მიშას მემკვიდრეობა

მიშას მემკვიდრეობა

ანუ პოლიტიკური რომანტიზმის დასასრული საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი გმირულ-რომანტიკულ ჟანრს განეკუთვნება. ეს ეხება არა მხოლოდ სტილს, რომელიც ბოლომდე ვარდების რევოლუციის ესთეტიკამ განსაზღვრა, არამედ პოლიტიკური ქმედების შინაარსსაც, რომელიც დიდი იდეებით და მიზნებით იყო შთაგონებული. კი, მასობრივი პიარის დონეზე საკმაოდ პროზაული რამეები გვესმოდა: როგორ შემოიყვანა მთავრობამ ჯერ ყვითელი ავტობუსები, მერე კი ტრაქტორები, გაზარდა პენსიები და ა.შ. მაგრამ პოლიტიკის საერთო პათოსს ახალი, სრულიად სხვა ტიპის ქვეყნის შექმნა შეადგენდა.

ის შედეგიანი აღმოჩნდა: რაც გინდა ვთვალოთ ამ მმართველობასთან დაკავშირებული შეცდომები, გადაცდომები და წარუმატებლობები (საკმარისზე მეტი, თუმცა ოპონენტთაგან მრავალგზის გაზვიადებული), სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც ახალი, თვისობრივად სხვა საქართველოს შემქმნელი.

„ოცნება" და ოცნება

ვარდების რევოლუციის მომხრეებიდან ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სააკაშვილის საჯარო კრიტიკა დაიწყო. მაშინ მოვითხოვდი, მთავრობას „დაემთავრებინა რევოლუცია", ანუ ორდინარული, პროცედურული პოლიტიკის კალაპოტში დაბრუნებულიყო. დემოკრატია ხომ სწორედ ამას ნიშნავს. ჩემი მეგობრები იმდროინდელ ხელისუფლებაში ამას გაგებით არ მოკიდებიან. 2003 წლის 23 ნოემბერი მხოლოდ დასაწყისი იყო, ნამდვილი რევოლუცია მერე დაიწყო. 2007 წლისთვის ძირითადი, კარდინალური ცვლილებების პერიოდი დასრულდა, თუმცა სააკაშვილი ამას ბოლომდე ვერ შეეგუა და რევოლუციური რიტორიკის და სტილის ერთგული დარჩა.

ეს ერთდროულად მისი ძალაც იყო და სისუსტეც. კონვენციური სიბრძნე გვთხოვს, პოლიტიკოსის ქმედებათა „ობიექტური" შეფასებისას ორი სვეტი ჩამოვწეროთ: მარცხენაში პლუსები შევიტანოთ (მაგალითად – კორუფციის რადიკალური შემცირება), მარჯვენაში კი – მინუსები (ციხეში ადამიანების წამება), მერე კი გამოვითვალოთ, ბალანსი პოზიტიური გამოვიდა თუ ნეგატიური. ასეთი მიდგომაც აზრიანია, მაგრამ მთავარი შეიძლება გამოგვრჩეს. შეუძლებელია, სააკაშვილს შეცდომები თუ მანკიერებები ჩამოაფხიკო და კარგი, საყვარელი მიშა დაიტოვო. მაგრამ ასევე წარმოუდგენელია, მას მიეღწია იმისთვის, რასაც მიაღწია, ოღონდ თანამედროვე ჰოლანდიელი პრემიერმინისტრის შესაფერისი მეთოდებით.

ბედის ირონიაა, რომ სააკაშვილის გამომდევნელ პოლიტიკურ ჯგუფს „ოცნება" ჰქვია. ამ უკანასკნელის ოპონენტებს – მათ შორის, ამ სტრიქონების ავტორს – ბევრჯერ გაუბიაბრუებიათ ეს მოძრაობა ამ სახელის გამო, რადგან ის არარეალისტური სიკეთეების პასიურ მოლოდინს უკავშირდება. სწორიც იყო – ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად იმუშავა ასეთი მოლოდინების გაღვივებაზე. მაგრამ სიტყვა „ოცნებას" პოლიტიკაში შეიძლება პოზიტიური შინაარსიც ჰქონდეს: რეალობის გარდაქმნის თამამი და ამბიციური ხედვა, როგორც მარტინ ლუთერ კინგის ცნობილ გამოსვლაში „I have a dream".

სიტუაციის ირონიულობა იმაშია, რომ ასეთ ხედვაზე სწორედ სააკაშვილის პოლიტიკა იყო დამყარებული, ხოლო მისი მემკვიდრეები და ოპონენტები საპირისპირო პარადიგმაში მუშაობენ. „ოცნების" მითოლოგემა უბრალო ანუ „ბნელ" ხალხზე გათვლილ (ვაღიაროთ, რომ კარგად გათვლილ) წინასაარჩევნო პიარად დარჩა: არც ციური მანანა და არც ლარით გაიაფებული ბენზინი, „აღდგენილ ღირსებაზე" რომ არაფერი ვთქვათ, ხალხს არ მიუღია. მაგრამ რა მოხდა მერე? რეალურ და მთავარ მიღწევად „ოცნების" ინტელექტუალი იდეოლოგები და მომხრეები პოლიტიკის გაორდინარულებას, დერომანტიზაციას, „მიწაზე დაშვებას" მიიჩნევენ.

მოსვლიდან ერთი წლის თავზე გადადგომა ბიძინა ივანიშვილმა იმით გაამართლა, რომ ქვეყანას აღარ სჭირდება „მესიები", ის ჩვეულებრივმა ადამიანებმა უნდა მართონ. ის უნდა ყოფილიყო ბოლო მესია, ვის შემდეგაც ქართულ პოლიტიკაში მესიების ადგილი აღარ დარჩება. რამდენად მივიღებთ ამ გრძელვადიან შედეგს, საკითხავია (მე სკეპტიკურ პოზიციას შევინარჩუნებ), მაგრამ ამ მომენტისთვის ივანიშვილმა ნამდვილად განდევნა ვიზიონერი პოლიტიკოსი იმისთვის, რომ ქვეყნის მართვა თავისი მართლაც ორდინარული თანაშემწეებისთვის გადაელოცა. „ოცნება" იმაშია, რომ ოცნება – ანუ თამამ ხედვაზე აგებული პოლიტიკა – აღარ გვქონდეს.

თუმცა, შესაძლოა, სინამდვილეში ივანიშვილს კიდევ უფრო ეზოთერული პოლიტიკური პროექტი ამოძრავებდეს: დიადი ხედვა არსებობს, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოებაში გადაბარგებული „მაყურებელი" მესიის თავში. ეს უკვე სხვა განხილვის საგანია.

რატომ გმირული და რომანტიკული?

სააკაშვილმა მმართველობა დაიწყო იმით, რომ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საკუთარ თავს ძეგლი დაუდგა. წმინდა გიორგის ქანდაკებამ გვითხრა, თუ როგორი იქნებოდა მისი პოლიტიკა. ესთეტმა კრიტიკოსებმა ზურაბ წერეთლის ნაწარმოებს „კიჩურობა" დაუწუნეს; უნდა ვაღიარო, რომ მხატვრული თვალსაზრისით არც მე ვარ მისი თაყვანისმცემელი. მაგრამ აქ სიმბოლიკა მაინტერესებს: სააკაშვილისთვის პოლიტიკა გველეშაპთან ბრძოლაა.

ველეშაპში შეიძლება სხვადასხვა რამ ვიგულისხმოთ: „კორუფცია", „რუსული იმპერიალიზმი", „სიღარიბე", „ქურდული მენტალიტეტი". ნებისმიერ შემთხვევაში, ბრძოლა საჭიროებს ღირებულებით სიცხადეს (ერთმანეთს კეთილი და ბოროტი ეჯახება) და გმირულ ძალისხმევას: ამიტომაა ასეთი პოლიტიკა „გმირულ-რომანტიკული".

ეს არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი ამავე დროს პრაგმატული, მოქნილი და რაციონალური პოლიტიკოსი იყო: სხვანაირად, ის ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა და იქ ცხრა წელი ვერ დარჩებოდა. მისი მანევრები ხშირად მომხრეებსაც აღიზიანებდა: მაგალითად, რევერანსები ეკლესიის მიმართ, რომელიც მის ძირითად იდეურ ოპონენტად დარჩა, ბოლოს კი სერიოზული (ზოგის აზრით, გადამწყვეტი) დარტყმა მიაყენა. მაგრამ ეს მანევრები მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის მწველი სურვილით არ იყო ნაკარნახევი – თუმცა სააკაშვილს, როგორც მოწოდებით პოლიტიკოსს, ხელისუფლებისაკენ სწრაფვა პირველადი ინსტინქტის დონეზე ჰქონდა განვითარებული. მას არ დაუკარგავს იმ მიზნის თუ მიზნების ხედვა, რაც სათავეში ყოფნას აზრს აძლევს.

მიშას ოცნება

მაინც რა იყო ეს ხედვა თუ ოცნება? „საქართველო კორუფციის გარეშე"? „საქართველო სიღარიბის გარეშე"? საქართველო NATO-სა და ევროკავშირში? საქართველო, როგორც სინგაპურისა და შვეიცარიის ნაჯვარი?

ადვილია თქვა: ყველაფერი ეს ერთად. სწორიც იქნება. როგორც გამოცდილი თანამედროვე პოლიტიკოსი, რომელმაც კარგად იცის, როგორ ელაპარაკოს გინდა „უბრალო ხალხს" და გინდა ვაშინგტონის „think tank"-ების (ანალიტიკური ცენტრების) აუდიტორიას, მიშასაც არასოდეს გასჭირვებია, რამდენიმე „ბულეტ-პოინტი" ჩამოეყარა თავისი პოლიტიკური ხედვის აღსაწერად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოდესმე ჰქონია საქართველოს გარდაქმნის მწყობრი კონცეფცია ან მრავალწლიანი სამოქმედო გეგმები – მას და მის კოლეგებს ხშირად აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ ამგვარი დოკუმენტების წერას დროის კარგვად თვლიდნენ. ხედვა არსებობდა ზოგადი და რამდენადმე ბუნდოვანი იდეის დონეზე, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ პროექტებში ხორციელდებოდა.

ღერძულ იდეად მე თავად დამოუკიდებელი პოლიტიკის ქონას მივიჩნევდი. „კორუფცია", „პრორუსულობა", „ქურდული მენტალიტეტი" სხვადასხვა სახელებია იმ ბოროტებისა, რისი დამარცხებაც ამ პოლიტიკურ გუნდს თავის მისიად მიაჩნდა. მაგრამ იმავე კორუფციის პრობლემის ძირია არა მექრთამე მოხელეები ან პოლიციელები, არამედ წარმოდგენა, რომ კორუფცია ნორმალური, ენდემურია საქართველოსთვის, რომ ქართველებს, შვეიცარიელების ან ფინელებისგან განსხვავებით, ის გენეტურად მოსდგამთ, ხოლო მასთან ბრძოლა ან გულუბრყვილო დონ-კიხოტობაა, ან ცინიკური პიარი. ასე ფიქრობდნენ ის ადამიანებიც, ვინც თვითონ კორუფციულ პრაქტიკებში გაუსვრელობას ახერხებდა: ეს მათ მორალურ ასკეტიზმს ფასს უმაღლებდა. ამავე პარადიგმის გამოხატულებაა მითოლოგემა მიშასდროინდელ „ელიტურ კორუფციაზე": შეუძლებელია, მთავრობას ფულის მოპარვა არ უნდოდეს, ამიტომ მასობრივი კორუფცია მხოლოდ იმისთვის აილაგმა, რომ ელიტური კორუფცია კიდევ უფრო აყვავებულიყო.

თავის მხრივ, ეს ხედვა ემყარება იმ წარმოდგენას, რომ ქართველებს არ შეუძლიათ თვითონ შექმნან სახელმწიფო, ააგონ საკუთარი წესრიგი: მათ მხოლოდ იმის უნარი აქვთ, სხვის შექმნილ წესრიგში იპარაზიტონ (სამაგიეროდ, ეს რა კარგად გამოსდით!). სხვადასხვა იმპერიაში ცხოვრების მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ ბუნებრივად ჩამოაყალიბა ეს სინდრომი, თუმცა ის განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში აყვავდა. ქართული სოციალური კონსერვატიზმი (მათ შორის კვაზირელიგიურიც), საბოლოო ჯამში, „ტკბილ" საბჭოთა პარაზიტიზმზე ნოსტალგიით საზრდოობს.

„მიშას ოცნების" ძირითადი შინაარსი ამ სინდრომის გარდატეხა იყო. საქართველო ისტორიის ობიექტიდან ისტორიის სუბიექტად უნდა ქცეულიყო, როდესაც ის თვითონ ადგენს თავის წესრიგს და არჩევს თავის მიზნებს და მათი მიღწევის გზებს.

ეს არსებითად იგივეა, რაც „პროდასავლურობა", რადგან სწორედ დასავლური იდეაა, საკუთარი ბედის განმგებელი იყო. მხოლოდ დასავლური წესრიგის ფარგლებშია შესაძლებელი, პატარა ქვეყანა რაღაც ზომით მაინც დამოუკიდებელი მოთამაშე იყოს; ამიტომაა, რომ რუსებს ან რუსულად მოაზროვნე ქართველებს თვით ეს აზრი არ ესმით: როგორ შეიძლება, პატარა საქართველო ვიღაცის პოლიტიკური ხარჭა არ იყოს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიშას ოცნება იყო არა პროდასავლური, არამედ დასავლური საქართველო. პროდასავლურობა შეიძლება გულისხმობდეს ისევ პარაზიტობას, ოღონდ უფრო მდიდარი და ძლიერი ბატონის ხელში. ამ იდეის სიმბოლო იყო ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ედუარდ შევარდნაძის ეპოქის სეფე-პროექტი. მისი აშენება უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელი მიღწევაა, მაგრამ ეს წამოწყება, ისევე როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის იდეა, პატარა პარაზიტი ქვეყნის იდეალში ჯდება: ტერიტორიის შეთავაზებით მან თანამედროვეობის ყველაზე ძლიერ ერს, ამერიკას, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის ვალდებულება შეუქმნა. საქართველოს მიეცა შანსი, თავისი სხეულით ევაჭრა. პატარა სუსტი ქვეყნისთვის ეს შეიძლება სრულიად ლეგიტიმური სტრატეგია იყოს. მაგრამ მიშამ მეტი მოინდომა.

რეალურად რას ნიშნავს „დასავლური ქვეყანა"? მიშას ოცნების შინაარსი შეგვიძლია დავიყვანოთ პრინციპზე: საქართველო გახდეს „ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა". ოღონდ ეს პროზაული „ნორმალურობა" წინააღმდეგობაში მოდის სააკაშვილის გმირულ-რომანტიკულ სტილთან და მეთოდებთან. ალბათ, ეს მისი პოლიტიკის მთავარი წინააღმდეგობა იყო.

რომანტიზმი და დემოკრატია

რომანტიკოსები დემოკრატები ნაკლებად არიან. რომანტიზმი ორიენტირებულია მაღალ იდეალებზე, რომლებიც განსაკუთრებული, სხვებზე ამაღლებული ადამიანების თავებში არსებობს. დემოკრატიული პოლიტიკა კი (დემოკრატიისთვის ბრძოლისგან განსხვავებით) ამის საპირისპიროა: ის უკავშირდება მუდმივ ვაჭრობას, ათასნაირი მიწიერი ჯგუფური ინტერესის შეხამებას, ცინიკურ წინასაარჩევნო პიარს, თანამშრომლობას ადამიანებთან, ვისთანაც არაფერი გინდა საერთო გქონდეს და ა.შ. მდაბიო მოწინააღმდეგეები კი დემოკრატიულ პროცედურებს შენი მაღალი იდეალებით ნაკარნახევი მიზნების წინააღმდეგ იყენებენ.

ამიტომ ტრანსფორმაციული ლიდერები, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ძირფესვიან გარდაქმნას ესწრაფვიან და არა მხოლოდ ცალკეული პრობლემების გადაწყვეტას, იშვიათად არიან მოწოდებით დემოკრატები. ბევრი მათგანი აშკარა ავტოკრატია, მაგრამ სხვები ახერხებენ, მეტ-ნაკლებად მოთავსდნენ დემოკრატიული სისტემების ჩარჩოებში. გენერალი შარლ დე გოლი ერთობ ავტორიტარული პიროვნება იყო, მაგრამ სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საფრანგეთში ყველაზე სტაბილურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ათათურქს დემოკრატს ვერანაირად უწოდებ, თუმცა დემოკრატიული ინსტიტუტების ჩანასახი თავისი ქვეყნის ისტორიაში პირველმა მან შექმნა.

მიხეილ სააკაშვილს დემოკრატი ლიდერის ინსტინქტები და ტემპერამენტი არ ჰქონია. მისი ხედვით, განათლებული და მიზანდასახული ადამიანების მცირე რაზმს ქვეყანა ჭაობიდან სამშვიდობოს უნდა გაეყვანა. აქედან მოდიოდა ქედმაღალი დამოკიდებულება ოპონენტების და საზოგადოების დიდი ნაწილის მიმართ, რასაც ეს უკანასკნელნი განსაკუთრებული სიძულვილით პასუხობდნენ. მაგრამ სააკაშვილს ისიც კარგად ესმოდა, რომ მისი „აღთქმული მიწა" პროზაული პროცედურული დემოკრატიაა. ამიტომ მუდამ ცდილობდა საკუთარი ავტორიტარული ინსტინქტების დემოკრატიულ ჩარჩოებში ჩაყენებას, თუმცა ქვეყნის შიგნით გამაწონასწორებელი ძალები ნაკლებად ჰქონდა. მიღებული „ჰიბრიდის" ბუნებაზე კიდევ დიდხანს ვიკამათებთ. მე მას ორი თეზისით შევაჯამებ: თავისი მოდერნიზაციული რეფორმებით სააკაშვილმა შექმნა ახალი რეალობა, რომელმაც საფუძველი მოუმზადა დემოკრატიის უფრო მაღალ ხარისხზე ფიქრს; მეორეც, მან პირველმა შექმნა ძალაუფლების არჩევნებით დათმობის პრეცედენტი, რითაც მემკვიდრეებს დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტი დაუტოვა, ვიდრე თვითონ მიიღო.

მიღწევების მდგრადობა

ფართო ისტორიულ კონტექსტში ტრანსფორმაციული ლიდერების მიღწევები იმით იზომება, რამდენად მდგრადი დარჩება ისინი მას შემდეგ, რაც თავად ძალაუფლებიდან წავლენ. კლასიკური მაგალითია მარგარეტ თეტჩერი: მისი წარმატების მთავარი საბუთი ისაა, რომ მისმა ოპონენტმა, ტონი ბლერმა, ძირითად ხაზებში მისი პოლიტიკა გააგრძელა.

პარადოქსია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაშიც საკითხი ასე დგას: „ნაცისტების" საწინააღმდეგო რიტორიკა გვერდზე რომ გადავდოთ, შეცვლის თუ არა „ქართული ოცნება" თავისი წინამორბედის პოლიტიკას რაიმე მნიშვნელოვან ასპექტში? ამაზე მსჯელობას მალე შევძლებთ.