მოსმენები გაგების გარეშე

მოსმენები გაგების გარეშე

დამოუკიდებელი ექსპერტების სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ განცხადებას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აკეთებს. მისი თქმით, ხშირად მოსმენა უხარისხო ტექნიკური საშუალებით ხორციელდება, რაც სატელეფონო საუბრის დროს ადვილად შესამჩნევია.

„დიდი მადლობა მშობლიურ სეპცსამსახურებს გულისხმიერებისთვის, უკვე მერამდენედ ხდება, მობილურზე საუბრისას, როცა დიდი ალბათობით მესამე ყურის ჩართვისას, ანუ მარტივად, მოსმენისას, საუბრის ხარისხი უარესდება - ხმა ორდება, სამდება, შიშინებს, ტკიცინებს და ა.შ. მეც აქტიურად ვთხოვ ხოლმე მოყურადეს, გამოასწოროს მოსასმენი აპარატურის ტექნიკური ხარვეზი, რათა მეც გამიადვილდეს საუბარი და შესაბამისად, მათაც - ჩემი საუბრის ხარისხიანი ჩაწერა. მინდა ჩემი აღფრთოვანება გაგიზიაროთ ასეთი ოპერატიულობისთვის. არ მახსოვს შემთხვევა, მოყურადისთვის მსგავსი თხოვნით მიმემართა და მას თხოვნა არ გაეთვალისწინებინოს, მაშინვე სწორდება ყველანაირი ხარვეზი. განსაკუთრებით გულისხმიერები ამ მხრივ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. დემოკრატია ყველგან და ყველაფერში“, -  აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე ეჭობს, რომ მას არ უსმენენ, ამ დროს კი, მისი სურვილია, მოუსმინონ არა მარტო სპეცსამსახურებმა და გარკვეულმა ჯგუფებმა, არამედ საერთოდ, -  საზოგადოებამ, რადგან მას ბევრი აქვს სათქმელი. რაც შეეხება ხათუნა ლაგაზიძეს, ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ის ჭკვიანი ექსპერტია და კარგია, თუკი მას მოუსმენენ და ბევრ გონივრულს გაიგებენ მისგან.

„მახსენდება უწმინდესისა და უნეტარესის ნათქვამი. ერთხელ მას უთხრეს, უწმინდესო, გისმენენო. მან კი უპასუხა, მომისმინონ, მერე ბატონო, მთელი ცხოვრება იმას ვცდილობ, ხალხმა მომისმინოსო. ასეთი დამოკიდებულება მაქვს მეც. რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ და ჩემი საქმიანობაც ღიაა გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ვარ ანალიტიკოსი. ამიტომ, აზრი არ აქვს ჩემს მოსმენას სპეციალური საშუალებების მეშვეობით. მისმენდნენ თუ არა ნაციონალების დროს, არც ეს ვიცი. ხმაური და აწკაპუნება ისმოდა ხოლმე ჩემს ტელეფონში, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. დღეს კი მობილური ტელეფონების მესვეურთა განცხადებები ცხადყოფს, რომ მათი ქსელებით ადამიანებს უსმენდნენ და დღესაც უსმენენ. სხვათა შორის, არც „ჯეოსელს“ და არც „მაგთის“ არ ეყო იმის პროფესიული კეთილსინდისიერება, ხმამაღლა განეცხადებინა ამის შესახებ“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ For.ge-სთან საუბრისას.

ამასთან, განმარტა, რომ მაინცდამაინც ტრაგიკულს მოსმენებში ვერ ხედავს, რადგან საქართველო ცივილიზაციათა შეხების გასაყარზეა. ჩვენს რეგიონთან ახლოა ტერორიზმის საფრთხე და შესაბამის სამსახურებს უნდა ჰქონდეთ მოსმენის საშუალება. თუმცა, ეს სანქციით უნდა ხორციელდებოდეს, თანაც, გარკვეულ სამიზნე ჯგუფზე და არა - პოლიტიკოსებზე, საჯარო ან საზოგადო მოღვაწეებზე. სწორედ ამის გამო უარვყავით კომუნისტური სისტემა - ტოტალური მოსმენების ხანა, არ მოგვწონდა შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლების ამგვარი რეციდივები.

უსმენენ თუ არა სატელეფონო საუბრისას, პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია არც ახლა, არც ადრე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, რასაც ფიქრობს, იმას ლაპარაკობს. შესაბამისად, ზედმეტად დროის ხარჯვას და მის სატელეფონო მოსმენას აზრი არ აქვს.

„რამდენჯერმე ეს ხმამაღლა განვაცხადე, როცა ჯერ კიდევ ნაციონალები იყვნენ ხელისუფლებაში. ახალი ხელისუფლებაც თუ უსმენს, არ დავკვირვებივარ. ცოტა რთულია, დაადგინო, გისმენენ თუ არა. ბოლო მემენტში რაც გახმაურდა, ყველამ იცის, რომ უსმენენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ სხვა ქვეყნების სახელმწიფო მოღვაწეთა ტელეფონებიც კი ისმინება. ამიტომ, რაც სათქმელი არ არის, ტელეფონით არ უნდა თქვა, რადგან ყოველთვის არის შესაძლებლობა, ვიღაცა შენი პერსონით დაინტერესდეს და მოგისმინოს. სამწუხაროდ, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ და ტექნიკამ ისეთ დონეს მიაღწია, ნებისმიერი ადამიანის მოსმენა შეიძლება. რომ გითხრათ, ძალიან მხიბლავს ასეთი რამ, რა თქმა უნდა - არა. ზოგადად, ცუდია მოსმენები, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა და ამას გამართლება არ აქვს, მაგრამ აქვს კი საზოგადოებას იმის ძალა და უნარი, წინ აღუდგეს ამ მოსმენებს?“, - ღიად ტოვებს კითხვას ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას.

„არა მარტო მისმენენ, მითვალთვალებენ კიდეც“, - ასეთი შთაბეჭდილება რჩება პოლიტპატიმარსა და ექსპერტ ვახტანგ მაისაიას. მისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ არიან ეს მოთვალთვალეები - ქართული სპეცსამსახურები თუ სხვები. არც იმას გამორიცხავს, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტიულ სპეცსამსახურებს ამის უნარი და საშუალება კიდევ ჰქონდეთ, რადგან ნაციონალებს რაღაცეების ეშინიათ და მას პირად მტრად აღიქვამენ.

„ელემენტარულად, ხდება საგარეო თვალთვალი. ამას მე კი არა, ჩემი უცხოელი მეგობრებიც აფიქსირებენ და ისინიც ამავეს მეუბნებიან, გვითვალთვალებენო. უცხოელების უკვე მრცხვენია. თუ ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმში ვცხოვრობთ და ისევ ტოტალიტარული მეთვალყურეობის მომენტია, მაშინ, კი ბატონო. ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ძველი კადრებითაა დაკომპლექტებიული ძალოვანი სტრუქტურები, განსაკუთრებით, შს სამინისტროს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების სამსახური. მათ იმდენი თავხედობა ჰყოფნით, რომ კვლავ აგრძელებენ ამ პრაქტიკას. მით უარესი, თუ ეს პოლიტიკური ხელისუფლებისგან მოდის. თუ ვინმეს აინტერესებს, „ჯაშუშები“ მართლა ვიყავით თუ არა, გაეცნონ ჩვენს საქმეებს და მერე გამოიტანონ დასკვნები“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, 9/11-ის მოვლენების შემდეგ მოსმენების აქტი დასავლეთშიც ხორციელდება გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, თუმცა იქაც ბევრი ეწინააღმდეგება და არადემოკრატიულად თვლის. სნოუდენის სკანდალმა კი პოლიტიკური კრიზისი გლობალურ დონეზე გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ ამერიკის სპეცსამსახურები უსმენდნენ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ბრაზილიის პრეზიდენტს.

„მადლობა ხათუნა ლაგაზიძეს, რომ ეს თემა წამოსწია. ექსპერტებზე მიყურადება ტოტალური პოლიტიკური ტერორია. არა მგონია, ჩვენთან ამ მოსმენებს იგივე კონტექსტი ჰქონოდეთ, რაც ამერიკაში, სადაც მიმდინარეობს გლობალური ომი ტერორისტებთან, რომლებიც სერიოზულად არიან მომზადებულნი, მათ შორის, კიბერ და საინფორმაციო ომის ფორმატში“.

ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ არ აქვთ იმ დონეზე ნდობა მოპოვებული, რომ ადამიანს არ გაუჩნდეს განცდა ან ეჭვი, რომ მოსმენები კვლავაც გრძელდება. თუმცა ექსპერტის დაკვირვებით, ტექნიკური ხარვეზები, ხმაური ან შეფეხება სულაც არ ადასტურებს, უსმენენ თუ არა ობიექტს.

„ძალიან ძნელია, თქვა, ხარ თუ არა მოსმენებზე. როდესაც ასეთი ეჭვი არსებობს, ამის ყველაზე მარტივი წამალია, შს სამინისტროს რომელიმე ოფიციალურმა პირმა გააკეთოს ზუსტი განცხადება, ხორციელდება თუ არა მოსმენები. მით უმეტეს, როცა ასეთ განცხადებას ექსპერტი აკეთებს. თუ ჩვენ ვაშენებთ ნდობაზე აგებულ საზოგადოებას, ეს საკმარისი უნდა იყოს, რომ მოსმენები არ ხორციელდებოდეს. პოლიტიკურ ურთიერთობებში ჩართული ექსპერტის მოსმენა ზედმეტი დროის ხარჯვაა, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, თავის კრიტიკულ მოსაზრებას, ის მაინც აფიქსირებს და საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. ამიტომ, დასამალი არაფერი აქვს“,- განმარტავს გიორგი თავდგირიძე ჩვენთან საუბრისას.

მისი განცდით, მოსმენები უკვე აღარ ხორციელდება. უსმენენ თუ არა უცხოეთში დამოუკიდებელ ექსპერტებს, ამის შესახებ გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ საზღვარგარეთ უამრავი მექანიზმი არსებობს, რაც გამორიცხავს არასანქცირებულ მოსმენებს, თორემ მოსმენები ყველგან ხორციელდება. ვერც საქართველოში აუკრძალავს ვინმე შს სამინისტროს მოსმენებს, უბრალოდ, აქ საუბარია ტექნიკური შესაძლებლობის უკანონო და არანორმატიულ გამოყენებაზე და არა იმაზე, რომ მოსმენები საერთოდ ავკრძალოთ.