ჭიათურის თეატრის მსახიობთა ნაწილი ხელმძღვანელების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. მსახიობები მიიჩნევენ, რომ მათ თეატრის დირექტორის „შავ ბუღალტერიაში“ მხილების გამო სჯიან და 2014 წლის დასწყისში შრომითი ხელშეკრულებები ამიტომ აღარ გაუგრძელეს. თავის მხრივ, პრეტენზიები აქვს თეატრის ხელმძღვანელობას, მათი განმარტებით, ჭიათურის თეატრში ყველაფერი კარგადაა და პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ კონკრეტული პირები წყლის ამღვრევას მუდმივად ცდილობენ.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ 2013 წლის 31 დეკემბერს გამოცემული ბრძანების თანახმად, თეატრის ყველა თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. 2014 წლის 3 იანვრის ბრძანებით კი მსახიობების ნაწილს ხელშეკრულება ძველი პირობების შესაბამისად გაუგრძელდა, ხოლო, 7 მსახიობს შტატგარეშე სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმება შესთავაზეს.
ჭიათურის თეატრის თანამშრომელთა ნაწილი for.ge-სთან აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რა პირობებს ჩადებდა ხელმძღვანელობა ინდივიდუალურ ხელშეკრულებებში, მსახიობები მაინც დაზარალებულები დარჩებოდნენ, რადგან თეატრის ხელმძღვანელობა მათთვის როლების განაწილებაზე თავს შეიკავებდა, ზაფხულის თვეებში კი, როდესაც თეატრი არ მუშაობს, მინიმალური ანაზღაურებაც არ ექნებოდათ.
მსახიობთა პროტესტის გახმაურების შემდეგ ჭიათურის გამგეობაში სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გაცხადდა, რომ 7 მსახიობიდან 6-ს კვლავ საშტატო ხელშეკრულება გაუფორმდება, ერთი მსახიობი კი თეატრიდან საკუთარი ნებით მიდის. თუმცა, ეს შეთანხმება ჯერ მხოლოდ სიტყვიერად არსებობს და დოკუმენტურად არ გაფორმებულა.
„შევხვდი მსახიობებს, შევხვდი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მიღწეულია შეთანხმება. აქამდეც ასე იყო გადაწყვეტილი, უბრალოდ, ერთმა ადამიანმა, რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ მოახერხა, შეიძლება ასე ითქვას, სუსტი ნებისყოფის ადამიანების აყოლიება, წამოაგო პროვოკაციაზე და აამხედრა ისინი, თორემ, თეატრიდან მსახიობების გაშვება არც იგეგმებოდა“, - აცხადებს for.ge-სთან ჭიათურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ცერცვაძე.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს რეჟისორი გეგა ქურციკიძე. მისი თქმით, თეატრის ხელმძღვანელობის მიერ მსახიობებისთვის შტატგარეშე თანამშრომლობის შეთავაზება მათი გათავისუფლების ტოლფასი იყო.
„მე ვიხელმძღვანელე კონკრეტული ბრძანებულებებით და კონკრეტული რაიონული თეატრის სპეციფიკით. ჩემს სიტყვებზე ნებისმიერ დონეზე ვარ პასუხისმგებელი - შტატგარეშე სახელშეკრულებო პირობებზე გადასვლა, ფაქტობრივად, მსახიობების უმუშევრად დატოვებას ნიშნავდა“, - განმარტავს for.ge-სთან ქურციკიძე.
მამუკა ცერცვაძე კი აცხადებს, რომ შტატგარეშე ხელშეკრულებაზე გადაყვანის შემთხვევაშიც არ უნდა ჰქონოდათ პრეტენზია ისეთ მსახიობებს, რომლებიც წლების განმავლობაში სპექტაკლებში არ მონაწილეობდნენ.
„მაგალითად, ჩინჩალაძე და კუზმენკო წლებია, თეატრში იღებენ ხელფასს და სპექტაკლებში არ მონაწილეობენ. აქვთ მეორე სამსახური, თეატრში კი ხელფასი უნარჩუნდებოდათ და პენსიის მსგავსად იღებდნენ თვიდან თვემდე“, - განმარტავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
მსახიობი შორენა პაპიძე, რომელიც შტატგარეშე მსახიობთა სიაში მოხვდა, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისი და მისი კოლეგების მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და ახალ ხელშეკრულებებს, სავარაუდოდ, 2-3 დღეში გაუფორმებენ. მსახიობები ეჭვობენ, რომ თეატრის ხელმძღვანელობამ პოლიტიკა საკითხის გახმაურების შემდეგ შეცვალა და მათ მიმართ ერთგვარ დათმობაზე წავიდა.
ჭიათურის თეატრში დღეს არსებული გაურკვევლობა გასული წლის გაზაფხულზე დაწყებული პროცესების ერთგვარი გაგრძელებაა. 2013 წლის აპრილში მსახიობთა ნაწილმა თეატრის ხელმძღვანელობა, კერძოდ, კი თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი ე.წ. შავ ბუღალტერიასა და მათი კუთვნილი ხელფასების მითვისებაში დაადანაშაულა. თეატრის დირექტორის წინააღმდეგ მაშინ 14 მსახიობი გამოვიდა. მსახიობები სახელფასო უწყისებზე დაყრდნობით ყვებოდნენ, რომ 2012 წლის სექტემბერში 20 თანამშრომელს ხელფასი 190-დან 253 ლარამდე გაეზარდა და მათგან გაზრდილი ხელფასი მხოლოდ ერთმა მიიღო.
თეატრალური დასის წევრებმა საკითხის შესწავლა სამართალდამცველი ორგანოებისგან ითხოვეს და ამ მიზნით პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკითხის შესწავლა მალევე დაიწყო, თუმცა დღემდე კონკრეტული დასკვნა არ დადებულა. ნანა წერეთელი თეატრის დირექტორის თანამდებობას ინარჩუნებს. ამ დრომდე უცნობია, რამდენად სამართლიანად ედავებიან მსახიობები ხელმძღვანელობას თვეების განმავლობაში მათი კუთვნილი ხელფასის ნაწილის მითვისებას. ამჯერად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 2014 წლის 3 იანვრის ბრძანებით, თეატრის ხელმძღვანელობა შტატგარეშე თანამშრომლობას 7 მსახიობს სთავაზობდა. 7-ივე მათგანი კი, თავის დროზე, ხელს აწერდა განცხადებას, რომ ჭიათურის თეატრში ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი სამართალდამცველებს შეესწავლა.
„2014 წლის 3 იანვარს გამოცემული ბრძანებით გაჩნდა საშიშროება, რომ თეატრის დირექტორთან, ნანა წერეთლთან დაპირისპირების გამო 14 მსახიობი ორ ნაწილად გაგვყვეს, 7-ს უკვე ათავისუფლებდნენ, დანარჩენებს კი მალევე გაათავისუფლებდნენ“, - აცხადებენ For.ge-სთან ჭიათურის თეატრის მსახიობები.
„ვინც ნანა წერეთელს უპირისპირდებოდა, იქიდან 4 მსახიობს ხელფასებიც ემატებათ, ხელშეკრულებები ფორმდება მათთან ჩვეულებრივად. თუ რეპრესიებს ვაწყობდით, დანარჩენ მსახიობებს რატომ არ ვათავისუფლებდით? ქალბატონი ნანას საწინააღმდეგო მათ არაფერი აქვთ, სასაყვედურო შეიძლება მქონდეს მე, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ინახავდა მსახიობებს, რომლებიც არ კავდებოდნენ სპექტაკლებზე და აძლევდა ხელფასს“, - აცხადებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
მამუკა ცერცვაძე მიიჩნევს, რომ თეატრის დირექტორს, ნანა წერეთელს რამე გადაცდომა რომ ჰქონოდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქამდე აღმოაჩენდა და შესაბამის დასკვნასაც მალევე გამოაქვეყნებდა.