„ნავთლუღის“ სპეცოპერაციის სკანდალური დეტალები

„ნავთლუღის“ სპეცოპერაციის სკანდალური დეტალები

რუსთავის 1-ელი დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად, პატიმრების წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩანა ახალაია და მე-7 საპყრობილის ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება. ბრალდებულების ახალაიას და ქარდავას მიმართ გამოძიება გრძელდება სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პარალელურად, გამოძიება გრძელდება „ნავთლუღის“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე, 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებების დასადგენად, რასაც შედეგად მოჰყვა სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია.

გამოძიებით დგინდება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 1-ელ დაწესებულების პატიმარმა გია გორგაძემ დაწესებულების დირექტორს აცნობა, რომ ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო შეთავაზება ციხიდან გაქცევაზე და მზადყოფნა გამოთქვა ეთანამშრომლა ციხის ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე გორგაძეს ციხეში უშუალოდ შეხვდა ბაჩანა ახალაია და შეუთანხმდა, რომ ციხიდან შესაძლო გაქცევის მომზადების აღკვეთაში მას დაეხმარებოდა გია გორგაძის ძმა შოთა გორგაძე. ახალაიას დავალებით გორგაძემ ციხიდან დაურეკა თავის ძმას, რომელიც მეგობრებთან რომან სურმანიძესთან და მარად ართმელიძესთან ერთად, იმყოფებოდა წალკაში ნათესავის ნათლობაში. ძმის თხოვნით შოთა გორგაძე თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. 

2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, მისი მაშინდელი დირექტორის დათა ახალაიას ხელმძღვანელობით დაიგეგმა და ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო გარემოებებში ლიკვიდირებული იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმრის გია გორგაძის ძმა - 1988 წელს დაბადებული შოთა (მურად) გორგაძე და მისი მეგობრები - 1985 წელს დაბადებული რომან სურმანიძე და 1983 წელს დაბადებული მარად ართმელაძე, რომლებიც თითქოსდა პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, გეგმავდნენ რუსთავის N1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას. სპეცოპერაციის შემდგომ კი გორგაძეს მის მობილურ ტელეფონზე ციხეში დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ძმა მათ მიერ იყო მოკლული და მიდიოდნენ ციხეში, რომ გორგაძისთვისაც მიეხედათ.

გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, სპეცრაზმის თანამშრომლების თანხლებით ბაჩანა ახალია და მეგის ქარდავა მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში, სადაც ახალაიას ბრძანებით, პატიმრები - გია გორგაძე, დავით ლექვთაძე, ვალერიან პაპავა, მიხეილ მანდარია, მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი ეზოში გაიყვანეს. ახალაიამ და ქარდავამ პატიმრების ეზოში გაყვანისთანავე დაიწყეს მათი უმოწყალოდ ცემა, ასევე მათი მითითებით პატიმრებს ცემა დაუწყეს სპეცრაზმის თანამშრომლებმაც.

ძირს დაყრილი პატიმრების ცემისას იყენებდნენ ხელკეტებს, ურტყამდნენ მათ ხელთარსებულ ავტომატის კონდახებს. ცემისას პატიმრებს თხოვდნენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას და ხაზს უსვამდნენ, რომ მათი ცემა ხდებოდა დასჯის მიზნით. მათ მიერ ნაცემი თითოეული პატიმარი გაატარეს სპეცრაზმელების მიერ გაკეთებულ ე.წ. „კორიდორში“, სადაც გაგრძელდა მათი უმოწყალო ცემა როგორც ხელ-ფეხით, ისე ხელკეტებით.

მათი წამება ამით არ დასრულებულა. დაწესებულების ეზოში ხსენებული პატიმრების ცემის შემდეგ, მათ ბაჩო ახალაიას მითითებით გაახდევინეს ტანსაცმელი და უბრძანეს ასულიყვნენ საბადრაგო ავტომანქანაში. ექვსივე პატიმარი ავტომანქანით გაიყვანეს დაწესებულების ტერიტორიის გარეთ. დაწესებულებიდან გაყვანისთანავე გააჩერეს ავტომანქანა და გაშიშვლებული პატიმრებს კვლავ უბრძანეს მანქანიდან ძირს ჩასვლა. ასეთ მდგომარეობაში ისინი ახალაიას მითითებით დააყენეს ჯერ N1 დაწესებულების კედელთან, ხოლო შემდეგ კი დააწვინეს მიწაზე თოვლში და ტალახში. მათ თავზე ადგნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბაჩო ახალაიას ბრძანებით აგრძელებდნენ მათ ცემას.

გამოძიებით დადგენილია, რომ ყოველგვარი იურიდილი საფუძვლების გარეშე ახალაიამ უკანონოდ გასცა განკარგულება პატიმრების გორგაძის, ლექვთაძის, პაპავას, მანდარიას, ბეჭვაიას და მესხის სასჯელაღსრულების დაწესებულეიბუს N1 დაწესებულებასთან შედარებით უფრო მკაცრი რეჟიმის მე-7 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ იქნა მოყვანილი სისრულეში. 
მე-7 დაწესებულებაში შეყვანისას, პატიმრებს, სპეცრაზმის წევრებთან ერთად, კვლავ დახვდნენ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა. სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად ამავე დაწესებულების დერეფანშივე გააგრძელეს ექვსივე პატიმრის უმოწყალოდ ცემა ხელკეტების გამოყენებით და კვლავ თხოვნდენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას.

რის შემდეგაც ისინი შეასახლეს საკნებში.

პატიმრების წამება გაგრძელდა აღნიშნულის შემდეგაც, ისინი სათითაოდ გაყავდათ საკნიდან ცალკე ოთახში, სადაც თითოეული მათგანისგან წამების შედეგად მოითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიღებას ციხიდან გაქცევის მომზადების შესახებ. პატიმრების წამება, საერთო ჯამში, გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც, მიუხედავად მიღებული სხეულის დაზიანებებისა, ყველა პატიმარი ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე შეასახლეს საკნებში.

„ნავთლუღის“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე უმოწყალოდ ჩახოცილი ახალგაზრდები მაშინ საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს. ოფიციალური ვერსიით, რუსთავის N1 დაწესებულებაზე თავდასხმას და პატიმრების გაქცევის მოწყობას გეგმავდნენ, რის შესახებაც კუდ-ში შეტყობინება შევიდა. ამის საფუძველზე კი ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ბიჭებს 10-11 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, კუდ-ის შენობიოდან სკანდალური ვიდეომასალამ გამოჟონა, ვიდეომასალიდან ჩანს, რომ სპეცოპერაციის ადგილზე ავტომატიანი დათა ახალაია გურამ დონაძეს ელაპარაკება. ახალაია კმაყოფილი და ღიმილიანი სახით ხსნის ავტომატს და დაბლა უშვერს, გურამ დონაძე გვერდზე ხტება.

სამივე ლიკვიდირებული ახალგაზრდა აჭარიდანაა, ორი ხულოს, ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. რომანი და მარად ართმელაძე თანაკურსელები იყვნენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდნენ, პარალელურად კი, თურქეთში მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ. თურქეთში მათთან ერთად მუშაობდა შოთა (მურად) გორგაძეც. რომანი მეგობრებთან და მამასთან ერთად საქართველოში საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს დაბრუნდა. 15 იანვრისთვის კი ისევ თურქეთში უნდა წასულიყვნენ. 

ამ სპეცოპერაციას ჰყავს თვითმხილველები. ერთ-ერთმა თვითმხილველმა გარდაცვლილის მამას, ოთარ სურმანიძეს უთხრა, რომ სამივე მოკლული მუხლებზე დაჩოქილი და თავზე ხელებშემოდებული ეხვეწებოდა პოლიციელებს არ ესროლათ. მის შვილს მუხლში ნასროლი ტყვია ფეხის გულში ჰქონდა გასული. რაც ადასტურებს იმას, რომ მათ დაჩოქილებს ესროლეს.

კომპლექსური კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ერთ-ერთი გარდაცვლილის ტანსაცმლის გამოკვლევისას დადგინდა, რომ სროლა ნაწარმოებია მიბჯენით, ხოლო დანარჩენი დაზიანებები მიყენებულია 1-1,5 მეტრის მანძილიდან. ექსპერტიზის დაკვნის მიხედვით, სამივე გარდაცვლილს ტყვიები მოხვედრილი აქვთ უკნიდან.

ყველა მათგანის ჭრილობების მიხედვით დაზიანების ტრაექტორია არის ზემოდან-ქვევით მიმართული. მაშინ, როდესაც შსს-ს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებების მიხედვით, ზოგიერთი მათგანი სროლას აწარმოებდა დაწოლილ მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში კი ჭრილობების არხის მიმართულება უნდა იყოს პირიქით, ქვემოდან-ზემოთ.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებია. აღსანიშნავია, რომ წინასწარი გამოძიება არც ამ შემთხვევაში დაინტერესებულა, ვინ მიერ ნასროლი ტყვიით, კუდ-ის რომელი თანამშრომლის იარაღით იქნენ მოკლული ეს ახალგაზრდები.

„თუ რუსთავის ციხეზე გეგმავდნენ თავდასხმას, სამგორში რა უნდოდათ? ისინი წალკიდან მოდიოდნენ. ეგეც არ იყოს, სამივე ჩემთან ერთად, მაისიდან დეკემბრამდე, თურქეთში მუშაობდა. მე სხვა ვერსია არ მაქვს, ამ ბიჭების მოკვლა ახალაიებს დასჭირდათ. სამი კაცი თუნდაც შეიარაღებული რომ ყოფილიყო, ისნის მეტროდან რუსთავის ციხეს აიღებდნენ?

თუ დამნაშავე იყვნენ არ ჯობდა რომელიმე ცოცხალი აეყვანათ, მაგრამ ლიკვიდაცია არჩიეს იმიტომ, რომ სიმართლე არ დადგენილიყო. ყველამ ვიცით, რაც მოხდა და რასთან გვქონდა საქმე. თუ ჩემი შვილი შეიარაღებული ციხეზე აპირებდა თავდასხმას, მაშინ ოჯახში რატომ არ მოვიდნენ და არ ჩაატარეს ჩხრეკა, იქნებადა კიდევ მქონდა ავტომატები და კიდევ ვაპირებდი შეიარაღებული ხალხის გამოგზავნას, რატომ არ ნახეს?

მორგში ვნახე ჩემი შვილის ცხედარი, სუდარა ჰქონდა გადაფარებული. მითხრეს, ბიჭებმა ცეცხლი გახსნეს, ამიტომ გახდა საჭირო მათი ლიკვიდაციაო. ვერ დავიჯერე. ჯერ ერთი, ბიჭებს ტყავის მოკლე ქურთუკები ეცვათ, იმხელა ავტომატებს, რასაც გამოძიება მიუთითებდა, ვერაფრით დამალავდნენ. თუ ბიჭებმა ცეცხლი გახსნეს, ნუთუ არავინ დაზარალდა?! იქვე ვთქვი, თუკი ვინმეა ჩემი შვილის ნასროლი ტყვიით დაჭრილი, მანახეთ, მოვუვლი-მეთქი, მაგრამ იქ დაზარალებული მხოლოდ ჩაცხრილულთა ოჯახის წევრები ვიყავით.

გადმოვაბრუნე ჩემი ბიჭის ცხედარი და რომანის ხელებს რომ დავხედე, ავტირდი, თურქეთში დადიოდა სამუშაოდ, თავი რომ ერჩინა, ჩაის კრეფდა. ოფიციალური ვერსიით კი ეს სამი ბიჭი ბოლო სამი თვის განმავლობაში ციხეს ემსახურებოდა, სადაც თურმე შეისწავლეს სიტუაცია და რუსთავის N1 დაწესებულებაზე თავდასხმა დაგეგმეს. არადა, ჩემი შვილი 20 დეკემბრამდე თურქეთში იყო, ამას ადასტურებს საბაჟოს გადმოკვეთისას მის პასპორტში ჩარტყმული ბეჭედიც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შოთა სურმანიძის მამა, რომან სურმანიძე.

მისივე თქმით, თბილისში შვილის ცხედარის გადასვენებლად მომავალს, ტელეფონზე დაფარული ნომრით დაურეკეს და დაემუქრნენ, რომ თუ ოჯახის წვერების სიცოცხლე გაწუხებს, ოჯახიდან არ გახვიდე, არაა ეს საქმე მოსაკითხიო. მოკლული სურმანიძის და, ნანა სურმანიძე კი დათა ახალაიას და გურამ დონაძის დასჯას ითხოვს.

„საკონტროლო გასროლა განახორცხიელა დათა ახალაიამ, იქ იმყოფებოდა შსს-ს პრეს-ცენტრის უფროსი გურამ დონაძეც და ეს კადრი ნახა ყველამ ტელევიზიით. ჩემი ძმა არ იყო მკვლელი, არ იყო ქურდი, იყო ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანი, რომელიც პირველად იყო თბილისში. ექსპერტიზა ამბობს, რომ საკონტროლო გასროლა განხორციელდა, დაჩოქილი ბავშვები მოკლეს. ჩემს ძმას შუბლზე ახლო მანძილიდან ჰქონდა ნასროლი საკონტროლო.

ჩემი ძმის ტანსაცმელიც არ გამოგვატანეს, ექსპერტიზისთვის არის საჭიროო და ამ დროს, ექსპერტიზა მათ არ ჩაუტარებით, იმიტომ, რომ ყველაფერი ნათელი იყო, ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო. დიახ, უნდა დაისაჯოს დათა ახალაია და არა მარტო ჩემი ძმის მკვლელობისთვის, არამედ ძალიან ბევრი ადამაინის წამება და მკვლელობა აწევს კისერზე და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს“, - განმარტავს for.ge-სთან საუბრისას ნანა სურმანიძე.

ჩვენ დავუკავშირდით, მოკლული მურად გორგაძის ძმა, გია გიორგაძეს, თუმცა მასთან საუბარი იმ მოტივით ვერ შევძელით, რომ ამ დრომდე თურქეთში იმყოფოფება სამუშაოდ.

ბრალდებულ, ბაჩო ახალაიას ადვოკატი ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენებას თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. როგორც გოგა ონიანი აცხადებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ხელისუფლებაში ბაჩო ახალაიას მიმართ შიში იმდენად დიდია, რომ მას ბრალს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უყენებენ. 
„ეს არის აბსურდი. პოლიტიკური პროცესი, რაც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებას. ხელისუფლებას იმდენად ეშინია ბაჩო ახალაიას, რომ მას ბრალს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უყენებენ“, - განაცხადა გოგა ონიანმა.

პროკურატურის ბრალდებას „ქართული ოცნების“ უნიჭოდ დადგმული მასკარადის გაგრძელებას უწოდებს ბაჩო ახალაია.

„ხელისუფლება არაკომპეტენტური, არამდგრადი, უხერხემლო პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით აგრძელებს უნიჭოდ დადგმულ მასკარადს. როგორც მოსალოდნელი იყო გრძელდება ბრალდების ოდისეა ჩემს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი სასაცილოა და ამავე დროს სატირალიც - საქართველოს ხელისუფლებამ დაიმკვიდრა არა საქმის მკეთებლის, არა ქვეყნისათვის მზრუნველი გუნდის სახელი, არამედ არაკვალიფიციური, ისტერიული, მატყუარა, მტრის რიტორიკის გამზიარებელი და ჯაშუშების მფარველ ადამიანთა ჯგუფის სახელი.

მათი „კრეატიული“ გონება მოსახლეობის კეთილდღეობას კი არ ემსახურება, არამედ ოპონენტების შევიწროებას, ძალადობას, ფაქტების გაყალბებას და ადამიანების ტრაგედიის გამოყენებას საკუთარი არაჯანსაღი პოლიტიკური მიზნებისათვის. მით უმეტეს, რომ ამ მიზნებს მოძალადე ბედუკაძის, ფარცხალაძისმაგვარი კრიმინალი და ყაჩაღი სახელმწიფო ჩინოვნიკების, ან მათი მარიონეტების მეშვეობით ახორციელებს“, - აცხადებს ბაჩო ახალაია.