ისევ ინფლაციის შესახებ - ისტორიის გაკვეთილები

ისევ ინფლაციის შესახებ - ისტორიის გაკვეთილები

ჩემს მიერ ბოლო პერიოდში ინტერნეტგვერდზე www.presage.tv გამოქვეყნებულმა სტატიებმა მკითხველების მხრიდან გარკვეული ინტერესი გამოიწვია. შეფასებები იყო დადებითიც და კრიტიკულიც. გულახდილად მინდა გითხრათ, რომ  ჩემთვის ორივე მისაღებია. თვითონ თემა - მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ძალზე ბევრის მომცველია. რა თქმა უნდა, მე ვერ შევძლებ ერთ, და თუნდაც - რამდენიმე სტატიაში, სრულად მოვიცვა მსოფლიო კრიზისის გამომწვევი  ყველა წინაპირობა და თანამდევი ფაქტორები. სწორედ აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 25 მარტს, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ”მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველო”. ამ წერილის ავტორი, თქვენი მონა მორჩილი, გახლავართ ამ ღონისძიების ერთერთი ინიციატორი. ყველას საშუალება ექნება მობრძანდეს და თავიანთი პოზიცია გამოხატოს აღნიშნულ კონფერენციაზე. ამასთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნეტგვერდზე -      www.gtu.ge შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოგვაწოდოთ თქვენ სამეცნიერო ნაშრომი. ჩემთვის საინტერესო იქნება თუ ამ ღონისძიებას უშუალოდ www.presage.tv-ს მკითხველებიც გამომეხმაურებიან.                

 

დღეს ჩემს მიზანს არ წარმოადგენს ცალ-ცალკე განვიხილოთ თანამედროვე ეკონომიკური თეორიები. ამის არც დროა და, ალბათ, ამას არც ამ ინტერნეტ-გვერდის ფორმატი ითვალისწინებს. ისიც მაფიქრებს, თუ რამდენად საინტერესო იქნება მსოფლიოს თანამედროვე ეკონომიკური თეორიების დეტალური და ღრმა ანალიზი. მკითხველს, ალბათ, უფრო კონკრეტული და თუნდაც ბოლომდე გაუგებარი, მაგრამ ხმაურიანი თემები აინტერესებს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ საზოგადოებაში უდაოდ არის ინტერესი, რომ გაეცნონ მსოფლიოში მიმდინარე, როგორც გასული საუკუნის, ასევე მიმდინარე პერიოდის, ეკონომიკურ ტენდენციებს. ძალიან კარგი იქნება თუ მკითხველი საზოგადოება მოგვაწვდის თავის აზრს და პოზიციას, თუნდაც კრიტიკულს. ჩემი ეს ბოლო წერილი შეიძლება ფრაგმენტული მოგეჩვენოთ, მაგრამ ვცდილობ, რომ იტყვიან, “კბილი მოვუსინჯო” რამდენად არის მზად საზოგადოება ასეთი თემების წასაკითხად და რამდენად საინტერესო იქნება ეს მათთვის.

 

+++

 

ზოგადად, თვითონ მეცნიერებაშიც კი, კრიზისებთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი მიდგომა. მაგალითად, ზოგიერთები თვლიან, რომ კრიზისი ეს არის ობიექტური რეალობა, რომელიც გარკვეული პერიოდების შემდგომ მეორდება, ეს შეიძლება იყოს 8-10 წელი, შეიძლება - მეტიც, თუმცა არის სხვა შეხედულება, მაგალითად კეინსელებისა, რომლებმაც კრიზისის პრობლემის ნაცვლად წინ წამოწიეს ეკონომიკური ციკლის პრობლემა.

 

კეინსელების ლოგიკით, არა მარტო კრიზისი, არამედ საერთოდ ციკლური განვითარებაა დამახასიათებელი კაპიტალისტური მეურნეობისათვის. სწორედ ეკონომიკური ციკლის კეინსური თეორია გახდა  გასული საუკუნის 50–60-იან წლებში ანტიციკლური მოთხოვნის ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველი. მათვე გამოიკვლიეს ეკონომიკური ციკლის ფაზების - გამოცოცხლების, აღმავლობის, დაქვეითების და დეპრესიის - თავისებურებანი. თუმცა, 70-იან წლებში აშკარა გახდა ამ თეორიის გადახედვის აუცილებლობა. ცნობისათვის - არსებობს ტემპების, კაპიტალდაბანდებების, ინოვაციური, სამრეწველო და ა.შ. ეკონომიკური ციკლები. დროის მიხედვით გამოიყოფა 50-წლიანი, 8-10-წლიანი, 2-3-წლიანი, სეზონური და სხვა. ეს - მოკლედ ეკონომიკური ციკლის შესახებ. ამ თემას არ ჩავუღრმავდები, რადგან ძალიან შორს წაგვიყვანს.  

 

ისმის კითხვა: რა არის მთავარი, რომ სწორად განსაზღვრო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რაც ასე ძლიერ ესაჭიროება ჩვენ ქვეყანას? თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ეკონომიკური თეორიები მარტო დიდი სახელმწიფოებისთვის არის შექმნილი და მოგონილი, ძალიან ცდება.

 

ბუნებაში არც ერთ ისეთ ეკონომიკურ თეორიას არ უარსებია, რომელიც არ ყოფილიყოს გამოყენებული ამა თუ იმ ქვეყანაში, პირდაპირ თუ - ირიბად. როგორ შეიძლება, ადამიანი განაგებდე ქვეყანაში ეკონომიკურ პოლიტიკას, ქმნიდე ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას და წარმოდგენა არ გქონდეს  ისეთ ეკონომიკურ თეორიებზე, ინფორმაციისა და ცოდნის გამდიდრებისთვის მაინც, როგორიც არის, თუნდაც მარჟნალიზმი, კეინსიანიზმი, მონეტარიზმი, ინსტიტუციურ სოციოლოგიური - მიმართულება და სხვა. ნურავინ იფიქრებს, რომ ეს თეორიები მხოლოდ წმინდა მეცნიერებისთვის არსებობს და მოწყვეტილია ქვეყნების რეალური ეკონომიკისაგან.

 

მაგალითად, მაკროეკონომიკაზე მსჯელობისა და მისი შეფასების დროს, ძალზე მნიშვნელოვანია განვიხილოთ დინამიკური წონასწორობისა და მდგრადობის პრობლემა, როგორც კვლევის მიმართულება - ეკონომიკური ზრდის თეორია, რომელიც თავდაპირველად 30–50 წლებში წარმოიშვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ავსტრიელი ეკონომისტის ი. შუმპეტერის ეკონომიკური განვითარების თეორია, როგორც დინამიკური განვითარების თეორია.

 

მარტივად რომ ვთქვათ, გარკვევა იმისა, თუ როგორ განისაზღვრება დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა, წარსული ეკონომიკური მდგომარეობით და როგორ განსაზღვრავს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკურ განვითარებას მომავალში. აი დილემა, რომელიც გადაუწყვეტელია მთელ მსოფლიოში. ეს ურთულესი პრობლემა  დღემდე მეთოდურადაც არ არის ბოლომდე გადაჭრილი. რაც შეეხება დინამიკას, ზოგიერთი ექსპერტის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ თავისი შინაგანი ბუნებით ეს რადიკალურად განსხვავდება სტატიკისაგან. თანამედროვე შეხედულების მიხედვით, სტატიკა არის თეორია, რომელიც იძლევა ეკონომიკური მოვლენების ახსნას, ხოლო ყველა სხვა გარემოება განიხილება, როგორც მოცემული და უცვლელი დინამიკა. პირიქით - არაფერს არ მიიჩნევს მოცემულად და ხსნის ყველაფერს რის ახსნასაც სტატიკა უარყოფს. სტატიკა მეცნიერული აბსტრაქციის უმაღლესი გამოხატულებაა, მაშინ, როდესაც დინამიკა ცდილობს მაქსიმალურად მიუახლოვდეს სინამდვილეს, რეალური მეურნეობის პირობებს.

 

ახლა, უფრო კონკრეტულ თემაზე გადავინაცვლოთ. ბოლო პერიოდში ფასების ზრდამ შოკში ჩააგდო მოსახლეობა. რაც ყველაზე საგანგაშოა, ფასები გაიზარდა ადგილობრივ პროდუქციაზე, რომელსაც არც ნედლეულის და არც დამხმარე მასალების თვალსაზრისით არავითარი კავშირი არ აქვს იმპორტულ პროდუქციასთან. მაშ, რა ხდება? თუ არც ნედლეულის, მასალების, ნახევარაფაბრიკატების, ელექტროენერგიის, კომუნიკაციების ფასები არ იზრდება და, მითუმეტეს, არ იზრდება ხელფასი, მაშინ რატომ იზრდება პროდუქციის ღირებულება. სად არის ძაღლის თავი დამარხულ?

 

საქმე გვაქვს წმინდად სამეურნეო სუბიექტების ინფლაციურ მოლოდინთან. რეალურად ჩვენს შემთხვევაში ეკონომიკური თვალსაზრისით შესაძლებელია მათ მიერ ფასების ზრდა არც უნდა ხდებოდეს, მაგრამ ვინაიდან მათ არ იციან, თუ როგორი ანტიინფლაციური პოლიტიკის გატარებას აპირებს სახელმწიფო, ამიტომ ისინი წინასწარ, სპონტანურად, შოკის საფუძველზე ზრდიან ფასებს. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ქვეყანაში ადაპტაციური, ანტიინფლაციური პოლიტიკა. ეს - დასაბუთებულია რაციონალური მოლოდინის თეორიით, (რა ვქნა - ისევ თეორიას უნდა დავუბრუნდე).

 

სწორედ ამ თეორიისთვისაა დამახასიათებელი ფასებზე მოლოდინის ფორმირების მექანიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელი ინფლაციისათვის გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური სუბიექტები აღარ ცდებიან და წინასწარ ემზადებიან, რომ ადვილად გადაიტანონ სახელმწიფოს მიერ ინფლაციის დასაძლევად განხორციელებული ფისკალური და მონეტარული ექსპანსიის შედეგები. ამ უკანასკნელის განხორციელება ხდება სახელმწიფოს მხრიდან ზუსტი ინფორმაციის მიღების ხარჯზე.

 

რაციონალური მოლოდინის თეორიის დასკვნების საფუძველზე ბევრ ქვეყნებში შეიმუშავეს წარმატებული პროგრამები ინფლაციის შესამცირებლად. კერძოდ, განისაზღვრა სხვადასხვა ქვეყნისათვის ინფლაციის შემცირების სოციალური ფასის კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენი უნდა იყოს უმუშევრობის იმ ნამატის მაჩვენებელი, რომელიც აუცილებელია ინფლაციის ტემპების შემცირებისათვის განსაზღვრულ დონემდე, ბუნებრივ დონესთან შედარებით. მაგალითად, ხუთი წლის განმავლობაში ეს კოეფიციენტი არის 1,5%. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად 2%-ით ინფლაციის ზრდის ტემპის შემცირებისათვის საჭიროა უმუშავრების ბუნებრივ დონეზე ჭარბი ზრდა ყოველწლიურად 1,5%-ით. აბსოლიტური მონაცემებით ეს ნიშნავს ინფლაციის ტემპის შემცირებას ამ პერიოდში 10%-დან 3%-მდე, ანუ - 7 პუნქტით და უმუშევრობის დონის გადიდებას ბუნებრივი უმუშევრობის დონის მიმართ - 11%-ით. თუმცა, ინფლაციის 7 პროცენტული პუნქტით შემცირება შესაძლებელია უფრო მოკლე პერიოდშიც, მაგალითად - ერთ წელიწადშიც. მაშინ უმუშევრობის ფაქტობრივი დონე უნდა იყოს მაღალი 11%-ით მის ბუნებრივ დონესთან შედარებით. ანუ, ბუნებრივი დონე თუ 6%-ია მაშინ უმუშევრობა უნდა გახდეს 17%. ასეთი პრაქტიკა ცნობილია “შოკური თერაპიის” სახელწოდებით.

 

ამერიკელმა მეცნიერმა, მაკროეკონომისტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, რობერტ ლუკასმა და მოლოდინის თეორიის სხვა ავტორებმა დაასაბუთეს, რომ “შოკური თერაპიის” სოციალური ზიანი შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია შესაბამისი პირობების არსებობა. უმტკივნეულო ანტიინფლაციური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პირბაა ყველა ეკონომიკური სუბიექტების მიერ დეტალური ინფორმაციის ფლობა, მთავრობისა და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის შემცირების პროგრამა უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ, სანამ ჩამოყალიბდება მათი უმნიშვნელოვანესი სახის მოლოდინი. ასევე აუცილებელი პირობაა ის, რომ ვინც აწესებს ფასებს და ხელფასს (ეკონომიკური სუბიექტები) უნდა ენდობოდნენ მთავრობასა და ცენტრალური ბანკის საქმიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში (ამის მაგალითია საქართველო), ეკონომიკური სუბიექტები არ შეამცირებენ თავის ინფლაციურ მოლოდინს და ანტიინფლაციური პოლიტიკა  ეფექტიანი ვერ იქნება.

 

და, კიდევ ერთი პირობაც - ინფლაციით გამოწვეული ზარალის კოეფიციენტი მით უფრო მცირე იქნება, რაც უფრო მოქონილი იქნება ფასები და ხელფასი. ინფლაციის შემცირება ყოველგვარი წარმოების მოცულობის შემცირებისა და უმუშევრობის ზრდის გარეშე შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ შრომის ბაზრის აბსოლიტური  მოქნილობისას, რაც თითქმის შეუძლებელია.