იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტაგ ხმალაძის აზრით, ქურდული სამყაროს წევრობასთან და კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი გადასახედია. დეპუტატმა „სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე პირველი პრიმა მუხლის ხარვეზზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონში ჩადებული ნორმა ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს ვერ აკმაყოფილებს.
„კანონის ეს ნორმა არ მომწონს და თავის დროზე, როცა შემოიღეს, ძალიან კრიტიკულად ვუდგებოდი. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უნდა იყოს შეფასებითი, თუ რა არის ეს. კანონში ჩადებული ნორმა ვერ აკმაყოფილებს ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს და ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი და პრობლემური.
ზუსტად უნდა განისაზღვროს, რა არის კანონიერი ქურდობა და ქურდული მენტალიტეტი და უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ მოქმედებასთან, რომლის გამოც შეიძლება პირი გასამართლდეს. უტრირებას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ იმის გამო, რომ ვთქვათ, მე მომწონს ქურდები და მომწონს ქურდული ურთიერთობები, ამის გამო არ შეიძლება ციხეში ჩამსვან“, - განაცხადა ხმალაძემ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ნორმა ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ ყველასთვის იყოს ნათელი, რას ნიშნავს „ქურდული სამყაროს წევრობა“, „კანონიერი ქურდობა“. კანონში ეს არის პრობლემა, თუმცა, როგორც ამბობს მისთვის უცნობია ფაქტი, ვიღაცა იმისთვის დაისაჯა, რომ თქვა, ქურდული სამყაროს წესები მოსწონდა.
„როდესაც ადამიანი ქურდული სამყაროს წესებით ცხოვრობს, რომელიც არათუ არ შეესაბამება კანონს, არამედ არღვევს მას, ასეთი წესებით ცხოვრება, რასაკვირველია, დასჯადი უნდა იყოს. ამჟამად კანონში არის ხარვეზი, მაგრამ ახლა ამ ნორმის შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ, გაუქმებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რადგან პრაქტიკაში ამ ნორმის ფართო და არასწორი ინტერპრეტაციით გამოყენება არ მომხდარა.
არც კი ვიცი, როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს „კანონიერი ქურდის“ განმარტება. ვინც საბჭოთა კავშრის დროს ცხოვრობდა, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული მემკვიდრეობიდან გამომდინარე ყველამ იცის, რომ ეს არის ქურდული სამყაროს ავტორიტეტების მიერ პირის ე.წ. კანონიერ ქურდად აღიარება, ანუ აღიარება ისეთ პირად, რომელსაც სხვა კანონდამრღვევებისგან განსხვავებული მდგომარეობა უკავია, მაგრამ ამის სამართლებრივი განსაზღვრება არ არსებობს, რადგან თავად „კანონიერი ქურდის“ განსაზღვრებაა უკანონო“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ზოგადად, დღის წესრიგში დგას „სისხლის სამართლის კოდექსის“ რევიზიის საკითხი, იქ არაერთი ნორმაა შესაცვლელი და კონცეპტუალურად გადასახედი. თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს იმდენად რთული საკითხია, რომ სწაფად ვერ ხერხდება.
კანომდებლის განცხადების მიუხედავად, ხელისუფლების პოზიციაა, რომ ქურდულ სამყაროსთან მიდგომა არანაირად არ გადაიხედება. სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პრაქტიკა იყო არასწორი, მაგრამ მიდგომა არ გადაიხედება.
„მან თქვა, რომ თუ რამე დასაზუსტებელია, შეიძლება დაზუსტდეს. პრაქტიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა, არ იყო სწორი, მაგრამ მიდგომა არ გადაიხედება არანაირად. ეს არის არა ჩემი, არამედ ხელისუფლების დამოკიდებულება. ის, რომ არასწორი პრაქტიკა იყო, ეს არ იძლევა გადახედვის საფუძველს. თუ რაიმეს დახვეწა იქნება კანონით შესაძლებელი, კანონმდებლობა ყოველთვის იხვეწება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე პირველი პრიმა მუხლის გადახედვა არ იგეგმება და ეს არაა საკანონმდებლო ინიციატივა. როგორც თავად ამბობს, ეს არის ხმალაძის მოსაზრებაა და ასეც რომ იყოს ეს არანაირ შეღავათს არ აძელვს კრიმინალურ სამყაროს.
„უბრალოდ, ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებაა, რომ ყველა საკითხს თავისი კონკრეტული სახელი ერქვას. მე უფრო მეტსაც გეტყვით, ვახტანგ ხმალაძის მოსაზრების მიხედვით შეიძლება გაცილებით გაფართოვდეს ეს ცნება და უფრო მეტი ადამიანის მიმართ იქნეს საჭირო რაღაცა ზომების გატარება. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის ხმალაძის მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უახლოეს პერიოდში ამის განხილვა არ იგეგმება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ვოლსკი.
საპარალამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ მსგავსი ცვლილების ინიციატივით უმრავლესობა შევა პარლამენტში, უმცირესობა ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თუ ამ კანონის გადახედვაზე დავიწყებთ საუბარს, ეს ნიშნავს, რომ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ ეხსნებათ ხელ-ფეხი, რომ ამ ადამიანებმა დაიწყონ ორგანიზებული დანაშაულის ჩადენა და დანაშაულიებრივი ქსელების ორგანიზება.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხანდახან, იურისტებს ავიწყდებათ და მარტო სამართლებლივი და იურიდიული თვალსაზრისით უყურებენ და არ უყურებენ პრაქტიკულ პრაგმანტული თვალსაზრისით კანონპროექტს და ცვლილებას. რეალურად, მოდით ვთქვათ, რა შედეგი მოგვიტანა ამ კანონის მიღებამ - დღეს საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, საქართველოში არის ერთ-ერთი დაბალი კრიმინოგენური სიტუაცია, დღეს ქურდული გარჩევები არ ხდება საქართელოში, ფულს და „ობშიაკებს“ არავინ არ აგროვებს. იცით რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი ეს იყო დანაშაული და ყველამ კარაგად გაიგო ეს ყველაფერი“, - აცხადებს ვაშაძე.
როგორც დეპუტატი განმარტავს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ისე არ გაგვიჯდა ეს სისხლში როგორც საჭიროა და მისი თქმით, ამის მაგალითია ციხეებში არსებული სიტუაცია, სადაც ისევ შემოვიდა „ქურდული სამყაროს“ მხრიდან „ავტორიტეტების ინსტიტუტი“, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.
„ამ ფონზე, ჩვენ თუ ამ კანონს გადავხედვათ, შეიძლება მივიღოთ ქუჩაში ზუსტად იგივე მდგომარეობა, რაც იყო 2003-2005 წლებამდე, კატაროფული სიტუაცია, როდესაც მანქანას გპარავდნენ და შემდეგ, ქურდებთან იჩალიჩო „ვაზვრატზე“.
არ მესმის ამ ადამაინებს პოზიციის, ეს არის ძალიან პრაგმატული კანონი, ძალიან პრაგმატული მუხლებით, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ უსაფრთხო გარემოში. თუ ამაზე ვიტყვით უარს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უსაფრთხოებაზე ვამბობთ უარს. ქურდი უნდა იჯდეს ციხეში, თქვას უარი ქურდობაზე და იქნება გარეთ, არანაირი პრობლემა არაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი ვაშაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გედევან ფოფხაძე კი ფიქრობს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ნაფიქრი აქვს ამ განცხადებაზე და იმედოვნებს, რომ დაასაბუთებს თავის არგუმენტებს.
„ძალიან ფაქიზი თემაა. არის ასეთი დანაშაული, რასაც ჰქვია ორგანიზებული დანაშაული, ბუნებრივია, რომ ამ დანაშაულზე სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს, ამის დეკრიმინალიზაცია გამორიცხულია.
ზოგადად, „კანონიერ ქურდებთან“ და დანაშაულის ამ სივრცესთან სახელმწიფო ხისტი უნდა იყოს. არ ვიცი რას გულსხმობს ბატონი ვახტანგი, რატომ უნდა გადაიხედოს, რა ფორმით უნდა იქნეს გადახედილი, ალბათ, დაასაბუთებს ამას. როცა დაასაბუთებს არგუმენეტს, მერე დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას“, - განუცხადა for.ge-ს გედევან ფოფხაძემ.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ თუკი ნორმა გადასახედია, აჯობებდა, ჯერ ცვლილება მომზადებულიყო, ინიციატივის სახე მისცემოდა და განხილვები დაწყებულიყო. ახლა კი რა გამოდის - ვამბობთ ნორმა ცუდია, მაგრამ კარგი რა არის ის არ ვიცით, ან არ ვამბობთ.
„საკითხის ამოწევა კონტექტიდან იყო ამოგლეჯილი. არის ასეთი მუხლები ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში, მაგრამ ეს არაა იმდენად კანონის პრობლემა, არამედ იმპლიმენტაციის პრობლემაა და შეუძლებელი არის რაიმე კონკრეტული რეგულაციით გაწერა. ამდაგვარი ნორმები არის, მაგრამ ამ ნორმების განსახორციელბლად და სწორად შესაფასებლად არსებობს მთელი დანარჩენი სახელმწიფო აპარატი, რომელსაც ჰქვია სამართალდაცვის სტრუქტურა, თავისი სამივე ინსტანციით, რომელმაც კონკრეტულ ქმედებას უნდა მისცეს კვალიფიკაცია და ისე განსაზღვროს სასჯელი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.