თურქეთში მოქმედი ჰუმანიტარული ორგანიზაცია “IHH” (ადამიანთა დახმარების ცენტრი) იარაღის კონტრაბანდის სკანდალში გაეხვა. ამ ორგანიზაციის კუთვნილ ტრაილერში სამხედრო ტვირთი აღმოჩნდა, რომელიც თურქეთიდან სირიაში ამბოხებულებისთვის გადაჰქონდათ. უფრო კონკრეტულად კი, იარაღი სირიაში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფებისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც “ალქაიდასთან“ პირდაპირ კავშირშია. აღსანიშნავია, რომ “IHH” ბოლო წლებში, მთელ რიგ პროექტებს საქართველოშიც აფინანსებს. მას დაფინანსებული აქვს მეჩეთის და მუსულმანული სამლოცველოების მშენებლობა და სხვა სახელმწიფოების მსგავსად, ჰუმანიტარული დახმარებით ჩვენს ქვეყანასაც ამარაგებს.
თურქეთში იარაღის სკანდალს უცხოურ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ეს ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ანტიტერორისტულმა ჯგუფმა სირიის საზღვართან ტრაილერი გააჩერა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, მისი გაჩხრეკა დააპირა. თუმცა, მათ ტვირთის შემოწმების უფლება თურქეთის უშიშროების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქალაქ ჰატაის მერიამ არ მისცეს. ტრაილერმა უპრობლემოდ გააგრძელა გზა, ხოლო ანტიტერორისტული ჯგუფის ის წევრები, რომლებმაც პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდეს, სამსახურიდან მეორე დღესვე დაითხოვეს. საქმე ჩამოართვეს გამომძიებელ პროკურორსაც.
ტრაილერთან დაკავშირებული ინფორმაცია თურქულ მედიაში მაინც გახმაურდა და ის ახლახანს საერთაშორისო სკანდალში გადაიზარდა. შედეგად, თურქეთის ხელისუფლება გაერომ მწვავედ გააკრიტიკა. გაეროს ჰუმანიტარული საკითხების განყოფილების ხელმძღვანელმა ადგილობრივ ხელისუფლებას სირიისკენ მიმავალი ყველა ტრაილერის შემოწმება მოსთხოვა. მოგვიანებით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრომ სპეციალური განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ტრაილერს სირიაში მცხოვრები ეთნიკური თურქმენებისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. სკანდალი ამით არ დასრულებულა. სირიის ჩრდილოეთით მცხოვრებმა ეთნიკურმა თურქმენებმა, “IHH”-დან ჰუმანიტარული დახმარების მიღების შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.
უცხოური მედია უკვე ღიად წერს იმის შესახებ, რომ ტრაილერზე სამხედრო ტვირთი იყო, რომელიც სირიაში ამბოხებულების დასახმარებლად იგზავნებოდა, თუმცა იარაღის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
მედია აქტიურად წერს “IHH”-ს მიერ სხვადასხვა ქვეყნებში დაფინანსებული და განხორციელებული პროექტების შესახებაც.
ადამიანთა დახმარების ცენტრის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ “ტელეგრაფთან” არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე რომან კვიციანი ყვება:
“გარდა მეჩეთის და სამლოცველოების მშენებლობისა, ეს ორგანიზაცია ბათუმში მოქმედ არასათავრობო ორგანიზაცია „მიზანსაც„ აფინანსებს, რომელიც აჭარაში მცხოვრებ ხელმოკლე ოჯახებს პერიოდულად ჰუმანიტარული ტვირთით ამარაგებს. დახმარების სანაცვლოდ, ორგანიზაციის წევრები საქართველოში მცხოვრებ მუსულმანურ ოჯახებს უფასო განათლებას ჰპირდებიან. ახალგაზრდებს ისლამს ჯერ ბათუმში ასწავლიან, ყურანს აზეპირებინებენ და მოგვიანებით “საუკეთესო” მოწაფეებს თურქეთში სასულიერო სასწავლებელ მედრესში ავლენენ. იყო შემთხვევები, როდესაც ბათუმელი გოგონები ჰაფეზებადაც მონათლეს. მუსულმან ქართველებს თურქეთში ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ექსკურსიებს უწყობენ და სწავლების პერიოდში მათ ყველანაირ პირობებს უქმნიან. მოგვიანებით, სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ეს ქართველი ახალგაზრდები თურქეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან…ეს არის აჭარაში ჩადებული ნაღმები, რაც საქართველოსთვის სერიოზული საფრთხის შემცველია”, – აცხადებს რომან კვიციანი. ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ საქართველოში რაიმე სახის არეულობის შემთხვევაში, რელიგიურ ექსტრემისტებს როგორც სამხედრო ისე, ფინანსური დახმარება გაუწიოს.
რაც შეეხება თურქეთში მოქმედ ორგანიზაცია “IHH”-ს, რომან კვიციანის განმარტებით, ის ოფიციალურად ჰუმანიტარულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს. ამ ორგანიზაციას წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით ჰყავს.
“სწორედ ამ ორგანიზაციამ გაუწია სპონსორობა პანკისში მეჩეთისა და სამლოცველოების მშენებლობას. საქართველოში გამართული ისლამური დღესასწაულები, ასევე ამ ორგანიზაციის ფინანსებით იმართება. შესაბამისი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, ამ ორგანიზაციას საქართველოში მხარდამჭერების მოძებნა არ გაუჭირდება. თუკი საქართველოში არეულობა მოხდება, მათ უპრობლემოდ შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში არსებული გარკვეული რელიგიური ექსტერმისტების იარაღით მომარაგება, – განუცხადა “ტელეგრაფს“ რომან კვიციანმა.
კვიციანი მიიჩნევს, რომ მსგავსი ორგანიზაციების მიერ საქართველოში გამოყოფილი ფინანსების მიზნობრიობა გამჭვირვალე უნდა იყოს და ის სახელმწიფოს მიერ მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს.