ხომ ვიცით, რომ მოსემ 40 წელი ატარა თავისი ხალხი უდაბნოში აღთქმული მიწის გარშემო?! ისიც ხომ ვიცით, თუ რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ, ვიდრე აღთქმულ მიწაზე დასახლდებოდნენ?! ძველი აღთქმის თანახმად, ყველაფერი ეს ხდებოდა მე-15-მე-13 საუკუნეში ჩვენს ერამდე და უკვე მაშინ მოსემ იცოდა, რომ მონობას ნაჩვევი ადამიანები ახალ ქვეყანას ვერ შექმნიდნენ. ამიტომაც, ორი თაობა მაინც უნდა შეცვლილიყო, რათა ახალი ქვეყანა აშენებულიყო. როგორც ჩანს, ეს ისტორიული გამოცდილება უნივერსალურია, რადგან მონობა, უპირველეს ყოვლისა, გონებრივი დეგრადაციაა და 21-ე საუკუნის დასაწყისშიც იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით.
23 წლის წინ, საქართველოში უღმერთო ბოლშევიკების დიქტატურა დასრულდა და იმავე პერიოდიდან მათი ადგილის დაკავება ეკლესიამ დაიწყო. ეს მოხდა ბუნებრივად და ძალდაუტანებლად, რადგან ადამიანისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რწმენა. კომუნისტებისადმი რწმენამ არ გაამართლა, ათასობით ადამიანი ფრუსტრირებული აღმოჩნდა, საყრდენი აღარ ჰქონდა და ფსიქოლოგიური წონასწორობის (და არა სულიერი) შესანარჩუნებლად მამაოებს მიაკითხა. იყო ეს დაგეგმილი პოლიტიკა თუ სპონტანურად მოხდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ბოლო ოცი წლის დინამიკას თუ დავაკვირდებით, ეჭვის საბაბი საკმარისზე მეტია, რადგან - მართლმადიდებლური დიქტატურის ქვეშ აღმოვჩნდით.
“ზოგი მიშისტია, ზოგი - ბიძინისტი”
ბოლო ხანებში, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი უკვე აშკარად აკრიტიკებს უვიც მღვდლებს. ამას წინათ, ინგა გრიგოლიას გადაცემაში შალვა ნათელაშვილმა განაცხადა: “უდიდეს პატივისცემას ვადასტურებ პატრიარქის და ბერ-მონაზვნების მიმართ, მაგრამ ვარ ძალიან შეწუხებული მღვდელმთავართა მოქმედებით, რომლებიც გადაიქცნენ პოლიტიკურ ლიდერებად. თქვე კაი ხალხო, ბარემ დარეგისტრირდით პოლიტიკურ პარტიად, შემოვალ თქვენს პარტიაში, გაგვიძეხით და გამოგყვებით. იყო ასეთი პრეცედენტი კვიპროსში, როდესაც 70-იან წლებში აირჩიეს არქიეპისკოპოსი მაკარიუსი. მართალია, მალევე კვიპროსი ორ ნაწილად დაიშალა, მაგრამ კი იყო ეს კაცი პრეზიდენტი. უფულო პოლიტიკოსი არავის უნდა და ამიტომ მღვდელმსახურები გადანაწილებულები არიან პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით, ზოგი “მიშისტია”, ზოგი - “ბიძინისტი“.
სამწუხაროდ, ზოგიერთ მღვდელ-ოლიგარქს ძალიან კარგად გამოსდის თეთრის გაშავება და - პირიქით. მართლმადიდებელი მრევლის ნაწილიც მზად არის, თვალები დათხაროს და ჯვარს აცვას ყველა, ვინც მღვდელ-ოლიგარქების ქადაგებებს გააკრიტიკებს. 2014 წლის პირველი კვირის მთავარ მოვლენად, შეიძლება, დედა პარასკევას განცხადება ჩაითვალოს.
“წმინდა გაბრიელი ჯინად გადააქციეს”
დედა პარასკევას, მამა გაბრიელის სულიერ შვილს, თურმე, სიზმარში წმინდა გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა, მართლმადიდებლებს, რომლებიც ჩემს საფლავზე მოვლენ შობის წინა დღეს, ორ სურვილს ავუსრულებო. ადგა დედა პარასკევა და საინფორმაციო საშუალებებით განცხადება გააკეთა - მართლმადიდებლებს მამა გაბრიელის გამოცხადება აუწყა... აი, მერე დაიწყო, რაც დაიწყო: ათასობით დაზურგული ადამიანი მამა გაბრიელის საფლავზე მოსალოცად წავიდა. ხალხი იმდენი იყო, რომ გზები გადაიკეტა და პოლიციის სათადარიგო ნაწილი არეგულირებდა მართლმადიდებელთა უსაფრთხო მოლოცვას. სიტუაცია, პრაქტიკულად, უკონტროლო აღმოჩნდა და ძალიან დაემგვანა წარმართული ხანის კერპთაყვანისმცემლობას.
“დღეს მცხეთაში მისული ხალხის უმრავლესობამ ჯეკ-პოტის მოგება სთხოვა, ცუდი დღე ელის ეროვნული ლატარიის კომპანიას, სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს!” - განუცხადა ჟურნალისტებს მამა იაკობმა.
მოგვიანებით, საპატრიარქომაც გააკეთა განცხადება: “...ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ვინც 7 იანვრამდე მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავს მოინახულებს და რაიმეს შესთხოვს, ყველაფერი აუსრულდება. ჯერ ერთი, ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც. მეორეც, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს ის ნათქვამიც, თითქოს ყველას ყველა სურვილი აუსრულდება, რადგან ხორციელდება ის თხოვნები, რაც ღვთის სათნოა და, რაზეც უფლის ნებაა და არა - ნებისმიერი ნატვრა”.
საპატრიარქოს განცხადებას დედა პარასკევას აღიარება მოჰყვა - თურმე, გამოცხადება არ ჰქონია, უბრალოდ, ძალიან ნდომებია, ორ-ორი სურვილი ყველა მომლოცველს ახდენოდა და ა.შ.
კომენტარები ამ აჟიოტაჟზე ბევრი გაკეთდა, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირების მხრიდან და მათ შორის ყველაზე დამაფიქრებელი და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური იყო იღუმენი კირიონის განცხადება: “მივიჩნევ, რომ როგორც ქრისტეს მღვდელმა, შესაძლოა, ყველაზე ცოდვილმა ცოდვილთა შორის, უნდა დავგმო ის კერპთაყვანისმცემლობა, რაც მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე ხდება. წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება, წმინდა გაბრიელი გადააქციეს ჯინად, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ მდაბალ მონაზონს რაღაც ცუდად ესიზმრა. რამდენი ავადმყოფი, რამდენი გაჭირვებული მიეახლა დღეს წმინდა მამა გაბრიელს და მიმართა მას, როგორც ჯინს, როგორც სურვილების შემსრულებელს. ნუ ამახინჯებთ მართლმადიდებელ რწმენას. წმინდა მამა გაბრიელ სალოსო, შეგვინდე!”
საერო საქმეები
მიუხედავად ახალი წლისა, 2014 წლის პირველი კვირა საკმაოდ დატვირთული იყო პოლიტიკურად... ჟვანიას საქმის გამოძიება კვლავ ნომერ პირველი საკითხია ხელისუფლებისთვის.
მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა, ამ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი მოიაზრება, მათ შორის, პაატა შავაძეც. იგი “საქართველოს ანტიკორუფციული პალატის” თავმჯდომარეა და ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრი მის კანდიდატურას დაასახელებს. რაც შეეხება გეგმებს, ბატონი შავაძე აცხადებს, რომ ჟვანიას საქმის გახსნა მისთვის უმთავრესია და თუ ორ თვეში ყველა ახალი გარემოება ამ საქმის გარშემო ცნობილი არ გახდება, გადადგება.
პაატა შავაძის განცხადებას მოჰყვა ხათუნა გოგორიშვილის კომენტარი: “ძალიან მიკვირს, დღეს ის ადამიანები არიან ასე მონდომებულები ჟვანიას საქმის გახსნაში, რომლებიც თავის დროზე ლანძღავდნენ მას და სომეხი დედის გაჩენილს ეძახდნენ. მეც ძალიან მინდა, რომ გავიგო რაშია საქმე. ბოლოს და ბოლოს, გახსნან ეს საქმე და ზურას სულიც დაასვენონ და ხალხიც”.
სკანდალური პაატა ზაქარეიშვილი კვლავ ოპოზიციის ქარცეცხლში მოექცა. რეინტეგრაციის სამინისტროს სახელი გადაერქვა და “შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო” დაერქვა. როგორც ბატონი პაატა აცხადებს, ახალი სახელი დიდი ხნის წინ იყო შემუშავებული, მაგრამ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ბრძანებას ხელს არ აწერდა.
რა თქმა უნდა, ახალი სახელი თავისი შინაარსით კატეგორიულად განსხვავდება ძველისგან და ცხადია, ახალი პოლიტიკური დატვირთვაც ექნება. ამასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გააკეთა თამარ ჩხეიძემ, “ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” თავმჯდომარემ: “ზაქარეიშვილი თავად აცხადებს, სახელი სამინისტროს იმიტომ შეეცვალა, რომ მასში უპირობოდ გაერთიანება იგულისხმებოდა. ახლა კი, ეს აღარ იგულისხმება და აფხაზები და ოსები უკეთ დაგველაპარაკებიან! ასეთი ცვლილებით აფხაზებისა და ოსების მიდგომას ვერ შევცვლით, რადგანაც ისინი, მართლაც, არ წარმოადგენენ მხარეს, მათი ნაწილი უბრალოდ, ოკუპანტი მხარის (რუსეთის) მიერაა გამოყენებული და ეს, რა თქმა უნდა, ასეა. ამით იმას ვუსვამთ ხაზს, რომ ცენტრალური მოვლენა დეოკუპაცია კი არა, ამ ხალხებთან კონფლიქტის დასრულება და შერიგებაა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კი სულაც არ არის უპირობო მიზანი, ეს ოკუპანტის მიერ გამოყენებულთა სურვილზე ყოფილა დამოკიდებული. ამით მთელი მსოფლიოს წინაშე ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიწების დაკარგვას ვეგუებით და საქმე, უბრალოდ, ეთნოკონფლიქტთან გვაქვს! ეს ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულია!“
რაც შეეხება ოკუპანტ რუსეთს, სოჭის ოლიმპიადა ახლოვდება და სულ უფრო მაღლა იწევს ანტირუსული დამოკიდებულება. მაკ კეინი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა და რუსეთის დაშლის გეგმა წარმოადგინა. როგორც მაკ კეინმა აღნიშნა, ამ გეგმაზე აშშ-სა და დასავლეთის პოლიტიკოსები მუშაობდნენ, ხოლო დამფინანსებელი ჯორჯ სოროსია. რუსეთის დაშლის გეგმა საკმაოდ ვრცელია და ცალკე განხილვის თემაა, მაგრამ არ შეიძლება, არ აღინიშნოს შემდეგი: მაკ კეინი აცხადებს, თუ რუსეთმა დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა საქართველოს შემადგენელი სეპარატისტული რეგიონები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მაშინ აშშ-საც შეუძლია აღიაროს ჩეჩნეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთიო...
მაკ კეინი ვრცლად საუბრობს ამ თემაზე, დეტალურად აკონკრეტებს ყველა იმ ტექნიკურ საკითხს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რუსეთის ფედერაციის რღვევის საკითხი.
მაკ კეინის განცხადებას დოკუ უმაროვის ვიდეო მოჰყვა. უმაროვი პუტინს ემუქრება და სოჭის ოლიმპიადისათვის გრანდიოზულ ტერაქტს გეგმავს. მას და მის საძმოს (ვიდეოზე სამი ტერორისტია აღბეჭდილი) მიაჩნიათ, ჯიჰადის წმინდა საქმეს, ჩეჩნეთის რუსებისაგან განთავისუფლებას შეეწირებიან და ასეთები მათ საძმოში ბევრნი არიან.
საახალწლო კვირის მიწურულს კი, გავრცელდა გია ხუხაშვილის განცხადება: “მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკური არენა, მივიღეთ საკმაოდ უცნაური რეალობა - გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს ხალხის მიერ ერთი პიროვნებისთვის მინიჭებული მანდატის საფუძველზე. ეს მდგომარეობა საშიშია, თუმცა არა - დრამატული. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ობიექტურ რეალობას, დავიცადოთ და ნელ-ნელა ყველაფერი შევუსაბამოთ კონსტიტუციას, მით უმეტეს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს სურს, ქვეყანაში დამყარდეს კონსტიტუციური წესრიგი ძალთა კანონით განსაზღვრული გადანაწილების საფუძველზე. ახლა მთავარია, პოლიტიკურმა ძალებმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა, კომპეტენციის ზღვარი და არ დარჩნენ ჩრდილოვანი, ნაკლებად დაბალანსებული მმართველობითი სისტემის ტყვეობაში. გააცნობიერონ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა, უპირველეს ყოვლისა, არის არა უფლება, არამედ, - პასუხისმგებლობა, მსახურება და არა - ბატონობა. მხოლოდ ასეთი მიდგომა შესძენს ხელისუფლებას სახალხო ლეგიტიმაციას”.
ასე რომ, გია ხუხაშვილი ჩრდილიდან გამოვიდა და თავისი “სეფე სიტყვა” ამცნო ხელისუფლებას. რა არ მოსწონს ხუხაშვილს ახალი ხელისუფლების? - არ დაუკონკრეტებია, მაგრამ სავარაუდოდ, ალბათ, ის, რომ თავად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თავადვე ამბობს, ოფიციალურად პრეზიდენტის მრჩეველი ვარ, მაგრამ არც ჩემს მოვალეობას ვასრულებ და არც ხელფასს ვიღებო. ივანიშვილის მრჩეველი რომ ვიყავი, არც მაშინ ვიღებდი ხელფასსო.
მოკლედ, რა უნდა ხუხაშვილს, ძნელი მისახვედრი არ არის და მისი ეს განცხადებაც ერთგვარი მესიჯია პრეზიდენტისა და პრემიერის მისამართით...
უნივერსალური ისტორიული გამოცდილებაა
ზემოთ მოსე გავიხსენე და აღვნიშნე, როგორც ჩანს, უნივერსალური ისტორიული გამოცდილებაა - ორი თაობა ზვარაკად ეწირება, ხიდია, რომელზეც უკვე ჯანსაღი აზროვნების თაობა გაივლის, რომლისთვისაც დემოკრატიის არსი სისხლხორცეული იქნება.
და მაინც, საიდან იწყება დემოკრატია?
1689 წლის 16 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელსაც შემდგომ “ყველაფერი უფლებების თაობაზე” დაერქვა. აღნიშნულ დოკუმენტში ინგლისის მეფის უფლებები მაქსიმალურად შეზღუდული იყო.
კერძოდ, საუბარი იყო შემდეგზე: “მონარქს არ შეუძლია, ჩაერიოს კანონში, არ შეუძლია მოსამართლის როლის შესრულება. მონარქს არ შეუძლია გადასახადის ამოღება - ეს პარლამენტის პრეროგატივაა. პეტიციით მიმართვა მონარქისადმი არ ისჯება. მონარქს არ შეუძლია არმიის შენახვა პარლამენტის ნების გარეშე. მონარქს არ აქვს უფლება პარლამენტის არჩევნებში ჩაერიოს. სიტყვის თავისუფლება და დებატები პარლამენტში არ შეიძლება დაექვემდებაროს იმპიჩმენტს. განცხადებას დასჯასთან, ან დაჯილდოებასთან დაკავშირებით ძალა არ აქვს სასამართლოს გარეშე. მეტისმეტად მაღალი გადასახადი, ან სასტიკი და უჩვეულო დასჯა დაუშვებელია. რელიგიური ნიშნით დევნა - იკრძალება”.
ყველაფერი ეს დაიწერა 1689 წელს, ინგლისში.
სხვათა შორის, ამ წელს პეტრე პირველმა დასაჯა თავისი და სოფია და გახდა მეფე. მას და მის შემდგომ მონარქებს შეუზღუდავი, აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდათ. არ არსებობდა დოკუმენტი, რომელიც რაღაც დოზით მაინც შეზღუდავდა იმპერატორის ძალაუფლებას.
ასე რომ, დემოკრატიის დამყარება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც აზროვნებისა და ქცევის შესაბამის ნორმებს ითხოვს. არანაირ საზოგადოებას, არანაირ ქვეყანას არ შესწევს ძალა, რომ 20-30 წელიწადში დემოკრატიული გახდეს, მაგრამ თუ არ დავიწყეთ, ვერ გავხდებით.
2014 წელი ცხენის წელიწადია, ყველაზე კეთილშობილი ცხოველის და ვიმედოვნებ, ამ წელს საქართველოს მომავალიც ღირსეულად გადაწყდება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს!