„რა არის მორიგი შეთქმულება „რესპუბლიკელების" მონაწილეობით? შეიძლება ასეც ითქვას - მორიგი შეთქმულება არის „ნაციონალების" გადასარჩენად და ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ჩასაძირად" - გაზეთი „ალია" აქვეყნებს ვრცელ წერილს „რესპუბლიკური მოძრაობის" მხრიდან პარლამენტში „იატაკქვეშა მუშაობის" თაობაზე.
„შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია ამბობს, რომ სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის მოდელის ამოქმედება გამოძიებას დააზარალებს. იზორიასგან განსხვავებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საქართველოში ბოლშევიზმის დაბრუნებას, როცა მოწმეებს პროკურატურაში აწამებდნენ და როცა ისინი დენის გატარებით ჩვენებას აძლევდნენ."
სტატიის ავტორი წერს, რომ აქ თანხვედრაში მოდის კოტე კუბლაშვილის, არასამთავრობოებისა და „რესპუბლიკური პარტიის" ინტერესები.
„კოტე კუბლაშვილი აცხადებს, თუ ეს ნორმა ამოქმედდა სასამართლოს პრობლემა არ ექნებაო. რა პრობლემაზე საუბარი? პირიქით, თუ ასე მოხდება კოტე სიხარულისგან შეხტება და შემოტრიალდება, მის გარეშე დამნაშავე „ნაციონალებს" ბუზსაც ვერავინ აუფრენს!" - წერს ავტორი.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
„როგორც ჩანს უმრავლესობაში ან კარგად ვერ გაერკვნენ სიტუაციაში, ან კიდევ „რესპუბლიკელების" გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები და ნებსით თუ უნებლიედ „ნაციონალების" წისქვილზე ასხამენ წყალს".
სტატიის ავტორი დასძენს, რომ ქართველი ხალხი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, ანუ დამნაშავეების დასჯას და თუკი მოწმის დაკითხვაც კოტე კუბლაშვილის პრეროგატივა გახდება, მაშინ ვერც სამართლიანობა აღდგება და ვერც დამნაშავეები დაისჯებიან.
reportiori.ge