მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” აგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...
უცნაური რა იყო იმ დასაწვავ ციხეში, იცით? - აი, გამოიყვანდი “ზონაზე” ყველა პატიმარს და იკითხავდი, ნარმა, მიტკალი, ვინ გვინდა, მითხარიო... ვინ და, - სკოლის დირექტორები და პედაგოგები... მორჩა, წამში მოაგროვებდი.
ან, მინდა სტომატოლოგიო, გამოიყვანდი იმ ბრბოდან უცებ...
კარგი, აბა, სხვა ვინ შეიძლება რომ გინდოდეს?
იურისტები?
გვყავს!
გლეხები? სოფლის ქალები?
რა თქმა უნდა, გვყავს!
ყურის ექიმი გვჭირდება, რატომ, ვინმეს ყური სტკივა?
გვყავს...
გინეკოლოგი თუ დაგვჭირდა, 2 გვყავს!
ბაგა-ბაღის გამგე? - კი გვყავს, მცხეთიდანაა...
რაო, მხატვარიო? 3 გვეყოფა? - სამი გვყავს.
მგალობელი არის, ბუღალტერი არის, ინჟინერი, თარჯიმან-რეფერენტი არის, ჟურნალისტიც ვარ...
მოკლედ, პროფესია გეკითხათ და წამსვე მოგიძებნიდნენ...
კატალოგიც კი ჰქონდათ გაკეთებული - სპეციალობების მიხედვით დაკომპლექტებული პატიმართა სია.
რა იცი, ვინ რა დროს იყო საჭირო?!
მოკლედ, არც იქით და არც აქეთ რომ წავიდეთ, დღევანდელი დღიურის თემაა პედაგოგები ციხეში.
ნანა დეიდა
ნანა დეიდა თბილისის ერთ-ერთი სკოლი დირექტორი იყო, საკანსა და, საერთოდ, ციხეში ისე ცხოვრობდა, როგორც განდეგილი... “ნარის” გარშემო ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული და იყო თავისთვის: ან ჩუმად ტიროდა, ან წიგნებს კითხულობდა, ან ქსოვდა, ქსოვდა და ქსოვდა...
მერე, როცა ქსოვით დაიღლებოდა, ხელებს დახედავდა და ხმამაღლა იტყოდა:
- მოგენატრათ წითელ კალამი? ეჰ...
ნანა დეიდა ძალიან კარგი ქალი იყო.
არასოდეს ჩხუბობდა. რამის მოყოლას მშვიდი პედაგოგიური ხმით თუ დაიწყებდა, თავი ქართულის გაკვეთილზე მეგონა, აუღელვებლად და საოცარი ქართული ინტონაციით, მახვილებისა და ბგერების გაწელვის გარეშე შეეძლო საუბარი...
ორი შვილი ჰყავდა და სულ ამბობდა, რომ სკოლაში ყველაზე მკაცრი მათთან იყო, თუმცა შვილებს სკოლა დიდი ხნის დამთავრებული ჰქონდათ - ნანა უკვე ბებია იყო...
ყოველ დილით, „აფსლუგას“ ნანა დეიდასთან ამანათი მოჰქონდა - მაწონი და სუხარი, ან - რამე ძალიან მსუბუქი...
ნანა დეიდა, როგორც ვთქვი, კარგი მექართულე იყო და საღამოობით ქართული ლიტერატურის გაკვეთილებს გვიტარებდა ხოლმე...
ბრალდება?!
უცნაური!
არაფრის მთქმელი!
საშინელი!
ყველამ იცოდა, რომ პოლიტიკა ეზიზღებოდა და სულ ამბობდა:
- მასწავლებელს იმდენი საქმე აქვს, დრო არ უნდა რჩებოდეს, რომ მის ცხოვრებაში პოლიტიკა შემოიჭრას!
მართალია, სკოლის დირექტორი ასე ფიქრობდა, მაგრამ მისი ხელმძღვანელები ასე არ ფიქრობდნენ, ანუ ნანამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - სკოლა პოლიტიზირებული ვერ გახადა, მითითებები ვერ შეასრულა. ზევით მიხვდნენ, რომ ნანასგან არაფერი გამოვიდოდა - ის მხოლოდ ქაღალდებისა და დღიურების ჭია იყო და არა - საარჩევნო აგიტატორთა ვაზირი, ადგნენ და შეუთვალეს, განცხადება დაწერე და გადადექიო...
ნანა მასწავლებელი სულ თავისი გოგოს სიტყვებს იხსენებდა:
- იცით, რამდენს მეხვეწებოდა? წამოდი სკოლიდან, ეგ შენობა დიდი ხანია, აღარაა განათლების კერა, დედა, მათ ვერ აჯობებო...
მაგრამ, ნანა დეიდა გაჯიუტდა - არ წამოვიდა, არგუმენტი ჰქონდა:
- სკოლას, ბავშვებს და, რაც მთავარია, მასწავლებლებს არავის ვაჯიჯგნინებ!
ბოლოს, ფინანსური პოლიცია შევიდა სკოლაში და... ნანა მასწავლებელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
მას არც სასჯელის ეშინოდა და არც - ციხის სიმკაცრის.
ერთადერთი დარდი ჰქონდა: როცა გარეთ გავიდოდა, ყოფილი მოსწავლე რომ შეხვდებოდა, როგორ ეთქვა სალამი...
შვილების ათასი თხოვნის მიუხედავად, ბრალი არ აღიარა...
პროკურატურას საპროცესო გარიგებაზე უარი უთხრა
6 წელი მიუსაჯეს...
ნონა დეიდა
ნონა დეიდა მცხეთიდან იყო, 30 წელი ბაგა-ბაღის გამგედ მუშაობდა, მისი “ნარი” მუდამ წიგნებით იყო სავსე... წიგნები ღვთისმეტყველებზე იყო, ან წმინდა მამათა ცხოვრებაზე...
დაბალი, თხელი და გახდარი ქალი მუდამ ქუსლიანი ფეხსაცმლით დადიოდა.
რა ექნა, არ შეეძლო “დაბლებზე” სიარული, სახეს წითელი პომადა უმშვენებდა...
ყველას ბებია იყო...
ეზოს მიყრუებულ ადგილას გვერდით „მალალეტკა“ გოგოებს შემოისხამდა და წიგნებს ხმამაღლა უკითხავდა...
მასწავლებელი თავისი სტიქიიდან ციხეშიც ვერ გამოდის, იქაც ჟანჟაკ რუსოს პედაგოგიური დოდქტრინით უდგება ყველაფერს...
ნონა დეიდასთან ერთად მისი ორი ვაჟი და მისი დაც დაიჭირეს.
ბრალი ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და საზღვარგარეთიდან უკანონო გადმოზიდვისთვის წარუდგინეს...
როგორ აგიხსნათ, რომ იგი უდანაშაულო იყო?
უბრალოდ, გეტყვით: არ ჰქონდა საზღვარგარეთის პასპორტი, 1989 წლის მერე, არ გადაულახავს საქართველოს საზღვარი, და თუ კითხავდით, რა იყო მისი დანაშაული, გეტყოდათ:
- ალბათ, ჩემი შვილები ვერ აღვზარდე ისე, როგორც საჭირო იყო!
ნონა დეიდას 26 წელი მიუსაჯეს...
მისი და ციხეში გარდაიცვალა - ნერვიულობით სიმსივნე გაუჩნდა, სასჯელი კი არავინ გადაუვადა...
მისი ვაჟები მამაკაცთა სხვადასხვა ციხეში იხდიდნენ სასჯელს.
ამბობდნენ, მცხეთაში, სვეტიცხოვლის წინ მდებარე ბინა რომ არ დაუთმეს ვიღაცებს, მაგიტომაც გაამწარეს ოჯახიო.
რა ვიცი, რა გითხრათ ამაზე მეტი.
ბავშვობაში მასწავლებელი ზებუნებრივი და ხელთუქმნელი მეგონა, ჩემი შვილების ბავშვობაში კი, მასწავლებლის გატუსაღება, მგონი, ჩვეულებად აღიქმება!