„სააკაშვილმა გადადგომამდე ერთი დღით ადრე გაასხვისა წყალი“

„სააკაშვილმა გადადგომამდე ერთი დღით ადრე გაასხვისა წყალი“

ვისია ქართული წყალი? რატომ ვიხდით გაასმაგებულ ფასს წყალში იმ ქვეყნის შვილები, რომელ ქვეყანაშიც წყლის უზარმაზარი მარაგია? როგორ მოხდა რომ ოკუპანტმა რუსებმა ჩაიგდეს ქართული წყალი ხელში და გახდნენ მონოპოლოსტები? რატომ დუმს ხალხი და რატომ არ წყვეტს ხელისუფლება ცალმხრივად ე.წ. ინვესტორთან ხელშეკრულებას, რომელმაც აღებული ვალდებულებიდან არც ერთი პუნქტი არ შეასრულა? რატომ არ დადგა სააკაშვილის, ქელბაქიანის, ახვლედიანის, უგულავას და სხვათა პასუხისმგებლობის საკითხი? ვინ აფარებს „ახლებიდან“ „ძველებს“ ხელს? და ბოლოს, რატომ არაფერს ამბობს ხალხი?

ქრონიკა+“- ესაუბრება აკადემიის წევრი, თემურ ჭიჭინაძე:

- რატომ არ იყო წყალი წინასაახალწლო პერიოდში? წყლის არქონა ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რადგან ის დებეტი, რომელიც ქალაქს უნდა მოეწოდებოდეს, დაახლოებით მილიარდი მეტრი კუბია, მიუხედავად იმისა, რომ წყლის ხარჯი დაახლოებით ნახევარი მილიარდია. რეალობაში, რომელიც აქვს ოთხივე არაგვს მილიარდამდე ადის. ჟინვალის წყალსაცავი დღესდღეობით სავსეა, ამიტომ პრობლემა მოხსნილია, მაგრამ აქ თავი და თავი, ჩემი აზრით, არის მოუვლელი სისტემა და მოუვლელი ქსელები, განუხორციელებელი ინვესტიციები, რომელიც უნდა განეხორციელებინა მეპატრონეს და რომელიც არ განხორციელებულა. წინასაახალწლოდ წყალი არ ყოფილიყოს, მეორე შემთხვევა არ მახსენდება. კი, იყო ის პერიოდი, როცა დღეები არ იყო წყალი, მაგრამ ამ დროსაც კი წინასაახალწლოდ წყალი არავის გადაუკეტავს.

საბოტაჟი იყო?

- მე ვფიქრობ, რომ ეს იყო დაუდევრობაც, მეტს გეტყვით, ავარია რომ მოხდეს და წყალში იხრჩობოდე, მშველელი არ გამოჩნდება. რატომ? როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი საავარაიო ბრიგადა არსებობს დღეს. ადრე ყოველ რაიონში იყო საავარიო და გამოძახებისას ოპერატიულად ხდებოდა დახმარება, ამას ძველ მთავრობას ვერ წაართმევ. ვიმეორებ, დღეს არის მხოლოდ ერთი სამაშველო ბრიგადა, იმიტომ, რომ ცენტრალიზებული გახადეს ეს სამსახური. ვაკეში რამე რომ მოხდეს, ავჭალიდან უნდა მოვიდეს ბრიგადა და როდის მოვა, რა დრო დაჭირდება ეს თავად გამოთვალეთ. კიდევ უფრო დამაფიქრებელია ის, რომ ამ ერთადერთ სამაშველო ბრიგადას 2 თუ 3 მანქანა აქვს, მეტი არა.

ეს როდის მოხდა, ახალი მთავრობის პირობებში?

- მთავრობა, ამ შემთხვევაში, არაფერ შუაშია, ეს ახალმა მეპატრონემ გააკეთა. უამრავი ვალდებულება ქონდა მეპატრონეს, რაც არ შესრულდა. სხვა თემაა როგორ იყიდა, რა ვალდებულებები აიღო, რა ფასი უნდა გადაეხადა და რა გადაიხადა.

ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ. ანუ, ახალმა მეპატრონემ, ასე ვთქვათ, სამაშველო ბრიგადებისსეკვესტრი“ ახალი მთავრობის პირობებში მოახდინა?

- 2007 წელს შემოვიდნენ და მას შემდეგ საავარიო სისტემა ნელ-ნელა გაანადგურეს. რას შეიძლება ეს მივაწეროთ? ქონებას, რომელიც ამ საავარიო ბრიგადებს ჰქონდა, მათ თავისი შენობა, პარკი და ა.შ. ჰქონდათ, ცენტრალიზების შემდეგ გამოთავისუფლდა ქონება, რაც შემდეგ გაყიდეს.

თავად გაყიდა?

- სახელმწიფომ გაყიდა, წყლის მეურნეობა ჩალის ფასად იქნა გაყიდული. ის, რომ საახალწლოდ ხალხი გაღიაზიანებული იყო მთავრობაზე, მთავრობა აქ არაფერ შუაშია. წყალი წინა ხელისუფლების მიერ იქნა გასხვისებული. გახსოვთ 2007 წელს სააკაშვილი რომ გადადგა? გადადგომამდე ერთი დღით ადრე გაასხვისა წყალი და ამის შემდეგ წავიდა არეულად ყველაფერი.

კარგით, ჩვენი საუბრის თემა ორ ნაწილად გავყოთ, რა ხდებოდა ნაციონალების დროს შევახსერნოთ მკითხველს და რა ხდება დღეს ეს ავხსნათ, ვისაუბროთ ტარიფზე და ზოგად მდგომარეობაზე.

- 2007 წლამდე წყალი მერიის ქვემდებარე იყო, ქართული წყალი რაც მთავარია არის ჯანსაღი წყალი და დიდი რესურსი გვაქვს, ამიტომ ინტერესი დიდი იყო. მე ვიყავი ორი მოწვევის საკრებულოს წევრი, მეორე მოწვევის დროს მიშა საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ამ დროიდან დაიწყო მან წყლის გაყიდვაზე სერიოზული მუშაობა. ერთხელ დადგა მომენტი, როცა ფრანგებს უნდა ეყიდათ და მაშინ პატრიარქის პირადი ჩარევით საკითხი დაიხურა. ამ დროს ხელისუფლებაში ჯერ არ იყვნენ მოსულები და თემა გადაიდო, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველი, რაც დაიწყეს ნაციონალებმა იყო ის, რომ ქართული წყალი გასაყიდად მოემზადებინათ. გავიხსენებ საკრებულოს ბოლო სხდომას, ეს იყო 2003 წლის 12 სექტემბერი. საკრებულომ გამოვიტანეთ დადგენილება, რომ შეგვემცირებინა წყლის ტარიფი და ვისაც არ ქონდა 24 საათიანი მომარაგება, გადაეხადათ 90 თეთრი. ანუ დადგენილებაში დაფიქსირდა ტარიფის კლება, სააკაშვილი ამით დაგვემშვიდობა და წავიდა საპრეზიდენტო არჩევნებისკენ. სამი დღის შემდეგ საკრებულომ მიშას ხელმოწერილი დადგენილება მიიღო, სადაც 1,20 იყო დაფიქსირებული. ხალხს მიუვიდა გადასახადები, ატყდა პანიკა, აღმოჩნდა, რომ კერძო კომპანიებისათვის გაუზრდია ფასი 4,80 ლარამდე. ეს ყველა ცვლილება ერთი დადგენილებით, ერთ დღეს, ერთი ნომრით არის გატარებული, ხელს აწერს სააკაშვილი, იუსტიის სამინისტროს კი ორი დადგენილება აქვს ერთი და იგივე ნომრით გატარებული, ერთი თავდაპირველი, მეორე ცვლილებით. ეტყობა პირველი დადგენილება არ მოეწონათ და უცებ გააოთხმაგეს გადასახადი, ისე, რომ ამის შესახებ საკრებულომ არაფერი იცოდა. მე პირადად საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა დამჭირდა ამეტეხა ხმაური, ჩამერთო გადამხდელთა კავშირი ამ საქმეში, ბიზნესმენები და ა.შ.

ხომ არა გაქვთ გამოთვლილი რეალურად რა ღირდა 2003 წელს წყალი?

- „მეთოდიკა“ მხოლოდ იმიტომ ვთქვი ბრჭყალებში, რომ ტარიფის გაანგარიშებაში არავითარი, კანონს დამორჩილებული გათვლები არ არის გამოყენებული. მდინარე არაგვის წლიური შემონადენი მაშინ 1.3-1.5 მილიარდი მეტრი კუბი იყო, რომელიც ჟინვალის წყალსაცავის მეშვეობით პრაქტიკულად მთლიანად რეგულირდებოდა. აღნიშნული რაოდენობის 10-15% აუცილებელი იყო ე.წ. სანიტარული ხარჯისთვის, მდინარის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ე.ი. შესაძლებელი იყო 1 მილიარდ მეტრ კუბზე მეტი წყლის გამოყენება წყალმომარაგებისათვის, ამიტომ გაუგებარი იყო საიდან გაჩნდა ციფრი 557.3 მილიონი მეტრ კუბი, რომელიც მაშინდელი „თბილსწყალკანალის“ მონაცემებში ფიგურირებდა. კიდევ უფრო გაუგებარი იყო დანაკარგები, რომელიც საშუალოდ მოწოდებული წყლის 38-40%-ს შეადგენდა, რაც არაგვის სანიტარულ ხარჯებს აღემატებოდა. მეტიც, ქალაქში მოწოდებული 557,3 მლნ. მეტრი კუბის რეალიზება პარადოქსული თანაფარდობით ხდებოდა: 92% მოსახლეობა მოიხმარდა, 6%-ს საბიუჯეტო ორგანიზაციები და 2%-ს კომერციული ორგანიზაციები. კიდევ უფრო მეტად პარადოქსი იყო ის რომ ამ თანაფარდობას ამართლებდნენ. კერძოდ, თურმე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე დღე-ღამეში 160-230 ლიტრი წყალი მოდის, ჩვენი მოქალაქეები კი თურმე 1000-1300 ლიტრს მოიხმარდნენ. ცხადია ეს იყო იმ 92%-ის გასამართლებლად საჭირო, რომელსაც მოსახლეობას მიაწერდნენ. სამაგიეროდ, ყველა კომერციული სტრუქტურა ერთად აღებული, მხოლოდ 2%-ს მოიხმარდა თურმე. აბსოლუტურად გაუგებარია ტარიფის გაანგარიშების სქემა, რომლის მიხედვით 1 მეტრ კუბი წყლის ღირებულება წყალკანალის დაანგარიშებით 12,61 თეთრს უდრის, რიცხვების რა მანიპულირებით ხდება ეს გაანგარიშება და როგორ ხდება ფასის მიღება გაუგებარია. ვინაიდან იგივე რიცხვებით და აუდიტების მიერ წარმოებული გათვლებით, ტარიფი 8,54 თეთრს ვერ ასცდა. წარმოიგინეთ რამხელა განსხვავებაა და დღესაც იგივე მდგომარეობაა. მოკლედ, მაშინ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა რამე შეგვეცვალა და დიდი ძალისხმევის შემდეგ, ტარიფი 2, 40 ლარამდე ჩამოიყვანეს.

ახლა, რატომ გავაკეთე ეს ექსკურსი?! - ტარიფის გაზრდა თავიდან იყო ჩადებული, რაც ემსახურებოდა იმას, რომ აქ იყო დიდი რაოდენობით აღურიცხავი წყალი, აღურიცხავი მოსახლეობა. შეიძლება ითქვას, ძალიან სერიოზული ფინანსური ინტერესი იყო ამ სფეროში, რაც თავიდანვე მშვენივრად გათვალეს მომავალმა ნაციონალებმა და უკვე განაციონალებულმა ფრთამ, პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ ყველაფერი ქელბაქიანის მოყვანით დააგვირგვინეს. ქელბაქიანმა გაატარა ძალიან ცუდი პოლიტიკა, მოამზადა წყალი გასაყიდად და კაპიკებად გაყიდეს საბოლოო ჯამში. ყველაფერი უგულავა-ქელბაქიანის ტანდემის გაკეთებულია. ინვესტორის მთავარი დაინტერესება მაღალი ტარიფი იყო. ტარიფი მისცეს ისე, რომ არავითარ გაანგარიშებასთან არ იყო მიახლოებული, ზემოთ ხსენებული საკრებულოს დადგენილებით მოხდა ეს. ყველაზე მთავარი ხარჯის ნორმის დადგენაა, რომლითაც ერთ კაცზე 800 ლიტრი დააწესეს. რომელი ოჯახი მოიხმარს ერთ სულზე 800 ლიტრს? ამის მიხედვით უნდოდათ ტარიფის გაზრდა და მაინც არ გაწვდა, მიუხედავად ყველაფრისა. თავად დაადგინეს წყლის თვითღირებულებად 26 ტეთრი, მაგრამ ესეც გადამეტებულია და ამ დროს ყიდიან 3,15 და 4, 40 ლარად. ხედავთ ხომ განხსხვავებას? მოკლედ, ნაციონალებს კარგი ყნოსვა ქონდათ და ისე თანამიმდევრულად გააკეთეს ყველაფერი 2007 წელს წყალი რუსულ კომპანიას მიყიდეს, რომელიც წარმოდგენილი იყო როგორც შვეიცარიულო კომპანია.

როგორ მოხდა გაყიდვა?

- ტენდერი კი არ გამოაცხადა მერიამ, დაარქვეს ინტერესთა გამოხატვის პროცესი. საინტერესოა ის რომ იმ დროს 25 მილიონიან კრედიტს იძლეოდა საერთაშორისო ორგანიზაცია ქალაქის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად. უნდოდათ ამ კრედიტიანად მიეცათ „ინვესტორისთვის“. მოკლედ, წინასწარ ცნობილი იყო ვინც უნდა შემოსულიყო, კიდევ კარგი კრედიტზე უარი განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციამ, თორემ ეს 25 მილიონი ის თანხა იყო რომელიც აუცილებელ სამუშაოებს ყოფნიდა. ჩემი გადასახედიდან წყალი გასაყიდი არ იყო, მითუმეტეს რომ სტრატეგიული ობიექტი იყო. კანონშიც კი შეიტანეს ცვლილება და ამოიღეს წყალი ნუსხიდან, პარალელურად კი მოამზადეს „ჟინვალიც“ გასაყიდად. ჟინვალის წყალსაცავი ცალკე იყო, ორივე თბილისის წყალი და ჟინვალი 85 მილიონად გაიყიდა, რეალობაში 72 მილიონად. სააკაშვილმა რამდენიმე განკარგულება გააკეთა, 85 გამოაცხდეს და 72 მილიონად მიცა. ასე გაკეთდა რუსთავის და მცხეთის წყალზე.

ვისია დღეს ქართული წყალი?

- შვეიცარიული კომპანია მონაწილეობდა ამ „ტენდერში“ და ეს კომპანია არავისთვის იყო ცნობილი, ვერაფრით მიაკვლიეს ვისია რეალურად ეს კომპანია. „სოლუშენ მულტიფლექსმა“ გაიმარჯვა და შედარებით უკეთესი პირობები დადო ამ ფირმამო გამოაცხადეს, რეალობაში ხელშეკრულება გაუფორმეს სხვა კომპანიას „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედს“. აბსოლუტურად სხვადასხვა კომპანიებია დამფუძნებლებიც სხვადასხვა ყავს. თუ ერთი იმარჯვებს, მეორე რა შუაშია. კანონია მე მოვიგე მე უნდა მივიღო, მერე თუ გადავცემ ეს უკვე სხვა საკითხია. ფასიც ისე იაფი იყო... მარტო ჟინვალის წყალსაცავი თავისი ჰესით ღირს 85 მილიონი, თუ მეტი არა, სააკაშვილმა კი ფასი დაუწია გამოცხადების შემდეგაც.

ანუ მხოლოდ წყალი დაიჭერდა ქელბაქიან-უგულავას.

- და არა მხოლოდ, სააკაშვილისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა... ორ განკარგულება გამოსცა: 2007 წლის 23 ნოემბერის განკარგულებით, გადადგომამდე ერთი დღით ადრე, გადასცა თბილისის წყალი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი. 2008 წლის 10 აპრილს მეორე განკარგულებით ფასები დაწია და მცხეთა 10 მილიონად უკვე გაყიდა. ასევე დაუკლო თბილწყალზე, 85 მილიონიდან 75 მილიონამდე. მთავარი რაა იცი? ინვესტორს ქონდა ვალდებულება 25-25 მილიონი უნდა დაედო რუსთავის და თბილისის წყალზე (ეს არის საგარანტიო თანხა, ინვესტიციების 5%) და ინვესტიცია 500-500 მილიონი უნდა განეხორციელებინათ. სააკაშვილმა განკარგულება რომ შეცვალა, ფასის დაკლების გარდა საგარანტიო თანხები შეუმცირა, საგარანტიო თანხის შემცირებამ გამოიწვია საინვესტიციო თანხის შემცირება. 25 მილიონის ნაცვლად სააკაშვილმა ესენი ვალდებული გახადა 5 მილიონი დაედოთ, ინვესტიცის შესაბამისად 100 მილიონის გამოვიდა. იგივე მოხდა თბილისზე, ე.ი. ერთი ბრძანების შეცვლით მიშამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი.

ინტერესი?

- ინვესტორს მასპინძელი კარნახობს პირობებს. შენს მოედანზე მოდიან და აწყობთ მათ შენი შეთავაზებული პირობები, მაგრამ ჩვენი მხრიდან არც მიშას და არც ახლა პერიოდში არავინ აყენებს პირობებს. რატომ ჩუქნიან? საკუთარ ჯიბეში მიაქვთ ის რაც სახელმწიფომ უნდა წაიღოს, ამაშია თავი და თავი, იმიტომ არის გაზრდილი ტარიფები რომ არის. ეს არის ელიტარული კორუფცია, სხვა არაფერი. სახელმწიფო კარგავს დიდ თანხას და ეს თანხები კერძო პირთან მიდის, ხაზგასმით ვამბობ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა, ინვესტორს მასპინძლი პირობებს უყენებს, სხვაგვარად არ ხდება. ამათ დაახვედრეს გაზრდილი ტარიფი და ჩალის ფასად მისცეს. რუსული კომპანიას სეუმცირა, თქვენ ხომ არ გგონიათ რომ სხვა ქვეყანას მიყიდეს.

ოკუპანტს?

- დიახ, ოკუპანტს! გადასახადი თანხაც შეუმცირეს და საინვესტიციო ფონდიც. ამ ფირმის დამფუძნებელი რაპაპორტი და ჩუბაისის ერთ-ერთი კომპანია „რაო იე სიაა“. ეს ნაციონალებმა თავიდანვე იცოდნენ, დამფუძნებელი დოკუმენტებში ვიღაც შვეიცარიელი იყო მითითებული და ეს კაცი პარალელურად არა ერთი ფირმის დამფუძნებლად არის ჩაწერილი, ოფშორული კომპანიაა ეს კომპანია.

თქვენ მოიტანეთ ხელშეკრულება და კიდევ რამდენიმე დოკუმენტი. როგორც ვიცი, არც ერთი დოკუმენტი არაა გამოქვეყნებული. ერთ-ერთი იმდენად საინტერესოა, გადავწყვიტე საზოგადოებას ცალკე თემად გავაცნო, მაგრამ კარგი იქნება თუ ხელშეკრულებაზე ვისაუბრებთ ახლა. ერთ-ერთ დოკიმენტში, რომელიც გაცემულია 2013 წლის 30 აგვისტოს, ეროვნული სააგენტო თქვენს მოთხოვნას ამ ხელშეკრულების და სხვა დოკუმენტების გადმოცემის შესახებ ასე პასუხობს: „14.1. მუხლის თანახმად, მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, რომ არც ერთი მხარე არ გააკეთებს განცხადებას წილის ნასყიდობის ან ნებისმიერი დაკავშირებული საკითხის შესახებ სხვა მხარეების წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე“. როგორ მოიპოვეთ ხელშეკრულება?

- ხელშეკრულება მოიცავს პირობებს და ვალდებულებებს, სწორედ ამაშია მთელი ტრაგედია. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, აქ მეორდება იგივე ხელწერა როგორიც შეგვხვდა ენერგეტიკაში, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ ადრე. აქაც ტარიფს ადგენს სახელმწიფო და არა მარეგულირებელი კომისია. აქ ტარიფი პრეზიდენტის განკარგულებითაა დადგენილი, სააკაშვილმა დაუდგინა როგორი ტარიფი იქნება მომავალში და მიმდინარე პერიოდში. ეს არ იყო არც ეკა შარაშიძის (ის აწერს ხელს) კომპეტენცია, არც სააკაშვილის. თავად ტარიფის პრობლემა, ისევე როგორც ენერგეტიკაში, აქაც, არის გაურკვეველი, რისთვის არსებობს მარეგულირებელი კომისია თუ ის ტარიფს არ ადგენს და არ ერევა? ეს რა პერიოდია იცით? ნოღაიდელი იყო პრემიერი, ამ საქმეში ფიგურირებს დამენია ეკონიმიკის მინისტრის მოადგილე, ისე როგორც ბევრგან. ჩემზე უკეთესად სად მიდიოდა ეს ფული, ამას გაარკვევენ გამომძიებლები, მაგრამ რატომღაც სიჩუმეა.

ტარიფის შემცირება შეიძლება?

- რა თქმა უნდა, როგორც ენერგეტიკაში ისე წყალზეც, მაგრამ ხმას არავინ იღებს, კაი ხელისუფალს არ უნდა, ხალხი რატომ დუმს? ყველა წუწუნებს და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველა ჩუმადაა. მილიარდი მეტრი კუბი წყალი შემოდის და ესენი 500 მილიონს აფორმებენ, დანარჩენი სად მიდის? ვენეციაა? წყალში უნდა ვიდგეთ მაშინ.

სად მიდის?

- არ არის ამდენი, აღურიცხავი პროდუქციაა და ამისთვის ხდება ეს ყველაფერი. კიდევ ვამბობ, ეს ძალიან დიდი მაფიაა, საშიში მაფია. ასეული მილიონებია დაკარგული, სადღაცაა წაღებული, რომლის მიგნება ძალიან ადვილია, შეიძლება ვერ მიაგნონ ფულს, მაგრამ ვინ წაიღო ამის მიგნება ადვილია. ან პასუხი უნდა აგებინონ ან მოატანინონ და ესენი პირიქით აკეთებენ.

ხელშეკრულებაში არის მხარეთა ინტერესები.

- თქვენ მკითხეთ ხელშეკრულება საიდან გაქვთო, ოფიციალურად არ მოუწოდებიათ, უარი მითხრეს, არა მხოლოდ მე, არასამთავრობო სექტორსაც. ამ დროს ჩვენ ყველაფრის საქმის კურსში უნდა ვიყოთ, მაგრამ დავანებოთ ახლა ამას თავი. ერთ-ერთი ვალდებულება ასეთია, უნდა მოხდეს გამრიცხველიანება თავად ამ კომპანიის მიერ. ვიცით რომ მოსახლეობას გადაახდევინეს ფული, ამ დროს თავად უნდა გაეკეთებინათ. 2012 წლამდე უნდა მომხდარიყო ის, რომ მტკვარში არ უნდა ჩასულიყო კანალიზაცია, ესეც არ შესრულდა. 24 საათიანი მომარაგება უნდა ყოფილიყო თბილისის ძველ ფარგლებში, არ არის ესეც. 2014 წელს მაგათ ვალდებულება აქვთ კოჯორს, ტაბახმელას და ა.შ. უნდა ქონდეთ 24 საათიანი მომარაგება, არაფერია დაწყებული ამ მხრივაც.

აქ არის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული მუხლი.

- ცალმხრივად შეუძლიათ შეწყვეტა. ანუ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება, მონიტორინგი უნდა ჩაატარონ, მაგრამ... ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შეუსრულებელია, ის ინვესტიცია რომელიც ბოლოს დაუდგინეს, არაა შესრულებული. პირობა არის ხელშეკრულების შეწყვეტის, მაგრამ როგორც გავიგე თავად ხელშეკრულებაში საიდუმლო ცვლილეებები მიიღეს და ისეა გასაიდუმლოებული ვერსად მივაკვლიე.

წყალი გაყიდეს ოკუპანტებზე და არავის უკვირს, გადასახადმა გაგვაკვირვოს?

- არ იღებს ხმას არავინ და რა გამოდის იცით? ხალხია თავად ინვესტორი, გადასახადი იმდენად დიდია არაფერს დებს ინვესტორი. ახლა რომ ამბობენ ტარიფის დაწევა არ გამოგვდისო, ესაა დიდი ტყუილი. მთავარია იყოს პოლიტიკური ნება, მაგრამ ეს არაა და ამიტომ ვიხდით გაათმაგებულ გადასახადს. პირველ რიგში მარეგულირებელი კომისია უნდა გათავისუფლდეს ძველი შემადგენლობიდან და იყოს სახელმწიფოს ნება ტარიფის დასაწევად. პირდაპირ ვამბობ, ის რაც არის ახლა მოცემულობა, აწყობს ხელისუფალს. ყველაფერს მალავენ, იმიტომ რომ ვერ ადიან ხარჯების შესაბამის დონეზე.

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ოკუპანტმა რუსებმა ქართველები გადასახადებით რომ არ გაგვატყაოს?

- უნდა დაუდგინონ ტარიფი რაც რეალურია, უნდა ნახონ რა ვალდებულება სეასრულა ინვესტორმა და თუ არც ინვესტიციაა ჩადებული და არც არაფერი შესრულდა, მაშინ ხელშეკრულების თანახმად უნდა გაუწყვიტოს ხელშეკრულება, ბევრი რესურსია და ხელშეკრულებაში ჯარიმებიც არის გათვალისწინებული. ინდა ინახოს ცვლილება რომელიც უგულავამ შეიტანა და თუ დადასტურდება რომ ეს ასეა, მაშინ უგულავა ერთხელ კი არა ცხრაჯერაა დასაჭერი. იმდენად არხეინადაა „თბილისის წყალი“ ალბათ არაფერი შეიცვლება, არადა, ელემენტერულის შეკეთებაზე კატასტროფულ თანხებს ითხოვენ, ესა საქმე? მონოპოლისტია ეს რუსული ფირმა, ასე როგორ შეიძლება, რა უფლება მოსილება ქონდა სააკაშვილს ტარიფი რომ დაუდგინა ამათ? ეს არაა დანაშაული? რატომ არ სთხოვენ მას პასუხს? როდემდე ვიყოთ ჩვენ თავად ინვესტორები? რად გვინდა სხვები, როცა თავად შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი? პრაქტიკამ ეს ხომ ცხადყო. 3,15 ლარს ვიხდით მოსახლეობა და რეალურად ყველაზე დიდი 1 ლარი უნდა გადავიხადოთ, ეს 1 ლარიც ბევრია, მაგრამ მათაც ხომ უნდა დარჩეთ მოგება, ამიტომ ასე დავიანგარიშოთ.

როგორ გგონიათ რატომ არ უნდა უნდოდეს სახელმწიფოს მხოლოდ ამ საქმის გამო დააკავოს უგულავა, ქელბაქიანი, ახვლედიანი, თუნდაც სააკაშვილი?

- არ ვიცი.

ელიტარული კორუფცია?

- რა თქმა უნდა. მე ის მიკვირს ხალხი რომ არის ჩუმადაა, თორემ სახელმწიფო რომ არაფერს გვიხსნის გასაგებია. ინვესტორს უნდა გავუფრთხილდეთო და ჩვენს ხარჯზე?