კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა გუბერნიაში ჩატარებული შიდა აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვით 2012-2013 წლებში ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ქონების არამიზნობრივ ხარჯვას. დასკვნის მიხედვით, ყოფილ გუბერნატორს, ზურაბ ჭიაბერაშვილს ყოველთვე ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატის სახით გამოწერილი ჰქონდა 2900 ლარი, ჯამში ჭიაბერაშვილი ხელფასის სახით 5 900 ლარს იღებდა.
ამავე დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ გუბერნიის ბალანსზე საჭიროზე მეტი ავტომობილები და ტექნიკა ირიცხებოდა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ყოფილ გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილთან და მის ყოფილი მოადგილე გიორგი სიბაშვილთან დაახლოებული პირები სარგებლობდნენ. უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული დასკვა ძიებისთვის პროკურატურას გადაეცემა.
თავად ჭიაბერაშვილი კახეთის გუბერნატორის განცხადებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ სურვილია, რაიმე კიდევ იპოვოს იმ პერიოდთან დაკავშირებით, როცა გუბერნატორი იყო. რას პასუხობს ის ბრალდებას, ამ საკითხზე for.ge. ზურაბ ჭიაბერაშვილს ესაუბრა.
ადასტურებთ აუდიტის დასკვნას, რომელიც წარმოადგინა კახეთის ახალმა გუბერნატორმა? ამ დასკვის მიხედვით საუბარია ქონების არამიზნობრივ ხარჯვაზე.
ზურაბ ჭიაბერაშვილი: შემიძლია, განვაცხადო, გუბერნატორს თავისუფლად შეუძლია ყაჩაღებით დაკომპლექტებულ პროკურატურას მიმართოს, მერე სასამართლოს და ჩემ წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე აღძრან, ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ. „ქართული ოცნება“ ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს იმის გარკვევით, რა არის ხალხის გასაჭირი, როგორ უპასუხონ იმ მოთხოვნებს, რაც მოდის თვითონ საზოგადოებიდან, დაკავებულია ერთადერთი რამით - როგორმე იპოვონ რამე გადაცდომა. ეს მარტო კახეთის გუბერნიას არ ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეხება სხვა გუბერნიებსაც.
ძალიან კარგად იცით თბილისის მერიაში განვითარებული მოვლენები, საკრებულოს ახალი უმრავლესობა მუდმივად პროკურატურით იმუქრება. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის მეთოდია და ამაში ახალი არაფერია. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შევუთვალე გუბერნატორს და ვუთხარი, რომ თუ რამე კითხვები გაქვთ, არ იწვალოთ, პირდაპირ წადით პროკურატურაში და შევხვდებით სასამართლოში-თქო. ჩემთვის სასამართლო უკვე სახლივით არის, ერთით მეტი საქმე მექნება, თუ ერთით ნაკლები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
ვიცი, რომ ეს პერიოდი გადასატანია, გადასატანია ისიც, რომ ცდილობენ ათასგვარ სისულელეში დაარწმუნონ საზოგადოება, როგორი აბსურდიც იყო ლაპარაკი 5 თეთრიან ელექტროენერგიაზე, 25 თეთრიან გაზზე და ლარიან ბენზინზე, და რომელიც საზოგადოებამ გააცნობიერა, ასევე მოხდება ბევრი ტყუილის გაცნობიერება. ამიტომ, მე ამას ვუყურებ ძალიან მოთმინებით, მათ შეუძლიათ თავისუფლად მიმართონ პროკურატურას, მითუმეტეს, ჯიპებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე.
ჯიპების სკანდალი ამოწურულია, იცით, რომ ბერიძემ გააუქმა აუქციონი და როგორც ირკვევა ეს საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდება...
- მოსვლისთანავე ახალმა მინისტრთა კაბინეტმა ხელფასები გაიზარდა, გაიზარდა პრეზიდენტის ხელფასი და მერე დააკლეს, ნებისმიერ ასეთ საკითხს არ ვუყურებ ისე კრიტიკულად, როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილი. სხვათა შორის, თვითონ „ქართული ოცნების“ მომხრეებშიც ვიცი ადამიანები, რომლებიც ამას არ იწონებენ, მაგრრამ მე ამას მარტივად ვუყურებ. ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად, რომ ასეთ რაღაცაზე გამოვეკიდოთ მთავრობას. მთავრობა უფრო მთავარ რამეს ვერ აკეთებს, მილიარდით გაირღვა ბიუჯეტი, მთავრობა იღებს უზარმაზარ საგარეო ვალს იმისათვის, რომ შემცირებული ბიუჯეტის ფონზე, ის სოციალური ვალდებულებები როგორმე გაისტუმროს, რომელიც მან უხვად გასცა საზოგადოებაზე. ეს არის უფრო მნიშვნელივანი, ვიდრე ჩვენ ასეთ თემებზე ვაკირკიტოთ მთავრობა.
კახეთის ახალი გუბერნატორის ბრალდებას რომ დავუბრუნდეთ, ადასტურებთ აუდიტის დასკვნაში მოყვანილ ფაქტებს?
- ერთი რამე ნათელია, ახალი გუბერნატორი თამაზაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია და ბუნებრივია, ამ ფონზე სცადა თავის გამოჩენა, უნდა გავუგოთ ამ ახალგაზრდა ადამიანს. რაც შეეხება თემას, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია. ჩვენ ასეთი დისკუსიებიდან - ტელეფონების, ჯიპების და ა.შ. თემებიდან უნდა გადავიდეთ უფრო სერიოზულ დისკუსიაზე და იმაზე, რაც რეალურად, ხალხს მართლა აინტერესებს. ხალხს მართლა აინტერესებს როგორ მოხდება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა, ვიმეორებ, არც ჩვენი ხელისუფლების დროს და არც დღეს უყაირათოთ თანხების ხარჯვა არავის არ ეპატიება.
სწორედ თანხების უყაირათოთ ხარჯვას გედავებათ ახალი გუბერნატორი...
- მიმართონ პროკურატურას, სადაც თავის დროზე, ასევე ღარიბაშვილ-თამაზაშვილის კლანიდან პროკურორად ყაჩაღი დანიშნეს. მიმართონ პროკურატურას და შევხვდებით სასამართლოში, სასამართლოს გზით გაირჩევა მტყუან-მართალი. არანაირად არ ვაპირებ თავის მართლებას იმ აბსურდულ განცხადებაზე, რასაც ახლა გუბერნატორი აკეთებს. სამწუხაროა ის, რომ უცხოეთში კიდევ ერთხელ უნდა გაიგონ იმის თაობაზე, რომ დღევანდელი მთავრობა დაკავებული იმით, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს რაიმე უპოვონ და ჩხირკედელაობენ ძველ ქვითრებში.
მე როცა მივედი გუბერნიაში, ასეთი ჩიჩქვნა არ დამიწყია, დაკავებული ვიყავი იმით, რაც აინტერესებდა ხალხს. დღევანდელ მთავრობას აქვს ასეთი მიდგომები და ეს მათი საქმეა. სამწუხაროდ, ეს შეიძლება რაღაცა პერიოდი საზოგადოებისთვის მისაღები იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საზოგადოება მოითხოვს ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს.
აუდიტის დასკვნით, თქვენ ყოველთვე ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატის სახით გამოწერილი გქონდათ 2900 ლარი - ჯამში, ხელფასის სახით, 5 900 ლარი. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- რა არის ამაში უკანონო?
სწორედ ამაზე გააკრიტიკა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს თვამჯდომარე, რომელმაც ასევე ზეგანაკვეთური მუშაობით ახსნა გამოწერილი პრემია...
- არ მიმაჩნია, რომ რაიმე უკანონობა ჩავიდინე. რაც შეეხება შეფასებას, როგორც თქვენ, ასევე საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა შეიძლება ჩათვალოს, რომ პოლიტიკურად და მორალურად ეს არ იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ ამაში უკანონობა არაფერი არაა. პირდაპირ გეუბნებით, რომ ამას მე ჩემს თავს პოლიტიკურ და მორალურ დანაშაულად არ ვუთვლი. მიმაჩნია, რომ მე ვახორციელებდი საქმეს, რამდენადაც ხელისუფლება პოლიტიკური დევნის პირობებში მაძლევდა ამის საშუალებას, რომ განმეხორციელებინა ჩემი უფლებამოსლებები. ის, რაც დღეს ხდება, ეს არის პოლიტიკური დევნის კამპანიის ნაწილი.
პოლიტიკურ დევნას რაც შეეხება, აუდიტის დასკვნაში ასევე საუბარია თქვენ წინამორბედზე ლევან ბეჟაშვილზე, გიორგი ღვინიაშვილზე და მის მოადგილე სიბაშვილზე...
- პირდაპირ გეუბნებით, რომ მათი ინტერესი შეიძლება მე არ ვარ. მათი მთავარი ინტერესი არის გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც პარლამეტეს წევრია და რომელიც უკვე მიიყვანეს დაკითხვაზე და რომელზედაც მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი შექმნან. მე მგონია, რომ გიორგი ღვინიაშვილია მათთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და ჩემი აზრით, ასეთი უღირსი მეთოდებით ცდილობენ დაშინებას, დაშანტაჟებას.
თქვენ აღნიშნეთ, რომ არ იქექებოდით თქვენი წინამორბედის ქვითრებში, მაგრამ აუდიტის დასკვით გუბერნიის ბალანსზე საჭიროზე მეტი ავტომობილი და ტექნიკა ირიცხებოდა, რომლითაც ყოფილ გუბერნატორთან გიოგრი ღვინიაშვილთან და მის ყოფილ მოადგილესთან გიორგი სიბაშვილთან დაახლოებული პირები სარგებლობდნენ. თქვენ ამის შესახებ არ გქონდათ ინფორმაცია?
- ეს არის სრული ტყუილი. ჩემთვის უცნობია რა დასკვნა დაიდო. პატარა ბიჭია და ფაფხურობს რაღაცას. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან მარტივად შეუძლიათ წავიდნენ პროკურატურაში, დაგვიბარებენ დაკითხვაზე და რა დოკუმენტებსაც წარმოგვიდგენენ, გავცემთ პასუხს. ვიღაცა ადამიანებთან, რომლებსაც თითი-თითზე არ დაუდიათ ამ ქვეყნისთვის და ახლა რაღაცას ფაფხურობენ, კინკლაობას არ ვაპირებ.
თქვენ ახსენეთ ყოფილი პროკურორი. ალბათ, გეცოდინებათ, რომ მიხეილ სააკაშვილს ოთარ ფარცხალაძე ღირსების ორდენითაც ჰყავს დაჯილდევებული. მაშინ, როდესაც ის თქვენი გუნდის წევრი იყო, არ იცოდით, რომ ფარცხალაძე ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი?
- ბატონმა ფარცხალაძემ როგორ შეცდომაში შეიყვანა პრემიერი ღარიბაშვილი, ბუნებრივია, ასეთ შეცდომაში შეიყვანა ნებისმიერი ადამიანი, რადგანაც, როდესაც ის ავსებდა პირად ბიოგრაფიას, ბუნებრივია, ის არ უთითებდა მის წარსულს გერმანიაში ნასამართლეობაზე და თანაც ყაჩაღობაზე. განსხვავება აქ ის არის, რომ მაშინ ის იყო საშუალო, ანუ დაბალი რანგის საჯარო მოხელე, მისი პირადი ბიოგრაფიით არავინ არ ინტერესდებოდა და მათ შორის, ის არ წარმოადგენდა იმ ტიპის ადამიანს, რომელთანაც საზოგადოებრივი ფილტრის გავლა საჭირო ყოფილიყო, ან თვითონ მთავრობის მხრიდან, ან ოპოზიციის მხრიდან. მაგრამ როდესაც ის გახდა მთავარი პროკურორი, ბუნებრივია, ასეთი ადამიანების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი გაცილებით მაღალია.
ეს გასაგებია, მაგრამ ყოფილ პრეზიდენტთან არ გიჩნდებათ კითხვა, რისთვის და რა დამსახურებისთვის დააჯილდოვა ეს ადამიანი? საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება მისი ფინანსური პოლიციაში მუშაობის შესახებ, წარმოუდგენელია ეს ინფორმაცია მაშინდელი მმართველი გუნდისთვის უცნობი ყოფილიყო...
- მისი ბიოგრაფიის ეს დეტალები როგორც არ იცოდა ღარიბაშვილმა, ისევე არ ვიცოდით ჩვენ. ახლა გახდა ის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, იმიტომ, რომ დაინიშნა ძალიან მაღალ, მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და მაშინ გახდა ცნობილი მისი ბიოგრაფიის ეს ნაწილი. როგორ მოიქცეოდა სააკაშვილი, მისცემდა თუ არა ღირსების ორდენს, რომ სცოდნოდა, რომ ის ყაჩაღობისთვის ნასამართლევი იყო და იქნებოდა თუ არა საჯარო სამსახურში, ბუნებრივია, ეს თეორიული მსჯელობის საკითხია.
აქ ერთი დეტალია საინტერესო. იმით, რომ ფარცხალაძე გადადგა თუ გადააყენეს (რა თქმა უნდა, გადააყენეს), ელოდებოდა სამჯავროს იმისგან, ვინც იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ჰგონიათ, რომ მთავარი პროკურორობის დროს ფარცხალაძემ რა დანაშაულიც ჩაიდინა, ეს საქმე ჩაიფარცხება. პატიმარი ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან თავზე გადაფარებული უკანონოდ გამოიყვანა და მის მიმართ განახორციელა შანტაჟი და მუქარა, ეს ასე ადვილად ვერ ჩაიფარცხება. ეს საკითხი დღემდე რჩება მაღალი ყურადღების თემად. მხოლოდ წარსულით ეს საქმე არ მორჩება, დღეს რა დანაშაულიც ჩაიდინა, ისიც უნდა იქნას გამოძიებული.
ამ საკითხზე მოკლვლევა დაიწყო გენერალურმა ინსპექციამ...
- 2006 წლიდან ქართული კანონმდებლობა მოკვლევას, როგორც ასეთს, არ იცნობს. ეს არის იურიდიული ნონსენსი ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. აქედან გამომდიანარე გამოძიების დაწყება შეუძლია მთავარ პროკურატურას და ამას ძალიან მკაფიოდ ამბობს ქართული კანონმდებლობა. ჩვენ არ ვაპირებთ დღის წესრიგიდან მოვხსნათ ორი მთავარი მოთხოვნა - გამოძიების დაწყება და ფირების ამოღება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა თავად მოითხოვა ფარცხალაძესთან შეხვედრა...
- მითქმა-მოთქმითა და ჭორებით ჩვენ წინ ვერ წავალთ. იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს სამარცხვინო ლაქა ოდნავ მაინც ჩამოირეცხოს, თავის მომხრეებს აჯერებენ, რომ ეს ვანო მერაბიშვილის მიერ დაგებული მახე იყო. საკითხი დგას ძალიან მარტივად - ვანო მერაბიშვილი ციხიდან თავზე გადაფარებული გამოიყვანა ადამიანმა, რომელმაც მერიის 24 თანამშრომელი ყოველგავრი სანქციის გარეშე, მაშინ, როდესაც რასმუსენი იყო ჩამოსული, ქალაქში უკანონოდ ატარა აქეთ-იქით და 6 ადამიანი იმავე საღამოს ხელმეორედ დააკავა.
ადამიანმა, რომელმაც ასეთი არა მარტო დანაშაული, არამედ უგუნურობა ჩაიდინა პოლიტიკური თვალსაზრისით, არის თუ არა მოსალოდენელი ისეთი პატიმრის, რომელსაც გამადიდებელი შუშით უყურებს მთელი მსოფლიო, ჩაიდინოს იგივე უგუნურობა, როგორც ეს გააკეთა რასმუსენის ვიზიტის პარალელურად? სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ გამოძიებას და ფირების გასაჯაროვებას. თუ ფირები არ გასაჯაროვდა მაშინ დავრჩებით „ასავალ-დასავალის“ ჭორაობის დონეზე. „ასავალ-დასავალის“ ჭორაობის დონეზე თუ დარჩა ეს ქვეყანა, მაშინ ამ ქვეყანას კარგი მომავალი არ ექნება.