„საქსტატის“ ინფორმაციით წინა წელთან შედარებით, ინფლაციის დონე გაზრდილია. ფასების ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლიან და უალკოჰოლო სასმელებზე, თამბაქოს ნაწარმზე. ფასები 4 პროცენტით გაიზარდა ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე, ხოლო სამი პროცენტით - რძის პროდუქტებზე და კვერცხზე.
რაც შეეხება კლებას, წინა წელთან შედარებით, ფასებმა 8%-ით იკლო ხილზე, ხოლო სამი პროცენტით ზეთზე. კლებაა დაფიქსირებული ტრანსპორტით მომსახურების ტარიფზე და ავტომანქანების ფასზე.
შესაბამისად, გაუფასურებულია ლარიც - ეროვნული ვალუტა გასულ წელთან შედარებით, დოლართან მიმართებაში 5,1%-ით დაეცა. ამ ყველაფერს აქვს ახსნა, როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, 2013 წელი ძალიან რთული წელი იყო.
„იყო კოაბიტაციის რეჟიმი, ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი სააკშვილი, რომელიც ახდენდა ჩვენი მთავრობის პირდაპირ დისკრედიტაციას საერთაშორისო დონეზე... ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახა ეკონომიკაზე. ვერცერთ ინვესტორს ვერ დააინტერესებ ქვეყნით, როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა რაღაც საშინელებაა და დესტრუქციულია და იგი მალე ჩამოიშლება. თუმცა, მსურს აღვნიშნო, რომ აქ არაფერი საგანგაშო არ არის. ამის დასტაბილურება მოხდება, რა თქმა უნდა. ლარის კურსის ვარდნა გასულ წლებში ძალიან ბევრჯერ გვინახავს... როგორც კი დაიწყო პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილიზება, მაშინვე მოხდა ეკონომიკის გამოცოცხლება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რამდენად საგანგაშო ვითარებაა შექმნილი ფულად-საკრედიტო სისტემაში, პესიმისტური თუ ოპტიმისტური პროგნოზებია მოსალოდნელი და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ინფლაციური პროცესების შესაფერხებლად, ამ თემაზე პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი გვესაუბრება.
ბატონო სოლომონ, ბოლო პერიოდში ინფლაციური პროცესები საკმაოდ თვალშისაცემი გახდა. ამ შემთხვევაში მის გამომწვევ რა ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებზე შეიძლება ვისაუბროთ?
- მთელი გასული წლის განმავლობაში საუბარი იყო, რომ არ მიდიოდა ინფლაციური პროცესები, პირიქით, აღინიშნებოდა დეფლაცია, რომელსაც ზოგიერთი ექსპერტი აღიქვამდა როგორც უარყოფით მოვლენას. მაშინვე ვამბობდი, რომ საქართველოსთვის საფრთხე იყო ინფლაციური პროცესები და არა დეფლაცია.
შემდგომ პერიოდში უკვე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მოქმედება, პროვოცირება გაუკეთა ლარის კურსს, კერძოდ, ბრუნვიდან ამოიღო დოლარი და ხელოვნურად შექმნა დოლარის დეფიციტი. დაახლოებით 400 მილიონ დოლარზეა საუბარი, რომლითაც შეავსო ეროვნული ბანკის რეზერვები ერთი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ კი გამოჰქონდა დოლარი ბაზარზე, რომ ლარის კურსი დაერეგულირებინა, მაგრამ ადეკვატური აღარ იყო ეს პროცესები.
ამას ემატებოდა ისიც, რომ არ შემოდიოდა ინვესტიციები. მოგეხსენებათ, ლარის სიმყარის განმსაზღვრელი ერთ-ერთი პირობა არის უცხოური ინვესტიციები, 2013 წლის განმავლობაში კი ინვესტიციების კლება დაფიქსირდა. ორივე ფაქტორმა ერთად - ეროვნული ბანკის თამაშმა ლარის კურსთან და ინვესტიციების შემცირებამ გამოიწვია ის, რომ დაიწყო ლარის კურსის დაცემა, რაც საბოლოო ჯამში გადაიზარდა დევალვაციაში, ხოლო დევალვაცია თავისთავად იწვევს ინფლაციურ პროცესებს.
შემდეგ ეროვნული ბანკი შეეცადა კურსის დარეგულირებას. მარტო ბოლო ორ კვირაში 80 მილიონი დოლარი გამოიტანა, მაგრამ პროცესები უკვე ადეკვატური აღარ არის, რადგან ხალხში გაჩნდა მოლოდინი, რომ დოლარის დეფიციტია. ამან გაზარდა დოლარზე მოთხოვნა, რამაც დაასუსტა ლარის კურსი.
როდესაც ლარის კურსი სუსტდება, ვალუტის კონვერტაციისას უფრო მეტი ლარი გვჭირდება, ვიდრე დავუშვათ, ერთი თვის წინ. დოლარი გვჭირდება იმისათვის, რომ შემოვიტანოთ იმპორტული საქონელი, რაც ნიშნავს, რომ ის ადგილზე უნდა გაიყიდოს უფრო მეტ ლარად, რომ ისევ მოახდინო თანხის დოლარში კონვერტაცია და ისევ შემოიტანო იმპორტული პროდუქცია.
თავისდაუნებურად, ეს პროცესი პროვოცირებას უკეთებს ინფლაციურ პროცესებს და ინფლაციის მოლოდინსაც ზრდის საზოგადოებაში. ფაქტიც სახეზეა, მარტო დეკემბრის თვეში სურსათსა და ალკოჰოლურ სასმელებზე 4%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.
ანუ ეს ეროვნული ბანკის შეცდომაა?
- მხოლოდ ეროვნულ ბანკს ვერ დააბრალებ, ერთი მხრივ, იყო ეროვნული ბანკის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ვგულისხმობ ბრუნვიდან დიდი ოდენობის დოლარის ამოღებას. ამას დაემატა ისიც, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი არ შესრულდა - საუბარია 450 - მილიონამდე ლარიან დეფიციტზე.
ეს ორივე ინსტიტუციის პრობლემაა, როგორც ფისკალური, ასევე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის. ამიტომ მხოლოდ ეროვნულ ბანკს ვერ დააბრალებ. ამის გარდა, ობიექტური მიზეზი იყო ინვესტიციების შემცირება.
როდესაც პირველ ეტაპზე გვეგონა, რომ ინფლაცია არ მიმდინარეობდა, ამ დროს გასათვალისწინებელი იყო ის მომენტი, რომ ფასები შემცირდა ენერგომატარებლებსა და ნავთობპროდუქტებზე, შემცირდა კომუნალური გადასახდელებიც - ეს იყო ადმინისტრაციული მეთოდები, რასაც დაემატა კიდევ ერთი ფაქტორი. ზოგიერთმა მწარმოებელმა თუ ბიზნესმენმა ახალი ხელისუფლების მიმართ თავიანთი სიმპათიის გამოსახატავად ზოგიერთ პროდუქციაზე ფასები დაწია. თუმცა ეს იყო არა სისტემატური, არამედ - დროებითი და სპონტანური მოვლენა.
ამის შემდეგ, უკვე როდესაც ეკონომიკა თავისი დინებით წავიდა, ინფლაციური პროცესების განვითარება დაიწყო. ჩვენ გვეგონა, რომ ხელოვნურად დავარეგულირებდით ლარის კურსს, რომ ზედმეტად არ გამყარებულიყო, რაშიც ეროვნული ბანკი ჩაერთო და ფაქტობრივად, ვერ მოზომა. ამ ყველაფერმა ეთობლიობაში გამოიწვია ის პროცესები რაც გვაქვს.
ეროვნული ბანკის მხრიდან ხომ არ იგრძნობა ერთგვარი, პროვოკაციული ნაბიჯი - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გარკვეული ინსტიტუციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე დარჩნენ წინა ხელისუფლების კადრები, მათ შორის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელიც. საქართველოში კი ჯერ არ არსებობს იმდენად განვითარებული ინსტიტუციები, რომ პოლიტიკურ ზეგავლენას არ განიცდიდეს, სხვადასხვა სფეროებში პროვოკაციული მომენტებიც მრავლად შეინიშნებოდა... ამ შემთხვევაშიც რაიმე მსგავს მოვლენასთან ხომ არ გვაქვს საქმე?
- ეროვნული ბანკი ისეთი ინსტიტუციაა, რომელიც ყველაზე დამოუკიდებელი უნდა იყოს ქვეყანაში. სამწუხაროა, როდესაც ეროვნული ბანკი პოლიტიკურ ინტრიგებში ერთვება. ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ საბოტაჟის ფაქტს, მაგრამ გარკვეული წინააღმდეგობები იყო სხვადასხვა დონეზე და საბოტაჟსაც ჰქონდა ადგილი, ეს ცხადზე ცხადია.
იგივე ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის, ვერ მოხდა კოორდინაცია. ამანაც დაასვა დაღი საბიუჯეტო შემოსავლებს. კიდევ ბევრი რამ - როდესაც ცენტრალური ხელისუფლება პოზიტიურ ნაბიჯებს დგამდა, ადგილობერივი ხელისუფლება ცდილობდა, უარყოფით კონტექსტში გაეშუქებინა. ავიღოთ, სეტყვით დაზარალებული მოსახლეობის თემა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებების წყალობით ისევ ახალ ხელისუფლებას შემოუბრუნდა უკან. ანალოგიური კონტექსტი იყო რთველის მიმართაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო რთველი იყო - მთელი მოსავალი გაიყიდა...
საბოტაჟის ნიშნები არის და კიდევაც იქნება, რადგან პოლიტიკურ თანამდებობებზე, მინისტრების მოადგილეებად ისევ გვყავს წინა ხელისუფლების კადრები. არ ვამბობ, რომ ყველა ქუჩაში უნდა გავყაროთ, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ თანამდებობებზეა საუბარი, სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ - ისინი სხვა პოლიტიკური ნების მატარებლები იყვნენ, ესენი სხვა პოლიტიკური ნების მატარებლები არიან.
მოსახლეობისთვის მტკივნეულია გარკვეულ პროდუქციაზე ფასების ზრდა. ამის დარეგულირება რამდენად არის შესაძლებელი, რომ უმართავ პროცესებამდე არ მივიდეთ?
- უმართავ პროცესებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ პირველ სამ თვეში თუ არ შევეცადეთ, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ გაგვიჭირდება.
ამ მხრივ დიდი იმედი მაქვს პრემიერის, რომელიც ამ ყველაფერს კარგად ხედავს, თუ თავის პირად კონტაქტებს გამოიყენებს ბიძინა ივანიშვილი, ესეც ძალიან კარგი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა რაოდენობის ინვესტიციები შემოვა პირველ კვარტალში.
წინააღმდეგ შემთხვევაში რა საფრთხეებს შეიძლება მოველოდეთ?
- გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია, ინფლაციური პროცესები განვითარდეს თუ ასე პერმანენტულად გაგრძელდა ლარის კურსის დევალვაცია. თუ პირველ კვარტალში ინვესტიციების რაოდენობა არ გაიზრდება, იმისათვის, რომ ამან ლარის კურსის გამყარება გამოიწვიოს და თუ ეროვნულმა ბანკმაც არ გადადგა სწორი ნაბიჯები, რასაც ჰქვია ლარის კურსის ზომიერი რეგულირება, სიტუაცია გართულდება.
წინა პერიოდში ეროვნულ ბანკს ეგონა, რომ მონეტარიზაციის ინსტრუმენტს იყენებდა, როდესაც ბრუნვიდან იღებდა დოლარს და შემდეგ ისევ ბაზარზე გაჰქონდა ლარის კურსის დასარეგულირებლად. შემდეგ, თითქოს, ეს აზარტში გადაეზარდა და ამ ყველაფერმა ინფლაციური პროცესები ვეღარ დაარეგულირა.
შესაძლებელია, ლარის დევალვაცია უფრო მაღალი ტემპით წავიდეს. ინფლაციის მოლოდინიც არანაკლები საფრთხეა - იმპორტიორები უკვე წინასწარ აძვირებენ პროდუქციას, რომ თუ ინფლაცია გაიზრდება, არ იზარალონ.
ამის თავიდან ასაცილებლად ეროვნულმა ბანკმა ხელოვნურად უნდა არეგულიროს ლარის კურსი - მეტი რაოდენობით დოლარი უნდა გამოიტანოს ბაზარზე, რომ ლარზე მოთხოვნა გაიზარდოს.
ოქროს შუალედია მოსაძებნი. ამის გარდა, უნდა იყოს კოორდინაცია ფისკალურ და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას შორის. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა შეთანხმებულად უნდა იმუშავონ, რომ პროცესები ხელიდან არ გაგვექცეს. თუ ეს ყველაფერი არ დალაგდა, ძალიან გაგვიჭირდება, რომ ქვეყანაში ინფლაციური პროცესები არ წავიდეს.
ჩვენნაირი ქვეყნისთვის ინფლაცია სერიოზული საფრთხეა. მსგავსი გამოცდილება უკვე გვაქვს, სხვა მაგალითებიც არსებობს, ამიტომ ეს პროცესები რომ არ განმეორდეს, ყველა ინსტიტუციამ შეთანხმებულად უნდა იმუშავოს.