ბაჩო ახალაიას საქმის პროკურორი და ადვოკატი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლევან ბაჩიაშვილისა რომეო საჯაიას დაპირისპირებას, გენერალური ინსპექცია სწავლობს. ადვოკატი რომეო საჯაია ირწმუნება, რომ პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა იგი მოულოდნელად სცემა. დაპირისპირების მიზეზებს განმარტავს თავად პროკურორი და აცხადებს, რომ ახალაიას ადვოკატმა, რომეო საჯაიამ მას შეაფურთხა.
პროკურორ ბაჩიაშვილის დაზიანება აღენიშნებოდა სახის არეში, მას ჩაუტარდა ექსპერტიზა და საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი პროკურორ ბაჩიაშვილის დასჯას ითხოვს. თავად თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორს მხარდაჭერას უცხადებს ადვოკატთა გარკვეული ჯგუფი. ადვოკატი მირიან ნიკოლაძე თვლის, რომ პროკურატურის სირცხვილია ის ფაქტი, რომ საჯაია დაუსჯელი დადის.
დაპირისპირების დეტალებზე for.ge. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორს, ლევან ბაჩიაშვილს ესაუბრა.
რა გახდა თქვენი და ადვოკატ რომეო საჯაიას დაპირისპირების მიზეზი?
ლევან ბაჩიაშვილი: პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს ინციდენტი კონკრეტულ საქმესთან შეხებაში არაა. იმ დღეს არანაირი საგამოძიებო მოქმედება ჩემთან და მასთან არ იყო დაკავშირებული, ეს იყო პიროვნული დაპირისპირება. ეს პიროვნული დაპირისპირება მოდის 2013 წლის 26 ოქტომბრიდან, როდესაც ბაჩანა ახალაიას შეეფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრება. სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ, როდესაც გარეთ შეკრებილი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, თვითონ ადვოკატმა რომეო საჯაიამ იკადრა უკადრებელი, როგორც ადვოკატმა, როგორც პიროვნებამ და ეს დაფიქსირებულიც მაქვს ჩემს ახსნა-განმარტებაში.
რა გააკეთა ადვოკატმა?
- როდესაც ავტომანქანაში ვისხედით მე და ჩემი კოლეგა ამირან გულუაშვილი, მან პირდაპირი გაგებით შემაფურთხა. მან ეს გააკეთა ველურად და როგორც კი შემომაფურთხა, მაშინვე გაიქცა. ეს იყო მიზეზი იმისა, რაც მოხდა 8 იანვარს ქალაქ თბილისის პროკურატურაში, ჩვენი შემთხვევითი შეხვედრის დროს.
ის ამბობს, რომ მიზანმიმართულად დაიბარეს იმ დღეს პროკურატურაში?
- ეს მისი მორიგი ტყულია. სიცრუე მის ხასიათშია, რომ სულ მოიტყუოს და ამით ცდილობს გამართლება მოიპოვოს თავის ქმედებიდან. საერთოდ არც ვიცოდი, რომ უნდა მოსულიყო. ჩვენი შეხვედრა მოხდა შემთხვევით პირველ სართულზე. იმ ინციდენტის შემდეგ მე ის არ მყავდა ნანახი, როდესაც შევხვდით ერთმანეთს ცინიკურად და ირონულად გამომხედა, ირონია და ცინიზმი მოდიოდა მისგან. ვფიქრობ, რომ თავი უნდა შემეკავებინა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და მივაყენე შეურაცხყოფა. ეს იყო იმ შეუფურთხების პასუხი, რაც დაიმსახურა ის მიიღო ჩემგან საპასუხოდ. ამის შემდეგ სახის არეში დამარტყა და ანალოგიურად დარტყმით გავეცი პასუხი. კონფლიქტი მალევე განიმუხტა.
ახლა ის ამბობს, რომ არავითარი შეურაცხყოფა არ მოუყენებია ჩემთვის, ვინაიდან, ერთი პროცესი არ შეიძლება გამხდარიყო ჩვენს შორის დაპირისპირების მიზეზი, რადგან, თითქოს, პროცესებში ხშირად მიგვიღია ერთად მონაწილება, რომელთაგან ზოგი წაგებულია და ზოგი მოგებული, თუმცა, ეს არის აბსურდი. ჩვენ მხოლოდ ერთ პროცესში მივიღეთ მონაწილეობა - 2013 წლის 26 ოქტომბერს და ეს პროცესი გახდა ჩემთან მისი დაპირისპირების მიზეზი.
რომეო საჯაია დაახლოებული პირია ახალაიებთან, ის წლების განმავლობაში მუშობდა სამეგრელოს სამხარეო პროკურატურაში, რომლის ხელმძღვანელიც იყო როლანდ ახალაია. თქვენ ამბობთ, რომ ახალაიას პროცესი გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ხართ ახლაიას საქმის ბრალმდებელი, ელოდებით მისგან ანალოგიური სახის ინციდენტს? ჩვენ ვნახეთ ფაქტი, როდესაც პროკურორი ლევან ადეიშვილი ასევე დაცვის თანხლებით იქნა გაყვანილი პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოდან, საქმის კიდევ ერთი პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ასევე საუბრობს დაცვის მხრიდან მუქარაზე...
- ამ პიროვნებას ყველა იცნობს და ჩვენც ვიცნობთ, ხშირად მოდის პროვოკაციაზე, ამ პროვოკაციას ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ და უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ყურაღებით ვიყოთ. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, თმენის ვალდებულება გაგვაჩნია. თუმცა, მისგან პროვოკაციას ნამდვილად უნდა ველოდოთ.
თქვენ, ამ პროვოკაციის დაგეგმვაში გადანაშაულებთ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც...
- როდესაც ხატიაშვილი აცხადებს და მხარს უჭერს რომეო საჯაიას, კარგი იქნება, რომ გაიხსენოს ფაქტი. როდესაც ეს ფაქტი მოხდა, ჩვენ მოხსენებითი ბარათში ახსნა-განმარტებით ეს ინციდენტი დავაფიქსირეთ ხელმძღვანელობასთან და ქალაქის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა განცხადებით მიმართა ეთიკის კომისიას რეაგირებისთვის, რათა მომხდარიყო რომეო საჯაიას მიმართ რეაგირება. თუმცა, როგორც ჩემთვის ცნიბილია, ხატიაშვილმა განიხილა ეს საჩივარი და რეაგირება არ მოახდინა. ხატიაშვილმა ჯობია იმ კითხვას გასცეს პასუხი, რატომ არ მოახდინა რეაგირება რომეო საჯაიას ქმედებაზე?
***
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში შემოსულია საჩივარი და ეთიკის კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მისი თქმით, ამას აქვს თავისი ვადები. თუ არის მტკიცებულება, აუცილებლად დაისჯება პირი, რომელმაც ეს ჩაიდინა.
რაც შეეხება ამ ფაქტს, ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ პროკურორი უნდა დაჯდეს სარალდებო სკამზე, როგორადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მისთვის ადვოკატი, არ შეიძლება შეხვიდე მასთან კონფლიქტში და თანაც პროკურატურაში მიაყენო შეურაცხყოფა.
„ის, რომ პროკურატურაში ამას ახალისებენ, ეს ფაქტია. იმიტომ, რომ ადამიანი ჯერ გადაყენებული და დასჯილი არაა. საჯაია არის ადვოკატი და ეს არის ადვოკატთა კორპუსზე თავდასხმა. მე თქვენ დამირეკეთ 15 წუთის წინ და ვერ გიპასუხეთ, ველაპარაკებოდი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს ამ თემაზე და ვთხოვდი, რომ სასწრაფო მიეღოთ ზომები და ზომები იქნება ძალიან მკაცრი“, - აცხადებს ხატიაშვილი.
კითხვაზე, ცნობილია თუ არა მისთვის, იმ ბრალდების შესახებ რომელსაც კიდევ ერთი ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე უყენებს საჯაიას, როგორც პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, ამაზე ხატიაშვილი ამბობს:
„მე შემიძლია გითხრათ მასზე მხოლოდ როგორც ადვოკატზე, პროკურატურაში ვინ რას აკეთებს, ეს ჩემთვის არაა ცნობილი და მე არა ვარ პროკურორი, რომ ეს ფაქტები გამოვიძიო. მე ვიცი, რომ ადვოკატ რომეო საჯაიაზე მოხდა თავდასხმა პროკურატურაში და ამაზე პროკურორმა უნდა აგოს პასუხი. თუ იგივეს ჩაიდენს საჯაია და მიაყენებს ვინმეს შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, დაისჯება ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაზა ხატიაშვილი.
***
რაც შეეხება თავად რომეო საჯაიას, მისი თთქმით, დიდი ხანია პროკურორები ცდილობენ მისი საქმიდან ჩამოცილებას.
„ეს იქნება სხვადასხვა პიროვნებების მოგზავნა, მუქარა და ასე შემდეგ. ლევან ბაჩიაშვილი იყო ამ პროვოკაციის ნაწილი, როცა მან მიმართა ადვოკატთა ასოციაციას, თითქოს, ჩემი მხრიდან ადგილი ჰქონდა რაღაცა დარღვევას. ამოღებული იქნა ვიდეო ფირები, სადაც, მისი თქმით, ეს იყო ასახული, ასეთი რაღაცა არ მომხდარა. პირიქით, მე მოვუწოდებდი იქ მყოფ ხალხს, რომ დაწყნარდით დაიცავით წესრიგი და ა.შ.
პირიქით, ბატონი ბაჩიაშვილი იმავე დღეს სასამართლოს მიერ ხულიგნობისთვის იქნა დაჯარაიმებული 500 ლარით. შემდეგი პროვოკაცია იყო ის, რაც მოხდა. მას ეგონა, რომ პირველი მივაყენებდი ფიზიკურ შეურაცხოფას, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მან მომაყენა ფიზიკური შეურაცხოფა, რასაც თავდაცვის მიზნით ადეკვატურად ვუპასუხე“, - ამბობს რომეო საჯაია.
***
რომეო საჯიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს ასევე ადვოკატი მირიან ნიკოლაძე, რომლის განცხადებით, მას როგორც ადვოკატს, აქვს ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც თავის დროზე იმყოფებოდა რომეო საჯაიას წარმოებაში.
„არის ასეთი ბიზნესმენი - ვლადიმერ აბსანძე, რომელსაც მუქარის საფუძველზე ჩამოართვეს ქონება. მის დაზე იყო რეგისტრირებული ზუგდიდის ცენტრში სასტუმრო „ოდიშის“ საკამოდ ვრცელი ფართი. პირადად რომეო საჯაიამ დაიბარა და დაემუქრა დაჭერით. დაიბარა მოწმეებიც, რომლებზეც ასევე განახორციელა მუქარა და ამ მუქარით დაათმობინა ეს შენობა. ეს სასტუმრო დღემდე იმყოფება სახელმწიფოს ბალანსზე.
რაც შეეხება მეორე საქმეს, ეს გახლავთ „უნივერმაღ ენგურის“ საქმე, რომელზეც, პირადად რომეო საჯაიამ, როლანდ ახალაიას დავალებით, აღძრა სისხლის სამართლის საქმე ალალ-მართალი ადამიანების მიმართ და უწესიერესი ადამაინი მისცეს პასუხისმგებაში.
საქმეები აღძრულია და დღემდე რომეო საჯაია პასუხისმგებაში არაა მიცემული. ყველამ იცის ვინ იყო საჯაია. ის იყო ყველაზე ბინძური დავალებების შემსრულებელი. ეს ადამიანი, რომ დაუსჯელი დადის, ეს არის პროკურატურის სირცხვილი. ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს, დღეს შეფარებულები არიან ადვოკატურას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მირიან ნიკოლაძემ.
თავად საჯაია კი ნიკოლაძის მიერ დასახელებულ საქმეებთან დაკავშირებით ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის 5 ათას ლარად თაღლითური გზით წართმეული 5 მილიონიანი ქონება სახელმწიფოსვე დაუბრუნა.
„მიცველებულებთან ჰქონდათ ხელშეკრულება დადებული. ასეთ აბსურდი იყო, ეს ქონება დავუბრუნე სახელმწიფოს და ვამაყობ იმ გადაწყვეტილებით, რაც შემდგომში სასამართლომაც დაადგინა. თაღლითებს და „კანონიერ ქურდებს“ ჩამოვართვი ქონება და დავუბრუნე სახელმწიფოს, ზუგდიდს და ხალხს დავუბრუნე ქონება.
არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ამ ადამიანებმა გააყალბეს მტკიცებულება, სადაც თეთრით შავზე წერია, რომ მიცვალებულებისგან იყიდეს ქონება. მაქვს ჩანაწერები როგორ ემუქრებოდნენ მოწმეებს, ჩვენება მიეცათ, რომ, თითქოს, მე ვაიძულებდი ჩვენების მიცემას. მივმართე გამოძიებას, დაიწყონ გამოძიება ამ პირების მიმართ და როგორც შემატყობინეს, სწორედ ნიკოლაძისა და სხვათა მიმართ დაიწყო გამოძიება“, - ამბობს რომეო საჯაია.
საერთოდ, საინეტერსოა, ზოგადად, როგორ ხვდებიან ყოფილი პროკურორები და პოლიციის მაღალჩინოსნები ადვოკატები, მაშინ როდესაც ისინი ფიგურირებენ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში და ძალადობაში. როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, არ არსებობს სტანდარტი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს.
For.ge-ს ინფორმაციით, ხელისუფლების შეცვლიდან ძალიან მალე რომეო საჯაიამ და გოგა ონიანმა მიმართეს ადვოკატთა ასოციაციას გაწევრიანების თაობაზე, თუმცა მათ მოთხოვნას უარი ეთქვა. ამის შემდეგ, მათ მიმართეს სასამართლოს და სწორედ, სასამართლოს გზით გაწევრიანდნენ ადვოკატთა ასოციაციაში და მიიღეს ადვოკატის მანდატი.