ოთარ ფარცხალაძე: ხმაური იმიტომ ატყდა, რომ

ოთარ ფარცხალაძე: ხმაური იმიტომ ატყდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა შიში, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებებიდან გამომდინარე

ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას, მთავარი პროკურორის გადადგომა მოჰყვა.

როგორც ყოფილი პროკურორი აცხადებს, გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ფარცხალაძე ამბობს, რომ ამ ცილისმწამებლური კამპანიის უკან ის საფრთხე დგას, რომელიც "ნაციონალებმა" მის პიროვნებაში დაინახეს. ფარცხალაძის მთავარ პროკურორად დანიშვნიდან ერთ თვეში, ქალაქ თბილისის მერი, გიგი უგულავა თანამდებობიდან გადააყენეს, ხოლო იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ჩხატარაშვილი, დააკავეს. რა მოხდა სინამდვილეში წლების წინ გერმანიაში? რა კამპანია მიმდინარეობს ფარცხალაძის წინააღმდეგ და რა მორიგ სკანდალს ელოდება „ნაციონალურ მოძრაობისგან“, რას ამბობს გახმაურებულ საქმეებზე და ვანო მერაბიშვილის ბრალდებებზე - პირველად „პრაიმტაიმში“ გადამდგარი პროკურორის ექსკლუზიური ინტერვიუ.

- ბატონო ოთარ, მინდა ქრონოლოგიურად მივყვეთ მოვლენებს - თქვენი დანიშვნისთანავე დაიწყო ხმაური დიპლომთან დაკავშირებით, რასაც შემდეგ გერმანიაში ნასამართლეობის საკითხის წამოწევა მოჰყვა, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. რა მოხდა სინამდვილეში?

- ხმაური იმიტომ ატყდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა შიში, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ნასამართლეობას, მართალია იყო, მაგრამ არა ის, რასაც ისინი აცხადებენ - ქურდობა და ყაჩაღობა, მსგავსი არაფერი ყოფილა. წლების წინ, გერმანიაში, გაუგებრობა მოხდა გერმანელ სამართალდამცავებთან, ეს იყო 2000 წელი, მაშინ 24 წლის ვიყავი. მე იქ შემთხვევით აღმოვჩნდი, რა დროსაც შეურაცხყოფა მომაყენა პოლიციელმა, მე კი ხელი გავარტყი, კავკასიელი კაცის ხასიათი ხომ იცით. ის აღმოჩნდა კრიმინალური პოლიციის ინსპექტორი და ეს არ მაპატიეს. შეიარაღებულ ყაჩაღობაზე 15-წლიანი ციხეა, მსგავს რამეს კი ადგილი არ ჰქონია, გამამართლეს და გამომიშვეს. დეპორტიც კი არ მქონია ამის გამო, ის პასპორტი დღემდე შენახული მაქვს. ჩემი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

- როგორ მოხდა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო ხელისუფლება, პრემიერმაც გააკეთა განცხადება, რომ მას ამაზე ინფორმაცია არ ჰქონია.

- ამ ყველაფერს კუდი მოაბეს "ნაციონალებმა", თორემ ეს იყო უსუსური ფაქტი. ღმერთმა დამიფაროს სერიოზული დანაშაულისგან. ეს რომ ყოფილიყო სერიოზული საქმე, ეცოდინებოდათ კიდეც და მეც ვიტყოდი უარს, არა მხოლოდ მთავარ პროკურორობაზე, არამედ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობაზეც. ვინაიდან ეს იყო გაუგებრობა და უბრალოდ, სასაცილო რამ, არ ჩავთვალე მიზანშეწონილად ამაზე საუბარი, ისევ და ისევ ფაქტის უსუსურობის გამო, თორემ ამ თემაზე ნებისმიერს გავცემდი პასუხს. ეს იყო მიზეზი რის გამოც მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, ეს კამპანია მიმართულია პროკურატურის, როგორც ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ, მისი დისკრედიტაციისა და დასუსტებისთვის, რასაც ამ ხელისუფლების პირობებში ვერავინ შეძლებს. დღევანდელი მთავრობა ხალხის სამსახურშია და სამართლიანობის აღდგენისა და დამკვიდრების პროცესს, ვერავინ შეაჩერებს.

- თქვენს ირგვლივ პირველი ხმაური დიპლომის გამო ატყდა, ამ შემთხვევაზე რას იტყვით?

- მე გავავრცელე კიდეც განცხადება და ახლაც გეტყვით - სკოლაში ჩემ დროს იყო 0 - კლასი, თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებლობა არსებობს, რომ ამაზე ვილაპარაკო, ვიყავი საკმაოდ ნიჭიერი ბავშვი და სკოლაში რომ მივედი, პირველი და მეორე კლასის პროგრამას უკვე ვფლობდი ქართულ და რუსულ ენებზე. ჩვეულებრივ შედგა გასაუბრება კომისიასთან, ჩამიტარეს გამოცდა და გადამიყვანეს შემდეგ კლასში, როგორც ნიჭიერი ბავშვი. 1991 წელს, როდესაც დამოუკიდებელი სასწავლებლები გაიხსნა, ერთ-ერთი პირველი იყო "ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი". იქ იყო იმის შესაძლებლობა, რომ მე-11 კალასელი გამხდარიყო პირველკურსელი. ამიტომაც მე-11 კლასში მე იქ მოვხვდი ჩვეულებრივ, პირველ კურსზე. სასწავლებელი ოთხწლიანი იყო და რომ დავამთავრე 20 წლისაც არ ვიყავი, ერთი წელი ხომ სკოლამ მაჩუქა და ერთი წელიც სასწავლებელმა, ეს იყო და ეს... 18 წლის ასაკში უკვე პოლიციელი გავხდი და 19 წლისას მომიწია უნივერსიტეტის დამთავრება. ყველაფერი დანარჩენი სრული სიცრუეა, რაზეც "ნაციონალები" საუბრობდნენ. ბატონი ჯაფარიძე აცხადებდა, რომ დიპლომის ნომერი ცდება და ა.შ. ეს ყველაფერი იყო სრული სისულელე. მე არ ვაპირებ თავის მართლების რეჟიმში ყოფნას, მოვიდნენ, კურსელებიც მყავს, ჯგუფელებიც და კიდევ ბევრს აქვს ეს სასწავლებელი დამთავრებული, ისეთებს ახლაც რომ მაღალ თანამდებობებზე არიან. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს აქვს დამთავრებული, ესეც ვიცი და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს.

- მას შემდეგ რაც გავრცელდა განცხადება პოსტიდან თქვენი წასვლის შესახებ, საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ექსპრემიერ ივანიშვილის მითითებით გადადექით. ამაზე რას გვეტყვით?

- ეს არის "ნაციონალების" მორიგი ტყუილი, სიცრუე, რაზეც ზოგადად არიან აგებული. მე პირველ დღესვე, როგორც კი დაიწყო ამაზე საუბარი (ერთადერთი, რაც რეალური და სწორია, ეს არის გერმანიის ნასამართლეობა, რაც ნამდვილად იყო, თუმცა არა იმ ფაქტზე რაზეც ისინი საუბრობენ), ვნახე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და ვუთხარი, რომ არ მინდოდა ჩემი გულისთვის პრობლემა შექმნოდა, მე ვიყავი ბატონი ბიძინას და ვარ ირაკლის გუნდის წევრი. ამიტომაც ვუთხარი, რომ გადავდგებოდი. ჩემით მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგანაც შევატყვე, რომ ამ სიცრუით უნდოდათ თავიანთი წარსული დანაშაულების გადაფარვა. შეთხზეს ზღაპრები და გერმანიის შემთხვევა უნდა ექციათ კენედის მკვლელობად. მაშინვე კატეგორიულად დავუყენე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საკითხი - უნდა გადავმდგარიყავი. ბატონ ბიძინასთან არანაირი შეხება არ მქონია.

- ექსპერტები თავიდანვე გირჩევდნენ გადადგომას, მაგალითად, სოსო ცისკარიშვილმა არ გამორიცხა, რომ ეს პროცესები შესაძლოა გაგრძელებულიყო თქვენი ოპონენტების მხრიდან. რატომ დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვენს წინააღმდეგ ეს პროცესი?

- მე პროკურატურაში ყოფნამდე ფინანსურ პოლიციაში ვმუშაობდი და სადაც თუნდაც კეზერაშვილის და გიგი უგულავას ჩადენილ დანაშაულებზე არა ერთი საქმე ყოფილა. როგორც კი მთავარი პროკურორი გავხდი, მათ მიერ ჩადენილი ძველი დანაშაულებების თემამ წამოიწია და ავტომატურად ალაპარაკდნენ. ჩემს დანიშვნას მოჰყვა დავით ჩხატარაშვილის დაკავება, რომელიც, როგორც გაირკვა, სანამ მე პროკურორი გავხდებოდი, მანამდე კომფორტულად გრძნობდა თავს პროკურატურაში. თავისუფლად მიდი-მოდიოდა, კონსულტაციებს აძლევდა მაშინდელი პროკურატურის თანამშრომლებს. ჩხატარაშვილი მიღებულ კონსულტანტად ჰყავდა პროკურატურას, ამაზე მე მაქვს ინფორმაცია. ასევე იყო უგულავას 47 მილიონის საქმე. უგულავა არის ჩვეულებრივი ბრალდებული, რომელმაც მოიპარა თბილისელების ფული. უსინდისოდ იძახის, რომ ეს საქმე საპნის ბუშტივით გასკდება. არაფერი არ გასკდება, უგულავა აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში და დადგება განაჩენი. გამოძიებით დადგენილია, რომ მას, თავის თანამზრახველებთან ერთად მითვისებული აქვს ბიუჯეტის თანხა. ეს თანამზარახველები არიან მერიის მაღალჩინოსნები, ეს საქმე მიმდინარეობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მრავალი მიეცემა პასუხისგებაში. "ნაციონალები" თავიდან ჯერ თვალ-ყურს მადევნებდნენ. შემდეგ, მათ რეალურად იგრძნეს საფრთხე, რომ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე, სისტემური დანაშაულები გამოაშკარავდებოდა. ეს არის სააკაშვილის მმართველობის დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულებები - ადამიანების გატაცებები, მკვლელობები, სასტიკი წამება ციხეებში, რომელსაც ბევრი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. სულ რამდენიმე დღის წინ იყო ქობალიას საქმე. რატომღაც, ამ ერთი წლის განმავლობაში, ამაზე საუბარი არ მიმდინარეობდა. რა იყო ამის მიზეზი, ამით თუ ოდესმე დაინტერესდება ახალი ხელმძღვანელობა, ალბათ, გაარკვევს. ეს საქმეები იდო პროკურატურაში და ჩვენ გავხსენით, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. "ნაცებმა" საფრთხე იგრძნეს, რომ სისტემური დანაშაულები, ადამიანების წამებები, ჩემს ხელში შესაძლებელი იქნებოდა გახსნილიყო და წინ წამოწეულიყო. მათ ჰქონდათ ერთადერთი გზა, რომ ჩემ მიმართ პიროვნულად დაეწყოთ შეტევა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ახლა "ნაცები" აპირებენ ჩემზე ააგორონ ათასი უბედურებები, თითქოს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი ვიყავი და ბიშკეკში ვარ ნამკურნალევი. მინდა გითხრათ, არა თუ ბიშკეკში, ზოგადად შუა აზიაში ნამყოფი არ ვარ, თუ ვინმეს ეს აზრად მოუვა, სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა.

- ვანო მერაბიშვილზე რას გვეტყვით, რა მოხდა რეალურად, თუ გქონდათ მასთან შეხვედრა და მოხდა თუ არა მისი გამოყვანა ციხიდან ფარულად?

- ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი რიგითი დამნაშავე, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. ის სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, თანამონაწილე და თანაავტორი. მისნაირი ბრალდებულები ათასობით არიან საქართველოს ციხეებში. მე მასთან არანაირი საერთო არ მქონია და არ ვაპირებ, რომ მქონდეს. თუ პატიმარ მერაბიშვილისგან რაიმე დამჭირდებოდა ამისთვის არსებობენ გამომძიებლები. მე ვერ მექნებოდა მასთან ურთიერთობა. თუ კი მისი დაკითხვა გახდებოდა საჭირო ამას გამომძიებელი გააკეთებდა, პროცედურების დაცვით. შესაბამისად, ის, რაზეც ის საუბრობდა, სისულელეა. პრემიერმა მაშინ თქვა და მეც ვეთანხმები, ჩემი აზრითაც ამით მან სააკაშვილს შეახსენა თავი, რომ ციხეში ვზივარ და მიშველეთ!!!

- ამბობთ, რომ ბევრი რამ შეცვალეთ პროკურატურაში. თქვენი მისვლისთანავე თანამდებობა დატოვა ისეთმა ოდიოზურმა ფიგურამ, როგორიც არის ლაშა ნაცვლიშვილი. რეალურად რა პროცესები იყო. ბევრი საუბარია საზოგადოებაში ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებითაც, ხედავთ თუ არა მისი მხრიდან რაიმე კავშირს თქვენს საქმესთან?

- მე მივედი მთავარ პროკურატურაში და მივიყვანე ჩემი გუნდი, ის იყო პირველი მოადგილე. მანამდე ლაშასთან არ მიმუშავია, ასე რომ, თვითონ გამოთქვა სურვილი და ჩემი მისვლისთანავე დატოვა თანამდებობა. არანაირი სხვა მიზეზი აქ არ არის. ეს იყო და მე მას არაფერთან ვაკავშირებ, რა სისულელეა.

- გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით გკითხავთ, ჟვანიას და გირგვლიანის საქმეებზე; საუბარია იმაზე, რომ უამრავი ახალი გარემოებაა და ეს საქმეები ძალიან მალე გაიხსნება. რას გვეტყვით, რა ეტაპზეა გამოძიება?

- გამოძიება ყველაფერს გააკეთებს ჟვანიას და გირგვლიანის საქმეებზე, რომ ბოლომდე იყოს გამოძიებული. დანარჩენზე არ მინდა საუბარი.

- ვინ შეიძლება გახდეს მთავარი პროკურორი?

- ამას გადაწყვეტს პრემიერ-მინისტრი. ვინც არ უნდა გახდეს მთავარი პროკურორი, ის კურსი აუცილებლად გაგრძელდება, აუცილებლად მივა ბოლომდე, გახმაურებული და გაუხმაურებელი საქმეებიც. ის დანაშაული, რომელიც ჩადენილია 9 წლის განმავლობაში, ყველას ფარდა აეხდება და დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა იმუნიტეტი იცავს თუ არ იცავს, ვის რა თანამდებობა ეკავა. მე გადავდექი, აღარ ვარ თანამდებობაზე, მაგრამ ის კურსი, რაც ბატონ ღარიბაშვილს აქვს, აუცილებლად გაგრძელდება. სამართლიანობა აუცილებლად იქნება აღდგენილი და ეს იაფფასიანი პროვოკაციები, რასაც ადგილი ჰქონდა 9 წლის განმავლობაში, ხალხისთვის თვალების ახვევა და პროვოკაციული თემების წამოწევა, აუცილებლად გამოაშკარავდება. გამოძიება მიდის და ყველა დანაშაულს მოეფინება ნათელი. მე არ ვიცი ვინ იქნება დანიშნული მთავარი პროკურორის პოსტზე, ამას პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს. რაც შეეხება მათ პროვოკაციებს, მე საზოგადოების აზრი გავითვალისწინე, რადგან პროკურორის თანამდებობა მეკავა. პროკურორი ბრალმდებელია, სამართლებრივად შემეძლო ვყოფილიყავი თანამდებობაზე და "ნაცმოძრაობა" რას იტყოდა, არავის აინტერესებს, განსაკუთრებით საზოგადოებას... მე მომიწია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა - დიახ, ნასამართლევი ვარ, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო და რადგან ამოწიეს ეს თემა, ჩემთვის პრობლემა არ არის პასუხი გავცე, არც თანამდებობას აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის მთავარია ის პრინციპები, რასაც ბატონი ბიძინა ხალხს დაპირდა და რაც აუცილებლად უნდა გავატაროთ.

- სად გააგრძელებთ საქმიანობას?

- ჯერჯერობით არასად ვმუშაობ. შევხედავ, დაველოდები მოვლენებს. პროკურატურაში კი არსებობს გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური პროფესიონალებით, მათ არა ერთი სერიოზული საქმის გახსნა შეუძლიათ და ეს მათ დაამტკიცეს. ახლა, სამწუხაროდ, ამ გუნდის მისამართითაც გორდება ბინძური პიარი. ხალხი, რომელიც არაკვალიფიციურობის გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან, დღეს ათას სისულელეზე საუბრობეს. ამ პროკურორებს ელემენტარული ცოდნის დონე არ ჰქონდათ. მაგალითად, ერთ-ერთი პროკურორი, თუ არ ვცდები ნოზაძე, ამბობდა, რომ ერთ-ერთი სერიოზული საქმე მებარა და იმ საქმისთვის რომ ჩამოვეცილებინე, იმიტომ გამიშვეს. მე რომ მივედი, იმ საღამოს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მთავარ პროკურატურაში. ამ ნოზაძემ ერთ-ერთი პროკურორი დახატა ფოტოშოპში შიშველი, უხერხულ სიტუაციაში, თითქოს ცხენი მასთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებდა. ეს რომ იმ პროკურორმა ნახა, ვინც სურათზე იყო დახატული, გაგიჟდა, ასაკოვანი კაცია. დღეს, ასეთი ადამიანი რომ დიდ საქმეებს აკეთებდა და მის გათავისუფლებაში საბოტაჟის ნიშნებს ხედავს, უბრალოდ, სასაცილოა. ეს ერთ-ერთი მცირედი ფაქტია. ჩემ დროს 12 მაღალჩინოსანი გავუშვით პროკურატურის რიგებიდან, პირდაპირ ვაცხადებ და ამას ყოველთვის გავიმეორებ, ამ ადამიანების ადგილი არა თუ პროკურატურაში, არანაირ სახელმწიფო სამსახურში, რიგით თანამდებობებზეც კი არ შეიძლება არსებობდეს. სამწუხაროდ, დღეს, ამ უინტერესო და უშინაარსო ხალხს ტელევიზიებით ატრიალებდნენ. მე ვიცი, რომ პროკურატურაში არიან პროფესიონალი კადრები, მათ შესწევთ გამოძიების უნარი და დაამტკიცეს კიდეც თავიანთი პროფესიონალიზმი. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ყველა საქმე აუცილებლად მაღალკვალიფიციურ დონეზე იქნება გამოძიებული".