"რადგან შევედით მდინარეში, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია, უნდა გავიდეთ ბოლოში, სხვანაირად არ გამოვა"

"ხელისუფლება ცდილობდა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ოთარ ფარცხალაძის შენარჩუნებას, მაგრამ საზოგადოების ზეწოლამ ნაყოფი გამოიღო. კარგია, რომ საზოგადოებრივ აზრს გაუწია ანგარიში, მაგრამ უფრო მეტი ოპერატიულობა და საკადრო საკითხებში მეტი სიფრთხილე მოეთხოვება. მთავარი პროკურორი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა სამართლიანობის აღდგენის საქმეში. ის უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომლის ზნეობაშიც ეჭვს ვერავინ შეიტანს. რადგან შევედით მდინარეში, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია, უნდა გავიდეთ ბოლოში, სხვანაირად არ გამოვა", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით"საკადრო საკითხებში ხელისუფლებას უფრო მეტი სიფრთხილე მოეთხოვება" / "რადგან შევედით მდინარეში, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია, უნდა გავიდეთ ბოლოში, სხვანაირად არ გამოვა" / "დღეს პიარი გაქრა, მთლად ასეც არ შეიძლება". 

"შეძლებს თუ არა ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის დაჩქარებას წინა ხელისუფლების დანაშაულის გამოძიებისა და ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის გარეშე, არ ვიცი - თუ ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენაში სხვა რამეს გულისხმობს, საზოგადოება ამ არგუმენტებს არ მიიღებს და ამას მმართველი გუნდის რეიტინგის დაკარგვა მოჰყვება. იმედგაცრუებული და გაღიზიანებული მოქალაქეები კი რას მოიმოქმედებენ, ძნელად პროგნოზირებადია. ბოლო ერთი წელია სასიკეთო ძვრებია ადამიანის უფლებების დაცვაში, ხელისუფლების შიში გაქრა, საზოგადოება დაძაბული აღარ არის. მართალია, ეს ახალი ხელისუფლების დამსახურებაა, მაგრამ მაინც ცალკეული პირების ნებას ეფუძნება და არ არის გამყარებული ინსტიტუტებით. ამიტომ, თუ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფოსკენ სვლა გავაგრძელოთ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და შეცდომები იშვიათად დავუშვათ, თუნდაც საკადრო პოლიტიკაში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე. 

"საქართველოში ორჯერ ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები: პირველად 1990 წელს, მეორედ კი 2013 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი საზოგადოება მზად არის დემოკრატიის მისაღებად. ბოლო 20 წელი სწორედ დემოკრატიისთვის ბრძოლას მოვანდომეთ და, ბოლოს და ბოლოს, ამან ხომ უნდა გამოიღოს ნაყოფი?! 2014 წელს არც საგარეო ურთიერთობები გვექნება დალაგებული. წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უნდა გააფორმოს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. თავის მოტყუებაა იმაზე ლაპარაკი, რომ თითქოს რუსეთმა საქართველოს საწინააღმდეგო ყველა ბერკეტი გამოიყენა. მას კიდევ უამრავი ბერკეტი აქვს, მთავარი კი ის არის, რომ რუსეთი ის სახელმწიფოა, რომელიც არაფერზე დაიხევს უკან და თუ დასჭირდა, საერთაშორისო ვალდებულებებზეც იოლად იტყვის უარს. როდესაც წინ ასეთი რთული პერიოდი გვაქვს, ქვეყანაში ახალ-ახალი პრობლემები სასურველი არ არის. უპირველესად ეს საზოგადოების განწყობას ეხება და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ 2014 წელს სამართლიანობის აღდგენა დაჩქარდეს", - განაგრძობს ექსპერტი.

"პროკურატურას დიდი როლი ეკისრება, რადგან თუ მან ბრალდებები სათანადოდ არ გაამყარა და სასამართლომ რომელიმე ან ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი გაათავისუფლა, საზოგადოება ამას მიიღებს არა სამართლიანობის აღდგენად, არამედ სპექტაკლად. არ დაგვავიწყდეს, რომ სამართლიანობის აღდგენაში ქონებრივი დავების გადაწყვეტასაც მოიაზრებენ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ პრობლემის გადაჭრის მექანიზმი არ გვაქვს. საინტერესოა, გაკეთდა თუ არა წართმეული ქონების თუ ბიზნესის კლასიფიკაცია? შესაძლოა, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქისთვის ქონებრივი უფლებების აღდგენა უფრო მარტივია. როდესაც ქონებრივ დავებთან დაკავშირებული კონცეფცია შემუშავდება, უკვე შეიძლება ფიქრი კონკრეტულ მექანიზმებზე. ალბათ, ამ საკითხებზე მუშაობენ კიდეც, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ერიდება პიარს, კარგი გაგებით. სააკაშვილის დროს ეს ყველაფერი მოჭარბებული იყო, ლამის ბრეჟნევის ეპოქას დავემსგავსეთ. დღეს კი პიარი გაქრა. არადა, მთლად ასეც არ შეიძლება. ქონებრივ დავებს რაც შეეხება, ხელისუფლებამ, ალბათ, უნდა განაცხადოს, მიმდინარეობს თუ არა კონცეფციაზე მუშაობა, ან თუ მიმდინარეობს, რა ეტაპზეა", - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

"დღეს დასავლეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს, რაც სამართლიანობის აღდგენას, გახმაურებული საქმეების გამოძიებას დააჩქარებს. დასავლეთი უფრო კეთილგანწყობილია საქართველოს ხელისუფლებისადმი. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ შეძლო ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორების დარწმუნება. თუმცა, რა თქმა უნდა, დასავლეთი ყოველთვის განაცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებს თვალყურს ადევნებს", - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვას - "გასულ კვირას ოფიციალურად შეეცვალა სახელი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. პაატა ზაქარეიშვილი უკვე უნდა მოვიხსენიოთ როგორც სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში..." - პასუხობს:

"ეს შეიძლება ჩვენთან არაფერს ცვლის, მაგრამ შესაძლოა რაღაცით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. ჩვენ მართლა უნდა შევრიგდეთ და თან ისე, რომ საქართველოს ერთიანობის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს. ეს შერიგების გარეშე არ გამოვა, იარაღით ვერ მოხდება და თუ უწყებისთვის სახელის ცვლილება საქმეს წაადგება, მხოლოდ მივესალმები".