Nokia-ს გზა მექაღალდეობიდან ციფრულ ტექნოლოგიებამდე

Nokia-ს გზა მექაღალდეობიდან ციფრულ ტექნოლოგიებამდე

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

კორპორაცია „ნოკიას“ ისტორია მსოფლიო ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი საგა გახლავთ. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში ფინური კონგლომერატის ხელმძღვანელობას დანგრევის პირას მყოფ საბჭოთა კავშირში ტუალეტის ქაღალდის გაყიდვის შემცირება აწუხებდა, ათასწლეულის ბოლოს კი „ნოკია“ მობილური ტელეფონებისა და ტელეკომუნიკაციების მთელს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მწარმოებელი და ერთ-ერთი უმდიდრესი ფირმა გახდა. დღეისათვის ფინური კომპანია მობილური ტელეფონების უმსხვილესი მწარმოებელია და მსოფლიო ბაზრის თითქმის მესამედს აკონტროლებს.

 

ტყიდან გამოსული

„ნოკიას“ დაარსების თარიღად 1865 წლის 12 მაისი ითვლება. სწორედ მაშინ ფინელმა სამთო ინჟინერმა ფრედერიკ იდესტამმა მდინარე ნოკიას სანაპიროზე ხის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენა. ასე ჩაეყარა საფუძველი „ნოკია კორპორეიშენს“.

 

აღნიშნულ პერიოდს მრეწველობის სწრაფი ზრდა დაემთხვა, რის გამოც ქაღალდსა და მუყაოზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდებოდა. მალე პატარა ქარხნის ადგილას ქაღალდის უზარმაზარი კომბინატი გაჩნდა, რომლის გარშემო თანდათანობით გაშენდა იმავე დასახელების ქალაქი ნოკია.

 

„ნოკიას“ ქაღალდმა ადგილობრივი ბაზარი სწრაფად დაიპყრო და მალე ექსპორტირების საკითხიც დადგა. პირველად „ნოკიას“ პროდუქცია რუსეთში შეიტანეს, შემდეგ კი ფინელებმა თანდათანობით აითვისეს ფრანგული, ინგლისური, დანიური, პოლონური, გერმანული და ჩინური ბაზარიც კი.

 

ამასობაში, ოკეანის გაღმა, ამერიკაში ფრენკ სეიბერლინგმა დაარსა ფირმა Goodear, რომელიც მალე მთელს მსოფლიოში რეზინის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიად იქცა. მასთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა დაამყარა ფინურმა ფირმამ FRW, რომელიც პირველი ადგილობრივი რეზინისმწარმოებელი კომპანია იყო და სწრაფად ვითარდებოდა. მალე მისმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თავისი წარმოება ჰელსინკიდან ქალაქგარეთ გადაეტანა და არჩევანი „ნოკიას“ მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე შეაჩერა. ამის მიზეზი მექაღალდეებისაგან ელექროენერგიის იაფად შესყიდვის შესაძლებლობა გახლდათ. მდინარე ნოკია მხოლოდ ლანდშაფტის მშვენება კი არ იყო, ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებდა.

1912 წელს ჰელსინკის ცენტრში გაიხსნა კომპანია Finnish Cable Works, რომლის სწაფ განვითარებას ხელი ელექროენერგიის გადაცემის და სატელეგრაფო და სატელეფონო ქსელების ზრდამ შეუწყო და მალე ფინურ ბაზარზე სადენების უმსხვილეს მწარმოებლად იქცა. 1920 წელს Nokia Corporation, FRW და Finnish Cable Works გაერთიანდნენ კოალიციაში, რომელსაც Nokia Group ეწოდა.

 

მართალია, „ნოკიამ“ თავისი კორპორაციული ავტონომია დაკარგა, მაგრამ მისი სახელწოდება სამი ფირმის საერთო ფუნდამენტად იქცა. Nokia Group თავისი საქმიანობის ყველა მიმართულებით ლიდერი გახდა და საკმაოდ იოლად გადაიტანა დიდი დეპრესიის, საბჭოთა კავშირის შეჭრისა და ომის პერიოდი და შემდგომში მოსკოვისათვის რეპარაციის გადახდა. ამის მიზეზი კომპანიის მრავალმხრივობა გახლდათ: თუ მის რომელიმე სექტორს ჩავარდნის ხანა უდგებოდა, „ნოკია“ კომპენსირებას სხვა მიმართულებათა ხარჯზე ახდენდა.

 

ნოკია და მობილური კავშირი

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში Finnish Cable Works-ის პრეზიდენტმა ბიორნ ვესტერვულდმა შექმნა ელექტრონიკის განყოფილება, რომელმაც ნახევარგამტარების სფეროს შესწავლა დაიწყო. განყოფილების გამგე კურტ ვიკსტენდტი უმალ მიხვდა, რომ ელექრონულ კავშირს უდიდესი მომავალი ჰქონდა და მუშაობა საჭირო მიმართულებით წარმართა.

 

1963 წელს სწორედ ამ განყოფილებამ შექმნა პირველი რადიოტელეფონი, ორი წლის შემდეგ კი მონაცემთა გადამცემი მოდემი. მიუხედავად იმისა, რომ სატელეფონო კომპანიების უმრავლესობა საქმეს მეტად კონსერვატიულად უდგებოდა და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის არანაირი სურვილს არ ამჟღავნებდა, „ნოკია“ მაინც შეუდგა იმპულსურ-კოდურ მოდულაციაზე დამყარებული ციფრული კომუტატორის შექნას. 1969 წელს აღნიშნული სისტემა შეიქნა, რასაც ორი წლის შემდეგ „ინტელის“ მიკროპროცესორით აღჭურვილი DX200 მარკის კომუტატორის გამოშვება მოჰყვა. ეს რევოლუციური ნაბიჯი ყოველმხრივ წარმატებული აღმოჩნდა და მან „ნოკიას“ საყოველთაო აღიარება მოუტანა.

 

შემდგომი წლების განმავლობაში კომპანია კვლავინდებურად სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებოდა, ათასგვარ სიახლეს ნერგავდა და შედეგმაც არ დააყოვნა: 1981 წელს ფინეთსა და შვედეთში შეიქმნა მობილური კავშირგაბმულობის ქსელი, რომელსაც Nordic Mobile Telephony (NMT) ეწოდა. „ნოკიას“ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ეს სისტემა სწრაფად გაფართოვდა, სხვა ქვეყნებიც მოიცვა, მობილური კავშირის პირველ ეგზომ ფართო ქსელად იქცა და საფუძველი ჩაუყარა მობილური ტულეფონების ინდუსტრიას.

 

1987 წელს, როცა წარმოებული მობილური ტელეფონების უმრავლესობა დიდი გაბარიტებით და წონით გამოირჩეოდა, „ნოკიამ“ პირველმა მსოფლიოში გამოუშვა კომპაქტური და მსუბუქი აპარატი, რითაც ბაზრის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდება მოახერხა.

 

80-იანი წლების ბოლოს ევროპული ბაზრების თანდათანობითმა გაერთიანებამ აუცილებელი გახადა მობილური კავშირის ერთიანი ციფრული სტანდარტის შემუშავება, რომელსაც მოგვიანებით GSM (Global System for Mobile Communications) ეწოდა. სწორედ „ნოკიამ“ და სხვა ორმა ფინურმა ოპერატორმა შექმნეს 1989 წელს ამგვარი კავშირი, რომლითაც საფუძველი ჩაუყარეს GSM სტანდარტის ქსელის ჩამოყალიბებას. სატელეფონო კავშირების მრავალწლიან მონოპოლისტთან, სახელმწიფოს ფავორიტ Telecom finland-თან კონკურენციისას წამგებიან პოზიციაში რომ არ აღმოჩენილიყო, მობილური კავშირგაბმულობის პროვაიდერებმა Helsinki Telephone Corporation და Tampere Telephone Company-მ შექმნეს კომპანია Radiolinja, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ქსელის შესაქმნელად საჭირო ლიცენზია არ გააჩნდა, „ნოკიასაგან“ 50 მილიონ დოლარად ინფრასტრუქტურა შეიძინა.

 

1990 წელს „ნოკიას“ მობილური ტელეფონების განყოფილება იორმა ოლილას ჩააბარეს. სწორედ მის სახელს უკავშირდება ციფრული კავშირის განვითარების თვალსაზრისით „ნოკიას“ შემდგომი მუშაობა.

 

ოლილას შრომამ ნაყოფი გამოიღო: 1991 წლის 1 ივლისს GSM-ის კომერციული ქსელით „ნოკიას“ ტელეფონით პირველად დარეკა ფინეთის პრემიერ-მინსტრმა. ამგვარმა აღიარებამ კომპანიის დირექტორთა საბჭოზე დიდი გავლენა მოახდინა და ერთი წლის შემდეგ „ნოკიას“ გენერალურ დირექტორად იორმა ოლილა დაინიშნა, რომელსაც ეს პოსტი დღემდე უჭირავს.

 

„ნოკიამ“ უმტკივნეულოდ გადაიტანა ფინეთის ეკონომიკური კრიზისი და ტელევიზორების წარმოების მხრივ ევროპის მესამე უმსხვილესი კომპანია გახდა. გარდა ამისა, ერთობ პოპულარული იყო კომპანიის მიერ გამოშვებული თანამგზავრული კავშირის სისტემები და რეზინისა და ქაღალდის ნაწარმი. მიუხედავად ამისა, ოლილამ გადაწყვიტა კომპანიის უმთავრეს საქმიანობად ტელეკომუნიკაციების წარმოება ექცია. ამ საქმეში „ნოკიამ“ მილიარდობით დოლარი დააბანდა და მალე ევროპის 31 ქვეყნის 59 ოპერატორისათვის GSM სისტემების მიმწოდებელი გახდა.

 

90-იანი წლების ბოლოს „ნოკია“ ციფრული კავშირის მსოფლიო ბაზრის ლიდერად იქცა, რასაც ხელი შეუწყო ყველა ძირითადი სტანდარტის მობილური ტელეფონის წარმოებამ. ამასთან, დღეისათვის მსოფლიოს პოპულარულ მარკებს შორის „ნოკიას“ მეთერთმეტე ადგილი უჭირავს და თვით „მერსედესს“ უსწრებს.

 

ამგვარ აღმასვლას ხელი შეუწყო ტექნოლოგიურ და ფუნქციონალურ სიახლეთა გამუდმებულმა დანერგვამ და სეგმენტირების სწორმა პოლიტიკამ. ამიტომაცაა, რომ „ნოკია“ დღეს ისეთივე ცნობილი მარკაა, როგორიც „კოკა კოლა“. თვით ამერიკელებმაც კი აღიარეს, რომ ციფრული კავშირგაბმულობის მომავალი ევროპას ეკუთვნის, რასაც ბებერი კონტინენტი სწორედ „ნოკიას“ უნდა უმადლოდეს.