ოლიმპიადას სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან

ოლიმპიადას სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან

სოჭის ოლიმპიური სტადიონზე 7 თებერვალს, მოსკოვის დროით 20:15 საათზე ოლიმპიური თამაშები გაიხსნება. ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებიდან ერთი თვით ადრე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები ამოქმედდა, რომელიც ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე იმოქმედებს. რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც უსაფრთხოების ზომებს არეგულირებს, ითვალისწინებს დახურული ზონის შექმნას, რომელში მოხვედრაც სამსახურებრივი საჭიროების გარეშე შეუძლებელი იქნება.

ამასთან, დახურული ზონის საზღვრები ზედმიწევნით არის გაწერილი. მისი ერთი ნაწილის ტერიტორია ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე გადის და აღწევს აფხაზეთის ტერიტორიამდე. რომელსაც BBC საქართველოსგან „მოხლეჩილ ტერიტორიად მოიხსნიებს. BBC-ის ინფორმაციით, ასევე შეიქმნება კონტროლირებადი ზონები, სადაც მოხვედრა მხოლოდ პოლიციის შემოწმების გავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„7 იანვრიდან ყველა განყოფილება, რომელიც სტუმრებისა და ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, საბრძოლო მორიგეობაზე გადადის. გადაიფარება ყველა ობიექტი, ამუშავდა კოსმიური მონიტორინგის სისტემა“, - განაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუჩკოვმა.

ამასთან, სოჭში ტრანსპორტისთვის შესვლა უკვე დახურულია, გამონაკლისი დაშავებულია მხოლოდ საგანგებო სამსახურების მანქანებისთვის, იმ ტრანსპორტისა და ავტომობილებისთვის, რომელთაც საჭირო აკრედიტაცია გაიარეს. სხვა ქალაქში დარეგისტრირებულ ავტომანქანას იმ შემთხვევაში შეუშვებენ სოჭში, თუ მის მფლობელს სპეციალური აკრედიტაცია ექნება.

სოჭში შესვლის კონტროლს სამართალდამცავი ორგანოებისა და შინაგანი ჯარების 30 ათასზე მეტი თანამშრომელი უზრუნველყოფს. საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ქვედანაყოფები. გასულ ზაფხულს ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების ლიდერმა დოკუ უმაროვი სოჭის ოლიმპიადის ჩაშლით დაიმუქრა. უმაროვი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელებაზე მისივე დაწესებული მორატორიუმი მოხსნა და თავდასხმებისკენ, მათ შორის - ოლიმპიურ ობიექტებზე თავდასხმებისკენ მოწოდებით გამოვიდა.

ექსპერტების ნაწილი ვოლგოგრადში მოწყობილ ტერაქტებს სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს. აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს რუსეთს სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„რუსები აპირებენ ოლიმპიადის ჩატარებას იქ, სადაც ჩვენი წინაპრების ძვლებია დამარხული. ჩვენ ვალდებულები ვართ ეს არ დავუშვათ. მოვუწოდებ ყველა მოჯაჰედს, ალაჰის სახელით აღკვეთონ ის სატანისტური ცეკვის რიტუალი, რომელიც ჩვენი წინაპრების ძვლებზე უნდა გაიმართოს“, - ნათქვამია უმავის მიმართვაში.

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, ჩრდილოეთ კავკასიაში იატაკქვეშა მოძრაობის გააქტიურება მოსალოდნელი იყო და სამი მნიშვნელოვანი შეტაკება უკვე მოხდა. არეშიძის აზრით, ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვის საქმეში რუსეთისადმი საქართველოს დახმარება ინფორმაციის გაცვლით შემოიფარგლება.

„ჩრდილოეთ კავკასიაში იატაკქვეშეთის გააქტიურება მოსალოდნელი იყო. საზოგადოებამ შესაძლოა, არ იცოდეს, მაგრამ ბოლო პერიოდში იატაკქვეშეთის წარმომადგენლებსა და რუს სამხედროებს შორის სამი სერიოზული შეტაკება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის – ჩეჩნეთის ტერიტორიაზეც და როდესაც რამზან კადიროვი იძახის, სიტუაციას ვაკონტროლებო, ეს ტყუილია. სოჭის ოლიმპიადიასთან დაკავშირებით რუსეთს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები აქვს მიღებული.

ადგილს, სადაც ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, ორი არმია იცავს, მუშაობენ პოლიციელები და სპეცსამსახურებიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტერორისტი ვერ გაარღვევს ამ „კედელს“, მითუმეტეს, როდესაც ოლიმპიადაზე უამრავი ადამიანი ჩავა. ამ სიტუაციაში უსაფრთხოების შენარჩუნება რთულია“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ. 

უკვე ცნობილია, რომ სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრებიან მსოფლიო ლიდრები. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და საფრანგეთის მთავრობის არცერთი წარმომადგენელი სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრებიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა განაცხადა. თუმცა, მას მიზეზი არ დაუსახელებია. ოლიმპიადას არ დაესწრება გერმანიის მთავრობა.

გერმანიის პრეზიდენტის იოაჰიმ გაუკის ბოიკოტის მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და ოპოზიციის შევიწროვება გახდა. სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ვივიან რედინგი. ბოიკოტს უერთდება ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.

„შექმნილ სიტუაციაში, როდესაც სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევა და ასევე აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ საქციელი და დამოკიდებულება, მათ შორის ლიტვასთან, ეკონომიკური სანქციები, რომლებიც ლიტვის მიმართაა გამოყენებული, მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ შესაძლებლობას იმისას, რომ სოჭში თამაშებზე გავემგზავრო“, - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

უკვე ცნობილია, რომ სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა გადაწყვეტილი საკითხია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხულთა 66%-ისთვის სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა მისაღებია, ხოლო 17%-ისთვის მიუღებელი.

საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად, ცნობილია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოლიმპიადას მხოლოდ ქართველი სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„ჩვენ დისკუსიები გვქონდა, მიიღებდა თუ არა საქართველო ოლიმპიადაში მონაწილეობას. ხელისუფლებამ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიადაში ჩვენი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ. ხელისუფლებიდან დელეგაცია ოლიმპიადას არ დაესწრება. იქ მხოლოდ ჩვენი სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები იქნებიან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.