ქეთი ბექაური:

ქეთი ბექაური: "სასამართლოს მართვა ისევ ნაციონალების ხელშია"

"რა თქმა უნდა, წმენდა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მოხდა საპირისპირო. ნაცვლად იმისა, რომ ძველი მოსამართლეების ახლით ჩანაცვლება მომხდარიყო, მათი გადანაცვლება მხოლოდ როტაციის პრინციპით მოხდა. მაგალითად, რაიონებიდან მოსამართლეები გადმოიყვანეს თბილისში და თბილისიდან - რაიონებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეთა კორპუსი შეიცვალა. აქ ერთიც არის - ხელისუფლება ითვალისწინებს და სხვა უფლება მაინც არ აქვს - ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ, რომელმაც დადო რეკომენდაცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ, აღნიშნულია კონსტიტუციაშიც, თუმცა იქ არის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა. მოგეხსენებათ, ეს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა პარლამენტმაც დაადგინა. ამის შემდეგ, მართალია, მოსამართლეები დაინიშნებიან უვადოდ, მაგრამ ისინი დანიშნებიან 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით - თანამდებობებს შეინარჩუნებენ ისინი, ვინც ამ გამოსაცდელ ვადას წარმატებით გაივლის", - აცხადებს ყოფილი ადვოკატი, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი ქეთი ბექაური გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ქეთი ბექაური: "სასამართლოს ისევ ნაციონალები მართავენ".

"პირდაპირ ვაცხადებ - არც ერთ მოსამართლეს, რომელმაც იცის, რომ შეგნებულად დაადგინა უკანონო განაჩენი, უფლება არა აქვს დღეს მანტია ეცვას და მოსამართლე ერქვას - ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციაა, თუმცა როგორც სადისციპლინო კომისიის წევრს, ეს შეიძლება მიკერძოებად ჩამითვალონ. მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე და დამედგინა კონკრეტული პირის მიმართ უკანონო განაჩენი, მეყოფოდა ის მორალური პრინციპი, რომ თანამდებობიდან ჩემი ნებით წავსულიყავი. მაგრამ ეს მოსამართლეები ამას რატომღაც არ აკეთებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ცალკე მდგომი ხელისუფლებაა და პარლამენტი და მთავრობა მის საქმიანობაში ვერ ჩაერევა. აქ ირაკლი ღარიბაშვილი ვერაფერს ვერ იზამს. ღარიბაშვილი ვერ ეტყვის კონსტანტინე კუბლაშვილს სახლში წადიო, ვერ ეტყვის მოსამართლეებს, არ მინდა გვარები ჩამოვთვალო, დაწერეთ ახლა განცხადებები და წადითო. ისინი ემორჩილებიან კანონს და კონსტიტუციას 84-ე პრიმა მუხლს - სწორეს ამ მუხლმა დატოვა კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე რომელშიც წერია: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქეთი ბექაური.

"ადვოკატებს არაერთი მოსამართლის წინააღმდეგ აქვთ დასაბუთებული საჩივარი შეტანილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით არის 2000 ასეთი გადაცდომა ჩადენილი მოსამართლეების მიერ და მოსამართლეები არიან დასჯილნი - ბევრი გათავისუფლდა, მაგრამ ამ მოსამართლეთა ნაწილი თანამდებობებს ინარჩუნებს. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. არ მაქვს უფლება ეს მოსამართლეები დავასახელო... როცა ქვეყანას 200 პოლიტპატიმარი იყოლება, იქ არ შეიძლება ილაპარაკო სასამართლო რეფორმაზე, რასაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დღენიადაგ ქადაგებს. კუბლაშვილი დღესაც ამას იმეორებს, რომ მაშინაც წარმატებული იყო სასამართლო რეფორმა და დღესაც წარმატებულია. ცუდია, როდესაც ადამიანი შეცდომას არ აღიარებს. თავად ფაქტი, რომ 200 პოლიტპატიმარი გყავდა, ხომ უკანონო განაჩენებზე მეტყველებს. ამიტომ, ვიმეორებ, ამ მოსამართლეებს მორალური უფლება არ აქვთ, დარჩნენ სასამართლო სისტემაში, თუმცა თანამდებობებზე რჩებიან", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მოგეხსენებათ, ორგანული კანონის თანახმად, იუსტიციის საბჭოს წევრები 15 კაცის შემადგენლობითაა. აქედან 9 აირჩია მოსამართლეთა კონფერენციამ. ეს არის ორგანული კანონის შედეგი, რომელსაც ვერ შეცვლი. ეს კანონი მოწონებული ვენეციის კომისიის მიერ. . უმცირესობაში კი არიან პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრები. დღესდღეობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი არჩევა უნდა მოხდეს უახლოესი 10 დღის ვადაში - კონკურსი უკვე 2 დღეა გამოცხადდა. ერთ წევრს პრეზიდენტი ასახელებს, ერთი კი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, მაგრამ რომც აირჩიოს რა გამოდის? 6 წევრი 9 წევრის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს?" - აცხადებს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი და შეკითხვას - "გამოდის, სასამართლოს დღეს ისევ ნაციონალები მართავენ?" - პასუხობს:

"არ ვიცი ვინ მართავს, მაგრამ მართავს იგივე გუნდი, ვინც იყო. კიდევ კარგი, რომ მოხდა საკანონმდებლო გარღვევა, იმიტომ, რომ აქაც იყო ისევ და ისევ ვენეციის კომისიის მითითება, რომ იუსტიციის საბჭოში აუცილებელია საზოგადოებრივი სექტორის ჩართულობა. მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სამოქალაქო სექტორი. ამ კანონპროექტის ავტორი იუსტიციის მინისტრი წულუკიანი იყო - ეს მართლაც რკინის მინისტრი, რომელმაც ეს გარღვევა მოახდინა, როდესაც ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში შეიტანა - თორემ დღეს ჩვენ ეს მიღწევაც არ გვექნებოდა. ადრე კუბლაშვილი ნიშნავდა იუსტიციის საბჭოს წევრებს მოსამართლეებისგან. ის ნიშნავდა სადისციპლინო კომისიიის წევრებს - გეკითხებით, ეს იქნებოდა მიუკერძოებელი და ობიექტური ორგანო? მათთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო სამოქალაქო სექტორის ჩართვა სადისციპლინო კოლეგიაში. იუსტიციის საბჭოში მოსამართლეები ბევრნი არიან და სამოქალაქო სექტორი მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა რას ვიზამთ, ესეც მონაპოვარია".

"ხარვეზებია არა მხოლოდ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. როგორც სადისციპლინო კოლეგიის წევრი, მე და ჩემი კოლეგა კახა წიქარიშვილი ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც ეხება თუნდაც მოსამართლეთა "სადისციპლინო წარმოების შესახებ" ორგანულ კანონს. იმ კოლეგიაშიც არის ცვლილებები შესატანი, რომლის წევრიც გახლავართ. ბევრი რამ არის იქ ხარვეზიანი. ურთიერთგამომრიცხავი ნორმებია. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც არის მთელი რიგი ცვლილებები შესატანი. ამას წინათ არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტთა ჯგუფთან შეხვედრაზე გავაჟღერე და აქაც ვაფიქსირებ - დაზარალებული უნდა აღდგეს თავის სტატუსში როგორც მხარე. არასამთავრობოები რატომღაც ამ საკითხს არ აყენებენ - როდესაც ქვეყანაში გვყავს ვაზაგაშვილები, რობაქიძეები, გირგვლიანები, ამ ადამიანებს დაზარალებულის სტატუსი არა აქვთ - ვაზაგაშვილს საქმის მასალები არ გააცნო საგამოძიებო ორგანომ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ დაზარალებულად არ ხართ ცნობილიო. დღესაც ბატონ ვაზაგაშვილს მოწმის სტატუსი აქვს! ეს სამწუხარო ფაქტია... ყურადღება მოაქციეთ - სისხლის სამართლის კოდექსიდან დამსწრე საერთოდ გაქრა 2012 წლის პირველი დეკემბრიდან - თავისუფლად შეუძლიათ ქუჩაში გაგაჩერონ, გაგჩხრიკონ და კანონით უფლება არ გაქვთ დამსწრე მოიწვიოთ - ამ მუსლის ანულირება არ შეიძლებოდა", - დასძენს ქეთი ბექაური.