სასამართლო პროცესი საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ ექს-ან-პროვანსის საოლქო-სააპელაციო სასამართლოში გაიმართება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ამ დრომდე მარსელის წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული. კეზერაშვილის საქმეს სასამართლოს საერთაშორისო განყოფილება განიხილავს.
16 იანვრამდე კი სასამართლოს ქართულმა მხარემ დავით კეზერაშვილის შესახებ ყველა ის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია უნდა გადაუგზავნოს, რაც ფრანგულმა მხარემ მოითხოვა. უკვე ცნობილია, რომ დავით კეზერაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი მეტრ ლუკ ფებრარო და მეტრ აურელიენ ჰამელი დაიცავენ.
მთავარი პროკურატურის სამართლებლივი უზრუნველყოფის დეპარატამენტის უფროსი, ირაკლი ჩილინგარაშვილი იმედოვნებს, რომ ფრანგული სასამართლო დააკმაყოფილებს ქართული მხარის შუამდგომლობას.
For.ge ირაკლი ჩირილინგარაშვილს ესაუბრა.
როგორც ცნობილია ფრანგულმა მხარემ მოითხოვა დამატებითი მასალები, თუ რის საფუძველზე ითხოვს ქართული მხარე დავით კეზერაშვილის ექსტრადირებას. რამდენად არგუმენტირებულია თქვენი მოთხოვა ექსტრადიციის შესახებ?
ირაკლი ჩილინგარაშვილი: პროცედურები ჩვეულებრივად მიმდინარეობს. შესაბამისი მასალა, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, მივაწოდეთ ჩვენს კოლეგებს, ეს მასალები მისულია იმ უწყებაში, რომელმაც უნდა განიხილოს ექსტარდიციის საკითხი. ჩატარდა რამდენიმე პროცესი, სადაც დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა დავით კეზერაშვილის პატიმრობის ნაცვლად, სხვა ნაკლებად მძიმე აღმკვეთი ღონისძიების საფუძველზე განთავისუფლების შესახებ. თუმცა, სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა. მორიგი სხდომა ტარდება 25 იანვარს, ეს ჩვეულებრივი სტანდარტული საექატრადიციო პროცედურებია. მოხდება ჩვენს მიერ გაგზავნილი ექსტრადირების შესახებ შუამდგომლობის შეფასება, გარკვეული გარემოებების შესწავლა. სასამართლო მხედველობაში მიიღებს ჩვენს მიერ მოყვანილ არგუმენტებს, ასევე გაეცნობა დაცვის პოზიციას.
რა არგუმენტები აქვს პროკურატურას დაცვის მხარის საპირწონედ?
- ორ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენს შუამდგომლობაში დეტალურად არის განხილული დანაშაულის ფორმულირება, რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ასევე მოყვანილია ინფორმაცია დანაშაულის ხანდაზმულობის შესახებ, ასევე ის, რომ ის არ იდევნება არანაირი პოლიტიკური მოტივით და მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებლივი დევნა ჩვეულებრივი პროცედურაა და, რომ არანაიარი სხვა არასამართლებლივი მეთოდი მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული და არც ექსტრადიციის შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული. ასევე, ჩვენ გარანტია გვაქვს ფრანგული მხარისთვის, რომ დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის შემთხვევაში, სრულად იქნება დაცული საერთაშორისო ხელშეკრულებით და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ვალდებულებები.
ეს ფრანგული მხარის მოთხოვნა იყო?
- როდესაც ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა იგზავნება, ყველა ის არგუმენტი, ყველა ის გარემოება, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და რაზეც შეიძლება ყურადღება გაამახვილოს ფრანგულმა მხარემ, ამას ჩვენ წინასწარ ვაგზავნით, გარანტიებსაც ვაძლევთ და ასევე ყველა იმ რეკვიზიტებსაც ვუთითებთ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობაში, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებით არის გათვალისწიენული. 25 იანვარს სასამართლო პროცესზე დაიწყება არსებითი განხილვა პირის ექსტრადირების შეახებ.
ამავე პროცესზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება კეზერაშვილის ექსტრადირების შესახებ?
- არ ვარ დარწმუნებული. ეს უკვე ფრანგულ სასამართლოზეა დამოკიდებული, შეიძლება ასეც მოხდეს. თუ რამე დამატებითი ინფორმაცია ქართული მხარისგან დასჭირდა სასამართლოს, ჩვენ მზად ვართ ეს ინფორმაცია მას მივაწოდოთ. პროცედურები საფრანგეთში არის ასეთი - სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის შესახებ, რომელიც ზედა ინსტანციაში საჩივრდება იმ მხარის მიერ, რომელსაც არ აკმაყოფილებს სასამართლოს გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე, როდესაც ამ სამართლებლივ პროცედურებს გაივლის. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას ამზადებს იუსტიციის მინისტრი და მთავრობა ამტკიცებს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ასევე ფრანგული კანონმდებლობით შეიძლება გასაჩივრდეს დაცვის მხარის მიერ.
შეგიძლიათ გვითხრათ რა ინფორმაცია მოაწოდეთ ფრანგულ მხარეს?
- ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ საექსტრადიციო წარმოების დეტალების განსაჯაროება აკრძალულია, მითუმეტეს, როდესაც სხვა ქვეყანა იხილავს ამ საქმეს და მათი თანხმობის გარეშე ამას ვერ გავასაჯაროებთ. რაიმე განსაკუთრებული არ მოუთხოვიათ, ჩვეულებრივი დეტალების დაზუსტება და დამატებითი მასალების წარდგენა მოითხოვეს. ჩვენ ეს მასალები გავაგზავნეთ და 25 იანვრის პროცესისთვის ეს მასალები იქნება სასამართლოში.
როგორც წესი, ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს საქმე ფრანგული კანონმდებლობით ხანდაზმულად შეიძლება ჩაითვალოს?
- სხვადასხვა ქვეყანა ხანდაზმულობის ვადას განსხვავებული პროცედურით არეგულირებს. საფრთანგეთის კანონმდებლობით, გარკვეული წლების გავლის შემდეგ, ეს დანაშაული ხდება ხანდაზმული. როდესაც ექსტრადიციის საკითხი იხილება, მხედველობაში მიიღება როგორც თხოვნის გამგზავნი, ასევე თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები. როდესაც ჩვენ ვაგზავნით ექსტრადიციის მოთხოვნას, აპრიორი ითვლება, რომ დანაშაული არაა ხანდაზმული, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით დევნა არ დაიწყებოდა პირის მიმართ და ბრალი არ წაეყენებოდა და შემდეგ, უკვე, ექსტრადიციის საკითხი აქტუალური არ გახდებოდა.
თუმცა, ასევე მხედველობაშია მისაღები განმხილველი სახელმწიფოს კანონმდებლობით დანაშაული არის თუ არა ხანდაზმული. ეს უკვე ფრანგული სასამართლოს შესაფასაბელია, ეს არის ის მოცემულობა, რომელსაც ვერანაირად ვერ შეცვლი. ჩვენ არ ვიცით საფრანგეთის კანონმდებლობით დანაშაული არის თუ არა ხანდაზმული. ჩვენი კანონმდებლობით ეს დანაშაული არაა ხანდაზმული და მიგვაჩნია, რომ ჩვენი თხოვნა არის საფუძვლიანი და მოლოდინიც გვაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.