამაზე”.

”არა, ზურაბ ტყემალაძე არ ხუმრობს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი ნუგზარ წიკლაური და იხსენებს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ რამდენიმე კვირის წინ ნათქვამს, საგაზაფხულო სესიიდან პარლამენტი, სავარაუდოდ, უკვე თბილისში იმუშავებსო. ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ კოალიცია ”ქართული ოცნება” კონსტიტუციის გვერდის ავლას უკვე რაღაც კომიკური ხერხებით ცდილობს:

”როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებას დაუჭერენ მხარს საბოლოოდ, რომ ქალაქ თბილისის ერთი ჰექტარი მიეკუთვნოს ქუთაისს. უბრალოდ, ეს არის რაღაც იდე ფიქსი, როგორც ჩანს, რომ პარლამენტი ნებისმიერი გზით დაბრუნდეს თბილისში. ამისათვის მათ ყველა გზას მიმართეს,ზეწოლას - იყო ჩვენთან შეხვედრები თავის დროზე... ყველანაირად ცდილობდნენ ამ გადაწყვეტილებაზე დავეთანხმებინეთ. მას შემდეგ, რაც შევიდა ცვლილებები ძალაში და დეპუტატების 3/4 სჭირდება საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღებას, ისინი მიხვდნენ, რომ შეუძლებელია ამის გაკეთება პოლიტიკური კონსულტაციებით და ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება”.

ნუგზარ წიკლაურს ”ნაციონალური მოძრაობის” რიგებში არ ეგულება ადამიანი, რომელიც უარს იტყოდა განვითარების იმ პერსპექტივებზე, რაც პარლამენტის ქუთაისში დატოვებამ შეიძლება მოუტანოს იმერეთის რეგიონს. მისი თქმით, შესაძლოა თბილისსა და ქუთაისს შორის ხშირი მგზავრობა ვიღაცებს დისკომფორტსაც უქმნიდეს, მაგრამ დეცენტრალიზების პრინციპით რეგიონების განვითარების იდეა უფრო მაღლა დგას, ვიდრე რამდენიმე ადამიანის კომფორტი. თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პოლიტიკური ოპონენტებისგან იყო სიტყვიერი თანხმობა ამ საკითხში მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათ დაპირება არ შეასრულეს. თბილისის ცენტრში მდებარე შენობის ქუთაისისთვის მიკუთვნებაზე ვახტანგ ხმალაძე კომენტარს არ აკეთებს და ის ჩვენ მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს:

”შესაძლებელი იქნება კომიტეტების მუშაობა თბილისშიც, რადგანაც რეგლამენტი უშვებს ასეთ შესაძლებლობას, რომ კომიტეტების გასვლითი სხდომები ტარდებოდეს. ესეც იქნება გარკვეული შეღავათი მუშაობის უფრო ეფექტურად წარმართვისთვის, რადგანაც კომიტეტებს მუდმივად უწევთ ურთიერთობა სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან. მთავრობისა და პარლამენტის სხვადასხვა ადგილებში ყოფნა სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის, თუმცა, რასაკვირველია, მატერიალური ხარჯი კვლავ დარჩება დიდი”.

აზრთა სხვადასხვაობა გვიჩვენებს, რომ კამათი გაგრძელდება. სადავო საკითხზე საუბარი კიდევ უფრო აქტიურ და აქტუალურ სახეს მიიღებს მომავალ კვირაში, როდესაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ქუთაისში რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბებიან.