საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ, 7 იანვარს, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელმა კომპანიამ „RMG-გოლდმა“ ტექნიკა შეიყვანა. ძეგლის მიმდებარედ ოქროს მომპოვებელი სამუშაოების განახლების მცდელობა ვანდალიზმის აქტად შეაფასეს საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა. ისინი საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ძეგლის სტატუსის აღდგენას და ოქროს მომპოვებელი სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ.
საყდრისის ოქროსმომპოვებელი მაღარო ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს. აღმოჩენას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. მეცნიერების თანახმად, 50 მეტრის სიღრმის მაღარო ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულითაა დათარიღებული და 5400 წლისაა. არქეოლოგი ირინა ღამბაშიძე აღმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრისას საინფორმაციო სააგენტო „ნიუს.ჯი“-სთან საუბარში შენიშნავდა, რომ საქართველო ისევე წარმოუდგენელია საყდრისის გარეშე, როგორც წარმოუდგენელია ზეზვასა და მზიას გარეშე:
“მეოთხე ათასწლეულიდან აღმოჩნდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საზოგადოება მოიპოვებს ოქროს, მთის ოქროს, ანუ მაღაროებიდან გამოაქვს მადანი და იმას მთელი წარმოება აქვს. ახლა აქ არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა აურაცხელი ქვის იარაღი, რითიც მოიპოვებოდა მადანი“.
მაგრამ კულტურის სამინისტრომ 2013 წლის 5 ივლისს არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა. ტერიტორიას კომპანია „არ ემ ჯი გოლდი“ ფლობს. კომპანიის მიერ 10 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, წიაღით სარგებლობის ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იგი საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, ამ სამუშაოების დაწყებას კი, ანუ 7 იანვარს ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანას, იმით ხსნის, რომ, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელებული კვლევის შედეგად, დადგენილია, რომ ობიექტის კლდის ნაპრალებსა და კლდოვან ქანებში კულტურული ფენების არსებობა არ დასტურდება, ტერიტორიაზე კი არავითარი არტეფაქტი და ძველი მადნის დამუშავების კვალი არ გამოვლენილა. შესაბამისად, კომპანია „არ ემ ჯი“ საყდრისის საბადოს ტერიტორიას განიხილავს როგორც კომპანიის ლიცენზიის ფარგლებში არსებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიას, რომელსაც სამუშაოების მიმდინარეობისას კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება აქვს. თუმცა ამავე განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ კულტურის სამინისტრო შესაბამისი დასკვნის გაცემისაგან თავს იკავებს. „არ ემ ჯი“ კულტურის სამინისტროსგან დროულ რეაგირებას ელის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კი, თავის მხრივ, კომპანიას აფრთხილებს, რომ სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებამდე მიწის სამუშაოები დაუყოვნებლივ შეაჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით დაჯარიმდეს.
საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ფიქრობს, რომ საყდრისის საკითხი კომპლექსურად უნდა მოგვარდეს:
“რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვღებულობთ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო კულტურის სამინისტროს გადასაწყვეტი და უწყებათა შორის მიმდინარეობს ახლა კონსულტაციები. თქვენ იცით, რომ გარემოს დაცვის სამინისტროა ჩართული ამ საქმეში; გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც აქვს წვდომა იმ ინფორმაციისა, თუ სასწორის პინაზე რა დევს მეორე მხარეს“.
გურამ ოდიშარიას თქმით, გადაწყვეტილებას საყდრისის მაღაროს თაობაზე ითხოვს გერმანული მხარეც. გერმანული მხარის დანტერესება საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის საკითხის განსაზღვრით კიდევ უფრო გამოკვეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ:
“ეს არის შემოთავაზება გერმანელების მხრიდან, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ გერმანელმა ექსპერტებმა. ეს არის ძალიან ბუნებრივი მათი მხრიდან, რადგანაც გერმანია ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან სწორედ არქეოლოგიურ პროექტებში. ეს ურთიერთობა არის უკვე 20 წელზე მეტი ხნის და, აქედან გამომდინარე, მათი ინტერესი და მათი მონაწილეობა არის სრულიად ბუნებრივი და სრულიად გასაგები“.
საყდრისის საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნას და პრეისტორიული ობიექტისთვის კულტურის ძეგლის სტატუსის აღდგენას ითხოვენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც. სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტი“, თავის მხრივ, კომპანია „არ ემ ჯის“ საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდებს. მარიამ გურგენიძე ამბობს:
“დარჩენილია კიდევ ძალიან ბევრი გამოსაკვლევი ადგილი და სანამ ჯერ კიდევ შეიძლება, რომ გადავარჩინოთ ეს უნიკალური ძეგლი, მოვედით, რომ მოვუწოდოთ ამ კომპანიას, აღკვეთონ, სასწრაფოდ შეაჩერონ იქ თავიანთი სამუშაოები“.
მაღაროს გადარჩენის იმედი აქვს „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ წარმომადგენელს ლაშა ჩხარტიშვილს, რომელიც ამ ეტაპზე მიესალმება კულტურის სამინისტროს მოწოდებას, შეჩერდეს კომპანია „არ ემ ჯის“ მიერ წამოწყებული სამუშაოები, თუმცა ფიქრობს, რომ ეს საკმარისი არ არის:
“მხოლოდ კომენტარები ხელისუფლების საქმე არ არის. ხელისუფლების საქმეა მოქმედება, იმიტომ რომ მას ბერკეტები გააჩნია, ეს მოვალეობაა მისი, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, კარგია, რომ ისინი კომენტარებს აკეთებენ, მაგრამ მოქმედებებს მოვითხოვთ მათგან, რათა აღიკვეთოს ეს ბარბაროსობა, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ თალიბების მიერ ბუდას ქანდაკებების ნგრევას ავღანეთში“.
კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების აქტიურობა კი 10 იანვარს უშედეგოდ დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები „არ ემ ჯი გოლდის“ დაცვის სამსახურმა საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არც ამჯერად შეუშვა. 8 იანვარს იყო პირველი მცდელობა, რომელიც ასევე კრახით დასრულდა. სამინისტრო არქეოლოგიური ობიექტის ფოტო-მონიტორინგის განხორციელებას გეგმავდა, რისთვისაც „არ ემ ჯის“ თხოვნის წერილით 9 იანვარს მიმართა. კომპანიაში განმარტავენ, რომ სამინისტროს წერილი განხილვის სტადიაზეა, სამუშაოები კი ობიექტზე შეჩერებულია.