ვინ იხეირა მამა გაბრიელის საფლავის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით

ვინ იხეირა მამა გაბრიელის საფლავის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით

დედა პარასკევას სიზმარმა მთელი საქართველო ფეხზე დააყენა - თავდაპირველად ითქვა, მონაზონს, რომელიც წმინდა გაბრიელ სალოსს სიკვდილამდე გვერდით ჰყავდა, უცნაური ხილვა ჰქონდა - მამა გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა, ვინც შობამდე ჩემს საფლავზე და ბაკურიანში, გაბრიელ სალოსის ეკლესიაში მოვა და რწმენით ჩაუთქვამს, ორ სურვილს ავუსრულებო. მართალია, მოგვიანებით დედა პარასკევამ განმარტა, ხილვა არ მქონია, უბრალოდ, იმდენ დაღონებულსახიან ადამიანს ვხედავ მამა გაბრიელის საფლავთან, რომ წმინდანს მათი დახმარება შევთხოვე, მაგრამ ჩემი ნათქვამი ვიღაცამ არასწორად მიიტანა მრევლთანო...

ასე იყო თუ ისე, შობის წინ, მთელმა საქართველომ თავი მცხეთაში მოიყარა. სამთავროს დედათა მონასტერში ზოგი გულწრფელი სურვილით მივიდა, კიდევ ერთხელ მოელოცა თანამედროვე წმინდანის საფლავი. ზოგიც ინტერესმა მიიყვანა, აუსრულდებოდა თუ არა ყველაზე დიდი ნატვრა. ზოგიც, უბრალოდ, ხალხს აჰყვა და წავიდა, თუმცა ხეირიანად არ იცოდა, სად მიდიოდა. ერთი კაცი გაკვირვებული ამბობდა, მეზობლები მოდიოდნენ და მეც წამოვყევი, რა ვიცოდი, თუ ასეთი ამბავი იქნებოდაო...

მცხეთაში ატეხილი აურზაური მოგვიანებით სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა. პოლემიკაში სასულიერო პირებიც ჩაერთვნენ. ასე, მაგალითად, მამა პეტრემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა:  “ის, რაც მცხეთაში ხდება, ვწუხვარ, მაგრამ ერის გაუკუღმართებული სულიერი ცხოვრების შედეგია. რა გგონიათ, ვინც პირველი მივა, მეტი საჩუქარი იმას შეხვდება?! იქნებ, სანტა კლაუსის ფორმაც წაგეღოთ და გადაგეფარებინათ წმინდანის საფლავზე? ,,არა ჰქმენ თავისა შენისა კერპიო”, გვეუბნება სინას მთაზე მოსეს მიერ ჩაწერილი ღმერთის ერთ-ერთი მცნება. ვეთაყვანები მამა გაბრიელს, მაგრამ ე.წ. გამოცხადება მისი სახელის დისკრედიტაციას ემსახურება მხოლოდ. სვეტიცხოველს ჩაივლით და დაოთხილები, წმინდანის ლამის სამარეში წვებით, როგორ ფიქრობთ, უფრო მეტად შეისმენს ლოცვას?! მაცხოვრის კვართის გვერდის ავლით და მივიწყებით, თუნდაც გაბრიელ სალოსს გავახარებთ?! თუ, იქნებ, ვიღაცების ფინანსური მაქინაციებია? ეს არის რწმენა, რომელიც წმინდანთა საფლავებით და ნივთებით საკმაოდ სოლიდურად მდიდრდება და შობაც, როგორც მინიმუმ, ორი სურვილის ასრულებით გვათენდება? ფარისევლებო, დღევანდელი მდგომარეობა ეგვიპტის უდაბნოში ისრაელი ერის ,,ყიჟინას” მახსენებს, რომელიც მოსეს საყვედურობს და კერპების თაყვანისცემას უბრუნდება.... მრცხვენია... მამა გაბრიელი (დიდება მის სახელს) ჩემთვის კანონიზირებამდეც წმინდანი იყო, მაგრამ თოვლის ბაბუის დონემდე ნუ დავიყვანთ, საახალწლო სურვილების ასრულება რომ მოვთხოვოთ!”

იმის თქმა, თუ როგორ გაჩნდა ლეგენდა ორი სურვილის შესრულებაზე, ძნელია,. ფაქტი ერთია: ხალხს უყვარს და სჯერა თანამედროვე წმინდანის და მასთან დაკავშირებული სასწაულების... და რახან ეს ასეა, ალბათ, არავის აქვს უფლება, მის გრძნობებზე ითამაშოს!

მაინც, რა ხდებოდა მცხეთაში და რას განიცდიდა იქ შეკრებილი ხალხი? -  “ქართული სიტყვა” მამა გაბრიელის საფლავზე მისულ მომლოცველებს შეუერთდა.

თბილისიდან გახვალ თუ არა, თვალში გადატვირთული მოძრაობა გხვდება, პატრულიც “ზედმეტად” მომრავლებულია და რომც არაფერი იცოდე, ხვდები, ახლომახლო რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, თბილისიდან მცხეთისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია. მგზავრებს პატრული ურჩევს, რომ შემოვლითი გზით, ნარეკვავის მიმართულებით იმოძრაოს. მეც იმ ტალღას მივყვები და... აქ დაიწყო, რაც დაიწყო: მანქანების უზარმაზარი კოლონა სამ მწკრივად ჩამდგარა და უშველებელი საცობი შეუქმნია. ზოგიერთს მანქანა პირდაპირ საცობში მიუტოვებია და ფეხით მიდის. ტრანსპორტის გადაადგილებას ფეხით მოსიარულეებიც აფერხებენ, ასეთები კი ძალიან ბევრნი არიან... ხალხი ჯგუფ-ჯგუფად და ჩქარი ნაბიჯით მიდის, რაღაც საინტერესოს და გამოუცნობის მოლოდინით...

მანქანით ხუთ მეტრს გავივლით და თხუთმეტი წუთი ერთ ადგილას ვდგავართ. დავიღალე... მანქანიდან გადმოვედი და გადავწყვიტე, გზა ფეხით გამეგრძელებინა, მაგრამ უარეს საცობში აღმოვჩნდი და ისევ ავტოში დავბრუნდი...

წვალებ-წვალებით, ბებრის ციხეს გავცდით და სამთავროს მივუახლოვდით, მაგრამ აქ პატრული “დაგვეტაკა”, არ გაჩერდეთ, იმოძრავეთო. ჰოდა, ჩვენც ვმოძრაობთ და მამა გაბრიელის საფლავს კი არ ვუახლოვდებით, უფრო ვცილდებით... სვეტიცხოველთან, როგორც იქნა, მანქანის გასაჩერებელი ადგილი ვიპოვეთ. სხვისი არ ვიცი და, პირადად მე, ერთი დიდი “სასწაული” აქ მელოდა - სვეტიცხოველთან ისეთი სიმშვიდე იყო და ხალხიც ისე კანტიკუნტად მოძრაობდა, რომ დავიბენი. ეს ადგილები კარგად რომ არ მცოდნოდა, ვიფიქრებდი, რომ გზა ამებნა.

დავიჯერე, რომ აქ მოსულთა უმეტესობას რწმენა კი არა, საკუთარი ცხოვრების უკეთესად მოწყობის სურვილი ამოძრავებდა, თორემ როგორ შეიძლება, ჭეშმარიტი მორწმუნე მცხეთაში იყო და სვეტიცხოველი არ მოილოცო?!

რაც უფრო უახლოვდები სამთავროს მონასტერს, უფრო მეტად ხვდები “შეშლილ” სახეებს. არსადაა მშვიდი გამომეტყველება, ტაძრიდან გამოსულებს რომ მოჰყვებათ ხოლმე. ყოფილი გუბერნიის შენობასთან ვდგავარ, ვიღაცებს ღვინის სახლად რომ გადაუკეთებიათ და შორიდან გავცქერი მონასტრის გარშემო შეკრებილ ხალხს, ვიღაცამ პალტოზე “მომქაჩა”, მივიხედე და ჩემი მეზობელი ვიცანი...

- დიდი ხანია აქ ხარ? -  შევეკითხე.

- დილის ათი საათიდან რიგში ვიდექი, ახლა გამოვედი.

საათს დავხედე, ოთხი სრულდება - სამი საათია გზაში ვყოფილვართ.

მივხვდი, რომ მამა გაბრიელის საფლავამდე ხვალ დილამდე ვერ მივაღწევ, მაგრამ რიგში მაინც ვდგები და ყურს ხალხის საუბარს ვუგდებ.

აღმოჩნდა, რომ უკვე ნახევარი საათია, ტაძრის ჭიშკარი ჩაუკეტავთ და ხალხს აღარ უშვებენ.

- რას ამბობენ, როდის გააღებენ? - ვეკითხები ქალს, რომელიც ნახევრად გულწასული ხალხის ნაკადიდან გამოძვრა, მაგრამ პალტო დარჩა და მის გამოთრევას ცდილობს.

- არავინ იცის, ამბობენ, ერთ საათშიო...

- რატომ არ დაელოდეთ?

- ცუდად გავხდი, რიგში ჩემი შვილი დავტოვე, იქნებ, ის მაინც შევიდეს...

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცივა, იმდენი ხალხია, სული მეხუთება. ამიტომ რიგს ვტოვებ და შედარებით “ნეიტრალურ” ადგილას გადავდივარ. გვერდით გავიხედე, ამდენ ხალხში მხოლოდ ერთი ძალიან კომფორტული და “შთამბეჭდავი” მანქანა დგას. ავტომარკებში კარგად ვერკვევი, მაგრამ იმდენი ხალხია, სამარკო ნიშანს ვერ ვარჩევ. ცოტა ახლოს მივიწიე და... მამაო დგას რამდენიმე კაცთან ერთად. მივედი, ვუთხარი, ვინ ვარ და...

შეკითხვის დასმა არც მაცალა, ჩვენი პოზიცია დღეს საპატრიარქომ თავის განცხადებაში დააფიქსირაო, თანმხლებებს თვალით ანიშნა, ჩაჯდა მანქანაში, “სიგნალებით” მოიშორა ხალხის მასა და გავიდა “სამშვიდობოს”.

ამასობაში, მონასტერში შესვლის იმედი საბოლოოდ დავკარგე. - ერთი საათიც გავიდა და მეტიც, მაგრამ ჭიშკრის გაღებას საშველი არ დაადგა. ხალხმა, რომელსაც იმედი ჩემსავით გადაეწურა, გამოსავალი მოძებნა: სანთლების გამყიდველ ქალებს, რომლებიც მრავლად იყვნენ და ეკლესიიდან გამოტანილ ათთეთრიან სანთლებს ოც თეთრად ყიდდნენ, სავსე ჩანთები უცებ დაუცარიელეს, ილოცეს და ტაძრის გალავანი ანთებული სანთლებით გაანათეს..

შობამდე რამდენიმე საათია დარჩენილი...

წესით, ექვს საათზე საქართველოს ყველა ტაძარში საშობაო ლოცვა უნდა დაიწყოს...

იმის გარკვევა აღარ დამიწყია, დაასწრებდნენ თუ არა სამთავროს მონასტერში საშობაო ლოცვებზე მრევლს და წამოვედი.

ახდება თუ არაMმამა გაბრიელის საფლავთან ჩაფიქრებული სურვილები? - ეს ძნელი სათქმელია. ის კი ცხადია, რომ ამ ამბით ვიღაცამ ნამდვილად იხეირა და რადგან “არ არს საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს”, ამ “ვიღაცის” ვინაობასაც, ალბათ, მალე გავიგებთ....