თემურ ნანეიშვილი -

თემურ ნანეიშვილი - "ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და სამართლიანობა აღადგინოს"

"მართლაც დადებით მოვლენად მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია. საზოგადოებას, პირველ რიგში, ანგარიში, ვფიქრობ, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა გაუწია. რეალურად, სამოქალაქო საზოგადოება მაშინ იქმნება, როდესაც მას უსმენენ და მის აზრს ხელისუფლება კი არ უგულებელყოფს, არამედ ითვალისწინებს, ანგარიშს უწევს. ჩვენ აქამდე ვამბობდით, რომ სამოქალაქო საზოგადოება არსებობს, სინამდვილეში კი სამოქალაქო საზოგადოება ის არის, რომლის აზრსაც ხელისუფლება ითვალისწინებს. როდესაც საზოგადოება რაღაცას მოითხოვს, ის ხელისუფლებამ უნდა შეისმინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება წინააღმდეგობაში მოდის საერთოდ არჩევნების იდეასთან, რადგან ხელისუფლებას სწორედ ხალხი, საზოგადოება ირჩევს", - აცხადებს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ნანეიშვილი გაზეთ"ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და სამართლიანობა აღადგინოს".

"რასაც სამოქალაქო საზოგადოება ჰქვია, ის ყალიბდება. ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ ხალხის მოთხოვნა გაითვალისწინა. მუდმივად იყო საუბარი, რომ მთავარი პროკურორი არ უნდა იყოს ნასამართლევი, რაც არ უნდა კანონთან წინააღმდეგობაში არ უნდა იყოს, თუნდაც მას ბავშვობაში ჰქონდეს დანაშაული ჩადენილი. ეს დაუწერელი კანონია, თუ შეიძლება ასე ითქვას, მითუმეტეს - საეჭვო წარმომავლობის დიპლომით. საზოგადოება გაიზარდა და ამ ფაქტებს სათანადო ყურადღება მიაქცია. ეს კი ძალიან სასიამოვნო მომენტია ჩემთვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ნანეიშვილი.

"ახალ მთავარ პროკურორმა სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს, სხვანაირად შეუძლებელია. ზოგადად იურისპრუდენციის მიზანიც სწორედ ეს არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რად მინდა იურისპრუდენცია?! გამოდის, რომ ლინჩის წესს უნდა დავუბრუნდეთ? ეს კი ნამდვილად არ გვინდა. ამის გაკეთება დაუშვებელია, არ შეიძლება. თუ ხელისუფლებამ ეს პრობლემა დროზე არ გადაჭრა, მაშინ ხალხი თავისი ნებით დაიწყებს მოქმედებას, ეს კი ძალიან ცუდ, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. წარმოიდგინეთ, ადამიანებს 7, 8, 10 წელიწადი ჰქონდათ მისჯილი ტყუილად, თან ბიზნესი წაართვეს, გააუბედურეს. ახლა თითქოს არაფერი და ეს ვიღაცას უნდა ეპატიოს. ასე არ გამოვა, არ შეიძლება, რომ ამ ფონზე სამართლიანი სახელმწიფოს დაშენება დავიწყოთ. წარმოიდგინეთ უსამართლობის განცდა ახალი ხელისუფლების პირობებში რას გამოიწვევს, მით უფრო მაშინ, როდესაც ადამიანებს მოლოდინი გაუჩნდათ, იმედი ჩაესახათ", - დასძენს რესპონდენტი და კითხვას - მთავარი პროკურორის პოსტზე დასახელებულ კანდიდატებს როგორ შეაფასებთ - პასუხობს:

"პირადად ვიცნობ და მართლაც ვენდობი კახი კახიშვილს. მომწონს, ძალიან კარგი ახალგაზრდაა. მე როგორც ვიცი, პრინციპული პიროვნებაა, სათანადო ცოდნაც აქვს მიღებული. ამავდროულად, საზოგადოების ნდობაც აქვს. არ ვიცი, ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შეიძლება, უკეთესი კანდიდატიც ჰყავდეს, ვერ გეტყვით, როგორ შეიძლება, ამ მიმართულებით მოვლენები განვითარდეს. თუ კახიშვილი არ იქნება ხელისუფლების არჩევანი, მაშინ ნამდვილად უკეთესი უნდა იყოს ამ კანდიდატზე. მთავარი პროკურორი ძალიან მნიშვნელოვანი პოსტია, მით უფრო ამ ეტაპზე, როდესაც სამართლიანობის აღდგენა დასაწყებია. საზოგადოება მართლაც მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას".