ყოფილი გენერალური პროკურორის გია მეფარიშვილის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, დღეს, მთავარი პროკურორი თავისი სამართლებრივი სტატუსით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგთანაც არ არის გათანაბრებული
„მოგეხსენებათ, იუსტიციის მინისტრი პოლიტიკური თანამდებობის პირია და ხშირად იცვლება არჩევნების თუ სამთავრობო კრიზისების შედეგად. პროკურატურამ ეს ყველაფერი ვერ აიცილა და დამოუკიდებლობის ისედაც სუსტი გარანტიები დაკარგა. დღეს, მთავარი პროკურორი თავისი სამართლებრივი სტატუსით იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგთანაც არ არის გათანაბრებული - როგორ მოგწონთ?! ასეთ პროკურორს ევალება კოორდინაცია გაუწიოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და მან უნდა მართოს სამართალდაცვის ორგანოების საქმიანობა სასამართლომდე. ეს არარეალურია და არც ხდება“ - განაცხადა მეფარიშვილმა.
მეფარიშვილის თქმით, როდესაც გენერალური პროკურორის თანამდებობა არსებობდა, მის საზედამხედველო უფლებამოსილებაში შედიოდა გაცილებით უფრო ფართო სპექტრი, ვიდრე დღესაა.
„როგორ გგონიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი ან ფინანსთა მინისტრი დაუშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ მათ მიერ გამოძიების თუ ოპერატიულ-სამძებრო უფლებამოსილების განხორციელების ანგარიში ჩააბარონ მთავარ პროკურორს? რამდენი წელია შინაგან საქმეთა მინისტრს არ შეუღია პროკურორის კარი? ამაზე თუ იფიქრა ვინმემ?“- განაცხადა მეფარიშვილმა.
მეფარიშვილი აღნიშნავს, რომ, ამავე დროს გაუაზრებელი და ყოველგვარ ლოგიკურ აზრს მოკლებული საკანონმდებლო ცვლილებებით პრაქტიკულად მოქმედი სამართალდაცვის ორგანოების სისტემა გაპარტახებულია და ჯოჯოხეთურია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა.
„სალაღობოდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს, თუ არ გამოვფხიზლდებით, დრო მოთმენის საშუალებას აღარ იძლევა. საკუთარ თავს თუ ვერ მივხედეთ, სახელმწიფოებრივი კრიზისი გარდაუვალია. მე არ ვამუქებ ფერებს, მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ბედნიერად ცხოვრობდეს, მაგრამ ჯერჯერობით არსებობს კითხვები, რომელზედაც არ არსებობს პასუხები“- განაცხადა მეფარიშვილმა.