„ინდოეთში აღმოჩენილი ხელის ძვალი, 99%-ით, ქეთევან წამებულისაა“

„ინდოეთში აღმოჩენილი ხელის ძვალი, 99%-ით, ქეთევან წამებულისაა“

მე-17 საუკუნეში შაჰ აბასის მიერ სარწმუნოების ერთგულებისთვის წამებული ქართველის, ქეთევან დედოფლის შესახებ ახალი ცნობები ვრცელდება. ამერიკის არქეოლოგიურმა კვლევითმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. დნმ-ის ანალიზი ადასტურებს, რომ ინდოეთში, გოაში აღმოჩენლი ხელის ძვალი იბერიულ-კავკასიური ჯგუფის წარმომადგენელ ქალბატონს ეკუთვნის. ისტორიკოსები და მეცნიერები აცხადებენ, რომ გოაში აღმოჩენილი ძვალი, დიდი ალბათობით, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილია.

ქეთევანი დედოფლის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ფილმი „საქართველოს მნათობი“ რამდენიმე წლის წინ გადაიღო. ფილმზე მუშაობის პერიოდში მას შესაძლებლობა მიეცა, გოაში აღმოჩენილი წმინდა ნაწილი პირადად ენახა. დნმ-ის ანალიზის ბოლოდროინდელი პასუხით ფილმის მომზადების პერიოდში არსებული ვარაუდი მეტად გამყარდა.

გიორგი კალანდია For.ge-სთან 2006 წელს, ექსპედიციის ფარგლებში, ინდოეთში ჩასვლას იხსენებს და ქეთევან დედოფლის შესახებ არსებულ სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზეც ყვება.

გიორგი კალანდია: როდესაც ფილმის მესამე ნაწილზე „ინდოეთის მარგალიტზე“ ვმუშაობდი, ავჭალის ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი რაზმაძე გავიცანი. გავიგე, რომ ინდოეთში ვიზიტს გეგმავდა და ვთხოვე, ჩვენი გადამღები ჯგუფი ჩერთო ამ ექსპედიაციაში. 2006 წელს ჩავედით ინდოეთში, სწორედ, იმ დროს, როდესაც ინდოეთის არქეოლოგიური საზოგადოების წევრს ნეზამუდინ კაჰირს დასრულებული ჰქონდა არქეოლოგიური გათხრები ქალაქ გოაში, დაგრასას ტაძარში. მას ძალიან სასიხარულო აღმოჩენა ჰქონდა - ეს გახლდათ ტაძრის რელიკვარიუმში ნაპოვნი მარმარილოს შავი კუბოს ნამტვრევები. ამ ნამტვრევების ქვეშ იყო აღმოჩენილი მარჯვენა ხელის ძვლის ფრაგმენტი.

წყაროებში, სწორედ, ამ სიწმინდეზე იყო მითითებული და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო, რომ მოგვეცა საშუალება, გადაგვეღო ეს წმინდა ნაწილი, მოგვესმინა თავად ნეზამუდინ კაჰირის მეცნიერული დასკვნები. ის მუშაობდა ამ საკითხზე და ვრცელი მასალა ჰქონდა შეგროვილი. ამბობდა, რომ პირველადი კვლევების თანახმად, ეს იყო ქალის მარჯვენა ხელის მტევნის ნაწილი, რაც ადასტურებდა იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქეთევან წამებულის კუთვნილი უნდა ყოფილიყო. თუმცა, დღემდე მეცნიერულ ვარაუდს გამოვთქვამთ. მეცნიერება სიზუსტეს მოითხოვს და თუ ბოლომდე რამეში დარწმუნებული არ ხარ, ვარაუდი უნდა დაარქვა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ, 99%-იანი ვარაუდით, გოაში აღმოჩენილი ძვალი ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილია.

თუ გაქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად რა დადგინდა ახლახან დასრულებული დნმ-ის ანალიზის შედეგად?

- ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, სამედიცინო საკითხები ნაკლებად არის ცნობილი. ამაში მე კომპეტენტური არ ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების არქეოლოგიური საზოგადოების გაზეთი „არქეოლოგი მეგეზინი“ წერს, რომ ჩატარდა მიტოქონდრიული კვლევა, რომლის მიხედვითაც, აღმოჩენილი ძვლის ფრაგმენტი, დიდი ალბათობით, მიკუთვნებული იქნა ქეთევან წამებულისადმი, რაც თანხვედრაშია ისტორიულ წყაროებთან.

რომელმა ისტორიულმა წყაროებმა შემოინახა ინფორმაციები ინდოეთში ქართველი დედოფლის წმინდა ნაწილების შესახებ?

- პორტუგალიაში მოღვაწე მკვლევარმა რობერტო გულბეკიანმა გამოაქვეყნა წიგნი - „ნამდვილი ცნობები საქართველოს დედოფლის ქეთევან წამებულის მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქეთევანის წამებიდან 11 წელიწადში პორტუგალიელმა ბერებმა დუჟ ანჟუსის ხელმძღვანელობით წმინდა ნაწილები გადაიტანეს ქალაქ გოაში, დაგრასას მონასტერში, სადაც იყო პორტუგალიელი ბერების სავანე - სამყოფელი. გარდა ამისა, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ტაბაღუამ საკუთარ წიგნში „ევროპის წიგნსაცავებსა და არქივებში“ გამოაქვეყნა ცნობები პორტუგალიელი ბერების, კერძოდ, დუჟ ანჟუშის მოხსენებებიდან. წყაროებიდან ირკვევა, რომ ნამდვილად ინდოეთში დაგრასაში იქნა გადატანილი ქეთევანის წმინდა ნაწილები.

სად არის შემონახული ქეთევან დედოფლის სხვა წმინდა ნაწილები?

- ჩემი ექსპედიციის ფარგლებში შევიტყვე და გადაღებული მაქვს ბრიტანეთში - ცნობილ „ბრიტიშ მუზეუმის“ მეორე სართულზე მართლმადიდებლური განყოფილების დარბაზში გამოფენილი წმინდა სანაწილე, რომელშიც, გადმოცემის მიხედვით, შენახული იყო ქეთევანის წმინდა ნაწილები. ამის შესახებ ცნობები დაცულია ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომებში. ამ სიწმინდის ფოტო დაბეჭდილია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი მიძღვნილ წიგნში „ნათელი ქრისტესი“ - უახლეს გამოცემაში, რომლის რედაქტორია ნესტან კირთაძე.

წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილების ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტი ინახება ზაგორსკის მონასტერში, რუსეთში. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილები ინახებოდა ნამიურში - ბელგიაში. ეს არის ერთ-ერთი ქართველი წმინდანი, რომელსაც ერთგვარი საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდა. ბევრი ერის მიერ იქნა თაყვანისცემული თავისი მოწამეობრივი სიკვდილის გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის მხარე გოაში აღმოჩენილი წმინდა ნაწილის სანაცვლოს მილიონ აშშ დოლარს ითხოვს, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, იგეგმება წმინდა ნაწილის საქართველოში გადმოსვენება?

- ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ეს საქართველოს ეკლესიის კომპეტენციაა.