თებერვლის თვე ერთადერთია, რომელიც პრაქტიკულად არავის უყვარს. თებერვალზე დაწერილი ლექსებიც კი სუსხიანი და დამთრგუმველია. თუნდაც კოლაუს “25 თებერვალი“ რად ღირს. თებერვლის სიცივე და ავბედითობა ქართულ ინტერნეტფორუმების სიმყუდროვეში შეყუჟულ ფორუმელებს მაინცა და მაინც არ აღელვებთ, რადგან ფორუმებზე “პოსტებს“ ქუჩიდან არავინ წერს. სახლში კი, ბოლოს და ბოლოს, თბილი ქურთუკითაც დაჯდება კაცი კომპიუტერთან.
გასულ კვირას, საქართველოს ეროვნული გუნდის მიერ, სომხეთის ნაკრების დამარცხება და ეგვიპტის პრეზიდენტ მუბარაქის მიერ “გზისთვის ბარაქის დაყრა“ იყო მთავარი განსახილველი თემა. მუბარაქის რეჟიმსა და ჩვენს დღევანდელ ყოფას შორის პარალელებს კი, იცოცხლეთ – ფორუმებზე მრავლად ნახავდით
ბიძინა37: “კარგად ვიცი, რომ მიშას მუბარაქზე მეტად უჭერს დასავლეთი დღეს მხარს. ეს ყველას მოგვეხსენება. მაგრამ, ეს მხარდაჭერა მარადიული არაა და ვერ იქნება. მუბარაქის მერე, რიგში სხვა დიქტატორებიც ჩადგებიან და მე იმედი მაქვს, რომ მიშაც ერთ–ერთი იქნება. საქართველოზე დასავლეთმა ამდენი ფული დახარჯა და კიდევ ასეთ ცუდ დღეში ვართ. ოკეანის გაღმაც ხვდებიან, რომ აქ ცვლილებებია საჭირო“.
რასაც ვფიქრობ, ის რომ ვთქვა, იმედებს გადავუწურავ და ტყუილად გულს ვატკენ ამ პატიოსან ადამიანს. არადა, მოთმენაც ძნელია...
გასული კვირის ფორუმული მოწოდება–მოთხოვნა: აიკრძალოს მცირე სათამაშო ბიზნესი საქართველოში - მახე მომავალი თაობისათვის!
თუშჩი: “ქვეყანაში, სადაც, გინდა თუ არა, დიდი სიდუხჭირეა... ქვეყანაში, სადაც ამდენი უბედურია... ქვეყანაში, სადაც ამდენი უსაქმურია... ქვეყანაში, სადაც ძალიან დიდი რაოდენობა ახალგაზრდობისა, უმაღლეს განათლებას ვერ იღებს... ქვეყანაში, სადაც გენოფონდის კატასტროფული მდგომარეობაა, ნარკომანთა დიდი რაოდენობაა ახალგაზრდებში... ამ დროს, არის ამდენი სათამაშო აპარატი და მახე შენი მოქალაქეებისთვის (ძირითადად - ახალგაზრდებისთვის) ამდენი სატყუარა ახალგაზრდობის გაუბედრებისთვის. რატომ? რისთვის?
ხელისუფლებას ვეკითხები: რას ერჩი შენს ხალხს? ხომ არაა ესეც “თუ იცი რომ ცუდია, ადექი და ნუ შეხვალ" ყველას ხომ არა აქვს რკინის ნებისყოფა? რატომაა ქვეყანაში ამდენი სახრჩობელა?!“.
მე ის ვიცი, რომ ყოველ წამს ასეთ დაწესებულებებში ხდება იმაზე არანაკლებ ამაზრზენი ტრაგედიები, ვიდრე თუნდაც დედის მიერ საკუთარი 5 წლის შვილის მოკვლაა...
ყველაზე უცნაური მოთხოვნა: გაძვირდეს საწვავი, 1 ლიტრი ბენზინის გახდეს 12 ლარი, ან დააბრუნეთ შევარდნაძე!
ambako1: “სასწრაფოდ მოვითხოვ,, გაძვირდეს საწვავი! აეროპორტში მივდიოდი და საცობში გავიჭედე. ათასი რამე დამრჩა და ძლივს მივუსწარი თვითმფრინავს. შევარდნაძის დროს ქუჩაში საცობს ვერ ნახავდი ვერსად. რა უბედურებაა?
საცობი კი არა, შევარდნაძის დროს მანქანები მარტო დირექტორებს ჰყავდათ. რა უბედურებაა, ამდენი მანქანა არც ერთ ქვეყანაში არაა. წალეკა თბილისი მანქანებმა. საწვავი უნდა ღირდეს მინიმუმ 12 ლარი 1 ლიტრი, რათა საქმეზე რომ მიდიხარ, არ დაგაგვიანდეს! წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს მოვაწყობ საწვავის გაძვირების მოთხოვნით. ან განბაჟება გახდეს 10 000 დოლაი!“.
თუ ნატრობ, ბარემ ნიკოლოზას დრო ინატრე, ანაც - ოციანი წლები. მაშინ ქალაქში ერთი მანქანა დადიოდა და ისიც კამოს დაეჯახა....
რატომ ვერ ვაშენებთ ისეთ ქვეყანას, როგორსაც ვითომ სულ ვაშენებთ და ვაშენებთ?!...
Geronti: “საქართველო ახალ სახელმწიფოს აშენებს. ამ მშენებლობის მიზანი, ანუ ის, რაც ჩვენ მოვინდომეთ, ძალიან ზოგადად - დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა - ჩვენი ისტორიული განვითარების კულტურული პროდუქტი არ არის. ეს, ფაქტობრივად, სხვათა კულტურული მონაპოვრის რაციონალურად მიზანშეწონილი, გონებით წარმართული აქტივობით გვაქვს შესაქმნელი.
ეს, თანამედროვეობის არა მხოლოდ ურთულესი პოლიტიკური, არამედ, პირველ რიგში, ურთულესი ინტელექტუალური პრობლემაა. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფო აღმშენებლობის პროდუქტის ხარისხი აზროვნების ხარისხზე არსებითად არის დამოკიდებული. აღმშენებლობითი აზროვნება კი სპეციალურ ცოდნას, განათლებას, უნარს და ძალისხმევას საჭიროებს.
ჩემი ხედვით, ვინც საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობას ახორციელებდა და ისინიც, ვინც ახლა ახორციელებს, ამ ამოცანის გადაწყვეტისთვის მზად არ არიან. აღმშენებლობით აზროვნებაში დომინირებს ყოფითი ფორმები, ტექნოკრატიული მიდგომები, პოლიტიკური ინტერესები, რაც იმ პრობლემათა სრულიად არაადეკვატურია, რომლის წინაშე ქვეყანა რეალურად დგას“.
სამხრეთ კორეამ 10 წელიწადში შეძლო პროგრესი. იაპონიაც სულ არ იყო ასე ტექნოკრატიული. ჩინეთმა, 1,5-მილიარდიანი მათხოვრებით და მშივრებით, შეძლო და ლახავს რუბიკონს. ყველგან ამერიკის ფაქტორი ფიგურირებს. ანუ, პოზიტივი არსებობს. და რა ხდება ჩვენს თავს?
სულ მალე, ჩვენ ქუთაისის პარლამენტში 2 საათში ჩავალთ მანქანით. ოღონდ, რკინიგზის გვირაბის გავლით...
Armagedonidze: “მეგობრებო, ახალი ინფორმაცია გავიგე საკმაოდ სანდო წყაროდან: თბილისი-ლესელიძის მშენებარე ავტობანი (რომელიც ახლა სოფ. რუისამდეა მისული) რიკოთის უღესტეხილზე არ გაივლის! ის გაივლის იქ, სადაც ახლა გადის რკინიგზა, ანუ წიფის გვირაბით გავა დასავლეთისკენ. ახლა, რკინიგზა სადღა წავაო - არ იკითხავთ? გეტყვით: ძველი რკინიგზა შეუერთდება ახალი რკინიგზის მონაკვეთს და წიფის გვირაბის ნაცვლად, ეგენი გავლენ სოფ. ქვიშხეთის გავლით, ოღონდ ქვიშხეთიდან სოფ. ბულბულას ციხემდე იქნება გვირაბი.
ეგ დაახლიებით 2/ 2,5 კმ-ია. ეგ ადგილები ჩემი 5 თითივით ვიცი, რამეთუ სახლი მაქვს ქვიშხეთში და მანდა ვარ გაზრდილი ზაფხულობით. ასე რომ, საინტერესო პროექტია, უბრალოდ ქვიშხეთისთვის მაინცა და მაინც კარგის მომტანი არ უნდა იყოს. მე პირადად წინააღმდეგი ვარ ამის. დედას უტირებს ძალიან ლამაზ კურორტს ეგ რკინიგზა“.
ჰო, რკინიგზაზე გამახსენდა: თურმე, ჩოხატაურელები იძახიან, სუფთა გურულები ჩვენა ვართ, ჩვენთან მატარებელს არასოდეს გაუვლიაო...
ერთხელ მაინც რომ არ ვახსენოთ მასონები, ჩვენი მიმოხილვაც და, საერთოდ, ცხოვრებაც ფასს დაკარგავდა...
ke-isari: “ვკითხულობდი ერთ-ერთ თემას: "სიონის ბრძენკაცთა ოქმები". ბევრი ამას არასერიოზულად უდგება, მაგრამ თავად მასონების მიერ ლეგალურად ინტერნეტში დადებული მასალის გაცნობით აღმოაჩენ, რომ ნამდვილად ებრაელი ერი წერს მსოფლიო ისტორიას, სულ ცოტა ბოლო 1500 წელიწადი...
დავიწყოთ იმით, რომ ქრისტეს აღდგომის შემდგომ, სახარებაში გარკვევითაა გადმოცემული, რომ ფარისევლებმა მიიტანეს ფული რომაელ მცველებთან და სთხოვეს ეთქვათ, რომ ქრისტე კი არ აღსდგა, არამედ მისი გვამი მოწაფეებმა მოიპარეს. სწორედ აქედან უნდა დაიწყოს ათვლის წერტილი მათი საქმიანობისა“.
დიდი ბრიტანეთის დროშას რა ჰქვია? ”უნიონ ჯეკ” ჰო? თარგმანში როგორაა? ”გაერთიანებული იაკობი”! ინგლისელებო, თქვე მასონებო თქვენა!
საქართველოში დიდოელების წერილის ჩამომტანი ჰამზატოვი მოკლეს. ამ ფაქტზე ფორუმელებმაც გამოთქვეს პროტესტი.
Beelphegor: “მოკლედ, არავინ გაახარა პუტინმა ვინც იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ აღიმაღლა ხმა. ამასწინათ საქართველოში დიდოელების სახელით მ. ჰამზატოვმა საქართველოს პარლამენტს გადასცა დიდოელების წერილი, სადაც ისინი ითხოვდნენ საქართველოსთან შემოერთებას, რათა გადაერჩინათ თავისი ენა და კულტურა რუსული ასიმილაციისგან.
დიდოეთში დაბრუნების შემდეგ, ჰამზატოვზე დევნა გამოცხადდა. იგი არ შეუშვეს წუნთინის რაიონში პროპუტინელმა კოლაბორაციონისტებმა და იგი იძულებული გახდა გადახვეწილიყო მშობლიურ სოფელ შამხალში, სადაც ამა წლის 4 იანვარს დიდოელთა საყოველთაო კრება მოიწვია, რათა გაეცნო საქართველოდან ჩამოტანილი ამბები თავისსავე თანატომელებისათვის. სამწუხაროდ, ეს მამაცი ადამიანიც შეეწირა პუტინურ ფაშისტურ რუსეთის პოლიტიკას, რომელიც არავის ახარებდა და არც გაახარებს ვინც მისგან გამოყოფაზე და დამოუკიდებლობაზე ალაპარაკდება“.
რუსეთს კაჩინსკის ამბავს ვერ უმტკიცებენ და ეს ჰამზათოვი არც არავის შეაწუხებს იქ... თუმცა, ეს მკვლელობა მართლა ჰგავს რუსეთის გაკეთებულს...
სანამ ჰამზაროვს დავიტირებდეთ, მანამდე ეგებ გამოგვერკვია, მერაბ კოსტავა როგორ დაიღუპა?! რატომ არ იქნა მისი სიკვდილი სათანადოდ გამოძიებული?!
Oligarh: “ხშირად ერთად იყვნენ მერაბი და ზვიადი. ბევრი მითქმა–მოთქმა იყო, რომ კოსტავა მოიშორეს... მოკლეს... მისი (ვითომ) მეუღლე დუმდა... რა მოხდა? იქნებ გაგვანათლოთ ძველი თაობის ხალხმა..
ახლა სულ არის ლაპარაკი, რომ ჟვანია მოკლა სააკიანცმა, მაგიტომაც არ იქნა გამოძიებული ეგ ამბავი. რატომ არ გამოიძია გამსახურდია–კოსტავას ამბავი, როდესაც ზვიადი იყო ხელისუფლებაში. ეს ხომ აქტუალური იყო და ყველას ტკიოდა ეს საკითხი? აბა, იმ პერიოდის შემსწრეებო, გისმენთ, რა მოხდა, რამ გამოიწვია ის ჭორები, რომ მოკლეს კოსტავა და რატომ არ იქნა გამოძიებული?“.
ეგეთი მკვლელობები (თუ მკვლელობა იყო) როგორც წესი, არ იხსნება
და თუ იხსნება, მაინც არავინ იჯერებს ოფიციალურ ვერსიას...
ღმერთო, დაიფარე დედოფალი, ახალი ევროპა და საქართველო...
benjamen glonti: “რომ ვამბობდი, ინგლისის დედოფალი თუ გვიშველის მეთქი, (ლიბერალიზმის აბსურდიზაციით შეშფოთებულ ატლანტისტებს), დამცინეთ, მარა მგონი მართალი ვიყავ! გამოსულა კამერონი (ინგლისი დედოფლის პირველი ვეზირი) და უთქვამს: მორჩა ტოლერანტობა და მულტიკულტურ-მულტურალიზმი, ვიწყებთ უმცირესობების დევნასო!
ეს, ბატონებო, არც მეტი არც ნაკლები, რევოლუციაა და დროზე უნდა ალღოს აღება. ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ქართული პოლიტიკური დისკურსის გადაწყობა ახალი რეალობის შესაბამისად. აქ კიდევ, ისტერიკებს მართავს ხალხი, “მურკა“ რატომ აგვიკრძალა მიშამო. თურმე, მიშა საქმის ყურშია და როგორც ყოველთვის მსოფლიო ტენდენციებს ერთი ნაბიჯით უსწრებს“.
ტრაგედია ინგლისის დედოფლის ვეზირის სიტყვებში კი არაა. ტრაგედია საქართველოში არსებულ მოდას აყოლაში და მოდურობაშია! იქ სადაც მოდურობაა, ღირებულებები არაფერს ნიშნავს!
მატარებლის სადგური საქართველოში! აი, ადგილი, სადაც ევროპამ ფართო ნაბიჯებით შემოაბიჯა!
Konti: “წინა პარასკევს საქმეზე უნდა წავსულიყავი დასავლეთში. ვინაიდან სამსახურში დღის ბოლოს დაგეგმილი ღონისძიება არ მაძლევდა თავისუფლად გამგზავრების საშუალებას, გადავწყვიტე ღამის მატარებლით მგზავრობა..
მატარებლის ბილეთი ვერ ვიშოვნე და იძულებული გავხდი “მარშრუტკით“ წავსულიყავი. ზუგდიდში ჩავედი ღამის 2-30-ზე. არ გინდა ვინმე გააღვიძო ასეთ დროს, თუ ძაან ახლობელი არ არის?!.. ტაქსით წასვლას დანიშნულების ადგილამდე 30 ლარამდე მაინც უნდოდა... მეთქი, დავზოგავ ფულს, როგორმე სადგურში გავჩერდები... მივადექი რკინისგზის სადგურის კარებს, რომელიც ჩაკეტილი დამხვდა. არადა, შუქი ანთია ცენტრალურ დარბაზში. გარეთ ძალიან ცივა, ვერ ვჩერდებოდი...
ვიფიქრე, შიგნითაც კი იქნება სიცივე, მაგრამ რამდენიმე გრადუსით მეტი სითბო იქნება მეთქი და მოვუარე პლატფორმის მხრიდან. ამდენ წრიალში, თურმე ვიღაც საწყალ გიჟს სძინებია შიგნით და გამოეღვიძა (ბომჟი ყოფილა და პოლიცია უღებს კარებს, რომ გარეთ არ გაიყინოს) და ძლივს გავაგებინე - კარები გახსენი-მეთქი. აი, ამ გიჟთან გავატარე დილის 6-15 წუთამდე დრო.
ახლა, გეკითხებით: სადგურებს რა დანიშნულება აქვთ, მხოლოდ გარედან უნდა შეხედო როგორ ანთია შუქი? ან შუშის ვიტრინებს უნდა უყურო თუ - რა?“.
როდესაც ქვეყანაში ასეთი ელემენტარული პრობლემა არ არის მოგვარებული, უშბას გაუნათებლობას ავიტანთ როგორმე....