საერთაშორისო აუდიტორული კომპანია deloitte-ის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დავით კეზერაშვილს კიდევ ახალი ბრალი წაუყენოს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პროკურატურა კეზერაშვილის შემოსავლების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებს შეისწავლის.
deloitte-ის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, 2009 წლიდან კეზერაშვილი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის წილის მფლობელი იყო. ამ კომპანიის ანგარიშზე კი საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხები ტრიალებდა. საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონზე, რის გამოც საქართველოს მთავარ პროკურატურას ეჭვი ფულის გათეთრებაზე ან დანაშაულის შემცველ სხვა ელემენტებზე უჩნდება.
სწორედ ამ სისხლის სამართლის დანაშაულით აიხსნება, რომ დავით კეზერაშვილმა საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ მცირე დროში მილიონერად გახდომა მოახერხა.
კეზერაშვილის მიმართ სერიოზულ ბრალდებებს ახმოვანებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელიც. იგი აცხადებს, რომ კეზერაშვილი ჩართული იყო იარაღის ბიზნესში, საიდანაც სოლიდურ თანხას იღებდა. ამის მაგალითად ხიდაშელმა მოიყვანა deloitte-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ 2009 წელს პოსტიდან წასვლის შემდეგ კეზერაშვილმა ოფშორში ერთპიროვნულად დააფუძნა კომპანია, რომელმაც 2012 წლამდე ათეულ მილიონობით დოლარის მოგება მიიღო.
„როგორ გახდა საჯარო მოხელე, დავით კეზერაშვილი თანამდებობის დატოვებიდან მეორე დღესვე მილიონერი?! მთელი მინისტრობის განმავლობაში კეზერაშვილი არ ყოფილა არც ერთი დღე ბიზნესმენი. საქართველოს არასოდეს არ გაუგია იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს რაიმე ბიზნესი ჰქონდა, რაც მას ქონების დაგროვების საშუალებას მისცემდა. აღმოჩნდა, რომ მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ ეს ადამიანი გახდა შპს „ლუკოილის“ 50%-იანი წილის მფლობელი. სიმბოლურ ფასად მიიღო მან ეს აქტივები. მაშინვე ვამბობდით, რომ ეს იყო გათეთრება იმ ბიზნესის, რომელიც მანამდეც ჰქონდა, უბრალოდ, რადგან მინისტრი იყო, ამაზე არ საუბრობდა. როგორც კი გაჩნდა „გალფი“, მაშინვე დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორი ზეწოლა მოახდინა ბატონმა კეზერაშვილმა არსებული ნავბთობკომპანიების სხვადასხვა პატარა ქსელებზე იმისათვის, რომ ჩაენაცვლებინა ისინი საკუთარი კომპანიით.
დღეს ეს ფაქტი, რასაც წლების განმავლობაში უარყოფდნენ, რომ კეზერაშვილი იყო არაერთი ბიზნესის მეპატრონე, დადასტურდა! ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, როგორ, რა საშუალებით გაუჩნდა მას ასეთი შემოსავლები და როგორ მოახერხა მან, მინისტრობიდან გადადგომისთანავე გამხდარიყო მილიონერი. ეს ადასტურებს იმ ეჭვს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს დაკავებული იყო ფულის გათეთრებით, საკუთარი ბიზნეს ინტერესების ლობირებით! ძალიან ბევრი სკანდალი იყო იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებითაც, ეს დოკუმენტები უკვე არსებობს და საზოგადოებისთვის ძალიან მალე ცნობილი გახდება. რამოდენიმე ჟურნალისტისგან მაქვს სრულფასოვანი პირობა, რომ მათ აქვთ დოკუმენტები და გამოაქვეყნებენ უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა და განმარტა, რომ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიაში კეზერაშვილის 1-მილიარდიანი დოლარის ბრუნვით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
deloitte-ის კვლევას რაც შეეხება, დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ Future products company-ს შვილობილი ერთ-ერთი კომპანიაა, „FPC“-ის 100-პროცენტიანი დამფუძნებელი და მეწილე არის კეზერაშვილი. 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სეიშელის კუნძულებზე კეზერაშვილის კუთვნილი კომპანიის ანგარიშებზე კაპიტალის ბრუნვამ შეადგინა 1 მილიარდი დოლარი. შვილობილი კომპანიები დარეგისტრირებული იყო გიბრალტარის, ბაჰამისა და სხვა კუნძულებზე. მას შემდეგ, რაც 2009 წელს „FPC“-მა დაიწყო საქმიანობა, მისმა ბრუნვამ 870 228 დოლარი შეადგინა, ამავე წელს თანხების ბრუნვა 103 311 883 დოლარამდე გაიზარდა და 2010 წელს 795 245 102 დოლარს მიაღწია.
სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით შემოდიოდა საქართველოში უკვე გათეთრებული ფული, რომელიც უცხოური კაპიტალის სახელით ფიქსირდებოდა, რაც სახელმწიფოს ეთვლებოდა ინვესტიციის გაზრდაში, ხოლო კეზერაშვილის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები მონაწილეობდნენ ტენდერებში, თავდაცვის მიმართულებით, მათ შორის, იარაღის შეძენაში. იარაღით უკანონო ვაჭრობიდან „შავ სალაროში“ მილიარდები რჩებოდა და ეს ფული ირიცხებოდა თავისუფალ სავაჭრო ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებში.
როგორც ამბობენ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კეზერაშვილმა გაააქტიურა იარაღით უკანონო ვაჭრობა და მისმა თანხებმაც კოლოსალურ ციფრებს მიაღწია.
გაზეთ „ალიას“ ინფორმაციით, კეზერაშვილით, რომელიც საფრანგეთის ციხეში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ოთხი ქვეყნის სპეცსამსახურია დაინტერესებული. სავარაუდოდ, მისი საქმიანობა ამერიკის სპეცსამსახურებმა გაშიფრეს და მისი აყვანა უკავშირდება ამერიკის შპიონაჟის საქმეს, როცა ტოტალური მოსმენები განახორციელეს აშშ-ს სპეცსამსახურებმა ირანსა და სირიაში მოსალოდნელი ომის დაწყების წინ. არის ეჭვი, რომ კეზერაშვილს კავშირები ჰქონდა „ალ-ქაიდასთან“, რომელსაც ის იარაღით ამარაგებდა, ასევე, საუბარია სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმთან მის საეჭვო კავშირებზე.
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ კრიმინალური ბიზნესის შესახებ მას ინფორმაცია ჰქონდა და ხშირად ამბობდა კიდეც, რომ, რბილად რომ ვთქვათ, კეზერაშვილი იყო სახელისუფლო სალაროს ერთ-ერთი წარმომადგენელი. გია ხუხაშვილს ეეჭვება, რომ ეს ყველაფერი პირადად კეზერაშვილის საკუთრება იყო. უბრალოდ, ეს იყო მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი ჯგუფის სალარო და კეზერაშვილი არ მუშაობდა მხოლოდ საკუთარ თავზე, ის ამ ჯგუფზე მუშაობდა და ეს იყო ყოფილ ხელისუფლებასთან გადაჯაჭვული კრიმინალური ბიზნესი. მისი აზრით, ამ დანაშაულის თანამონაწილე იყო მმართველი ელიტა და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სააკაშვილამდე მიდის.
„სხვათა შორის, გადაზიდვების თემასთან დაკავშირებით მაკრიტიკებდნენ, რომლის სახელმწიფოსთვის დაბრუნებაშიც მივიღე მონაწილეობა. ეს ამ მილიარდიანი აქტივის ერთ-ერთი ნაწილი იყო. ასე რომ, ჩემთვის ეს სიახლე არ ყოფილა. სასურველია, თუ სამართალდამცავები ამ ყველაფრით დაინტერესდებიან. იარაღით ვაჭრობასთან მის კავშირებს რაც შეეხება, ეს თემა ნაკლებად ვიცი, რადგან იარაღით ვაჭრობა ჩემთვის დახურული, სპეციფიური თემა იყო, თუმცა იმავე ვიქტორ ბუტის გახმაურებულ საქმესთან კეზერაშვილის კავშირზე ინფორმაცია ძალიან საყურადღებოა. 2008 წლამდე მინისტრი იყო და 2009-დან, როდესაც ასეულობით მილიონი აღმოჩნდა მის ხელში, უკვე გასაგებია, რომ ეს არ იყო მისი პირადი ფული და პირადი ბიზნესი, ეს იყო ნაცმოძრაობის ბიზნესი. მთავარი პარტნიორი ამ ბიზნესში მიხეილ სააკაშვილია. ამაში დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კეზერაშვილის დროს იარაღით ვაჭრობის საქმე 2008 წლის ომის დაწყებამდეც აქტუალური იყო. კერძოდ, კეზერაშვილის მინისტრობისას თავდაცვის ბიუჯეტი გააორმაგეს, რათა მას იარაღისა და ტექნიკის უკანონო ვაჭრობა ეწარმოებინ. თავდაცვის ბიუჯეტიდან თანხები ირიცხებოდა და თითქოს, იარაღს და ტექნიკას თავდაცვის სამინისტრო თავისთვის იძენდა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი გადიოდა სირიასა და ირანში. ეს სქემა მათ ძალიან კარგად ჰქონდათ ჩამოყალიბებული.
„ეს ბიზნესი გააქტიურდა 2007-08 წლებში. იარაღისა და ტექნიკის რაოდენობამ გადააჭარბა თავდაცვის სამინისტროს ბალანსს და საფრთხე შეიქმნა, რომ შესაძლებელი იყო გაეროს წარმომადგენელი შემოსულიყო და სინამდვილე აღმოეჩინა. ამიტომ გაითამაშეს ავანტიურა და 2008 წელს საბრძოლო მოქმედებები განაახლა სააკაშვილმა, რათა ჩამოეწერათ ის ტექნიკა-შეიარაღება, რომელიც მათ გადაზიდეს სხვა ქვეყნებში და ამით ყველაფრის განულება გააკეთეს. ტარდებოდა ოპერაციები, ერთი ოპერაციის საფუძველზე ჩაირიცხა 50 მილიონი, შემდეგ გარკვეული დროის, კვირის შემდგომ ჩატარდა კიდევ ახალი ტიპის ოპერაცია, გადაირიცხა 25 მილიონი ლარი. ეს ყველაფერი მიდიოდა ოფშორში. მაგალითად, „ბელ თრეინგში“ ჩაირიცხა 100 მილიონი, 80 მილიონი რეგისტრირდებოდა ოფშორში რეგისტრირებულ ორგანიზაციაში, 20 მლიონი კი ირიცხებოდა „უკსპეცექსპორტში“. უკრაინის „უკსპეცექსპორტს“, რომელიც იარაღს ყიდის, პირდაპირი კავშირი აქვს „როსვაარუჟენიასთან“. იარაღის შესყიდვა უკრაინიდან მართლაც ხდებოდა, მაგრამ ამის შემდგომ საქართველო ამ იარაღს სირიასა და ირანზე ყიდდა“, - აღნიშნა ტრისტან წითელაშვილმა.
მანვე განმარტა, რომ ეს იარაღი ვარდებოდა ტერორისტების ხელში. დღეს იმ ქვეყნებში მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები და უდანაშაულო ადამიანების სისხლი იღვრება, რაც კეზერაშვილ-სააკაშვილ-თემურ ალასანიას და სხვა ადამიანთა კისერზეა, რომლებიც იარაღის კონტრაბანდაში იყვნენ ჩაბმულნი.
თავის მხრივ, ამერიკულ ონლაინ გამოცემა New Eastern Outlook-ში გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიაში ნათქვამია: „კეზერაშვილი აგვისტოს ომსა და ქართველი ადამიანების სიცოცხლეს იმისთვის იყენებდა, რომ დაუსჯელად ექურდა და დაეცვა საკუთარი თანაგუნდელები. საქართველოში კეზერაშვილის სახელს ყველაზე ხშირად ნარკოტიკებითა და უკანონო იარაღით ვაჭრობას უკავშირებენ. ის „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა იმის გამო, რომ მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისრაელთან და თავისუფლად მეტყველებდა ივრითზე. ცნობილია, რომ ისრაელში იარაღით ვაჭრობის ყველაზე „შავი ბაზარი“ არსებობს.
დავით კეზერაშვილის დაკავების შესახებ ცნობილი ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ კი იტყობინება, რომ კეზერაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია, მისი დაკავება საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ორ ქვეყანას შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის ნაწილია. პოლიტიკური გამოცდილების შემდეგ დავით კეზერაშვილი ბიზნესით დაკავდა. 2013 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მას ბრალი დასდო 12 მილიონი დოლარის ქრთამის სახით აღებაში, რის სანაცვლოდაც 2007-2012 წლის პერიოდში ის პროტექციას უწევდა კონტრაბანდული ალკოჰოლის ტრაფიკს უკრაინიდან. მაგრამ მის საქმეში მთავარი ბრალდება ეხება 2008 წელს და ტელეკომპანია „იმედს“. თავის დროზე, მან აიძულა მთავარი აქციონერი, ჯოზეფ ქეი ტელეკომპანია 10 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დაეთმო.
***
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი მარსელის ციხეში საექსტრადაციო პატიმრის სტატუსით იმყოფება და ექსტრადიციის ვადა ხვალ ეწურება. საქართველოს მთავარ პროკურატურას მიცემული ჰქონდა ვადა ფრანგული მხარისთვის დოკუმენტების გადასაგზავნად, რასაც კეზერაშვილის ექსტრადირება უნდა მოჰყოლოდა. საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი საფრანგეთში უკვე გაგზავნილია. თუ საფრანგეთის სასამართლო კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებას დათანხმდება, ამ პროცესს, შესაძლოა, ერთი წელი დასჭირდეს, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებადია. ხოლო, საბოლოოდ, ამ გადაწყვეტილებას იღებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.
კეზერაშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ, საქართველოს გარდა, არცერთ ქვეყანაში კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის და ფრანგ გამომძიებლებს იგი არ დაუკითხავთ. უბრალოდ, ქართული მხარე მას სპირტის ბიზნესიდან დიდი თანხების მიღებას და ტელეკომპანია „იმედის“ მითვისებას ედავება.