საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეით ბრიგადაში 2013 წლის გეგმით გათვალისწინებული ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულებულია. დღეს, დასრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად გორში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდნენ. პირველად მათ ბრიგადის პოლიგონი მოინახულეს. ადგილზე აშენდა და გარემონტდა სასროლეთის მართვის ცენტრი, საშხაპეებითა და საკლასო ოთახებით.
მე-5 ქვეით ბრიგადაში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების პირველ ეტაპზე აშენდა 51-ე ბატალიონის ერთი სასადილო, რომელიც უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. დასრულდა ბატალიონის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებში კომუნიკაციების - გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გაყვანა. ამჟამად, მათი კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მე-5 ბრიგადის შტაბის ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასადილოს. დასრულდა საკონტროლო გამშვები პუნქტის მშენებლობაც.
„2013 წელს ჩვენ დავიწყეთ პროექტები, რომელიც ყველა ჯარისკაცს, ოფიცერს, სერჟანტს საშუალებას მისცემს ნორმალურ გარემოში ემსახუროს საკუთარ ქვეყანას. ჩვენ გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურის შენებას - წელსაც ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულ პირობებში ჩვენი ჯარი გააკეთებს ყველაფერს, რომ სამშობლოს დაცვის საკუთარი ამოცანა უმაღლეს დონეზე შეასრულოს“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს მასშტაბით ყველა სამხედრო ბაზაზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასკვნით ფაზაშია. მშენებლობებს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ.