„მათ იცოდნენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კამერები რა რეჟიმში მუშაობდნენ“

„მათ იცოდნენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კამერები რა რეჟიმში მუშაობდნენ“

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გენერალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე, ამოღებული იქნა 377 GB მოცულობის ვიდეომასალა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის არსებულ მონაკვეთში განლაგებულმა 18-მა სათვალთვალო კამერამ 2013 წლის 13 დეკემბრის 12:00 საათიდან 2013 წლის 14 დეკემბრის 12:00 საათამდე ჩაიწერა.

„ჩანაწერის დათვალიერებისას საქმისათვის საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა აღმოჩენილი. რაც შეეხება სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, 2013 წლის 17 დეკემბერს, ივანე მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის“, - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის, მერაბიშვილის ადვოკატის, დავით ხაჟალიას განცხადების საფუძველზე დაიწყო გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება.

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოიკითხნენ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულების თანამშრომლები, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს ბრალდებულ ვანო მერაბიშვილის მიერ 2013 წლის 14 დეკემბერს ღამის საათებში სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულების ტერიტორიის დატოვების ფაქტი. შემოწმდა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში არსებული ჟურნალებიც, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა-გასვლასა და ბრალდებულ-მსჯავრდებულთა მოძრაობას აღრიცხავენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის გადადგომას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი გაბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ერთი თვე დასჭირდა იმის სათქმელად, რომ ვიდეოჩანაწერები, სადაც აღბეჭდილია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის „საკნიდან გატაცება“, არ არსებობს.

„სასჯელაღსრულების სამინისტროში დიდი ხნის წინ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი ჩანაწერები ინახებოდა ერთი თვე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - ნახევარი წელიც კი და ამას ბაჩო ახალაიას შემთხვევაც ადასტურებს, როდესაც მისი საკნის ჩანაწერი რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნდა. ასევე აბსურდულია სამინისტროს მტკიცება, რომ, თითქოს, არსებობს ქუჩის ჩანაწერები, მაგრამ არ არსებობს საკუთრივ მე-9 დაწესებულების კამერათა ფირები.

უსაფრთხოების კამერების მიერ ჩანაწერების გაკეთების არსი სწორედ ისაა, რომ ისინი იქნას გამოყენებული, თუკი საჭირო გახდება გამოძიების ჩატარება მათზე აღბეჭდილ ნებისმიერი ფაქტის გამო. ამდენად, გავრცელებულმა განცხადებამ აშკარა გახადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებას კრიმინალი ყოფილი მთავარი პორკურორის, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ნამდვილად ჰქონდა ადგილი“, - აცხადებს გაბაშვილი.

უმცირესობის წევრის განცხადებით, პირადად მინისტრმა სუბარმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაული - მტკიცებულებათა განადგურება. მთელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კი საკუთარ თავზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეეცადა ამ დანაშაულის დაფარვას. უდავოა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ანგარიშსწორების დაკვეთასთან, რომლის განხორციელებაშიც ჩართულია მთელი მმართველი კოალიცია“, - განაცხადა გაბაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, დანაშაულის მასშტაბიდან გამომდინარე, აუცილებელია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, ვინაიდან აღმასრულებელი ხელისუფლება დანაშაულის დაფარვით არის დაკავებული.

„თანამდებობა უნდა დატოვოს სოზარ სუბარმა, რომელმაც, დიდი ალბათობით, მონაწილეობა მიიღო მტკიცებულებათა განადგურებაში. ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე ყველა პირმა ასევე უნდა აგოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხი“, - აცხადებს გოკა გაბაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ რეჟიმში მუშაობს ვიდეოკამერები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ხიდაშელი ამბობს, რომ მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალა არ არსებობდა.

„როგორ ფიქრობთ, საქართველოში ყველაზე კარგად ვინ იცის დღესაც კი, რეალურად, რა რეჟიმში მუშაობს ვიდეოკამერები, რომელიც სხვადასხვა უწყებებშია დამონტაჟებული?! რომელს აქვთ 24 საათიანი ჩაწერის რეჟიმი, რომელს, უბრალოდ, თვალთვალის ფუნქცია, ჩაწერის გარეშე, რა პერიოდულობით ხდება გადაწერა და წაშლა.

ყველაზე კარგად ამ ინფორმაციის მატარებელი, ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი იყო, ამიტომ, ძალიან ნათელი და მარტივი იყო მათი მოქმედება. ჩვენი პრობლემა კი ის იყო, რომ ეს არ ვიცოდით. მათ იცოდნენ, რომ კონკრეტულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კამერები რა რეჟიმში მუშაობდნენ“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნებს, სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას და პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუ მისი ბრალეულობა რაიმეში იკვეთება.

როგორც ხიდაშელი აცხადებს, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და ვანო მერაბიშვილის განცხადებაშიც არსად არ ფიგურირებს სოზარ სუბარის მიერ რაიმე ტიპის გადაცდომაზე, ან დანაშაულზე საუბარი. რაც შეეხება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, ხიდაშელი აცხადებს, რომ ამ იდეას კატეგორიულად არ დაეთანხმება.

„კატეგორიულად არ დავეთანხმები ამ იდეას, იმიტომ, რომ კომისია არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში იქმნება. ეს არ არის ამ ტიპის საქმე. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, რომ პროკურატურამ ავტომატურ რეჟიმში დაიწყოს საქმის გამოძიება, ვანო მერაბიშვილს, ან კიდევ რომელიმე მის მეგობარ ზონდერს, მაგალითად ბატონ ონიანს და მსგავს ადამიანებს რამდენი რამე ცუდი სიზმარი ექნებათ, ყველაფერზე რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს და პარლამენტმა საგამოძიებო კომისიები შექმნას, მე ვფიქრობ, რომ არასერიოზულია“, - აცხადებს დეპუტატი.

ხიდაშელის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის ინციდენტის შემდეგ სპეციალისტების ჯგუფმა შეამოწმა ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულება და როგორც აღმოჩნდა, პრაქტიკულად არც ერთი ვიდეოკამერა არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რისთვისაც ისინი არსებობენ. დეპუტატის განცხადებით, უმრავლეს შემთხვევაში, მათ ჩაწერის მაგივრად მხოლოდ თვალთვალის ფუნქცია აკისრიათ.

პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მან მოისმინა სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადება, თუმცა კვლავ ბევრი კითხვა დარჩა.

„მოვისმინე განცხადება, რომელიც გაკეთდა სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან. მე ვფიქრობ, კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით კვლავ არსებობს, ამიტომ, ჩვენ კვლავ ვიმეორებთ გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე, ანუ აუცილებელია პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს, რაღაცნაირად მოგვარდეს და პასუხი გაეცეს კითხვებს. მე ამ განცხადებით კვლავ დამრჩა ბევრი კითხვა“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.