რუსეთი მძღოლებისთვის სავიზო რეჟიმს ამსუბუქებს

რუსეთი მძღოლებისთვის სავიზო რეჟიმს ამსუბუქებს

"2013 წლის 27 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროდან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის საშუალებით ქართულმა მხარემ ოფიციალურად მიიღო ინფორმაცია საქართველოს გადამზიდველებისათვის (მძღოლებისათვის) რუსეთის ფედერაციის ვიზების გამარტივებული წესით მიღების თაობაზე", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით რუსეთი მძღოლებისთვის სავიზო რეჟიმს ამსუბუქებს.

"როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, რაც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე ქართველ გადამზიდველებზე, პრიორიტეტულ რეჟიმში (წინასწარი აწერის გარეშე), იქნება გაცემული საქმიანი მრავალჯერადი ვიზები ერთი წლის ვადით. ვიზის გაფორმების საკონსულო მოსაკრებელი დაჩქარებული წესით (3 სამუშაო დღეში) გაფორმებისათვის შეადგენს 310 აშშ დოლარს, ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმში (10 სამუშაო დღე) გაფორმებისათვის - 160 აშშ დოლარს. ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაციასთან საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმებით, რომელიც ძალაშია 1994 წლის 6 ივნისიდან. თუმცა 2006 წლის 2 ოქტომბრიდან, რუსეთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოსთან შეწყვეტილ იქნა საავტომობილო მიმოსვლა", - აღნიშნავს გამოცემა.

"2012 წლის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე მიმდინარეობდა კონსულტაციები რუსეთის მხარესთან და 2012 წლის ბოლოს, 2006 წლის შემდეგ პირველად რუსეთის ფედერაციიდან გადმოგზავნილი იქნა საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვის კვოტირებული ნებართვის ბლანკები (1000 ერთეული). აქვე, 2013 წლის 6-7 აგვისტოს ქ.მოსკოვში გაიმართა საავტომობილო ტრანსპორტის რუსეთ-საქართველოს შერეული კომისიის სხდომა, რომელსაც საქართველოს მხრიდან უძღვებოდა საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" ხელმძღვანელი. სხდომაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის 2006 წლის შემდეგ შეწყვეტილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო მიმოსვლის და სატვირთო გადაზიდვების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისა და არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვების ბლანკები. საყურადღებოა, რომ სწორედ აღნიშნული კომისიის სხდომაზე ქართული მხარის მიერ პრინციპულად იქნა დასმული - საქართველოს გადამზიდველებისათვის ვიზების გამარტივებული წესით მიღებასთან დაკავშირებული საკითხბის მოგვარება შესაძლო მოკლე ვადაში. მოლაპარაკების დროს რუეთის მხარის დელეგაციის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა ამ საკითხის დროულად გადაწყვეტის თაობაზე, რაც ოფიციალურად დაფიქსირდა მხარეებს შორის გაფორმებულ ოქმშიც", - განაგრძობს გამოცემა.

"ზემოაღნიშნული კომისიის ჩატარების შემდეგ, დღეისათვის 2013 წელს გაცვლილი ნებართვებიდან საქართველოს გადამზიდველების მიერ ათვისებულია 500 ერთეული ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვის და 20 ერთეუკლი მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში გადაზიდვის ნებართვა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2014 წელს მხარეებს შორის გასაცვლელი ნებართვების რაოდენობის შეთანხმების თაობაზე. ქართველი გადამზიდველებისათვის რუსეთის ვიზების მიღების პროცედურების გამარტივება ხელს შეუწყობს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე-გადამზიდველების დასაქმებას ორმხრივი და ტრანზიტული სატვირთო და სამგზავრო საავტომობილო მიმოსვლის სფეროში, ასევე ორ ქვეყანას შორის სატვირთო და სამგზავრო გადაყვანა/გადაზიდვების მოცულობების ზრდას სახმელეთო გზის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ტრაბსპორტირებისათვის საჭირო დროისა და თვითღირებულების შემცირების ხარჯზე, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ტვირთბრუნვის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის", - დასძენს გამოცემა.