საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს წინასაახალწლო განწყობა ანსამბლმა „რუსთავმა“ შეუქმნა. ანსამბლის წევრებმა სამხედროებს დამდეგი შობა-ახალი წელი ქართული ფოლკლორული ცეკვებითა და სიმღერებით მიულოცეს.
კონცერტს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. გენერალ-მაიორმა „რუსთავის“ შემოქმედებით ჯგუფს სამხედროების საახალწლო განწყობის ამაღლებისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ პროექტის წლის ბოლო ღონისძიება იყო. დღევანდელი საღამო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ანსამბლ „რუსთავის“ შემოქმედებითი ჯგუფის საახალწლო საჩუქარია.