"რუსებს პირში თითს თუ ჩაუდებთ, მხრამდე მკლავს მოგაჭამენ" - რას ფიქრობენ აფხაზეთში რუსეთზე

"ნიუსვიკი" აფხაზეთის თემაზე ანა ნემცოვას სტატიას "კონკია სახელმწიფო " აქვეყნებს. გთავაზობთ სტატიას: 

"აფხაზეთის რესპუბლიკაში (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც აფსნი, ანუ სულის ქვეყანა) ბევრი გაწბილებულია. გავიდა ხუთი წელი მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს ომმა აფხაზებს დამოუკიდებლობა მოუტანა, მაგრამ მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელამ და კიდევ რამდენიმე მცირე ქვეყანამ თუ ცნო ეს ომებით დატანჯული პატარა რესპუბლიკა შავი ზღვის სანაპიროზე.

უარესიც, თავად მთავარმა ქომაგმა, რუსეთმა დაუკეტა აფხაზებს მათ გვერდით ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების - ზამთრის ოლიმპიადის კარები. შედეგად, აფხაზეთი იქცა კონკია ქვეყანად. მაშინ, როცა მთელი დანარჩენი მსოფლიო ზეიმობს და აღნიშნავს მშვიდობასა და ურთიერთგაგებას სპორტის მეშვეობით, აფხაზები კარს მიღმა დარჩნენ დაუპატიჟებლები. ისინი არ მონაწილეობენ ამ ღონისძიებაში და მათი იქ ყოფნა სასურველი არ არის.

უფრო მეტიც, რუსეთმა არ მისცა აფხაზებს საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ მომგებიან სამშენებლო პროექტებში, რომელთა ფარგლებშიც ოლიმპიადის წინ აშენდა სტადიონები, გასართობი ცენტრები და ოლიმპიური სოფელი. ოლიმპური თამაშების ორგანიზატორებმა აუკრძალეს აფხაზ სპორტსმენებს შეჯიბრში საკუთარი დროშის ქვეშ მონაწილეობა, ხოლო რუსეთმა საზღვრები გადაკეტა. ასე რომ, აფხაზები ვერც თავად თამაშებს დაესწრებიან.

ახლახან აფხაზი ოფიციალური პირებისა და მწვრთნელების ჯგუფმა განიხილა საკითხი, მოესწრებიან თუ არა ისინი იმ დროს, როცა აფხაზეთის დროშა აფრიალდება ოლიმპიური თამაშების ფარგლებში. „რასაკვირველია, არა, - განაცხადა რესპუბლიკის ძიუდოს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი პოღოსოვმა, ხელი გაიშვირა ტატამზე მოასპარეზე ახალგაზრდისაკენ და დაამატა - როგორ ავუხსნა ამ ახალგაზრდას, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთი ქვეყნის დროშით გამოვიდნენ ასპარეზზე?!“

მისი თქმით, მის ძიუდოს გუნდს ეთქვა „სამარცხვინო უარი“ აფხაზეთის წარმომადგენლობაზე რუსეთში, კრასნოდარის რეგიონში გამართული შეჯიბრების ფარგლებში. აფხაზ სპორტსმენებს ისღა დარჩენიათ, დაივიწყონ ეროვნული კუთვნილება და იასპარეზონ, როგორც როსტოვის (რუსეთი) რეგიონული გუნდის წევრებმა.

სპორტი არ არის ერთადერთი სფერო, რომლისგანაც აფხაზეთი გარიყულია, და არც რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. შაზინა ავიძბა (ქვეყნის ახალი მინისტრი სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში) იხსენებს არანაკლებ გამაღიზიანებელ შემთხვევებს. მაგალითად, ივნისში პოლონეთის საკონსულომ უარი უთხრა ბავშვთა ცეკვის ანსამბლს ვიზის მიღებაზე.

სპორტსმენებსა და სპორტის სფეროს ოფიციალურ წარმომადგენლებსაც უარი ეთქვათ შენგენის ვიზებზე, რაც მისცემდა მათ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში თავისუფალი მოძრაობის საშუალებას. „ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ რუსეთის რეგიონები უარყოფენ ჩვენს დროშას“, - განაცხადა მინისტრმა.

აფხაზეთს, როგორც წესი, კარგი ურთიერთობა ჰქონდა კრემლთან. 5000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფები იცავენ რესპუბლიკის საზღვრებს საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ.

რაც შეეხება ბოლო ხუთ წელიწადს, რუსეთმა გააძლიერა აფხაზეთის სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და ინფრასტრუქტურა, რისთვისაც შეწირულობის სახით გაიცა 100 მილიონ დოლარზე მეტი, რაც შეადგენს დაახლოებით 50%-ს იმ თანხისა, რომლის გამოყოფაც თავად რესპუბლიკას შეეძლო.

რესპუბლიკის 240 000-იანი მოსახლეობის უმრავლესობამ შეიძინა რუსეთის პასპორტი და ათასობით აფხაზი რეგულარულად სტუმრობს თავის შეძლებულ მეზობელს, ხოლო დაახლოებით 30 000 აფხაზი კვლავაც სარგებლობს რუსული პენსიებით.  

მიუხედავად ყველაფრისა, კარს მომდგარმა ოლიმპიურმა თამაშებმა სრულიად შეცვალა ურთიერთობა აფხაზეთსა და რუსეთს შორის. და ეს ეხება არა 

მხოლოდ სოხუმს, აფხაზეთის დედაქალაქს. საზღვრის მეორე მხარეს კრემლის გრანდიოზულმა პროექტმა სრულიად შეუცვალა სახე რუსეთის ქალაქ სოჭს.

ერთ დროს ელეგანტური და მშვიდობიანი შავიზღვისპირეთის რივიერა ისტორიას ჩაბარდა. ოლიმპიური პროექტების განხორციელებაზე კერძო და სახელმწიფო ინვესტორებმა დახარჯეს 50 მილიარდ დოლარზე მეტი, რის შედეგადაც ქალაქი სრულიად შეიცვალა. ერთ დროს გადამფრენ ფრინველთათვის განკუთვნილ ჭაობანიან ადგილს დღეს ამშვენებენ რუსეთის დროშის წითელი, თეთრი და ცისფერი ფერებით განათებული შუშისა და ბეტონის ოლიმპიური ნაგებობები. ტურისტებს სთავაზობენ ქალაქის გარშემო განლაგებულ დათოვლილ მწვერვალებზე ასვლას საბაგიროთი. სწრაფლმავალი მატარებელი კი აკავშირებს ოლიმპიურ სოფელსა და სოჭის ცენტრს. გარდა ამისა, ქალაქს აქვს თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტი და რკინიგზის სადგურები.
ქალაქი, რომელშიც 1960 წლებიდან მოყოლებული მილიონობით საერთაშორისო და საბჭოთა ტურისტია შეყვარებული მისი ბოტანიკური ბაღების, ორგანული რძის პროდუქტებისა და უმშვენიერესი მინერალური წყლის საკურორტო სასტუმროების გამო, ამჟამად მოფენილია  დიდი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებით და გრანდიოზული სასტუმროებით, რაც მას შორიდან ამსგავსებს გიგანტურ ნემსებიან უზარმაზარ ზღარბს.

"აქ არაფერია დატოვებული ძველი სოჭიდან. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საყვარელი ისტორიული პატარა ქუჩები და შესახვევები და ჩავანაცვლეთ ისინი უზარმაზარი სამშენებლო ზონებით,  ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ მონუმენტებთან და საკურორტო სასტუმროებთან  ერთად," თქვა ირინა ნიკოლაევნამ, სოჭის არქივის მენეჯერმა.

რამდენიმე ათეული ისტორიკოსი, არქიტექტორი, და მუზეუმის ექსპერტი იბრძვის იმის შესანარჩუნებლად, რაც დარჩა რევოლუციამდელი კერძო სახლებისა და ისტორიული მნიშვნელობის მქონე შემაშინებლად მკაცრი სტალინის დროინდელი ძეგლებიდან. მაგრამ წინაოლიმპიურმა სამეწარმეო და სამშენებლო ციებ-ცხელებამ სრულიად გადაფარა ყველაფერი.

მოსკოვური პრესა მსჯელობს რამდენად ღრმა უნდა ყოფილიყო 30-მეტრიანი ოლიმპიური მაგისტრალი, თუკი მას მოკირწყლავდნენ ხიზილალით, ბეწვის ქურქებითა  ან ლუი ვიუიტონის მოდელებით, რომ გაეთვალისწინებინათ ის გამაოგნებელი $7.2 მლრდ, რომელიც მის მშენებლობაზე დაიხარჯა. ცოტა გასაკვირია, რომ ზოგიერთი ძველი მობინადრე სოჭს "სიძუნწის სამეფოს" ეძახის.

აფხაზები რუსების ერთადერთი საზრუნავი არ არიან. ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორი ხელისუფლების წარმომადგენლები მთელ რიგ შიდა პრობლემებსაც აწყდებიან: ჩრდილო კავკასიიდან ისლამისტი ტერორისტების თავდასხმის საფრთხე, ფართოდ გავრცელებული უკანონობა, და გაბატონებული კორუფცია.

მაგრამ აფხაზეთი სრულიად გარიყეს. აფხაზებს საშუალო ხელფასით - დაახლოებით  80 დოლარი თვეში, ოლიმპიური ობიექტების მშენებლობიდან ფულის გაკეთების მთელი იმედები გაუცრუვდათ. 2010 წელს, რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მომითხრო ოლიმპიური ობიექტებიდან სულ რაღაც 100 მილის დაშორებით მდებარე ქვიშისა და ხრეშის კარიერების შესახებ, რაც ათასობით აფხაზს უზრუნველყოფდა დასაქმების შესაძლებლობით.

მაგრამ ბაღაფშის ოცნებები არ ახდა. "ბიზნესის დღესასწაულმა ჩვენ გვერდი აგვიარა," - თქვა მან. "ჩვენ ვერაფერი ვიხეირეთ ოლიმპიური პროექტებიდან," განაცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა  კრისტიან ბჟანიამ, რითაც ნათლად გამოხატა აფხაზების განაწყენება რუსებზე ზედმეტად  მკაცრი და უხეში მოპყრობის გამო.

ისინი იბრძვიან, რომ გაიგონ, რატომ არ დაპატიჟა რუსეთმა ოლიმპიურ ნამცხვარზე. ხომ არ გამოიწვია რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის - დმიტრი ვიშერნევისა და მისი მეუღლის მკვლელობამ მათი ურთიერთობის გაციება?

"არა, დიპლომატების მკვლელობები აქ არაფერ შუაშია," - განაცხადა საზოგადოებრივი პალატის წევრმა, სერგეი მარკოვმა. "ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, გავჩუმდეთ აფხაზეთის მძიმე მდგომარეობის შესახებ და არ გავაპროტესტოთ ჩვენს მიმართ რუსეთის დამოკიდებულება,  რამდენადაც  სოჭის ლიმპიური თამაშების ბოიკოტი ( ჰომოსექსუალებთან რუსეთის დამოკიდებულების საფუძველზე) ჯერ კიდევ ზოგიერთი ქვეყნისათვის დღის წესრიგში დგას."

მარკოვი ფიქრობს, რომ თამაშების დასრულების შემდეგ, ყველაფერი შეიცვლება აფხაზეთისთვის. "რუსეთი მოხსნის აფხაზეთის საზღვრების კონტროლს - რასაკვირველია, თუკი დანარჩენ კავკასიაში უბედურება არ მოხდება."

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის უამრავი შენობა  უკვე 20 წელზე მეტია დანგრეულია, ბევრი აფხაზი მოუთმენლად აღარ ელის  მდიდარი, სავსე საფულიანი რუსი ინვესტორების მოზღვავებას და მის საზღვრებიდან შემოდინებას საკუთარი  განვითარება-გაფართოების შესაძლებლობების ძიებაში. მკაცრი ადგილობრივი კანონები იცავენ ისტორიულ ძეგლებსა და უძრავ ქონებას უცხოელი მყიდველების მიერ მისი დატაცებისაგან.

"რუსებთან სიფრთხილე გმართებთ," - აგვიხსნა ერთ-ერთმა აფხაზმა. "პირში თითს თუ ჩაუდებთ, მხრამდე მკლავს მოგაჭამენ." ეს საერთო რეფრენია.

იგემა რა რუსეთის მხრიდან  დათვური ჩახუტება, ძველი ბერძნების, რომაელების, ოსმალეთის, საბჭოთა რუსებისა და ქართველების  საყვარელი  აფხაზეთი, ამჯობინებდა როგორც საკუთარი დამოუკიდებლობის, ისე  მისი სულის შენარჩუნებას", - წერს ანა ნემცოვა სტატიაში.

მომზადებულია newsweek.com-ის მიხედვით.