სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძისგან ჟურნალისტები საპატიმროებში არსებული ვითარების თავისი თვალით ნახვას კიდევ ერთხელ, ამჯერად უშუალოდ სამინისტროს შენობასთან დაგეგმილი აქციით მოითხოვენ, რადგან გასულ კვირაში სამინისტროში ჩაბარებულ წერილობით თხოვნას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
ერთის მხრივ, სასჯელაღსრულების მინისტრი საჯარო გამოსვლებისას აცხადებს, რომ საპატიმროები ევროსტანდარტების მიხედვითაა აშენებული და მოწყობილი. ასევე, ხათუნა კალმახელიძე ამბობს, რომ პატიმრებთან მოპყრობაც ევროსტანდარტების შესაბამისად ხორციელდება;
მეორეს მხრივ, სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში წერს პატიმრების ცემა-წამების კონკრეტულ ფაქტებზე, არასათანადო სამედიცინო მკურნალობაზე, რაც ევროსტანდარტების მიხედვით წამებას უთანაბრდება. ამასთან, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერები, უფლებადამცველები, ადვოკატები, პატიმრების ოჯახის წევრები პერმანენტულად საუბრობენ პატიმრების ცემა-წამების კონკრეტულ ფაქტებზე, პერიოდულად აქვეყნებენ ციხიდან მიღებულ წერილებს, რომელშიც პატიმრები თავად საუბრობენ მათზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე;
დაგვრთონ ჟურნალისტებს (მათ შორის პრესაგე.ტვ-ს წარმომადგენლებს) საპატიმროების ერთდღიანი დათვალიერება-შემოწმების უფლება და ჩვენი თვალით ვნახავთ და შევიტყობთ კალმახელიძე ცრუობს, თუ სახალხო დამცველი და სხვა უფლებადამცველები იტყუებიან. კალმახელიძის ევროსტანდარტებს იწუნებენ კონკრეტული პატიმრები, თუ ისინი ახლადაშენებულ ციხეებში ცემენტის იატაკზე, ხოჭოებთან და ტარაკნებთან ერთად იხდიან სასჯელს, რასაც დროდადრო ცემა-წამებაც ემატება.
სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა, გასული წლის დეკემბერში წარადგინა ეროვნული პრევენციის მექანიზმის სპეციალური ანგარიში, რომელიც მოიცავს 2010 წლის პირველ ნახევარში სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. მასში აღნიშნულია პატიმრების ცემა-წამების ისეთი კონკრეტული ფაქტები, როგორიცაა ცემა “კარცერებსა“ და საშხაპეებში, საკნის კარზე დაკაკუნებისთვის, ხმამაღლა დალაპარაკებისთვის და სხვა საკანში განთავსებულ პატიმრებთან კონტაქტის დამაყარებისთვის.
ორგანიზაცია “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერს, ეკა ბესელიას ახლახანს სასჯელაღსრულების ქსნის N15 დაწესებულებიდან პატიმრებმა წერილები გამოუგზავნეს, რომელშიც ისინი დეტალურად ჰყვებიან მათზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე; იმაზე, თუ როგორ შევიდნენ (გასული წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს) თითოეულ საკანში ამ საპატიმრო დაწესებულების ახლადდანიშნული დირექტორი, შოთა თოლორდავა და მისი მოადგილე გ. კოხრეიძე სპეცრაზმელებთან ერთად და რეზინის ხელკეტებით როგორ სცემეს პატიმრები; როგორ აჰყავთ ხოლმე პატიმრები საპატიმრო დაწესებულების დირექტორის კაბინეტში და როგორ ურტყამენ მათ; შემდეგ, როგორ შედიან იქ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, როგორ ჰპირდებიან პატიმრებს - ყველაფერი კარგად იქნება, გამოძიება ჩატარდებ, დამნაშავეები დაისჯებიანო - და როგორ რჩება ეს ფუჭ დაპირებად.
ქსნის საპატიმროდან გამოგზავნილ წერილებში აღნიშნულია ისიც, რომ მედპერსონალს არ აქვს ელემენტარული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პატიმრები სამედიცინო გამოკვლევას, ან ოპერაციას მოითხოვენ, ადმინისტრაციის წარმომადგენლები მათ სცემენ და შემდეგ ორი-სამი კვირით სვამენ “კარცერში“.
11 იანვარს, პარლამენტში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პატიმრებს ჯარისკაცებზე უკეთ კვებავენ. ქსნის N15-ე დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილებში კი აღნიშნულია, რომ მათთვის გათვალისწინებული საკვების მესამედსაც არ აძლევენ და რომ საკნები ტარაკნებითა და ხოჭოებითაა სავსე.
ქსნის საპატიმრო დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე შოთა თოლორდავამდე რობერტ არაქელოვი იყო - პატიმრების ცემა-წამებით სახელგანთქმული ადამიანი, რის გამოც იგი არაერთხელ გახდა, როგორც სახალხო დამცველის, ისე - ადვოკატებისა და გარკვეული უფლებადამცველების კრიტიკის ობიექტი. არაქელოვი გასულ წელს გაათავისუფლეს, მაგრამ პატიმრების ცემა-წამებისთვის ის არავის დაუსჯია.
2010 წლის 1 ივნისს რუსთავის N1 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი კორპუსი გაიხსნა. მსჯავრდებულთა გადმოცემით, მათი იქ გადაყვანა და განთავსება ფიზიკური ძალის გამოყენებით მოხდა. ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში და იქვეა მითითებული, რომ პატიმრებმა ამ ფაქტის გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს და კონფიდენციალურობა ითხოვეს; იმ კონკრეტულმა მსჯავრდებულებმა კი, რომლებსაც დაზიანებები ეტყობოდათ, დაზიანების მიზეზად დაასახელეს ლოგინიდან გადმოვარდნა, ფეხბურთის თამაში და ა.შ.
რაც შეეხება წამებასთან გათანაბრებულ არასათანადო მკურნალობას - მაგალითად, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გ.ა. რომელსაც ბარძაყი აქვს მოტეხილი, მაგრამ ოპერაციას არ უკეთებენ; ლ.ნ. ერთი წელი ჰყავდათ საპატიმრო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის შემოდგომაზე სახელმწიფო ექსპერტიზამ დაუდგინა არანებაყოფლობითი მკურნალობა, ხონის ფსიქიატრიულში. ამ ქალბატონის ხონში გადაყვანა მხოლოდ სტრასბურგის საშუალებით მოხდა.
ლ. ნ.-ს სახელმწიფო ექსპერტიზამ 2009 წლის შემოდგომაზე დაუდგინა, რომ საჭიროებდა არანებაყოფლობით მკურნალობას ხონის ფსიქიატრიულში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთი წელი ჰყავდათ გაჩერებული ჩვეულებრივ საპატიმრო დაწესებულებაში. იგი 2010-ში გადაიყვანეს ხონში, ისიც - სტრასბურგიდან მოსული მითითების შემდეგ. ევროსასამართლომ მისივე რეგლამენტის 39-ე მუხლი, დროებითი ღონისძიება გამოიყენა და სახელმწიფოს მიმართა გადეყვანათ პატიმარი.
ქსნის N15-ე დაწესებულებაში ერთ-ერთ პატიმარს დასმული აქვს ასეთი დიაგნოზი - კავერნული ანგიომა. ამასთან, ამ ადამიანს აქვს სიმპტომური ეპილეფსია. ექიმების დასკვნით, მისთვის ოპერაციის გაკეთება სარისკოა, რადგან შეიძლება ვერ გადაიტანოს და საოპერაციო მაგიდაზე დარჩეს. ამიტომ, ისინი ავადმყოფი პატიმრისთვის სხივური თერაპიის გაკეთებას თვლიან მიზანშეწონილად, რასაც არ უკეთებენ.