„გამიშვით, ცხოვრებას წიხლი უნდა ვკრა“...

„გამიშვით, ცხოვრებას წიხლი უნდა ვკრა“...

ზურა სალუქვაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველო ლექსებითა და მუსიკით ერთხელ უკვე „შემოიარეს“, როცა 22 ქალაქში შემოქმედებითი საღამოები გამართეს. მერე იყო ვიდეორგოლები „იუთუბზე“ და ინტერნეტპოპულარობა. მათ პროექტს „პოეტური საქართველო“ ჰქვია. ზურა სალუქვაძე for.ge-სთან ამბობს, რომ 2014 წელს მეგობრებთან ერთად საღამოების მოწყობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სურს და თუ მათ ენთუზიაზმს ფინანსური მხარდაჭერა დაემატა, ქვეყნის კულტურულ განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას შეძლებენ.

ზურა, მოგვიყევი როგორ დაიწყო პროექტიპოეტური საქართველო“?

- ეს იდეა მხოლოდ მე ან რომელიმე კონკრეტულ ადამიანს არ ეკუთვნის, ხალხიდან წამოვიდა. 2010 წელს თბილისში პირველი პოეზიის საღამო მ ოვაწყვეთ, შემდეგ ამერიკაში წავედი. ბევრი დაინტერესდა, გვთხოვდნენ, კიდევ გაგვემართა საღამოები. გადავწყვიტეთ, ლექსები „იუთუბზე“ აგვეტვირთა, ვიდეორგოლები ბევრმა ადამიანმა ნახა. საქართველოს რეგიონებიდანაც გვწერდნენ, გვთხოვდნენ, მათთანაც ჩავსულიყავით.

2011 წელს ხუთ ქალაქში გავმართეთ ღონისძიება - თბილისში, ბათუმში, გორში, ქუთაისსა და ანაკლიაში. ყველა შეხვედრის ორგანიზება „ფეისბუქით“ მოვახერხეთ. დღემდე სოციალურ ქსელებს ვიყენებთ, „პიარისთვის“ სხვა საშუალება არ გვაქვს.

შემდეგ უკვე ოთიკო ანდრიაძე და გიორგი აბესაძეც შემოგვიერდნენ და მსმენელებს პოეზიასთან ერთად მუსიკაც შევთავაზეთ. ამის შემდეგ კვლავ დავგეგემეთ საღამოები და საქართველოს 22 ქალაქში ჩავედით. წლის განმავლობაში 30 ათასამდე მსმენელს შევხვდით. პროექტიც დავწერეთ, და კონკრეტულ კომპანიებს ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ სეზონის დახურვა თსუ-ში მოვაწყვეთ, რომელზეც ბენდიც დავიხმარეთ, ამან მეტი ეფექტი მოგვცა. 2012 წელს ჩვენი პროექტის შესახებ სამოყვარულო კამერით ფილმიც გადავიღეთ. პრაქტიკულად, დაუმონტაჟებელი მასალაა, მაგრამ ვიდეო ძალიან თბილი გამოვიდა.

2013 წელს დიდი აქტივობა აღარ გვქონია, რადგან ბენდს, სცენას და ორგანიზებულ საღამოებს თანხები სჭირდებოდა და მხოლოდ ენთუზიაზმით ვერაფერს გავხდებოდით. მოგვიანებით თბილისის მერიის დახმარებით, ჯგუფ „რეგიონთან“ ერთად „ივენთ ჰოლში“ გავმართეთ კონცერტი, ბილეთები გავყიდეთ და თანხები ქველომოქმედებას მოვახმარეთ.

პოეტური საქართველოსპროექტით რას სთავაზობთ მაყურებელს, მსმენელს? რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

- კულტურული ცხოვრება საქართველოში, თითქმის, ჩამკვდარია. განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა ეს საქართველოს რეგიონებში. პრაქტიკულად, არსად არაფერი ხდება. ლანჩხუთში რომ გავმართეთ საღამო, დაახლოებით 90 წლის ბებო მოვიდა და გვითხრა: შვილო, დღეიდან 1 წელს მაინც ვიცოცხლებ, კიდევ რომ ჩამოხვალთ რომ დაგხვდეთო. დადებითად დაიმუხტნენ ადამიანები. მობეზრდა ხალხს სულ ტელევიზორი, პოლიტიკა და გადაცემა „პროფილი“. ამიტომ, განსაკუთრებით გვაინტერესებს რეგიონები, უნდა ჩავიდეთ ხალხთან და უშუალოდ ვესაუბროთ მათ. სწორედ ესაა „პოეტური საქართველო.“ ამჯერად, ფილმზე ვმუშაობთ.

ფილმს რის შესახებ იღებთ, რისი თქმა გინდათ ამ ფილმში?

- მჯერა, რომ თუნდაც მცირედი წარმატებაც მნიშვნელოვანია. რატომღაც მგონია, დღეს ახალგაზრდებს მოტივაცია არ აქვთ. ყოველთვის უნდა გვქონდეს რწმენა, რომ რასაც ვაკეთებთ, გამოვა. ფილმი ერთგვარი ისტორია იქნება ჩვენზე, მასში ასახული იქნება წარმატებისკენ მიმავალი გზა, იმედგაცრუებებიც და მიღწევებიც. გვინდა ვუთხრათ ახალგაზრდებს, რომ მცირე წარმატებას აუცილებლად მოყვება დიდი წარმატება. ფილმში ჩავრთავთ ცნობილ ადამიანებს, მაგალითად, კახი კავსაძეს, რომელიც საკუთარ აზრს იტყვის წარმატებაზე. ჩვენ გვსურს, ფილმი ისეთი გამოვიდეს, რომ ადამიანს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა გაუძლიეროს. გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სტერეოტიპების მსხვრევაში და ყველას ვუთხრათ, რომ არავინ არავისზე მეტი ან ნაკლები არ არის. ფილმის სათაურზე ჯერ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვართ, ალბათ, „გზა წარმატებისკენ“ ერქმევა.

2014 წელს რას გეგმავთ?

- გვინდა, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით გავმართოთ კონცერტები, ასევე ვგეგმავთ, საქართველოს მასშტაბით ერგვარი მოძრავი ბანაკები მოვაწყოთ, კარვებით ვიაროთ - როგორც ევროპაშია, დიჯეები რომ გაიხიზნებიან ხოლმე ქალაქგარეთ და გასართობ ღონისძიებებს აწყობენ. გვაქვს სურვილი, კონცერტებამდე, ანუ დღის განმავლობაში ახაგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე ერთგვარი ტრენინგები და სპორტული შეჯიბრებიც ჩავატაროთ.

შორიდან რომ შეხედოთ ჩვენს ხალხს, გაყინულები ვართ. ადვილად შეგვიძლია ერთმანეთის შეურაცხყოფა, ზიზღი. შეგვიძლია, განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს გადავემტეროთ. მეტი დადებითი მუხტი და სითბო გვჭირდება, პოეზია კი ათბობს.

ლექსების წერა რატომ დაიწყე?

- 50-მდე ლექსი მაქვს დაწერილი. ზუსტად არ ვიცი, არ ვითვლი. ჩემი ლექსები ჩემი განცდები, გრძნობები, პოზიციაა. პროტესტის გამო დავიწყე წერა, ბავშვობიდან მქონდა უსამართლობაზე პროტესტი, შემდეგ ეს ლექსებში გადავიტანე.

 - „გამიშვით, ცხოვრებას წიხლი უნდა ვკრა!

 მომბეზრდა ამდენი სიყალბის ყურება...

...გამიშვით... სიცრუეს დუელში ვიწვევ,

და არ მჭირდება თეთრი ალამი,

მე იარაღის მაგივრად ხელში

მიჭირავს ფურცელი და საწერ-კალამი..“

ბევრია ასეთი. დიდი პროტესტი მაქვს ბოროტების წინააღმდეგ. ხშირად მიფიქრია ფრაზაზე „ერთმა ქვეყანამ მეორეში დესანტი გადასხა“, ხომ შეიძლება ამის ნაცვლად ქვეყნებმა ერთმანეთში მხოლოდ ანსამბლები „გადასხან“ და საპასუხოდაც იგივე ქმედება მიიღონ. ომების ნაცვლად თანხები კულტურულ ღონისძიებებში უნდა იხარჯებოდეს.

ადამიანებს ბევრი სითბოს გაცემა შეგვიძლია და ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ჩვენ კი ცხოვრებას ცუდზე ფიქრში ვხარჯავთ. მაგალითად, ჩემმა ორმა მეგობარმა ერთმანეთი იმიტომ შეიზიზღა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით სხვადასხვა პოზიციაზე აღმოჩნდნენ. დღეს ერთმანეთს აღარც ესაუბრებიან.

ეს მხოლოდ დღევანდელი ახალგაზრდობის პრობლემაა?

- წინა თაობას ეს პრობლემა უფრო ნაკლებად ჰქონდა. შესაძლოა, ეს 90-იანი წლების, ომების, დაპირისპირების გავლენაა. დავიღალეთ, გაღიზიანებულები ვართ და მეტი დადებითი ემოცია და სიმშვიდე გვჭირდება.

უცნობ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ მეტი სითბო, ადვილად არ უნდა შეეძლოთ ერთმანეთის გაწირვა. სულ მახსენდება ერთი მაგალითი, რომელიც ამერიკაში პირველად ჩასულს შემემთხვა. ჩემი თაობის ბევრი წარმომადგენლის მსგავსად, მეც ქუჩის მენტალიტეტი მქონდა. მაშინ ისეთი პერიოდი იყო ჩვენთან, რომ ქუჩაში თუ თავს ვერ დაიცავდი, სხვა მოგაჭამდა თავს. ამერიკაში ქუჩაში მიმავალმა მხარი გავკარი ჯეელ ფერადკანიანს, უცბად მოვბრუნდი და რომ უნდა მეთქვა, ბიჭო, ვის გაკარი მხარი?! შემომხედა და ბოდიშიო, მითხრა. ძალიან შემრცხვა ჩემი მენტალიტეტის გამო. ასეთივე მენტალიტეტი აქვს დღეს საქართველოში ბევრს, უპატივცემულობა ახასიათებთ, არადა, რაც მეტ პატიებას და ბოდიშის მოხდას შევძლებთ, მეტად განვვითარდებით.

ამერიკაში რას საქმიანობ?

- ვმუშაობ, როგორც ყველა ემიგრანტი. სადილერო კომპანიაში ვარ ამჯერად. ვსწავლობდი და კურსის დასასრულებლად თანხა არ მეყო. მარკეტინგისა და პიარის კურსზე ვსწავლობ. მარტიდან გავაგრძელებ სწავლას და რომ დავასრულებ, დავბრუნდები საქართველოში. პროექტ „პოეტური საქართველოს“ გარდა, მეგობრებთან ერთად თბილისში ბარის გახსნას ვგეგმავ და ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნაზეც ვფიქრობ.