"ქართველი საზოგადოება არასდროს არ დააბრუნებს სააკაშვილის ხელისუფლებას"

"ჩემს მახსოვრობაში გასული წელი ისტორიული იყო და ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ჩვენ შევძელით განთავისუფლებულიყავით კომუნისტური სინდრომისაგან, რომელიც ასე ძალუმად იყო შემოჭრილი თითქმის ყველა სფეროში. ეს იყო მწარე რეალობა, რომელსაც თითქოს ვებრძოდით, მაგრამ ვერა და ვერ ვთავისუფლდებოდით. ჩვენ ვცდილობდით, რომ თავი წარმოგვეჩინა, თითქოსდა მართლა ვიყავით დემოკრატიის შუქურა, ევროპული ფასეულობის მატარებელი ქვეყანა. რეალობა კი მწარე იყო, სრულიად განსხვავებული. მოჩვენებითმა სიტყვის თავისუფლებამ თითქოს სირაქლემას სინდრომის ელფერი მიიღო. ჩვენ ერთმანეთს ვატყუებდით, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად ტყუვდებოდა დანარჩენი მსოფლიო. სააკაშვილის მმართველობის პერიოდი კიდევ ერთი დასტური იყო, რომ ჩვენ იმპერიული, საბჭოური აზროვნებისგან განწმენდილი არ ვიყავით. სააკაშვილმა ერთი ხელის დარტყმით შეძლო დაებრუნებინა ქვეყანა 1937 წლის უბედური მოვლენების კატასტროფულ რეციდივებამდე. ეს ყოველივე მოაზროვნე ადამიანისთვის სრულიად შემაძრწუნებელი და მიუღებელი იყო", - აცხადებს მწერალი რევაზ მიშველაძე გაზეთ"ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში. 

"დაჭერები, ქუჩაში დახვრეტები, შიშის ქარ-ბორია ჩაუდგა ქართველ კაცს მუხლებში. 21-ე საუკუნეში ტელეფონი რომ ისმინება, იმ ქვეყანაში, წარმოიდგინეთ, როგორი იქნება ცხოვრება. დასმენებს ფართო გასაქანი მიეცა. პარლამენტმა მიიღო კანონი დასმენების დაშვების შესახებ. ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილმა შეძლო დადებული პირობის შესრულება და ეს შეუფასებელი და დაუვიწყარია. ივანიშვილის შესაშურ გამბედაობას სააკაშვილის მიერ ფეხქვეშგათელილი ქართველი ერი ერთბაშად აჰყვა. მე ვერ დავიჯერებ, რომ ნაციონალური მოძრაობა რომელიმე არჩევნებში 20 პროცენტს მიახლოვდებოდა. ამას ვერასდროს დავიჯერებ, რადგან იმდენად დიდი იყო სიძულვილი იმ უსამართღლობის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ჩემთვის განსაკუთრებით შემაძრწუნებელია, რომ სააკაშვილმა ფეხქვეშ გათელა ქართული ფენომენი. მან ზურგი აქცია ქართულ კულტურას. ყოველივე ქართულს, ტრადიციულს. ამ ყოველივეს გაფუჭებული გრამაფონივით კი არ ვიმეორებ, დიდი გულისტკივილი მალაპარაკებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რევაზ მიშველაძე.

"ახლა მომწონს ის, რომ ადამიანებს თვალებში სხივი ჩაუდგათ. დიდი ხანია მოქალაქეების თვალში ამდენი სხივი არ მინახავს. ადამიანებს სიხარულის განცდა აქვთ, რაც მთავარია, უშიშრად დადიან, თქვენ წარმოიდგინეთ, ტელეფონზე უშიშრად საუბრობენ, ყოველგვარი რებუსების გარეშე. თითქოსდა ქვეყანა დაუბრუნდა სულიერი განვითარებისკენ, თავისუფლებისკენ სწრაფვას. პიროვნებისადმი პატივისცემის განცდის ახალი ბილიკი გაკვალა ამ ხელისუფლებამ და ეს რომ არ დაინახო, შეუძლებელია. ეს კი ნიშნავს, რომ ფეხი აუწყოთ მსოფლიოს. მე აბსოლუტურად მოველოდი, რომ ცხრა წლის ნამუდრეგალი ასე ადვილად არ გასწორდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ მიმართულებებს ვგულისხმობ", - აღნიშნავს რესპონდენტი.

"მომისმენია ასეთი შეფასებებიც: რა გაკეთდა, მხოლოდ დაპირებები იყო. ამას ამბობენ მხოლოდ ისინი, ვინც ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს მისტირის და საქართველოს დიქტატორულ წყვდიადში უნდა დაბრუნება. მე ამ ადამიანებს ვეკითხები: რა, არაფერი არ არის თითქმის მილიარდის ჩადება საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინებაში? სოფლის მეურნეობა ხომ მიწასთან იყო გასწორებული, ეს ხომ უნდა ამოვქაჩოთ. გლეხებს მიწა რომ დაუხნა, ცოტაა, მიწის დამუშავება ხომ უდიდესი საჩუქარი იყო პირადად ივანიშვილის მიერ გაღებული. ხელისუფლების სათავეში სამი თვეც კი არ არის, რაც ღარიბაშვილია მოსული. ქვეყანას გააცოცხლებს და სწორი გზით წაიყვანს თანმიმდევრული შრომა. თანმიმდევრულობა კი მიიღწევა იმითაც, თუ მთელი საზოგადოება ერთ მუშტად შევიკვრებით და გვერდით ამოვუდგებით ხელისუფლებას. დღეს არ ხდება ჩახშობა იმ ხმების, რომელიც ღარიბაშვილს მოუწოდებს: ახლა ეს გავაკეთოთ, ასე უკეთესი იქნება", - ამბობს რევაზ მიშველაძე.

"ქართველი საზოგადოება არასდროს არ დააბრუნებს სააკაშვილს და მის ხელისუფლებას. ეს შეიძლება ზოგიერთი პოლიტიკოსის სურვილი იყოს. კარს არიან მომდგარი ნაციონალები, - ამბობენ ისინი, ვისაც ეს უნდათ. ხვალვე რომ ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები, ნაციონალური მოძრაობა სამ პროცენტსაც კი ვერ აიღებს. თუ ფეხს ავითრევთ, თვითკმაყოფილების ქარ-ბორიას შევუშვერთ შუბლს და ვიტყვით, ყველაფერი თავისით გაკეთდება, მაშინ თავისით პრობლემები არ გადაიჭრება, თავისით არაფერი არ მოხდება. მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ ჩვენ ევროპული ფასეულობებისკენ მივისწრაფით და არა სააკაშვილის ფასეულობებისკენ. ამისთვის კი საჭიროა უფრო გონივრული საკადრო პოლიტიკა, ვიდრე გვაქვს", - დასძენს რესპონდენტი.