ვის დანიშნავს ღარიბაშვილი მთავარ პროკურორად?

ვის დანიშნავს ღარიბაშვილი მთავარ პროკურორად?

მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე თანამდებობიდან გადადგა, პრესაში გაჩნდა ვერსიები, ვინ შეიძლება დაიკავოს მთავარი პროკურორის პოსტი. ამ ეტაპზე რამდენიმე კანდიდატურა სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორობის კანდიდატებად განიხილებიან არასამთავრობო ორგანიზაცია "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" დირექტორი კახა კახიშვილი, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შოთაძე და საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძე.

ფარცხალაძის გადაგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს რამდენიმე ვარიანტი და ამის შესახებ ის უახლოეს დღეებში განაცხადებს. საპირისპიროს უყვება "კვირის ქრონიკას" წყარო. "მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს შერჩეულია კანდიდატები, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. დანამდვილებით ვიცი, რომ ამ დროისთვის (კომენტარი ჩაწერილია 5 იანვარს. - შ.გ.) ჯერ შერჩეული ერთი კანდიდატიც არ ჰყავთ და ამ დრომდე კითხულობენ და ეძებენ კადრს. იყო გაჟღერებული რამდენიმე კაცის გვარი, მაგრამ მე გეტყვით, რა ინფორმაცია მაქვს. ირაკლი შოთაძე, რომლის გვარმაც გაიჟღერა, ძალიან კარგი ადამიანია, პიროვნულად წესიერი კაცია, თუმცა მის კანდიდატურას გენერალური პროკურორის პოსტზე არ განიხილავენ, ვინაიდან ამისთვის საკმაოდ დიდი მიზეზი აქვთ. ირაკლი შოთაძე წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის სამმართველოში, რომელიც ზედამხედველობას უწევს ფინანსურ პოლიციას, ამ უწყების საშუალებით კი, გვახსოვს, "ნაციონალებმა" რამდენი ადამიანი გაამწარეს. ბუნებრივია, გარკვეულ თემებშიც იქნებოდა მონაწილე და შემსრულებელი შოთაძე, ამის გამო იგივე შეცდომის გამეორებას, რაც ფარცხალაძის შემთხვევაში მოხდა, აღარ აპირებენ. თუმცა პიროვნულად ირაკლი შოთაძე ძალიან კარგი ადამიანია. უბრალოდ, "ნაციონალური მოძრაობის" დროს იმ უწყებაში მუშაობა უკვე მინუსია. გარდა ამისა, არ არის შოთაძე ფარცხალაძისნაირი, ფარცხალაძე "რიკოშეტი" იყო, გამბედავი. ახლაც სწორედ ასეთ კადრს ეძებენ, უკან რომ არ დაიხევს და ბოლომდე მიაწვება, თუმცა ჯერ არ ჰყავთ ასეთი კადრი შერჩეული. დანამდვილებით ვიცი, რომ ზედა ეშელონებში განიხილეს კახა კახიშვილის კანდიდატურა, რაც კარგია და რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას უსმენენ. კახიშვილის კანდიდატურას მთავარი პროკურორის პოსტზე საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს მხარს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არაარსებითი საუბარიც შედგა კახიშვილთან ამ თემაზე, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ და როგორც ვიცი, არც განიხილავენ მის კანდიდატურას. როგორც ჩემთვის არის ცნობილი სარწმუნო წყაროებიდან, გაჟღერებული სამი გვარიდან არც ერთი არ იქნება დასახელებული მთავარი პროკურორის კანდიდატურად. ფარცხალაძის შემცვლელი იქნება ისეთივე უცნობი კადრი, როგორიც თავის დროზე ოთარ ფარცხალაძე იყო. ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული უწყებაზე, ამიტომაც დარბიან და ეძებენ კადრებს, კითხულობენ, მაგრამ იმდენი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს ახალმა მთავარმა პროკურორმა, რომ ამ კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი ბევრი არ არის. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ შესაძლოა ახალი პროკურორი ისევ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი იყოს, რომელსაც პრემიერი ენდობა არა მხოლოდ ამ პოსტზე, არამედ პიროვნულადაც. ძალიან ჩქარობენ კადრის პოვნას და უახლოეს დღეებში უკვე დაასახელებენ. უნდოდათ გასულ შაბათ-კვირასაც დაესახელებინათ კონკრეტული კადრი, მაგრამ ვერ ნახეს", - ამბობს წყარო.

"კვირის ქრონიკასთან" საუბრისას ექსპერტი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ მასთან არავის უსაუბრია მთავარი პროკურორის პოსტზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

"კომენტარს ვერ გავაკეთებ იმაზე, რაც არ 

არის. არავის არაფერი შემოუთავაზებია ჩემთვის და სავარაუდოდ, არც აპირებენ", - ამბობს კახიშვილი.

როგორ განვითარდება მოვლენები ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნის შემდგომ, ჯერ უცნობია, იმიტომ, რომ მთავარია ჯერ გაურკვეველი - ყველაფერი ახალ კადრზე იქნება დამოკიდებული. "კვირის ქრონიკის" ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე თვითმმართველობის არჩევნებამდე გეგმავდა რამდენიმე რეზონანსული საქმის გახსნას, მათ შორის იყო ზურაბ ჟვანიას საქმე, რომელიც "ნაციონალებისთვის" იქნებოდა, როგორც კუბოზე ლურსმანი, თუმცა ვითარება შეიცვალა. ჩვენი წყაროს ცნობით, ოთარ ფარცხალაძე გეგმავდა ასევე სანდრო გირგვლიანის საქმის გახსნილად გამოცხადებას და რამდენიმე დეპუტატის დაპატიმრებას, მათ შორის იყვნენ როლანდ ახალაია, გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და კობა სუბელიანი. როგორ გაგრძელდება ფარცხალაძის წამოყენებული საქმე, ამას ახალი პროკურორის დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში ვნახავთ.

როდის დასახლდება მთავარი პროკურორის კანდიდატურა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "კვირის ქრონიკამ" პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მაიკო ბიგვავასთან სცადა დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. უშედეგო აღმოჩნდა ჩვენი მცდელობა სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ნონა ყანდიაშვილთან დაკავშირებისაც. ყანდიაშვილმა, მაკო ბიგვავას მსგავსად, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ დოლიძე კი განგვიმარტავს, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და გვირჩია, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად პრემიერ-მინისტრის აპარატს დავუკავშირდეთ.

ახალი წლის შემდეგ სოციალური მედიით გავრცელდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკაშვირებითაც. გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის დასაწყისში პოსტს გამოემშვიდობებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც. "ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არაერთი ინფორმაცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. ვაცხადებთ, რომ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი, კანონმდებლობის თანახმად, დანიშნავს ახალ მთავარ პროკურორს. სხვა საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგეგმილი არ არის. ჩვენ მზად ვართ, მედიას ოპერატიულად მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია ნებისმიერ სიახლეზე. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება", - განმარტავენ პრემიერის პრესსამსახურში.

ამ ინფორმაციის გადამოწმება სამთავრობო გუნდთან დაახლოებულ პირებთან ვცადეთ, რომლებიც აცხადებენ, რომ რამდენიმე საკადრო ცვლილებას ნამდვილად გეგმავს პრემიერ-მინისტრი, კერძოდ ღარიბაშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა ვინ დაიკავებს ოდიშარიას ადგილს, ჩვენთვის უცნობია. მართალია, გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს მას რატი ამაღლობელი შეცვლის, მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს ტყუილია. რაც შეეხება თეა წულუკიანს, მისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად დგასო.