„ჰაერშია გამოკიდებული უამრავი რეზონანსული საქმე. ბრალიც კი არ აქვთ წაყენებული ცალკეულ ჩინოსნებს, რომლებიც საზოგადოების აზრით და სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები. ეს ეჭვები ან უნდა გაქარწყლდეს, ან - დადასტურდეს“, - აცხადებს For.ge-სთან სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. მისივე თქმით, ხელისუფლების წინაშე დღეს სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გამოწვევებიც დგას და თუ პრობლემები დროულად არ მოგვარდა, ხელისუფლების რეიტინგი შეიცვლება.
სოციოლოგთან ინტერვიუ გასული წლის შეჯამებით და ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრით დავიწყეთ.
იაგო კაჭკაჭიშვილი: რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა შეიძლება გამოვყოთ. დავიწყოთ საპრეზიდენტო არჩევნებით, რომელიც უპრეცედენტოდ დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. მე მგონი, პოსტსაბჭოთა გარემოში ეს იყო პირველი არჩევნები, რომელსაც არ ახლდა ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ხმების გაყალბების მცდელობა, ანუ ყველაფერი ის, რასაც შეჩვეულები ვიყავით წინა არჩევნებში.
გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენა ასევე იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა. ესეც სრულიად უცხო პრეცედენტია საქართველოს უახლოესი პოლიტიკის ისტორიაში - შეჩვეულები ვართ, რომ ხელისუფლებაში მოსული ადამიანები ძალაუფლებას არ თმობენ, იმდენად შედიან ძალაუფლების ხიბლში, ყველაფერს აკეთებენ მის გასახანგრძლივებლად. ამჯერად კი, აღმოვჩნდით სხვა მოვლენის წინაშე - როცა ადამიანმა საკუთარი ნებით დათმო ძალაუფლება და განაცხადა, რომ ეს გააკეთა უფრო დემოკრატიული პოლიტიკის წარმართვის მოტივით - რათა, არ ყოფილიყო სწორება მხოლოდ ერთ რეიტინგულ ლიდერზე და პრობლემების მოგვარების ერთადერთი საზომი არ გამხდარიყო ქარმიზმატული ლიდერის მონაწილეობა და არარელევანტური პასუხისმგებლობა.
ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია სასამართლოს რეფორმაც, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი მექანიზმის ინიცირება, რომელმაც, ასევე პირველად, შექმნა პრეცედენტი პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში, რომ სასამართლო გახდა დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, კერძოდ, პროკურატურისგან. სხვა საკითხია, რამდენად განხორციელდა სასამართლოს დეპოლიტიზაცია, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, მაგრამ პროკურატურისგან სასამართლოს გამიჯვნა და უწყების ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა სრულიად ახალი ფენომენია ქართული პოლიტიკური რეალობისთვის და უადავოდ პოზიტიური მოვლენაა.
საზოგადოების ნაწილი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ სამართლიანობის აღდგენის საკითხს მიიჩნევს, თუმცა, ქვეყანაში არის ვითარება, როცა დაპატიმრებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი , თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია... უფლებამოსილება შეუჩერეს და საქმის ძიება მიმდინარეობს თბილისის მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ. ასეთ პირობებში რით აიხსნება ხალხის უკმაყოფილება?
- საზოგადოების უკმაყოფილებას კვებავს ის, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილი ადამიანების დაპატიმრების მიუხედავად, მათ შესახებ დღემდე გადაწყვეტილება არ არის მიღებული - ბრალი აქვთ წაყენებული, მაგრამ ჯერ ბრალი არც დამტკიცებიათ და არც მოხსნიათ. საზოგადოება ფიქრობს, რომ სამართლიანობის აღდგენა დროში გაიწელა. მეორეც, ჰაერშია გამოკიდებული უამრავი რეზონანსული საქმე. ბრალიც კი არ აქვთ წაყენებული ცალკეულ ჩინოსნებს, რომლებიც საზოგადოების აზრით და სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები. ეს ეჭვები ან უნდა გაქარწყლდეს, ან - დადასტურდეს. ეჭვის მდგომარეობაში ყოფნა გაურკვევლობაში, მოლოდინის რეჟიმში დარჩენას ნიშნავს, რაც საზოგადოების იმედგაცრუებას იწვევს.
მეორე მხრივ, მესმის და ვემხრობი იმ აზრს, რომ სამართლიანობის აღდგენა არ არის მყისიერი პროცესი. მტკიცებულებებს სჭირდება მოპოვება, დამუშავება, დასაბუთება. საჭიროა სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. მოლოდინი, რომ სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრება ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე მოხდებოდა, არაადეკვატური იყო. ხელისუფლების პოზიცია, რომ სამართლიანობა ფორსირებულ რეჟიმში ვერ აღდგებოდა, მომწონს, თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ შესაძლებელი იყო პროცესების უფრო რაციონალურად წარმართვა.
გასულ წელს თბილისის გარდა ხელისუფლების თითქმის ყველა რგოლი ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა იქნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ამბებს ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის. რა არის ამის მიზეზი - „ქართული ოცნების“ სისუსტე, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მდიდარი პოლიტიკური გამოცდილება?
- გასათვალისწინებელია ის, რომ ინსტიტუციონალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დიდი დოზით არის წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ დაკარგეს აღმასრულებელი ხელისუფლება, ადგილობრივი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების გარდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სოლიდური წარმომადგენლობა ჰყავს პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანო კი პოლიტიკური მოსაზრებების საჯაროდ წარმოსაჩენად ყველაზე ღია სივრცეა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური ბრძოლის, მათ შორის დემაგოგიური მეთოდებით, მრავალწლიანი გამოცდილება. სასწორზე წონიან ხელისუფლების ყველა ნაბიჯს და, ჩემი აზრით, ხშირ შემთხვევაში, დემაგოგიურად, გარკვეულ შემთხვევებში კი - სწორად სვამენ აქცენტებს.
აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ, თუნდაც კრიტიკის სწორი მიმართულებით წარმართვის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა, ხშირად, კარიკატურულად გამოიყურება. მაგალითად, ადამიანის უფლებების შელახვის საკითხზე მათ მიერ ხელისუფლების კრიტიკას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა მეტ-ნაკლებ წონას იძენს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტები, კორუფცია, კრიმინალთან ბრძოლა და ა.შ. ანუ, ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაშიც წინა ხელისუფლებამ გარკვეულ (ზოგჯერ, მნიშვნელოვან) წარმატებებს მიაღწია.
საზოგადოებრივი ნდობის კუთხით, რამდენად მყარი პოზიცია აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“? შეძლებს თუ არა მმართველი პოლიტიკური ძალა თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებების მიღწევას?
- ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ინარჩუნებს, ამ თვალსაზრისით რამე სერიოზული რყევები არ მომხდარა. ვნახოთ, რა მოხდება და როგორ შეიცვლება ადგილობრივ არჩევნებამდე ვითარება. ყოველ შემთხვევაში, დღეს კვლევები აჩვენებს, რომ ნდობის ის ხარისხი, რაც ხელისუფლებას გააჩნია, მას მომავალ ნებისმიერ არჩევნებში წარმატების რეალურ შანსს აძლევს. თუმცა, რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით ცვლილებები გამორიცხული არ არის და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანი იქნება დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, პირველ რიგში, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მიმართ.
ხელისუფლებამ დაიწყო გარკვეული სოციალური პროექტების განხორციელება საყოველთაო დაზღვევის პროგრამის, სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული პროგრამების სახით, თუმცა, ამ პროგრამების ეფექტი ჯერჯერობით მაღალი არ არის და თუ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ხელისუფლება ადეკვატური არ იქნება, მისი რეიტინგი შემცირდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაზეც მინდა გკითხოთ. მეურვეობის ერთ-ერთი კანდიდატი თქვენც იყავით და პროცესებშიც გარკვეული ხართ. როგორ ფიქრობთ, რატომ შევიდა ერთგვარ ჩიხში სამეურვეო საბჭოს დაკმოპლექტების საკითხი, რატომ ვერ მოახერხა პარლამენტმა მეურვეების შერჩევა?
- აქ ძირითადი პრობლემა საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციის საკითხია. ეს საკითხი ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. საზოგადოებრივი მაუწყებლის „ბორდის“ დაკომპლექტების პროცესი გამჭვირვალედ დაიწყო, პროცესში ჩართეს სამოქალაქო საზოგადოება, შეიქმნა კომისია ობიექტური ექსპერტებისგან, რაც უაღრესად პოზიტიური მოვლენა იყო. შეირჩა „ბორდის“ კანდიდატების საკმაოდ წარმომადგენლობითი სია. საბოლოოდ, როგორც ჩანს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზების ცდუნებამ გადასძალა და ამას აჩვენებს ის, რომ პარლამენტმა ანგარიში არ გაუწია კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებს, ისინი არასაკმარისად საიმედოდ მიიჩნია. აქ განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობის პასუხისმგებლობაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ბორდის“ წევრობის კანდიდატები აერჩიათ კომისიის მიერ შეჩეული 27 კაცისგან. ჩარჩო, რომელიც მოცემული საკითხის დასარეგულირებლად სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით შეიქმნა, დაირღვა და ამან ცუდად იმუშავა ხელისუფლების რეპუტაციაზე. სერიოზული ბზარი გაუჩნდა ხელისუფლების თითქოსდა გულწრფელ სურვილს - მომხდარიყო „ბორდის“ დეპოლიტიზაცია. ვფიქრობ, ეს ხელისუფლების ერთ-ერთი წარუმატებელი ნაბიჯია სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიული თანამშრომლობის თვალსაზრისით. ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ცივი წყალი გადაასხა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის კარგად დაწყებულ პრაქტიკას და პროცესი ჩიხში შეიყვანა.
გასული წლის შეჯამებით დავიწყეთ და მიმდინარე წელზე საუბრით დავასრულოთ. რა იქნება წელს საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოების მთავარი გამოწვევა?
- მთავარი გამოწვევა იქნება სოციალური პრობლემების მოგვარება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესება, უსამართლო ქმედებების გამოძიება და სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით საზოგადოების მოლოდინის მიმართ ადეკვატურობა. მთავარი გამოწვევა ასევე იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს ისეთივე გამჭვირვალედ და დემოკრატიულ გარემოში, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა. ცხადია, ამ შემთხვევაში იქნება გაცილებით დიდი ცდუნება არჩევნების შედეგზე მოხდეს გავლენა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება გაცილებით მწვავე, შედეგები არ იქნება ისეთივე ცალახა, როგორც ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე, პოლიტიკური კონკურენცია იქნება გაცილებით დიდი და ამ გამძაფრებული კონკურენციის პირობებში ხელისუფლების გამოწვევა დემოკრატიული და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა.