გარემოს დაცვის სამინისტროს ახალი გზამკვლევი _ საფრთხე ინვესტორებისთვის?!

გარემოს დაცვის სამინისტროს ახალი გზამკვლევი _ საფრთხე ინვესტორებისთვის?!

რა ცვლილებები შეაქვს ხათუნა გოგალაძეს გზშ-ს დებულებაში, რომელიც საინვესტიციო პროექტებს შეაფერხებს და რატომ სთხოვენ ექსპერტები ირაკლი ღარიბაშვილს სამთავრობო განხილვას

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, ხათუნა გოგალაძის 2013 წლის 15 მაისის #31 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ, ცვლილებები და დამატებები შედის. საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების (სიპი) ასოციაციის პრეზიდენტის, ლევან კალანდაძის განცხადებით, ეს ცვლილებები ისეთ ახალ ვალდებულებებს მოიცავს, რაც, პრაქტიკულად, შეუსრულებელია არა მარტო საქართველოს, არამედ ევროკავშირის ქვეყნების რეალობაშიც. დაინტერესებულმა მხარეებმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებული წინადადებები და შენიშვნები ხათუნა გოგალაძის უწყებას 2014 წლის 6 იანვრამდე უნდა აცნობონ. სიპი-ს პრეზიდენტმა, ლევან კალანდაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები საფრთხისშემცველია, რადგან საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის დაგეგმილი ყველა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი, შესაძლოა, შეჩერდეს.  ,,ცვლილებების მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში უნდა მოიცავდეს დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასებას, მათ შორის, საქმიანობის შედეგად მიღებული სარგებლისა და მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შეფასებას; დაგეგმილი საქმიანობის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის საკომპენსაციოდ და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებებისთვის განსაზღვრულ ადეკვატურ საკომპენსაციო თანხებს, გამოხატულს ეროვნულ ვალუტაში. ცვლილებები საჭიროებს დეტალურ მეთოდოლოგიას, რომელიც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შემუშავებული არ აქვს. ამ მოთხოვნების შესრულება, სუბიექტივიზმის ალბათობა, სტატისტიკური მონაცემების არარსებობა, ხშირად, მონეტარიზაციის შეუძლებლობა ქმნის საშიშროებას, ქვეყანაში გაჩერდეს ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტი. აღნიშნული მეთოდოლოგიები ევროპის განვითარებულ ქვეყნებში რეგლამენტირებული არ არის’‘, _ ნათქვამია ლევან კალანდაძის ღია წერილში. კონკრეტულად, რა საფრთხისშემცველია და რატომ ექნება ამ ცვლილებებს უარყოფითი გავლენა საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე? ,,ვერსიას’‘ ხუდონჰესის მშენებელი კომპანია ,,ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას’‘ ტექნიკური ხელმძღვანელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი დავით მირცხულავა ესაუბრა.  

_ მიმაჩნია, რომ ლევან კალანდაძის მიმართვა დროულია, რადგან, ვფიქრობ, ეს ცვლილებები დიდ საფრთხეს შეიცავს. გადაწყვეტილებისთვის დანახარჯებისა და სარგებლიანობის მოდელია შემოთავაზებული, რომლის რეალური მეთოდოლოგია გარემოს დაცვის სამინისტროს არ აქვს და ეჭვი მეპარება, ქვეყანაში ასეთი ლეგალური, დამტკიცებული მეთოდოლოგია არსებობდეს. ის დაფუძნებულია მათემატიკის ისეთ მიმართულებაზე, როგორიცაა ოპერაციათა გამოკვლევები. სისტემების ანალიზის დროს, იდეალური მოდელი გულისხმობს, მათემატიკური ფორმით, სისტემის ხარისხობრივი მახასიათებლები ობიექტურად დაფიქსირდეს, რაც შედარებით მიღწევადი კარგად სტრუქტურირებულ სისტემებშია. აქედან გამომდინარე, პრაქტიკაში ამ მოდელის გამოყენება, მეტ-ნაკლებად, მისაღები სწორედ ასეთი ამოცანებისთვისაა; მაგალითად, ამ მოდელებმა კარგად იმუშავა სამხედრო სფეროში, კერძოდ, დაგეგმვის სამხედრო სისტემებში, რომლებიც როგორც ლიტერატურაშია აღნიშნული, სტრუქტურირებული და სუსტად სტრუქტურირებული სისტემების ზღვარზეა, თუმცა სუსტად სტრუქტურურებული სისტემებისთვისაც დანახარჯები-სარგებლიანობის მეთოდის გამოყენებისას, მცდელობა, ღირებულებისა და ეფექტურობის ობიექტური მოდელები აგებულიყო, დიდ სირთულეებს წააწყდა. ხარისხობრივი მახასიათებლები, რომლის რიცხობრივი ვერიფიცირება ვერ ხერხდებოდა, ასეთ მოდელებში იცვლებოდა სხვა გაზომვადი, შესაძლებელია, არაძირითადი რიცხობრივი ცვლადებით, ეგრეთ წოდებული, რიცხვითი ინდიკატორებით და, ფაქტობრივად, ასე იქმნებოდა ფსევდოობიექტური მოდელები. 
_ ბატონო დავით, კონკრეტულად, რა ტიპის პროექტებში გამოიყენება ეს მოდელი? 
_ მაგალითად, დიდი რეზონანსი გამოიწვია დანახარჯები-სარგებლიანობის მოდელის გამოყენებამ მაღალი ხარისხის სკოლამდელ განათლებაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და, ძირითადად, ეს შესწავლა მოიცავდა ბავშვებს ნაკლებადუზრუნველყოფილი ოჯახებიდან; გამოიყენება მედიცინაშიც გარკვეული ინფექციების გავრცელების დროს, პრევენციული ღონისძიებების დანერგვისას, როდესაც, მაგალითად, ზუსტად ვიცით, რა რაოდენობის ვაქცინაა საჭირო და შედეგსაც ვაკვირდებით, თუმცა სუსტად სტრუქტურირებად სისტემებსა და პროექტებში, უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი და გაუმართლებელი გამარტივებები ხდება, მაგალითად, ზუსტად არ დგინდება რომელიმე ფაქტორის ღირებულებაში შეფასება, ამ მოდელის გამოყენება ძალიან რთულდება ან მიუღებლად მარტივდება, ასეთ შემთხვევაში, ვიღებთ ფსევდომოდელს და, შედეგის სანდოობაც საეჭვოა. 
_ ამ ცვლილებებით, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული ან მსხვილი საინვესტიციო პროექტის ბედი, რომელსაც გზშ სჭირდება, ვინმეს ინტუიციაზე იქნება დამოკიდებული? 
_ რა თქმა უნდა, ამის საშიშროება არსებობს; მაგალითად, შესაძლებელია, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ექსპერტი არ ჩამეძიოს და დაამტკიცოს ის, რასაც წარვადგენ, არადა, იქნებ, რომელიმე ფაქტორი გამომრჩა? ვიმეორებ, ეს საკმაოდ რთული მოდელია და ასე, ხელაღებით მისი შემოღება დაუშვებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზუსტად რეგლამენტირებული მეთოდოლოგია არ არსებობს. საკმაოდ საშიში და სახიფათო თემაა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.  
_ საფრთხეში რას გულისხმობთ? 
_ პირდაპირ ვამბობ _ სუბიექტივიზმის საშიშროებას... შესაძლოა, კარგი პროექტი იყოს, მაგრამ ვიღაცამ სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. როდესაც რაიმე ფაქტორის რიცხვითი შეფასებაა საჭირო, რომლის აღწერაც რთულია, მათემატიკურად როგორ უნდა ასახო? უამრავი ფინანსური ფაქტორის აღწერაა შეუძლებელი, ამიტომ დიდია სუბიექტივიზმის საფრთხე და საშიშროებაც, რომ ესა თუ ის პროექტი სუბიექტურად შეფასდეს, გნებავთ პლუსისკენ, გნებავთ _ მინუსისკენ. სარგებლიანობისა და დანახარჯების მეთოდი ყველა ფაქტორის ფულად ერთეულში გამოსახვას გულისხმობს, რისი გაკეთებაც მისაღები სიზუსტით შეუძლებელია. 
_ ეს ცვლილებები ხომ არ ნიშნავს, რომ, ვინც ამ გზამკვლევს ამ შინაარსით იღებს, საქართველოში ინვესტორების შემოსვლას უშლის ხელს?  
_ როგორც წესი, კატეგორიულ და ხმამაღალ შეფასებებს ვერიდები, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. შესაძლოა, ამ ცვლილების ავტორს კეთილი ზრახვები აქვს, მაგრამ აუცილებლად წაკითხული უნდა ჰქონდეს ამ მოდელის კრიტიკული შეფასებებიც. საერთოდ, ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ისეთი მოდელების გამოყენებას, რომლის გამოცდილებაც არ არსებობს და რომელზეც უამრავი კითხვაა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში; მეტსაც გეტყვით _ რატომ მივდივართ უფრო წინ, ვიდრე რომელიმე დიდი, საფინანსო საერთაშორისო ინსტიტუტი? მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (იბიარდი) თავისი მოდელები აქვს, რომლითაც სხვადასხვა პროექტში შედის. ,,იბიარდი’‘ მაღალი დონის გზშ-ს ითხოვს, მაგრამ ამ მოდელის გამოყენებას ყოველთვის ერიდება, ამიტომ არ მესმის, ,,რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკეები’‘ რატომ უნდა ვიყოთ?  
_ გარემოს დაცვის სამინისტროს განაცხადში მითითებულია, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა ამ ცვლილების შესახებ წერილობითი შენიშვნები და წინადადებები 2014 წლის 6 იანვრამდე უნდა წარადგინონ. გამოდის, სარისკო გადაწყვეტილება შობა-ახალი წლის დღესასწაულზე, ,,ნაბახუსევზე’‘ უნდა შემოგვაპარონ?  
_ ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ, არ მგონია, ეს შემოპარების მცდელობა იყოს, მაგრამ მთელ ცივილიზებულ სამყაროში დეკემბრის მეორე ნახევარი დატვირთული არ არის და ვერც იმას გეტყვით, რომ დოკუმენტების კითხვა საქართველოში ყველას უყვარს. მიმაჩნია, რომ ყველა დეველოპერმა, ყველა კონსულტანტმა უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი; ასევე ყველა სამინისტრომ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რადგან ეს მეთოდოლოგია საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე დააყენებს ბევრ პროექტს. შესაბამისად, ვეთანხმები ბატონ ლევან კალანდაძის პოზიციას და მიმაჩნია, რომ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო განხილვა უნდა გამართოს, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის, ,,იბიარდი’‘, ,,მსოფლიო ბანკი’‘ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია დაესწრებიან.   
_ ბატონო დავით, ეს ცვლილებები ხუდონჰესის პროექტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი ხომ არ არის? 
_ არა, ცვლილება ხუდონს ნამდვილად არა, მაგრამ ყველა პროექტს უკავშირდება, რომელიც იწყება ან, შესაძლოა, მომავალში დაიწყოს. ვფიქრობ, ჩვენც ისეთივე ხარისხის გზამკვლევი უნდა შემოვიღოთ, როგორსაც ,,იბიარდი’‘ ითხოვს და რომელიც გზშ-ს უმაღლეს სტანდარტებს აწესებს. დავეყრდნოთ მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკას, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინვესტორი შემოვიდეს.  ინვესტიციების მოზიდვაც საკმაოდ კონკურენტული სფეროა. ზოგს ჰგონია, მსოფლიო ინვესტორები მხოლოდ საქართველოში შემოსვლაზე ოცნებობენ, არადა ჩვენი ქვეყანაც იბრძვის, ინვესტიციები შემოვიდეს და ადამიანებს ნორმალური, ცივილური შემოსავალი ჰქონდეთ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორედ ამ ჭრილში უნდა მივიღოთ და, შესაბამისად, ეს საკითხი მხოლოდ ერთმა, კონკრეტულმა უწყებამ არ უნდა გადაწყვიტოს. დარწმუნებული ვარ, სამინისტროები ამ საკითხზე მსჯელობენ, რადგან ამ მოდელის დანერგვა ცეცხლთან თამაში და ორპირიანი მახვილია ნებისმიერი პროექტის წინააღმდეგ. რაც შეეხება ხუდონს, ამ პროექტის გზშ უკვე არსებობს, პროექტის ტექნიკური დახასიათების გარდა, მსოფლიოში აღიარებულმა, მაღალი დონის საფინანსო ინსტიტუტებმა ამ პროექტის ფინანსური, საკუთარი მოდელი გააკეთეს.   ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ბოლო დროს, ზოგიერთი ,,სპეციალისტი’‘ ბევრს საუბრობს, თითქოს ხუდონჰესის ინვესტორი, უფრო სწორად, ხუდონჰესი არც მოგების, არც ქონების და არც საშემოსავლო გადასახადებს არ გადაიხდის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 წლის განმავლობაში, ხუდონჰესის მოგების გადასახადი 410 000 000, ქონების გადასახადი 137 000 000 აშშ დოლარი, რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, 20 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 37 000 000 აშშ დოლარი იქნება, აქედან მშენებლობის პერიოდში, 72 თვეში 27 000 000 აშშ დოლარი, ხოლო ექსპლოატაციის პერიოდში, 20 წლის განმავლობაში _ 9 600 000 აშშ დოლარი.   
_ სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხუდონჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია საკმაოდ ძვირი იქნება. ეს შეფასება სწორია? 
_ საუბარია გარანტირებულ შესყიდვაზე, რაზეც სახელმწიფომ გარანტია უკვე გასცა და ესაა ზამთრის პერიოდში, 4 თვის განმავლობაში, პიკური ენერგიის მიწოდება, რაც არასამთავრობო სექტორის რეკომენდაცია იყო. სახელმწიფომ, სისტემის კომერციული ოპერატორის, ე.წ. ესკოს სახით, ვალდებულება აიღო,  მრავალი წელი ამ ენერგიას 5.84 ცენტად შეისყიდის. დღევანდელი მონაცემებით, ,,ესკოს’‘ საიტზე დაფიქსირებულია, მაგალითად, წლევანდელი ნოემბრის ტარიფი  _ 10.5 თეთრი. ეს იმაზე გაცილებით მეტია, რასაც 2020 წელს, ზამთრის პიკურ პერიოდში, სახელმწიფო ხუდონისგან იყიდის! რაც შეეხება გათვლებს, მერწმუნეთ, იმხანად, საქართველოში ელექტროენერგიის ფასი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დღესაა. ყველა საპროგნოზო გათვლით, 2020 წელს, ხუდონის ტარიფი კონკურენტული იქნება საქართველოს შიდაბაზარზეც. ამბობენ, საქართველო აგრარული ქვეყანაა და ამხელა ენერგია რა საჭიროაო, მაგრამ აგრარულ სფეროშიც კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, საკმაოდ მაღალი ენერგოტევადობის ფაბრიკებისა და საწარმოების შექმნას მოითხოვს. ევროპის ბაზარზე ის ნიშა უნდა დავიკავოთ, რასაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიწოდება ჰქვია, ამას კი დამატებითი ენერგია სჭირდება. ენერგიის სიიაფე, პერსპექტივაში, საშუალებას მოგვცემს, ქიმიური მრეწველობა, მეტალურგია და ფეროშენადნობები სრული დატვირთვით ამუშავდეს, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, სიღარიბე სწრაფად დაძლიოს.  
_ თურქეთში ,,გაზპრომი’‘ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, ამიტომ ცალკეული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხუდონჰესის მშენებლობა აზრს კარგავს.  
_ სისულელეა, ალბათ, ,,როსატომი’‘ და არა ,,გაზპრომი’‘, ასე უფრო სწორია, რადგან თურქეთის ამ პერსპექტიული ატომური სადგურის ფინანსური მოდელი ნანახი მაქვს. გარწმუნებთ, ამ მოდელის თანახმად, ატომურ სადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი, გაშვების ეტაპისთვის, 1 კილოვატ/საათზე, 21 ცენტით დაიწყება, ყოველ შემთხვევაში, გათვლებში ასეა.    აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, ხუდონის ელექტროენერგიას მხოლოდ ექსპორტზე გავიტანთ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში, თუ ელექტროენერგია მაინც უნდა გავყიდოთ, საშუალება გვექნება, მხოლოდ თურქეთში კი არა, გერმანიაში, გნებავთ, პორტუგალიაში, ლისაბონში, იორდანიაში ან, თუნდაც, ისრაელში გავყიდოთ. შესაბამისად, ქართული ენერგია, რომელიც წარმოებული იქნება ჩვენს ჰიდროსადგურებზე, ჩვენს საკუთარ რესურსზე, მოთხოვნადი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით და ეს უმნიშვნელოვანესია, ასევე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკულ ბაზრებზეც!