[ლელა კობერიძე]
ერთ კვირაში საქალაქო სასამართლო შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე „საქართველოს რკინიგზასა“ და მიწის მესაკუთრეების შორის არსებულ დავაზე განაჩენს გამოიტანს. მესაკუთრეების განცხადებით, „საქართველოს რკინიგზა“ მათ საკუთრებაში მყოფ მიწებში მინიმალურ ფასს, 1 კვადრატულ მეტრში, 6 ლარს სთავაზობს. რკინიგზაში კი ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული ფასი 8 ლარიდან იწყება.
„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მიწის ღირებულება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა და ფასის დადგენაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. ამჯერად, მიწის ღირებულების სამართლიანობას საქალაქო სასამართლო განიხილავს, განაჩენი 1 კვირაში გახდება ცნობილი. თუ მოსახლეობა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, მათ კანონის მიხედვით ძალით გამოასახლებენ.
სოფელ პატარა ლილოს მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ის ფასი, რომელსაც „საქართველოს რკინიგზა“ მათ მიწის სანაცვლოდ სთავაზობს, მიზერულია. მოსახლეობის განცხადებით, როდესაც მიწები თბილისის ყველა უბანში გაძვირდა, მათთვის 1 კვადრატულ მეტრში მხოლოდ 6 ლარის შეთავაზება სამარცხვინოა.
თბილისის საკრებულოს წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლება ნაკვეთის მეპატრონეებისნების წინააღმდეგ წავიდეს, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება უცხოურ კომპანიებს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. მისი თქმით, ევრობანკი ხაზს უსვამს, რომ შეფასება უნდა მოხდეს სამართლიანად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„ხელისუფლება იძლევა მშრალ ინფორმაციას და არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ღირს ეს მიწა 6 ლარი და არა - 2 ან 10“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეს სტრასბურგამდეც გაყვება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მესაკუთრეებმა მათ კუთვნილი, სამართლიანი კომპენსაცია მიიღონ.
„საქართველოს რკინიგზის“ ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის ლაშა აბაშიძის განცხადებით, მათ კერძო ქონების თითქმის 90% უკვე შეისყიეს. პრობლემა შეიქმნა 80 მესაკუთრესთან, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილ ფასს არ ეთანხმება. მისი თქმით, 1 კვირაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას მიწის ღირებულება რამდენად სამართლიანია.
„ფასის დადგენა ჩვენი პრეროგატივა არ არის, იგი ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა. მიწების უმეტესობა გამოვისყიდეთ და მესაკუთრეებთან პრობლემა არ შეგვქმნია. ისინი ჩვენს მიერ შეთავაზებული კომპენსაციით კმაყოფილნი დარჩნენ“, - ამბობს ლაშა აბაშიძე. იგი ირწმუნება, რომ დაუმუშავებელ, ცარიელ მიწის ნაკვეთებში, რომლის განვითარების პერსპექტივა არის დაბალი, მესაკუთრეებს 8 ლარს სთავაზობენ, ხოლო დამუშავებულ მიწის ნაკვეთებში - 18 ლარს. მისი თქმით, ასევე აღირიცხა თითოეული მსხმოიარე ხე.
„მიწის შესყიდვისას, ასევე მხედველობაში მივიღეთ ექსპერტიზის ბიუროს დასკვა მიწის განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით“, - ამბობს აბაშიძე. მისი ინფორმაციით, სულ 700 მესაკუთრის დაკმაყოფილება ხდება. აქედან, რკინიგზამ დაახლოებით 500 მესაკუთრისგან მიწა უკვე შეისყიდა.
კერძო საკუთრებაში, ძირითადად, მიწის ნაკვეთებია. მხოლოდ 100 საცხოვრებელი სახლია, საიდანაც 50-ს შესყიდვა უკვე მოხდა, 20 მესაკუთრეზე თანხმობა მიღწეულია. აბაშიძის თქმით, სახლებს საბაზრო ღირებულებით ყიდულობენ და მას საკომპენსაციო თანხას 20-25%-საც უმატებენ.
მესაკუთრეების გარდა, ხელისუფლებას შემოვლითი რკინიგზის მშენებლობისას გარემოს დამცველებთანაც უწევთ ჭიდილი. რაც შეეხება გარემოს დამცველებს, ისინი მიიჩნევენ, რომ თბილისის ზღვიდან 900 მეტრში რკინიგზის გაყვანა სარისკოა, ვინაიდან თბილისის წყალსაცავში, თუნდაც ნახევარი ცისტერნის, ანუ 30 000 ლიტრი ნავთობის მოხვედრა, წყალსაცავის სასარგებლო მოცულობის 50 პროცენტს გააფუჭებს, რაც სასმელი წყლის გარეშე დატოვებს თბილისის სამი რაიონის (გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის) მოსახლეობას. ასევე უწყლოდ დარჩება გარდაბნის რაიონის, დაახლოებით, 20 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულიც.
ექსპერტის ნინო ჩხობაძის განცხადებით, რკინიგზაზე ინციდენტის შემთხვევაში, წყალსაცავის გაჭუჭყიანების რისკი მაღალია. დაღვრილი ნავთობი ადვილად ჩააღწევს გრუნტის წყლებამდე და იქედან (თბილისის) წყალსაცავამდეც მიაღწევს.
„გვეუბნებიან, რომ დამცავ ავზებს ააშენებენ და გათვლიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ნათელ სურათს ვერ ვხედავთ. დივერსიული აქტები არ არის შიგნით გათვალისწინებული. დივერსიული აქტების დროს იღვრება მთელი ეშელონი, შესაძლოა, გვირაბმა ვერ გაატაროს დაღვრილი ნავთობი და ჩავიდეს თბილისის ზღვაში“, -ამბობს ჩხობაძე.
იგი მიიჩნევს, რომ ახალი რკინიგზა ვერც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ვინაიდან გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მატარებლის საშუალო სიჩქარედ 60-70 კილომეტრ/საათია დასახელებული. იმ დროს, როდესაც მსოფლიოში თანამედროვე რკინიგზებზე სიჩქარე 150-300 კილომეტრ/საათია. მისი თქმით, იგივე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რკინიგზის დატვირთვა მისი შესაძლებლობების მხოლოდ 8%-ს შეადგენს.
შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულდეს. პროექტი 170 მილიონი ევრო ჯდება. პროექტის მთავარი დამფინანსებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. შემოვლითი რკინიგზა, გეგმის მიხედვით, სადგურ „ავჭალიდან“ იწყება და ლილოს დასახლებასთან მთავრდება.