"ნიკოლოზ გოგუაძე დღეს ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსით არის და იგი ერთ-ერთი იმ პატიმართაგანი იყო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ადგილობრივმა ადამიანის უფლებათა დამცველებმა, სხვადასხვა საელჩოებმა მისცეს შეფასება, რომ ამ 32 წლის მამაკაცის მიმართ იყო უზომოდ ხისტი დამოკიდებულება. გოგუაძეს აბრალებდნენ , რომ მას უნდოდა დესტაბილიზაციის შეტანა - ის გასამართლდა შეიარაღებული გზით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის - როგორ იცით, ის სხვა პირებთან ერთად დააკავეს ყინწვისში. შემდგომში ნიკოლოზ გოგუაძეს ისე სასტიკად გაუსწორდნენ, რომ გორში სს საქმე აღიძრა მისი სხეულის დაზიანების ფაქტზე", - აცხადებს ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურითბესარიონ ქარცივაძე: "ნოტარიუსები აუცილებლად უნდა დაიკითხონ".
"ბევრს გაუკვირდა, მაგრამ გოგუაძე ისეთი ნაცემი იყო, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში იღუპებოდა, გრძნობას კარგავდა, ვერ ჯდებოდა და ვერ ლაპარაკობდა. - საერთოდ ვერ მეტყველებდა. გამომძიებელი, რომელიც მას კითხვებს უსვამდა, ხედავდა, რაოდენ ნაცემი იყო - ამის მტკიცებულება სს საქმეშიც დევს. სხეულზე ერთი თეთრი ადგილიც აღარ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ისეთი ნაცემი იყო, რომ თავად გამომძიებელმა დაუფიქსირა ბრალდებულს, კუდუსუნის ძვალი აქვს დაზიანებულიო. სახე და თითები სულ დალეწილი ჰქონდა. ტელევიზიით რა კადრიც გავიდა, იმ დაჭერიდან ორი კვირის შემდგომ იყო გადაღებული, როცა სახეზე ჭრილობები უკვე მოშუშებული ჰქონდა. მას სახე ისეთი დალეწილი ჰქონდა, რომ გრიმი გაუკეთეს... სასწრაფოს ექიმის პროფესიონალიზმის შედეგია, რომ გოგუაძე იმ მომენტში გადარჩა. ის შოკით მოიყვანეს, ციხემ არ მიიღო და ეუბნებოდნენ - ეს მკვდარი რად გვინდაო. არავინ იცოდა, რომ ის გადარჩებოდა. ამიტომ იძულებული გახდნენ ჩაეწერათ, რომ ნიკოლოზ გოგუაძე იყო ნაცემი და აი, ამ ფაქტზე დაიწყო გორის პროკურატურაში გამოძიება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბესარიონ ქარცივაძე.
"ყოფილ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან მე და ბატონ გოგუაძეს არაერთი შეხვედრა გვქონდა. გოგუაძემ ზუსტად იცის რამდენიმე პირი, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ. ესენი იყვნენ სპეცრაზმელები ე.წ. ზუგდიდის კუდის სპეცრაზმი. იმდენი სიმწარე აქვს ამ კაცს ნანახი, რომ მისი თვალებიდან ამ ადამიანების ჰაბიტუსი არ ამოვა. გოგუაძემ რამდენიმე სპეცრაზმელი ამოიცნო კიდეც, როდესაც ნახა, როგორ დაარბიეს ვეტერანთა შეკრება მემორიალთან გმირთა მოედანზე. მან კბილაშვილსაც უთხრა და როცა ჩვენება მისცა, მან თქვა - ეს სპეცრაზმელები იყვნენ, რომლებმაც ჩემს სხეულზე იხტუნავესო. სხვათა შორის, ყინწვისიდან გოგუაძე ქარელის პოლიციაში გადმოიყვანეს და სასწრაფოს ექიმებს უწერიათ, ესენი ისეთი ნაცემები იყვნენ, ერთი კომაში ჩავარდა - თურმე დიაბეტიან კაცს წამალიც კი არ მისცეს. ექიმებმა მისი მობრუნება რომ დაიწყეს, პოლიციელებს უთხრეს, ამის აქ დატოვება არ შეიძლება, მოკვდებაო: საქმეში ექიმის ჩანაწერია - ავადმყოფს არ მატანენო... გოგუაძე მართლაც რომ ღმერთმა გადაარჩინა", - განაგრძობს ნიკოლოზ გოგუაძის ადვოკატი.
"წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი არჩილ კბილაშვილს ეუბნება, ვინ მიიღო მის ცემაში და წამებაში მონაწილეობა, როგორც უსასტიკესად გაუსწორდნენ ქარელის პოლიციაში, იცის ამ ადამიანმა, რომ ეს მწამებლები არიან სპეცრაზმელები და იცით, რა პასუხი მივიღეთ ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილისგან? ესენი არიან სპეცრაზმელებიო. ათობით წერილია ამაზე მთავარ პროკურატურაში შესული. ბატონ კბილაშვილს რამდენიმე ინტერვიუ აქვს სხვადასხვა საკითხებზე მიცემული, სადაც მან დააფიქსირა, რომ სპეცრაზმელები ბრძანებას ასრულებდნენ.... რა თქმა უნდა, გოგუაძის საქმე სტრასბურგშია. საქართველოს მთავრობის მხრიდან გოგუაძესთან მოლაპარაკება იყო დაწყებული, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი ლევან მასხურაძე აწარმოებდა. ჩვენ გვქონდა მასთან შეხვედრა. გოგუაძეს უთხრა - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მივმართავთ სტრასბურგს, რომ გაიმართოს სასამართლო და მერე პროცესი მორიგებით დავასრულოთო - ანუ ქართულმა სახელმწიფომ თქვა, ჩვენ ვცნობთ, რომ შენი უფლებები დავარღვიეთ, ჩვენ დავაშავეთ, ჩვენ ვიტყვით რაც მოხდაო. დღეს ეს მოლაპარაკებები გაჩერებულია. რამდენიმე ხნის წინ მიმართა გოგუაძემ მასხურაძეს, გამაგებინეთ რა ხდება სტრასბურგთან მიმართებაშიო. ჯერჯერობით ვითარება გაურკვეველია", - განმარტავს ბესარიონ ქარცივაძე.
"გოგუაძესთან დაკავშირებით დღეს ასეთი ვითარებაა - პარლამენტმა აღიარა ის პოლიტპატიმრად, მაგრამ მისი უფლებები დღესაც არ აღდგენილა და დღემდე არ დასრულებულა გამოძიება მისი ცემის ფაქტზე. დაპატიმრების დროს ჩამორთმეული ავტომანქანა, რომელიც მისი კი არა, მამამისის - გიორგის საკუთრება იყო, რა თქმა ოჯახს არ დაბრუნებია. მანქანა იმიტომ წაართვეს, რომ ყინწვისში იყო - იარაღი ამ მანქანაში ჩადეს. ყველამ იცის, რომ ნიკოლოზ გოგუაძეს იარაღი არ ჰქონდა. იარაღი ვისიც იყო - მიხეილ ციცქიშვილის - ისიც დააპატიმრეს. მან თქვა, რომ იარაღი იყო მისი და მასზე იყო განპიროვნებული. ამის მიუხედავად, გოგუაძე იარაღის შენახვისთვის გაასამართლეს. ფაქტია, თუ არ შეიქმნა "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია", საქმე არ იძვრის - ყველაფერი სახეზეა: პოლიტპატიმარი, დანაშაული, მოქმედი პირები, მაგრამ მაინც, რომ იტყვიან, კრება დარჩა მხიარული", - დასძენს ადვოკატი.
"ვფიქრობ, კომისია შეიქმნება. კომისიის არშექმნა პრობლემიდან გამოსავალი არ არის. ვფიქრობ, პრაგმატულად უნდა იფიქრონ და თემატურად უნდა თქვან, რაღაც დროის განმავლობაში - მაგალითად 3 თვის ვადაში - ჯგუფი დაჯდება და იმუშავებს. თემა დროებით დაიკეტება და მერე ყველაფერს ღიად განვაცხადებთ: რამდენი მანქანა, რამდენი ბიზნესი, რა ქონება ჩამოართვეს ხალხს უკანონოდ. არავინ ამბობს სამართლის არდგენის ან არაღდგენის იქით რა ხიდჩატეხილობა იქნება. რაც დრო გავა, ხიდი ნელ-ნელა უფრო ჩატყდება. ამ საკითხს მუშა რეჟიმი სჭირდება და არა ტელეეთერიდან მუდმივი საუბრები. უნდა ითქვას, რამდენ და როგორ დანაშაულზეა ლაპარაკი, რა ქონებები ვინ წაიღო, როგორ ხდებოდა ამ ქონებების გადაფორმება - ვინ არიან ის ნოტარიუსები, რომლებიც შუაღამისას დაჰყავდათ არა მხოლოდ ციხეებში და აიძულებდნენ პიროვნებებს ქონება გადაეფორმებინათ - ეს ნოტარიუსებია აუცილებლად დასაკითხი", - მიიჩნევს ბესარიონ ქარცივაძე.
"მე პირადად ვფიქრობ, რომ მინისტრი წულუკიანი უხერხულ მდგომარეობაში ჩადგა ამ გადაწყვეტილების გახმაურებით. ის საკმაოდ მაღალი ცენზის იურისტია და კარგი მოაზროვნე. მის სახელს ძალიან დაარტყა განცხადებამ, რომელიც მან ხარვეზების დამდგენ კომისიასთან დაკავშირებით გააკეთა", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ბევრი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კოტე კუბლაშვილს არ უნდა შეხვედროდა, რადგან ეს გარკვეული ხელშეუხებლობის გარანტიად აღიქვეს..." - პასუხობს:
"ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან იმ ძალიან ძლიერი აზვითების მომენტში მნიშვნელოვანი იყო. მოსამართლეებმა იცოდნენ, დღეს თუ ხვალ მათაც დაარტყამდნენ. ეს ქვეყნის სამართალს დაანგრევდა - პროცესი შესაძლოა ქაოსში გადაზრდილიყო. ვფიქრობ, სიმშვიდე უნდა დამდგარიყო. ფაქტია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მოსამართლეები დამშვიდდნენ და ბევრმა მოსმართლემ ღირსეულად გააგრძელა მუშაობა".